Nბს-259-257(კს-16) 7 ივნისი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს „…“
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ შემოსავლების სამსახური; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 12 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს ,,…“ დირექტორმა და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 5 თებერვლის №7-54 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს ,,…“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,…“ დირექტორმა ა. მ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაცული საქმეთა პალატის 2016 წლის 21 იანვრის განჩინებით, შპს „…“ დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის, 1764.44 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
სასამართლომ აღნიშნულ განჩინებაში ასევე იმსჯელა აპელანტის შუამდგომლობაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებასთან დაკავშირებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე დაუსაბუთებელი იყო, რადგან აპელანტის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა მის მძიმე ქონებრივ მდგომარეობასა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას.
2016 წლის 2 თებერვალ შპს ,,…“ დირექტორმა ა. მ-მა სასამართლოს განცხადებით მიმართა, რომლითაც მოითხოვა, საზოგადოების მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, სასამართლო დავის დასრულებამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაცული საქმეთა პალატის 2016 წლის განჩინებით შპს „...“ სააპელაციო საჩივარი, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებულობის გამო, განუხილველად დარჩა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს „...“ დირექტორმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, საზოგადოება მძიმე ქონებრივი მდგომარეობის გამო, სახელმწიფო ბაჟის გადახდას ვერ ახერხებს, რის გამოც, სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება ეზღუდება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და მიიჩნევს, რომ შპს „...“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი არსებობდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
ამავე კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.
აპელანტი შპს „...“ შუამდგომლობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდოს გადავადების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაცული საქმეთა პალატის 2016 წლის 21 იანვრის განჩინებით, შპს „...“ დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის, 1764.44 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
სასამართლომ აღნიშნულ განჩინებაში ასევე იმსჯელა აპელანტის შუამდგომლობაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებასთან დაკავშირებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე დაუსაბუთებელი იყო, რადგან აპელანტის მიერ არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა მის მძიმე ქონებრივ მდგომარეობასა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას.
განჩინების პასუხად, აპელანტმა კვლავ ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.
საკასაციო სასმართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება, როგორც ასეთი, არ წარმოადგენს შეზღუდვას, რომელიც ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას, თუმცა მხედველობაში უნდა იქნას მიღებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, კონკრეტული საქმის გარემოებების, მათ შორის მხარის გადახდისუნარიანობისა და საქმის წარმოების ეტაპის გათვალისწინებით (FC MRETEBI v. GEORGIA, PODBIELSKI AND PPU POLPURE v. POLAND). სასამართლო ხარჯების ინსტიტუტი, ზოგადად, მართლმსაჯულების ადმინისტრირების მიზანს ემსახურება კერძოდ, სასამართლო სისტემის საქმიანობის პროცესის დაფინანსებასა და აშკარად უსაფუძვლო, არასერიოზული სასარჩელო განცხადებებისაგან დაცვას. კონვენციის მე-6 მუხლი ყველას ანიჭებს უფლებას თავისი სამოქალაქო უფლებებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა სასამართლომდე მიიტანოს. ამ თვალსაზრისით, აღნიშნული მუხლი ადგენს „სასამართლოს უფლებას“, რომლის მხოლოდ ერთი ასპექტია სასამართლოს ხელმისაწვდომობა. სამართლიანი სასამართლოს უფლება არ არის აბსოლუტური, იგი შეიძლება შეიზღუდოს, რადგანაც ხელმისაწვდომობის უფლება, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ მოწესრიგებას მოითხოვს (KREUZ v. POLAND). აქვე გასათვალისწინებელია, რომ ევროპული სასამართლო განსხვავებულად უდგება პირველ და ზემდგომ ინსტანციებში გადასახდელ სახელმწიფო ბაჟსა და სხვა სასამართლო ხარჯებს. სასამართლოს პოზიციით, კონვენციის მე-6 მუხლი არ აკისრებს ხელშემკვრელ სახელმწიფოს სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს შექმნის ვალდებულებას, მაგრამ თუ აპელაციის სისტემა გათვალისწინებულია, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მათ იურისდიქციაში დაცული იყოს კონვენციით გათვალისწინებული გარანტიები, იმგვარად, როგორც ეს პირველი ინსტანციის სასამართლოს შემთხვევაშია დადგენილი (PODBIELSKI AND PPU POLPURE v. POLAND). გასათვალისწინებელია, რომ კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული პრინციპების გამოყენება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიმართ დამოკიდებულია საქმის წარმოების თავისებურებებზე, მხედველობაში მისაღებია პროცესის ერთიანობა შიდა კანონმდებლობის მიხედვით და სააპელაციო სასამართლოს როლი ამ პროცესში. ცალკეულ შემთხვევებში, განსაკუთრებით როცა შეზღუდვა აპელაციის დასაშვებობას შეეხება, ან როცა მართლმსაჯულების ინტერესები მოითხოვს, რომ აპელანტმა, თავისი სააპელაციო საჩივართან მიმართებით უზრუნველყოს იმ ხარჯების დაფარვა, რომელსაც მეორე მხარე განიცდის პროცესის ფარგლებში, შესაძლებელია ცალკეული შეზღუდვების, მათ შორის ფინანსური ხასიათისაც, დაწესება სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებისათვის. ამგვარი შეზღუდვები კანონიერ მიზანს უნდა ემსახურებოდეს, ასევე დაცული უნდა იყოს ბალანსი გამოყენებულ საშუალებასა და მისაღწევ შედეგს შორის (PODBIELSKI AND PPU POLPURE v. POLAND).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე და 48-ე მუხლები ითვალისწინებს მხარეებისათვის შეღავათის გაწევას სახელმწიფო ბაჟის გადახდისას, თუმცა სავალდებულო პირობაა, რომ მხარემ უტყუარი მტკიცებულებებით დაადასტუროს სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობა. განსახილველ შემთხვევაში, შპს „ამრა 1-ს“ ამგვარი მტკიცებულებები არ წარუდგენია სააპელაციო სასამართლოსათვის (მაგ. დეკლარაციები, საზოგადოების ბრუნვის ამსახველი დოკუმენტები, საზოგადოების საბანკო ანგარიშებზე საჭირო თანხის არ არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები და ა.შ), მხარის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას კი, სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს.
აქვე გასათვალისწინებელია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ შპს „ამრა 1-ს“ ხარვეზი სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება მოუთხოვია, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განუხლველად მართებულად იქნა დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე,410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 12 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე