Facebook Twitter

№ბს-363-358(კს-16) 23 ივნისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ გ. ს-ე

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური

მესამე პირები - შპს „...“; შპს „ს...“

დავის საგანი _ საქმის წარმოების შეწყვეტა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ნოემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2014 წლის 23 მაისს გ. ს-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 31 დეკემბრის №1065568 ბრძანების, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 25 თებერვლის №1138859 ბრძანებისა და ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 15 აპრილის №867 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ივლისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ შპს „...“ და შპს „ ს...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ს-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ს-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ნოემბრის განჩინებით გ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება და შეწყდა საქმის წარმოება, სარჩელის დაუშვებლობის საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელი დასაშვებია, თუ არსებობს ერთ-ერთი პირობა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს; უკანონოდ ზღუდავს მოსარჩელის უფლებას. კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დასაშვებობისათვის აუცილებელია, გასაჩივრებული აქტით ზიანი ადგებოდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ინტერესს ან უკანონოდ იზღუდებოდეს მისი რომელიმე უფლება. მხოლოდ აღნიშნული პირობების არსებობის შემთხვევაში შეუძლია მოსარჩელეს მოითხოვოს საქმის განხილვა ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე შეზღუდული ან სადავოდ ქცეული უფლების ან კანონიერი ინტერესის დაცვის მიზნით. საკითხის სწორად გარკვევას დიდი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ ერთი მხრივ, მოსარჩელეს არ წაერთვას ნამდვილი უფლება სარჩელზე და შესაბამისად, სამართლიან სასამართლოზე და მეორე მხრივ, შეცდომით არ მოხდეს სარჩელზე მოსარჩელის არარსებული უფლების განხორციელება და ამით გაუმართლებლად არ შეილახოს მოპასუხის ინტერესები და სამართლიან სასამართლოზე მისი შესაბამისი უფლება. სწორედ აღნიშნული საკითხის გამორკვევას ემსახურება სარჩელის დასაშვებობის ინსტიტუტი ადმინისტრაციულ პროცესში, რომლის მიზანია, კანონით გათვალისწინებულ მთელ რიგ აუცილებელ საკითხებთან ერთად გაირკვეს, აღძრული აქვს თუ არა სარჩელი მოსარჩელეს „თავისი“ უფლების დასაცავად, ანუ არის თუ არა მოსარჩელე მოცემულ კონკრეტულ მოთხოვნასა და სამართალწარმოებაზე უფლების მქონე. პირის პროცესუალური უფლებაუნარიანობისაგან ეს უფლება განუყოფელია.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გ. ს-ის სასარჩელო მოთხოვნას სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 31 დეკემბრის №1065568 ბრძანების, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 25 თებერვლის №1138859 ბრძანებისა და ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 15 აპრილის №867 განკარგულების ბათილად ცნობა წარმოადგენს.

გასაჩივრებული სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 31 დეკემბრის №1065568 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ტაბახმელა, სოფელი ..., შპს „...“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი, ხოლო არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 25 თებერვლის №1138859 ბრძანებით გაიცა სამშენებლო ნებართვა ქ. თბილისში, ტაბახმელა, სოფელი ... მდებარე შპს „...“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის 31.12.2013წ. #1065568 კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე. ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 15 აპრილის №867 განკარგულებით არ დაკმაყოფილდა გ. ს-ის ადმინისტრაციული საჩივარი სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 31 დეკემბრის №1065568 და 2014 წლის 25 თებერვლის №1138859 ბრძანებების ბათილად ცნობის შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ასევე იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული სამშენებლო ნებართვა გაცემულია ქ. თბილისი, ტაბახმელა, სოფელ ... მდებარე (საკადასტრო კოდი ...) უძრავ ქონებაზე. ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი დატვირთული იყო გ. ს-ის სასარგებლოდ, მიწის ნაკვეთის შეძენისა და მასზე საცხოვრებელი სახლის აშენების შესახებ იპოთეკური უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე.

ამგვარად, პალატის მოსაზრებით, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად ან ბათილად ცნობის თაობაზე შეიძლება წარდგენილ იქნეს იმ პირის მიერ, რომელსაც ფაქტების მეშვეობით შეუძლია დაამტკიცოს, რომ მისი უფლება და კანონიერი ინტერესი დარღვეულ იქნა ამ აქტით. მოცემულ დავასთან მიმართებაში, არ დგინდება, გასაჩივრებული აქტებით, გ. ს-ისათვის პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენების ფაქტი, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ კანონიერ ძალაში შესული საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე შპს „წ...“ მოსარჩელე გ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 180 361 აშშ დოლარის გადახდა; ასევე გ. ს-ის მიერ მიწის ნაკვეთზე ფასადური ღობის, აუზის მოწყობისთვის და სხვა გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად სულ 24150.15 ლარის, 4375 ევროსა და 794 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. შპს „ ი...“ მოსარჩელე გ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 11 607 აშშ დოლარის და 2810.3 ლარის გადახდა; ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია. მითითებული გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ის ვალდებულებითი ურთიერთობა, რის გამოც განხორციელდა სადავო უძრავ ქონებაზე გ. ს-ის იპოთეკარად რეგისტრაცია, მხარეთა შორის აღარ არსებობს, უფრო მეტიც, სააპელაციო პალატის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის ვალდებულების, მიწის ნაკვეთის მყიდველისათვის გადაცემის და სანაცვლოდ სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შესრულებულად ჩათვლის და იპოთეკის მოხსნის შესახებ ხელშეკრულება, რომელიც დადებულია გ. ს-ეს, ვ. გ-ეს, შპს „ს...“ და შპს „...“ წარმომადგენლებს შორის. ამ ხელშეკრულებით დასტურდება, რომ მხარეები მორიგდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2011 წლის 15 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებამდე.

სააპელაციო პალატის განმარტებით, მხარე ვერ ასაბუთებს გასაჩივრებული სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 31 დეკემბრის №1065568 და 2014 წლის 25 თებერვლის №1138859 ბრძანებებით, შესაბამისად, ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 15 აპრილის №867 განკარგულებით მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის შელახვის ფაქტს. ვალდებულებითი ურთიერთობა, რომელიც წარმოიშვა მიწის ნაკვეთის შეძენისა და მასზე საცხოვრებელი სახლის აშენების შესახებ იპოთეკური უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, გ. ს-ეს, შპს „...“ და შპს „წ...“ შორის აღარ არსებობს და აღნიშნული დასტურდება სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 აპრილის სასამართლო გადაწყვეტილებით, შესაბამისად, გ. ს-ე ვერ ადასტურებს სამართლებრივ ინტერესს ქ. თბილისი, ტაბახმელა, სოფელ ... მდებარე (საკადასტრო კოდი ...) მიწის ნაკვეთზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიმართ. ამდენად, აპელანდი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის წინააღმდეგ დავაში ვერ იქნება მიჩნეული დაინტერესებულ პირად იმდენად, რამდენადაც არ დასტურდება, თუ რა პირდაპირი და უშუალო ზიანი მიადგა მას სადავო აქტებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ს-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული აქტებით მოხდა არა როგორც გიორგი სხირტალძის, როგორც იპოთეკარის და დაინტერესებული პირის უფლებების დარღვევა, არამედ მოხდა კანონის დარღვევაც, ვინაიდან, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა - სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ საქმის არსებითი გამოკვლევის, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე მიიღეს გადაწყვეტილება შპს „ს...“ (ყოფილი „წ...“) მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

საქართველოს მთავრობის №57 დადგენილების მე-20 მუხლი განმარტავს, რომ დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე (ნებართვის გაცემა) დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ამ ასაშენებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ის რომ მას აქვს ობიექტის განვითარების ინტერესი დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერიდან, რომლის შესაბამისად, გ. ს-ე არის მიწის ნაკვეთის - საკადასტრო კოდი: ... იპოთეკარი. იპოთეკა კი გაფორმებულია „ხელშეკრების მიწის ნაკვეთის შეძენისა და მასზე საცხოვრებელი სახლის აშენების შესახებ“ იპოთეკური უზრუნველყოფით რეგისტრირებულ რეესტრში №1-6193 გაცემული ნოტარიუსი სოსო მუმლაძის მიერ 28.07.08 წ. გ. ს-ე სწორედ იმ მიწის ნაკვეთის იპოთეკარია, რომელზეც დარღვევებით მიმდინარე მშენებლობის არქიტექტურული ნაწილის კორექტირების და ახალი სამშენებლო ნებართვის გაცემა მოხდა არქიტექტურის სამსახურის მიერ.

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, სამოქალაქო კოდექსის 268-ე მუხლზე და განმარტა, რომ ამ მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, იპოთეკარი გ. ს-ე სსიპ არქიტეტურის სამსახურს უნდა მიეჩნია დაინტერესებულ პირად, ვინაიდან სწორედ მან უნდა მოახდინოს იპოთეკით დატვირთული საგნის რეალიზაცია ან მის პირად საკუთრებაში გადაცემა. სადავო აქტებით მოხდა მისი უფლებების შელახვა. ვინაიდან, სახლი წარმოადგენს მიწის ნაკვეთის განუყოფელ ნაწილს, მან მიწის ნაკვეთის რეალიზაცია უნდა მოახდინოს შენობა-ნაგებობასთან ერთად. აღნიშნული შენობა-ნაგებობის საბაზრო ღირებულება კი მნიშვნელოვნად შემცირებულია იმ სამუშაოებისა და მასალების შემცირების ხარჯზე, რომლებიც სამშნებლო პროცესში იქნა დაკლებული.

იპოთეკა სწორედ ამ შენობა-ნაგებობის 2008 წლის 15 აგვისტოს №01/1113 ბრძანებით შეთანხმებული პროექტის და პირობების დასაცავად იყო გაფორმებული, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნებისმიერი ცვლილება პროექტში და ახალი სამშენებლო ნებართვის გაცემა უნდა შეთანხმებულიყო იპოთეკართან, როგორც ეს მოხდა 2010 წელს. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა დაარღვიეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნები.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, როგორც სარჩელის ფაქტობრივ გარემოებაში აღინიშნა 2015 წლის 15 აპრილს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება ჯერ არ მომხდარა. იპოთეკის საგნის რეალიზაცია გ. ს-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით არ განხორციელებულა. ამდენად, გაუგებარია სასამართლოს აპელირება, იმაზე, რომ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა არ არსებობს, რის გამოც აპელანტი თითქოს დაინტერესებულ პირს არ წარმოადგენს. გადაწყვეტილების აღსრულებამდე ვიდრე არ დადგება ორმხრივი რესტიტუცია, გ. ს-ე ინარჩუნებს იპოთეკარის სტატუსს. ამდენად, მისი დაინტერესებაც სახეზეა.

არამართებულია სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე შპს „წ...“ მოსარჩელე გ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 180 361 აშშ დოლარის გადახდა. ასევე გ. ს-ის მიერ მიწის ნაკვეთზე ფასადური ღობის, აუზის მოწყობისთვის და სხვა გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად სულ 24150.15 ლარის, 4375 ევროს და 794 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. შპს ,,ი...“ მოსარჩელე გ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 11 607 აშშ დოლარის და 2810.3 ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია. ზემოთ მითითებული გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ის ვალდებულებითი ურთიერთობა, რის გამოც განხორციელდა სადავო უძრავ ქონებაზე გ. ს-ის იპოთეკარად რეგისტრაცია, მხარეთა შორის აღარ არსებობს. ვინაიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არსად არ არის პუნქტი, რომელშიც არის ჩანაწერი, რომ ხელშეკრულება შეწყვეტილია, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მტკიცება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით დასტურდება, ,,რომ ის ვალდებულებითი ურთიერთობა, რის გამოც განხორციელდა სადავო უძრავ ქონებაზე გ. ს-ის იპოთეკრად რეგისტრაცია, მხარეთა შორის აღარ არსებობს“ უსაფუძვლოა. რომ არ არსებობდეს ვალდებულებითი ურთიერთობა არც იპოთეკა იარსებებდა, მით უმეტეს, რომ სადავო აქტების გამოცემის შემდეგ შპს ,,...“ წარმომადგენელმა ორჯერ სცადა იპოთეკის გაუქმება და მის საფუძვლად სწორედ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება იქნა წარდგენილი და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე არ გააუქმა იპოთეკის რეგისტრაცია, რადგან წარდგენილი გადაწყვეტილებით არ დგინდებოდა იპოთეკის გაუქმების საფუძველი. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ვიდრე არ მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, ძალაში იქნება იპოთეკაც და მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობაც.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ასევე არამართებულია სააპელაციო პალატის მითითება მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის ვალდებულების, მიწის ნაკვეთის მყიდველისათვის გადაცემის და სანაცვლოდ სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შესრულებულად ჩათვლის და იპოთეკის მოხსნის შესახებ ხელშეკრულებაზე, რომელიც დადებულია გ. ს-ეს, ვ. გ-ეს, შპს „ს...“ და შპს „...“ წარმომადგენლებს შორის. ამ ხელშეკრულებით დასტურდება, რომ მხარეები მორიგდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2011 წლის 15 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულებამდე, ვინაიდან, აღნიშნული ხელშეკრულება დადებულია 2015 წლის 31 ივლისს, სადავო აქტები კი გამოცემულია 2013 და 2014 წლებში, ბუნებრივია არქიტექტურის სამსახურისათვის ამის შესახებ ცნობილი ვერ იქნებოდა. ასევე მისთვის ცნობილი არ ყოფილა შუამდგომლობის დაყენება მტკიცებულების სახით დასაშვებობაზე. არ ყოფილა მსჯელობა და უცნობია ერთვის თუ არა საქმეს ზემოაღნიშნული ხელშეკრულება და თუ ერთვის მათთვის არ მომხდარა ხელშეკრულების გაცნობა. ასევე ეს ხელშეკრულება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ გ. ს-ე არის დაინტერესებული პირი აღნიშნული მშენებლობის ბედით და სწორედ ამიტომ იყო საჭირო მისი ჩართვა გასაჩივრებული აქტების მიღების დროს. ამასთან, ხელშეკრულება დადებულია 30 წლის ვადით და იმ პირობით, რომ მხოლოდ გ. ს-ის ანგარიშზე თანხის სრულად ჩარიცხვის შემდეგ ჩაითვლება სასამართლოს 2011 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება აღსრულებულად. ამიტომ, ვინაიდან, მას თანხა არ მიუღია, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2011 წლის 15 აპრილს გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული, იპოთეკა ძალაშია და შესაბამისად, მხარეებს შორის ვალდებულებაც.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 მაისის განჩინებით გ. ს-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. ს-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ნოემბრის განჩინება და საქმე სარჩელის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 31 დეკემბრის №1065568 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ტაბახმელა, სოფელი ..., შპს „...“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 25 თებერვლის №1138859 ბრძანებით გაიცა სამშენებლო ნებართვა ქ. თბილისში, ტაბახმელა, სოფელი ..., შპს „...“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის 31.12.2013წ. #1065568 კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე. ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 15 აპრილის №867 განკარგულებით არ დაკმაყოფილდა გ. ს-ის ადმინისტრაციული საჩივარი სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 31 დეკემბრის №1065568 და 2014 წლის 25 თებერვლის №1138859 ბრძანებების ბათილად ცნობის თაობაზე.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 14 მარტის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ტაბახმელა, სოფელი ..., ნაკვეთი №67-ის, (საკადასტრო კოდი №....) მესაკუთრე იყო შპს „...“. ქ. თბილისში, ტაბახმელა, სოფელი ... (ნაკვეთი №67) მდებარე 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დატვირთულია იპოთეკით გ. ს-ის სასარგებლოდ მიწის ნაკვეთის შეძენისა და მასზე საცხოვრებელი სახლის აშენების შესახებ იპოთეკური უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე (რეესტრში რეგისტრაციის №1-6193 გაცემული ნოტარიუს სოსო მუმლაძის მიერ 28.07.08წ.). ხელშეკრულების 4.2.1 მუხლის თანახმად, შპს „...“ შპს „წ... “ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად „დამკვეთის“ (გ. ს-ის) სასარგებლოდ იპოთეკით ტვირთავს ამ ხელშეკრულების 1.2 მუხლში აღნიშნულ უძრავ ქონებას. ხოლო ხელშეკრულების 1.2 მუხლში აღნიშნული უძრავი ქონება არის 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ№...).

გ. ს-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: შპს „წ...“, შპს „...“, შპს „ი...“ მიმართ და მოითხოვა გ. ს-ეს, შპს „...“ და შპს „წ...“ შორის 2008 წლის 28 ივნისს გაფორმებული მიწის ნაკვეთის შეძენისა და მასზედ საცხოვრებელი სახლის აშენების შესახებ იპოთეკური უზრუნველყოფით ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება ხელშეკრულებაზე უარის თქმის გამო, თანხის გადახდის დაკისრება და იპოთეკის საგნის რეალიზაცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2011 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე შპს „წ...“ მოსარჩელე გ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 180 361 აშშ დოლარის გადახდა. ასევე გ. ს-ის მიერ მიწის ნაკვეთზე ფასადური ღობის, აუზის მოწყობისთვის და სხვა გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად სულ 24150.15 ლარის, 4375 ევროსა და 794 აშშ დოლარის გადახდა. შპს „ი...“ მოსარჩელე გ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 11 607 აშშ დოლარის და 2810.3 ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.

საქმეში წარმოდგენილია ასევე მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის ვალდებულების, მიწის ნაკვეთის მყიდველისათვის გადაცემის და სანაცვლოდ სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად ჩათვლის და იპოთეკის მოხსნის შესახებ ხელშეკრულება დადებული 2015 წლის 31 ივლისს გ. ს-ეს, ვ. გ-ეს, შპს „...“ და შპს „ს...“ (ყოფილი „წ...“) შორის, რათა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების გარეშე მხარეებმა მოაგვარონ ურთიერთობები, ვინაიდან, შპს „...“ და შპს „ს...“ (ყოფილი „წ...“) მხრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით დაკისრებული ზემოაღნიშნული თანხები ნებაყოფლობით დღემდე არ გადახდილა. ხელშეკრულების 2.1 მუხლის თანახმად, ვ. გ-ე ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერიდან 30 თვის განმავლობაში გადაუხადოს გ. ს-ეს 180361.0 აშშ დოლარი. ხელშეკრულების სრული ფასის ფულადი სახით მიღების შემდგომ, რაც დადასტურებული უნდა იქნეს გ. ს-ის საბანკო ანგარიშიდან შესაბამისი ამონაწერით. გ. ს-ისთვის თანხის ჩარიცხვის შემდეგ, შპს „...“ და შპს „ს...“ საკუთრებაში გადასცემენ მიწის ნაკვეთს (ს/კ№...), მასზე არსებულ მშენებარე საცხოვრებელ სახლს და სამშენებლო მასალებს ვ. გ-ეს. ვ. გ-ის მიერ გადახდის ვალდებულება შესრულებულად ჩაითვლება ხელშეკრულების სრული ფასის მხოლოდ ფულადი სახით გ. ს-ის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის დღეს. გამოსასყიდი ქონების მახასიათებელია: მისამართი: ქ. თბილისი, ტაბახმელა, სოფელი ..., საცხოვრებელი სახლების კომპლექსის „წ...“, ნაკვეთი #67; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი:1000 კვ.მ. ნაკვეთის საკადასტრო კოდი: ...; მესაკუთრე: შპს „...“ (ს/კ კოდი ...) იპოთეკარი: გ. ს-ე (პ/ნ ...).; 2.6 მუხლის შესაბამისად, გ. ს-ე ვალდებულია ფულადი სახით ხელშეკრულების სრული ფასის თავის საბანკო ანგარიშზე მიღების შემდეგ გასცეს მხარეებზე წერილობითი თანხმობა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 აპრილის #2/7943-10 გადაწყვეტილებით შპს „წ...“ დაკისრებული ვალდებულებების შესრულების შესახებ. აღნიშნული თანხმობა წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ქონებაზე (ს/კ...) იპოთეკის მოხსნის საფუძველს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული ადმინისტრაციული საქმის განხილვა შეუძლებლად მიიჩნია იმ საფუძვლით, რომ მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე აპელანტი გ. ს-ე ვერ ასაბუთებს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით მისი კანონიერი უფლებების ან ინტერესის შელახვის ფაქტს. ვალდებულებითი ურთიერთობა რომელიც წარმოიშვა მიწის ნაკვეთის შეძენისა და მასზე საცხოვრებელი სახლის აშენების შესახებ იპოთეკური უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე გ. ს-ეს, შპს „...“ და შპს „წ...“ შორის აღარ არსებობს, რაც დასტურდება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით, შესაბამისად, გ. ს-ე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის წინააღმდეგ დავაში ვერ იქნება მიჩნეული დაინტერესებულ პირად, იმდენად რამდენადაც არ დასტურდება, თუ რა პირდაპირი და უშუალო ზიანი მიადგა მას სადავო აქტებით.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ზოგადად წარმოადგენს ერთი მხარისათვის - თავისი უფლებების დაცვის გარანტიას, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლში განმარტებულია მოთხოვნის ურზრუნველყოფის ისეთი საშუალება, როგორიცაა იპოთეკა, კერძოდ, ,,უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით“. მოთხოვნის უზრუნველყოფის - იპოთეკის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი მეშვეობით კრედიტორს შეუძლია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის დროს მოთხოვნა დაიკმაყოფილოს მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, რომელზეც მხარეების შეთანხმებით დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება. სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაცია ხდება ერთ-ერთი მხარის მიერ გარიგების წარდგენის საფუძველზე, რომელიც დადებულია ამ კოდექსის 3111 მუხლით დადგენილი წესით. შესაბამისად, იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის დებულება, სამოქალაქო - სამართლებრივ დატვირთვასთან ერთად ამავდროულად ატარებს საჯარო სამართლებრივ ფუნქციას. საჯარო რეესტრი, როგორც საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი საჯარო დაწესებულება ფუნქციურ-სამართლებრივი ნიშნით შექმნილ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მის საქმიანობაზე სრულად ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის უმნიშვნელოვანესი პრინციპები, მათ შორის, კანონიერებისა და კანონიერი ნდობის უფლების პრინციპები.

საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სამოქალაქო სამართლებრივი უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, უძრავ ნივთს ანიჭებს გარკვეულ სტატუსს, რომლის ადეკვატური სამართლებრივი შედეგების მიმართ დაინტერესებულ პირს კანონიერი მოლოდინი გააჩნია.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, სასამართლო წესით სარჩელის აღძვრის შესაძლებლობა სუბიექტური უფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც იცავს უფლებას გაქარწყლებისგან, არარად ქცევისგან. ამიტომაა, რომ საპროცესო სამართალში სარჩელის აღძვრის უფლების (სარჩელზე უფლების) არსებითი ელემენტია, უპირველეს ყოვლისა, თავად უფლების არსებობა მატერიალური შინაარსით რომლის დაცვის ღირსი ინტერესიც მოსარჩელეს გააჩნია. თუკი განცხადებულ მოთხოვნაზე უფლება ნამდვილად ეკუთვნის მოსარჩელეს და მას ნამდვილად აქვს ამ უფლების დაცვაზე კანონიერი ინტერესი, ხოლო სადავოდ გამხდარ უფლებაზე ვალდებულ პირს ნამდვილად წარმოადგენს მოპასუხე, მაშინ საქმის განხილვისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა _ მხარეთა ლეგიტიმური შემადგენლობა სახეზეა.

ამდენად, სასამართლოსადმი მიმართვა უკავშირდება მხოლოდ „თავისი“ უფლების ან თავისუფლების დაცვის რეალურ საჭიროებას, რის გამოც სასამართლოში სარჩელის აღძვრის პროცესუალური უფლებით სარგებლობს მხოლოდ საამისო, ნამდვილი ინტერესის მქონე პირი და ამასთან, ეს ინტერესი უნდა იყოს კანონიერი. შესაძლებელია, პირს ჰგონია, რომ ასეთი ინტერესი აქვს და მიმართავს სასამართლოს, მაგრამ პირის ასეთი სუბიექტური განწყობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ობიექტურად იგი მართლაც დაინტერესებულია პროცესის წარმოების თვალსაზრისით. სწორედ აღნიშნული საკითხის გამორკვევას ემსახურება სარჩელის დასაშვებობის ინსტიტუტი ადმინისტრაციულ პროცესში, რომლის მიზანია, კანონით გათვალისწინებულ მთელ რიგ აუცილებელ საკითხებთან ერთად წინასწარ, საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე გაირკვეს, სარჩელის აღძვრას აქვს თუ არა კანონიერი ინტერესი ანუ სარჩელის ბათილად ცნობის მოთხოვნით ფაქტობრივი მიზეზების არარსებობის გამო მის ბათილად ცნობას აქვს თუ არა მნიშვნელობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის დასაშვებობის საკითხის შემოწმებისას მოსარჩელის უფლებისა და კანონიერი ინტერესის არსებობის საკითხის გარკვევისას მნიშვნელოვანია, გაირკვეს უფლებისა და ინტერესის სუბიექტური ფარგლების საკითხი, რაც უკავშირდება მათ შორის ურთიერთმიმართებისა და განსხვავების გამორკვევას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ თვალსაზრისით ინტერესი არ არის სუბიექტური უფლების შემადგენელი ელემენტი, წარმოადგენს მისი დაკმაყოფილების განმაპირობებელი სუბიექტური უფლების წანამძღვარს. ამ თვალსაზრისით სარჩელის აღძვრა შესაძლებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესისათვის ზიანის მიყენების საფუძვლით. ამდენად, ამ საკითხის სწორად გარკვევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ, ერთი მხრივ, მოსარჩელეს არ წაერთვას ნამდვილი უფლება სარჩელზე და შესაბამისად, სამართლიან სასამართლოზე და, მეორე მხრივ, შეცდომით არ მოხდეს სარჩელზე მოსარჩელის არარსებული უფლების განხორციელება და ამით გაუმართლებლად არ შეილახოს მოპასუხის ინტერესები და სამართლიან სასამართლოზე მისი შესაბამისი უფლება.

