Nბს-319-317 (კს-16) 7 ივნისი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ე. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ შემოსავლების სამსახური; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. გ-მა თბილისის საქალაქო სასმართლოში სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი აღძრა, რომლითაც სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 20 ივნისის №2016 ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 19 სექტემბრის №18117 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ე. გ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 7 დეკემბრის განჩინებით ე. გ-ს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დავის საგნის ღირებულების 4%-ის, მაგრამ არანაკლებ 150 ლარის გადახდა, ასევე დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა.
2015 წლის 17 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში ე. გ-ის წარმომადგენელმა ზურაბ ხომერიკმა ნაწილობრივ შეავსო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 7 დეკემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი, კერძოდ, წარადგინა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი და ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ ე. გ-ი არის პენსიონერი და აქვს მძიმე ეკონომიური მდგომარეობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 დეკემბრის განჩინებით აპელანტის - ე. გ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; აპელანტს გაუგრძელდა 2015 წლის 7 დეკემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადა 7 დღით ამ განჩინების კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან.
ამავე სასამართლოს 2016 წლის 20 იანვრის განჩინებით ე. გ-ის სააპელაციო საჩივარი, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებულობის გამო, განუხილველად დარჩა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ე. გ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, სააპელაციო სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან უნდა გაეთავისუფლებინა, შესაბამისად, 2016 წლის 20 იანვრის განჩინება უკანონოა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და მიიჩნევს, რომ ე. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი არსებობდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 7 დეკემბრის განჩინებით ე. გ-ს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დავის საგნის ღირებულების 4%-ის, მაგრამ არანაკლებ 150 ლარის გადახდა, ასევე დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა.
განჩინების პასუხად მხარემ ხარვეზი ნაწილობრივ გამოასწორა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 დეკემბრის განჩინებით აპელანტის - ე. გ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; აპელანტს გაუგრძელდა 2015 წლის 7 დეკემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადა 7 დღით.
კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის განჩინების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებას და მის მიერ სასამართლოს დანიშნულ საპროცესო ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობას. კერძო საჩივარი ერთადერთ არგუმენტს ემყარება - სააპელაციო სასამართლოს ე. გ-ი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან უნდა გაეთავისუფლებინა.
საკასაციო სასამართლო ამ მტკიცებას არ იზიარებს და მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია, ფიზიკური პირი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გაათავისუფლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი უტყუარი მტკიცებულებებით დაადასტურებს საკუთარ ფინანსურ მდგომარეობას და სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში, ე. გ-ის სააპელაციო სასამართლოსათვის ამგვარი მტკიცებულებები არ წარუდგენია. ე. გარსევანიშვილის ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი რაიმე მტკიცებულება არც კერძო საჩივარს ერთვის. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე მართებულად არ დააკმაყოფილა.
აქვე გასათვალისწინებელია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ ე. გ-ს ხარვეზი სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ გამოუსწორებია, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განუხლველად მართებულად იქნა დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე,410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე