Nვ-419-3 (ა-16) 14 ივნისი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
მოსამართლე: ვასილ როინიშვილი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ. ბ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 დეკემბრის Nბს-685-677(კ-15) განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ბ-ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიმართ და მოითხოვა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დავალდებულება გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი მისთვის პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივნისის განჩინებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტლება უცვლელად დარჩა.
განჩინება გ. ბ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინებით გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
2016 წლის 25 მაისს გ. ბ-ემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში განცხადება წარმოადგინა, რომლითაც მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 დეკემბრის Nბს-685-677(კ-15) განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
იმავე კოდექსის 423-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ:
ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია;
ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება;
გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება;
დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა;
ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ;
ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას;
ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.
ზემოაღნიშნული ნორმა ამომწურავად ჩამოთვლის იმ საფუძვლებს, რასაც საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება შეიძლება ემყარებოდეს.
განსახილველ ძემთხვევაში, გ. ბ-ის განცხადება არ ემყარება არც ერთ ზემომითითებულ საფუძველს. განმცხადებელი მხოლოდ იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ მისი საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული, ხოლო დასაშვებობის საკითხი პალატამ 2015 წლის 22 დეკემბერს განიხლა, რითაც საქმის განხილვა უსაფუძვლოდ გაჭიანურდა. განმცხადებელი ასევე ამტკიცებს, რომ სასამართლოს აპარატმა საქმის განხილვის შედეგი დაუმალა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განმცხადებლის ეს პრეტენზიები არ წარმოდგენს საქმის წარმოების განახლების კანონით დადგენილ საფუძველს. გ. ბ-ის განცხადება, თავისი არსით, საერთოდ არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებას, ამდენად, საკასაციო სასამართლო მას განსახილველად ვერ მიიღებს.
საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს განცხადების დასაშვებობის კიდევ ერთ წინაპირობაზე: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პრიველი და მე-2 ნაწილების თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.
განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი თავად ადასტურებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინება 2016 წლის 31 იანვარს ჩაიბარა. განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე კი, 2016 წლის 25 მაისს შემოიტანა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, ჩვეულებრივ, 1-თვიანი ვადა აითვლება არა განჩინების ჩაბარებიდან, არამედ იმ მომენტიდან, როცა მხარისათვის ცნობილი გახდა საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა, მაგრამ ვინაიდან წარმოდგენილი განცხადება ემყარება მხოლოდ საქმის განხილვის თითქოსდა გაჭიანურების ფაქტს და მოსამართლის აპარატის მიერ განჩინების შედეგის შეუტყობინებლობას, გასაჩივრების ვადა განჩინების ჩაბარებიდან უნდა აითვალოს, ვინაიდან, მხარისათვის ამ გარემოებების თაობაზე იმთავითვე იყო ცნობილი. მართალია, თავად განმცხადებელი მიუთითებს, რომ განცხადება ვადის ამოწურვამდე შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელმაც უზენაეს სასამართლოში არ გადმოაგზავნა, მაგრამ შესაბამისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გ. ბ-ის განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე, 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ბ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.მოსამართლე ვ. როინიშვილი