ასევე საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ინტერესის ცნების ნორმატიული ახსნა მოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში. რაც შეეხება ინტერესის კანონით დაცულობის საკითხს, სასამართლოს მიერ იგი წყდება საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღებისას. დასაშვებობის სტადიაზე საკმარისია ინტერესის, როგორც ასეთის არსებობა, ინტერესის არსებობის ვარაუდი სავსებით საკმარისია დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად. გამომდინარე აქედან, სასამართლოს უნდა ემსჯელა, არსებობდა თუ არა გ. ს-ის კანონიერი ინტერესი სადავო აქტებთან მიმართებით, რომლის არსებითი გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლა-გაანალიზება და იმის შეფასება, ქ. თბილისში, ტაბახმელა, სოფელი ... (ნაკვეთი №67) მდებარე 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (/კ№...) კვლავ დატვირთული იყო თუ არა იპოთეკით გ. ს-ის სასარგებლოდ და მიწის ნაკვეთის მყიდველისათვის გადაცემის და სანაცვლოდ სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად ჩათვლის და იპოთეკის მოხსნის შესახებ 2015 წლის 31 ივლისის ხელშეკრულებით მოხდა თუ არა იპოთეკის მოხსნა. ვინაიდან, როგორც საქმეში არსებული 2014 წლის 14 მარტის საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება ქ. თბილისში, ტაბახმელა, სოფელი ..., ნაკვეთი №67-ის, (საკადასტრო კოდი №....) მესაკუთრე იყო შპს „...“. ქ. თბილისში, ტაბახმელა, სოფელი ... (ნაკვეთი №67) მდებარე 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დატვირთულია იპოთეკით გ. ს-ის სასარგებლოდ მიწის ნაკვეთის შეძენისა და მასზე საცხოვრებელი სახლის აშენების შესახებ იპოთეკური უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე (რეესტრში რეგისტრაციის №1-6193 გაცემული ნოტარიუს სოსო მუმლაძის მიერ 28.07.08წ.). ხელშეკრულების 4.2.1 მუხლის თანახმად, შპს „...“ შპს „წ...“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად „დამკვეთის“ (გ. ს-ის) სასარგებლოდ იპოთეკით ტვირთავს ამ ხელშეკრულების 1.2 მუხლში აღნიშნულ უძრავ ქონებას. ხოლო, ხელშეკრულების 1.2 მუხლში აღნიშნული უძრავი ქონება არის 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ№...).

მოსარჩელის სასარგებლოდ ქ. თბილისში, ტაბახმელა, სოფელი ... (ნაკვეთი №67) მდებარე 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (/კ№...) კვლავ დატვირთულია იპოთეკით, იპოთეკის გაუქმება არ მომხდარა არც მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის ვალდებულების, მიწის ნაკვეთის მყიდველისათვის გადაცემის და სანაცვლოდ სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად ჩათვლის და იპოთეკის მოხსნის შესახებ 2015 წლის 31 ივლისს გ. ს-ეს, ვ. გ-ეს, შპს ,,...“ და შპს ,,ს...“ (ყოფილი ,,წ...“) შორის დადებული ხელშეკრულებით.

გ. ს-ის სასარჩელო მოთხოვნებს კი წარმოადგენს: სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 31 დეკემბრის №1065568 ბრძანების, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 25 თებერვლის №1138859 ბრძანებისა და ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 15 აპრილის №867 განკარგულების ბათილად ცნობა. აღნიშნული ბრძანებები ეხება სწორედ ქ. თბილისში, ტაბახმელა, სოფ. ... მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ...) საცხოვრებელი სახლის კორექტირებულ არქიტექტურულ პროექტს და სწორედ აღნიშნული მიწის ნაკვეთი არის დატვირთულია იპოთეკით. მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა ზემოაღნიშნული ბრძანებები გამოსცა ისე, რომ იგი არ ყოფილა მიწვეული ადმინსტრაციულ წარმოებაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის განხილვისას სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის მასალები, დადგენილად მიჩნეული გარემოებები არ არის დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებებით, საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს კი არ მიეცა ობიექტური შეფასება, შესაბამისად, კერძო საჩივარი შეიცავს იურიდიულ დასაბუთებას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, რის გამოც არსებობს მისი დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ს-ის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ნოემბრის განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების, საქმის წარმოების შეწყვეტისა და სარჩელის დაუშვებლად ცნობის შესახებ და საქმე სარჩელის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ს-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ნოემბრის განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების, საქმის წარმოების შეწყვეტისა და სარჩელის დაუშვებლად ცნობის შესახებ და საქმე სარჩელის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი