Facebook Twitter

№ბს-338-334(კს-16) 23 ივნისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ი. ს-ა

მოწინააღმდეგე მხარე - ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა

მესამე პირი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიურო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მარტის განჩინება

დავის საგანი - საქმის წარმოების შეწყვეტის კანონიერება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 12 სექტემბერს ი. ს-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ.

მოსარჩელემ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 აგვისტოს №1698 წერილის ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება, ი. ს-ას სარჩელზე მოპასუხე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, სარჩელის დაუშვებლობის გამო.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 31 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. ს-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 თებერვლის განჩინებით ი. ს-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 31 ოქტომბრის განჩინება და საქმე სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის სხდომაზე ი. ს-ამ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა, რომლითაც მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცემოდა ქ. ბორჯომი, ... ქ. №123-ში მდებარე უძრავი ქონება, არასაცხოვრებელი ფართი 28 კვ.მ. ოდენობით.

მოსარჩელემ საბოლოოდ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულების დავალება მოითხოვა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 1 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება აღსრულების ეროვნული ბიუროს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიურო.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ი. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობას თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულება დაევალა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მარტის განჩინებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება; შეწყდა საქმის წარმოება ი. ს-ას სარჩელზე, მოპასუხე ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, მესამე პირი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიურო, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულების დავალების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ საქმეზე სარჩელის საგანს წარმოადგენდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება; კერძოდ, მოსარჩელე ი. ს-ა ითხოვდა მის სასარგებლოდ გამოტანილი თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულება დავალებოდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობას. ამასთან, ი. ს-ა წარმოადგენდა თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილების კრედიტორს, ხოლო ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა - მოვალეს. დადგინდა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის გადაწყვეტილებით ი. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა: ქ. ბორჯომის გამგეობას დაევალა ქ. ბორჯომში, ... ქ. №123-ში მდებარე ფართის 28 კვ.მ-ს ოდენობით ი. ს-ასთვის გადაცემა; აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და მის აღსასრულებლად გაიცა სააღსრულებო ფურცელი; ასევე დადგინდა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილების აღსასრულებლად სააღსრულებო საქმე იმყოფებოდა სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში და საქმის განხილვის მოცემულ ეტაპზე საქმის წარმოება იყო შეჩერებული.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 და მე-6 მუხლები იძლევა სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალს, რომელთა შორის არ არის გათვალისწინებული დავა გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილე მხარეებს შორის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე; კერძოდ, დასახელებული ნორმების მიხედვით ადმინისტრაციული დავის საგანი შესაძლებელია ყოფილიყო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა, რა დროსაც მხარეებად გვევლინებიან ერთ მხარეს აღსასრულებელი გადაწყვეტილების კრედიტორი ან მოვალე, ხოლო მეორე მხარეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებაზე უფლებამოსილი ორგანო - აღსრულების ეროვნული ბიურო; სააპელაციო სასამართლოს ამგვარი პოზიცია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „დ“ პუნქტთან ერთად ეფუძნება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-2 და მე-3 მუხლებს, რომელთა თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება და მათ იძულებით აღსრულებას ახორციელეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ საქმეში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების კრედიტორი ი. ს-ა სარჩელის საფუძველზე ითხოვდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოვალეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობას დავალებოდა აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება, რაც ნიშნავდა იმას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მოვალესათვის ხელახლა უნდა დაევალებინა იმ ვალდებულების შესრულება, რაც მას უკვე ეკისრა კანონიერ ძალაში შესული და აღსასრულებლად მიქცეული სასამართლოს გადაწყვეტილებით.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ სარჩელს არ აქვს არათუ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძველი, არამედ, არ აქვს არც მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი და შესაბამისად, არ არსებობს დავის (სარჩელის) საგანი, იმდენად, რამდენადაც, სარჩელის საგანი შეიძლება იყოს მხოლოდ მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა ანუ ის მოთხოვნა, რომელიც ეფუძნება მატერიალურ-სამართლებრივ კანონმდებლობას.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მიუხედავად ი. ს-ას სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებისა, შინაარსობრივად მოცემული დავა მიმდინარეობს იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, რაც კიდევ ერთ დაუშვებლობის წინაპირობას უქმნის მოცემულ სარჩელს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. ს-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია. მიღებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს მოცემული დავის კატეგორიას და შესაბამისად, შეუძლებელია ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობას გადაწყვეტილების აღსრულება დავალებოდა. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ მოცემული მსჯელობა ემყარება კანონის არასწორ აღქმას, რადგან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლი ცალსახად განსაზღვრავს მოცემული კატეგორიის დავის საგნის არსებობას.

ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ მითითებული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლი განსაზღვრავს მაგისტრატი მოსამართლის მიერ განსჯად საქმეთა ჩამონათვალს, მაგრამ იმის გამო, რომ შეუძლებელია ზუსტად განისაზღვროს ყველა შესაძლო დავის საგანი, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ჩადებულია 24-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს ქმედების განხორციელების დავალდებულების სამართლებრივ წინაპირობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 მაისის განჩინებით ი. ს-ას კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წამოებაში და კერძო საჩივრის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ს-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას გასაჩივრებული განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მხრიდან კანონის არასწორი განმარტების თაობაზე. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 და მე-6 მუხლებით განსაზღვრულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი. ამასთან, მე-6 მუხლის „დ“ პუნქტი ეხება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავას. თუმცა, აღსანიშვანია არსებითი სხვაობა აღნიშნული ნორმით განსაზღვრულ დავასა და განსახილველ დავას შორის. კერძოდ, მოსარჩელე ი. ს-ა თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, წარმოადგენს - კრედიტორს, ხოლო მოპასუხე ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა - მოვალეს. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი კი არ ითვალისწინებს დავას სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილე მხარეებს შორის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე. მე-6 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დავის ერთ მხარეს გვევლინება აღსასრულებელი გადაწყვეტილების მოვალე ან კრედიტორი, ხოლო მეორე მხარეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებაზე უფლებამოსილი ორგანო - აღსრულების ეროვნული ბიურო.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების კრედიტორი ი. ს-ა მოვალისაგან - ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობისაგან ითხოვს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობას აღნიშნული მოვალეობა უკვე აკისრია კანონიერ ძალაში შესული და აღსასრულებლად მიქცეული სასამართლოს გადაწყვეტილებით.

კერძო საჩივრის ავტორის მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლზე მითითება, რომელიც ითვალისწინებს საჩივრის დასაშვებობას ადმინისტრაციული ორგანოსათვის ისეთი ქმედების დავალების ან მისგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, არ წარმოადგენს შესაბამის სამართლებრივ დასაბუთებას, ვინაიდან, მოცემული ნორმა გულისხმობს ისეთ მოცემულობას, როდესაც დავის ერთ მხარეს წარმოადგენს აღსასრულებელი გადაწყვეტილების კრედიტორი ან მოვალე, ხოლო მეორე მხარეს - იძულებით აღსრულებაზე უფლებამოსილი ორგანო აღსრულების ეროვნული ბიურო. საკასაციო სასამართლოს მოსაზრება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 და 24-ე მუხლებთან ერთად ემყარება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და მე-3 მუხლებს, რომელთა თანახმადაც, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება და მათ იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ი. ს-ას მოთხოვნას არ გააჩნია მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი და შესაბამისად, არ არსებობს დავის საგანი, რადგანაც სარჩელის საგანს წარმოადგენს მხოლოდ მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა ანუ ის მოთხოვნა, რომელიც ეფუძნება მატერიალურ-სამართლებრივ კანონმდებლობას.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა მიმდინარეობს იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, რაზეც სასამართლოს უკვე აქვს ნამსჯელი, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და იმყოფება სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში. მოსარჩელის მიერ სარჩელის სხვაგვარი ფორმულირებითა და განსხვავებულ საკანონმდებლო ნორმებზე მითითებით კი საქმის არსი არ იცვლება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. ს-ას კერძო საჩივარი არ არის დასაბუთებული და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, მე-6 და 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ს-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მარტის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი