საქმე ბს-225-224 (გ-16) 14 ივნისი 2016 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: ვასილ როინიშვილი (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა ნ. ფ-ის სარჩელთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. ფ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელით მიმართა, რომლითაც მოითხოვა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2015 წლის 24 მარტის ბრძანების არარად აღიარება, სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 28 აპრილის ბრძანების ბათილად ცნობა, ნ. ფ-ის სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე აღდგენა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება.
სარჩელის თანახმად, ნ. ფ-ის 2012 წლის მუშაობდა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2015 წლის 24 მარტის ბრძანებით მის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა და სახდელი - 10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავება. ეს ბრძანება გასაჩივრა სოფლის მეურნეობის სამინისტროში. 2015 წლის 28 აპრილს, როდესაც მოსარჩელეს დროებითი შრომისუუნარობის გამო შრომითი ურთიერთობა შეჩერებული ჰქონდა, სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით ნუგზარ ფირანიშვლი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2015 წლის 4 ნოემბრის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას გადასცა.
სასამართლომ განმარტა, რომ წარმოდგენილი დავა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. სადავო ბრძანებების კანონიერების საკითხი განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, ვინაიდან მათი გამოცემის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს შრომის კოდექსი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის აღნიშნულ განჩინებას და წამოიწყო დავა განსჯადობის შესახებ.
სასამართლოს მოსაზრებით, წარმოდგენილი დავა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. მოსარჩელე ითხოვს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2015 წლის 24 მარტის ბრძანების არარად აღიარებას. არარად აღიარება ადმინისტრაციული კანონმდებლობით მოწესრიგებული ცნებაა, გარდა ამისა, ბრძანება გამოიცა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის სურსათის ეროვნული სააგენტოს შინაგანაწესის“ მე-18 შესაბამისად, ხოლო მოსარჩელე, რომელის დანიშნული იყო სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით, იკავებდა უფროსის მოადგილის თანამდებობას და ახორციელებდა საჯარო საქმიანობას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 „ა“ მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ ნ. ფ-ის გათავისუფლების შესახებ ბრძანება ადმინისტრაციული აქტია და გათავისუფლების საფუძვლად შრომის კოდექსის მითითება არ არის საკმარისი დავის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვისათვის.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის Nბს-132-123 (კ-07) განჩინებაზე და მიიჩნია, რომ ამ განჩინებით განსაზღვრული განსჯადობის წესი უნდა გავრცელდეს სსიპ-ის უფროსის მოადგილეზეც და არა მხოლოდ სსიპ-ის ხელმძღვანელზე.
საქალაქო სასამართლომ ასევე მოიხმო „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის 101 და 102 მუხლები, რომლებიც ამოქმედდება 2017 წლის 1 იანვრიდან და განმარტა, რომ საკანონმდებლო ორგანომ გაითვალისწინა რა ასეთი შინაარსის სამართალურთიერთობის რეალური საგნობრივი ხასიათი (ანუ ის მოცემულობა, რომ ასეთი ურთიერთობა თავისი შინაარსით ადმინისტრაციულია) მომავლისათვის საკანონმდებლო დონეზე გაწერა ასეთი დავების სამართლებრივი ბუნების კუთვნილება და მათი გადაწყვეტის საგნობრივი ქვემდებარეობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26-ე მუხლის მესამე ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის საგნობრივი განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ ნ. ფ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა, რაც იწვევს საპროცესო ნორმების იმგვარ დარღვევას, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველი ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ ქვემდებარეობას სასამართლოებისადმი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსნებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნებოდეს საჯარო - ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ნ. ფ-ი მუშაობდა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2015 წლის 24 მარტის ბრძანებით მის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 28 აპრილის ბრძანებით ნუგზარ ფირანიშვლი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.
საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სსიპ-ის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ აქტის კანონიერების თაობაზე აღძრული სარჩელის განსჯადობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება, რომელიც სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ არასწორად განმარტა.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ კანონის“ მე-2.1 მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას.
ამავე კანონის მე-10 მუხლების 1-4 პუნქტების თანახმად კი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მართვის წესი განისაზღვრება შესაბამისი კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნების შემთხვევაში – მისი სათანადო ნორმატიული აქტით) და ამ პირის წესდებით (დებულებით). საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მართავს ხელმძღვანელი, რომელიც შესაბამისი კანონის, საქართველოს მთავრობის დადგენილების (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნების შემთხვევაში – მისი სათანადო ნორმატიული აქტის), წესდების (დებულების) და წევრთა გადაწყვეტილებების (თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი წევრობაზეა დაფუძნებული) ფარგლებში დამოუკიდებლად მოქმედებს. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად. მასვე ეკისრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე. სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო, ხოლო წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს − წევრთა საერთო კრება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის Nბს-132-123 (კ-07) განჩინებით განიმარტა, რომ ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო ნორმებში ორგანულადაა ჩადებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და მისი ხელმძღვანელის საქმიანობის მმართველობითი ხასიათი, ასევე - სახელმწიფო კონტროლისა და შესაბამისი სახის საქმიანობაზე ხელმძღვანელის სახელისუფლებლო შეზღუდვის ელემენტი. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი, რომელიც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონის“ მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ერთპიროვნულად უძღვება მის საქმიანობას და განსაზღვრულ ფარგლებში დამოუკიდებლად მოქმედებს, აღნიშნული ნიშნით განსხვავდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის რიგითი თანამშრომლისაგან.
დიდმა პალატამ განმარტა, რომ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის რიგითი თანამშრომლისაგან განსხვავებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი ან კანონით (პრეზიდენტის ბრძანებულებით) განსაზღვრული სახელმწიფო მმართველობის ორგანო (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით, ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს _ შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო). ამდენად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება ხდება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადო აქტით, ანუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის სამუშაოზე აღდგენის შესახებ დავა წარმოადგენს ადმინისტრაციული კატეგორიის დავას, რომელიც განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.“
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ნათელია, რომ დიდმა პალატამ სსიპ-ის ხელმძღვანელი გამოყო სსიპ-ის სხვა თანამშრომლებისაგან და მისი გათავისუფლების შესახებ აქტის თაობაზე დავა ადმინისტრაციულ კატეგორიას მიაკუთვნა ორი კრიტერიუმის გათვალისწინებით: თანამდებობაზე დანიშვნის წესის და ხელმძღვანელის უფლებამოსილების საფუძველზე, ანუ, საჯარო მმართველობის ელემენტის არსებობის მხედველობაში მიღებით, სსიპ-ის ხელმძღვანელი საჯარო მოხელედ მიიჩნევა, სხვა თანამშრომლებისგან განსხვავებით. სწორედ ამ ორივე ელემენტის მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემული სარჩელის ფარგლებში, დიდი პალატის განმარტების გავრცელება არ შეიძლება სსიპ-ის უფროსის მოადგილეზე.
საქმეში წარმოდგენილი სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის წარდგინებით, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, სააგენტოს უფროსს ჰყავს სამი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, სააგენტოს უფროსის წარდგინებით, ამდენად, ცალსახაა, რომ პრინციპულად განსხვავდება სააგენტოს უფროსის და უფროსის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნის წესი.
საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ ნ. ფ-ის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოცემულია შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით რეგლამენტირებულია სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულების ცნება და მოცემულია იმ სახელმწიფო დაწესებულებათა ამომწურავი ჩამონათვალი, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად, აღნიშნულ ჩამონათვალში კი, საერთოდ არ არის ნახსენები საჯარო სამართლის იურიდიული პირი. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის N576 დადგენილებით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამდებობები მითითებული არ არის.
საკასაციო სასამართლო, ზოგადად, ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ვრცელ განმარტებას საქმის კომპეტენტური სასამართლოს მიერ განხილვის აუცილებლობაზე, თუმცა ხაზს უსვამს, რომ სასამართლოს სპეციალიზაცია და დავის ამა თუ იმ სამართალწარმოების წესით განხილვა არ წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციის ელემენტს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო კომპეტენციის სისრულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველ სასამართლოს ძალუძს გაერკვეს საქმის განხილვისას წამოჭრილ ყველა საკითხში, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია დავის გადაწყვეტისას გამოიყენოს არამხოლოდ კერძო-სამართლებრივი, არამედ საჯარო-სამართლებრივი კანონმდებლობის ნორმები, მით უფრო იმ შემთხვევაში, როდესაც დავა კომპლექსური ხასიათისაა და კერძო-სამართლებრივ საკითხებთან ერთად შეიცავს საჯარო-სამართლებრივი რეგულაციის ელემენტებს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოელგიის მოსაზრებას, რომ ნ. ფ-ი ითხოვს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2015 წლის 24 მარტის ბრძანების არარად აღიარებას. არარად აღიარება კი ადმინისტრაციული კანონმდებლობით მოწესრიგებული ცნებაა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაქმებულის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებას შესაძლებლად მიიჩნევს საქართველოს შრომის კანონმდებლობა. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი მიუთითებს შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებულ დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომის გამოყენებაზე დასაქმებულის მიმართ, რაც განხორციელდა კიდეც ამ შემთხვევაში. ამ გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არც სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2015 წლის 24 მარტის ბრძანებას უდევს საფუძვლად საჯარო (ადმინისტრაციული) კანონმდებლობა. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ დისციპლინური ზომის არსებობა ნ. ფ-ის სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთი საფუძველი იყო, ამდენად, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების კანონიერების შეფასება სამსახურში აღდგენის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმების ერთ-ერთი ნაწილია და აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა, ამ დავის ფარგლებში, დამოუკიდებლად განხილული ვერ იქნება. რაც შეეხება სასამართლოს მითითებას მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებაზე - ბრძანების არარად აღიარება და არა ბათილად ცნობა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს გარემოება, დავის სამოქალაქო წესით განხილვას ვერ დააბრკოლებს, ვინაიდან, კერძო სამართლის რეჟიმშიც შესაძლებელია გარიგების შედავება აქტის არარად აღიარებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული წინაპირობების მოშველიებით.
საქალაქო სასამართლომ ასევე მოიხმო „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის 101 და 102 მუხლები, რომლებიც ამოქმედდება 2017 წლის 1 იანვრიდან და განმარტა, რომ საკანონმდებლო ორგანომ გაითვალისწინა რა ასეთი შინაარსის სამართალურთიერთობის რეალური საგნობრივი ხასიათი (ანუ ის მოცემულობა, რომ ასეთი ურთიერთობა თავისი შინაარსით ადმინისტრაციულია) მომავლისათვის საკანონმდებლო დონეზე გაწერა ასეთი დავების სამართლებრივი ბუნების კუთვნილება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლის თეორია, ნორმის დროში მოქმედების პრინციპი და „ნორმატიული აქტების შესახებ კანონის“ IV თავი დასაშვებად არ მიიჩნევს საკითხის გადაწყვეტას ასამოქმედებელი საკანონმდებლო აქტის შესაბამისად. ნორმის მოქმედება განსაზღვრულია მისი ძალაში შესვლის შემდგომი პერიოდით. მართალია, ზოგ შემთხვევაში, ნორმა ვრცელდება მის ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართალურთიერთობაზე (უკუქცევითი ძალა), მაგრამ ამ შემთხვევაშიც, საუბარია ძალაში შესული ნორმის გავრცელებაზე წარსულ პერიოდზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამომავლოდ ასამოქმედებელი საკანონმდებლო აქტი ვერ გავრცელდება მოცემულ საქმეზე. ის გარემოება, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან სსიპ-ის უფროსის მოადგილის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება ადმინისტრაციული დავების კატეგორიას მიეკუთვნება, გავლენას ვერ მოახდენს მანამდე განსახილველი სარჩელების განსჯადობაზე, ვინაიდან, საკითხი უნდა გადაწყდეს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმე არ განეკუთვნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულ სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს, შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-2 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ფ-ის სარჩელი განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე