Facebook Twitter

საქმე ბს-241-239 (გ-16) 14 ივნისი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

თავმჯდომარე: ვასილ როინიშვილი (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა მ. ს-ის სარჩელთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობის შესახებ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. ს-მა რუსთავის საქალაქო სასამართლოში გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და გ. ქ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა, რომლითაც მოითხოვა გ. ქ-ის მიერ გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურში 2007 წლის 28 მარტს განმეორებითი რეგისტრაციისათვის წარდგენილი გარდაბნის გამგეობასა და გ. ქ-ს შორის 2006 წლის 12 ივნისს გაფორმებული N150 საიჯარო ხელშეკრულების საკადასტრო აზომვითი ნახაზის ბათილად ცნობა.

მოსარჩელის განმარტებით, 2005 წლის 7 სექტემბერს გარდაბნის გამგეობასა და ნ. ს-ს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ნ. ს-ს იჯარით გადაეცა სოფ. ... ტერიტორიაზე 30 ჰა მიწის ნაკვეთი, კატეგორია - საძოვარი. 2007 წლის 6 ივნისს ნ. ს-მა იჯარით გადაცემული მიწა შეისყიდა. ნ. ს-ის შვილი და პირველი რიგის მემკვიდრე მ. ს-ი უძრავ ქონებას ვერ ირეგისტრირებს, რადგან საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, მიწის ნაკვეთი ზედდებაშია გ. ქ-ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან. გ. ქ-ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, როგორც ფართობით, ისე ფორმით, აშკარად განსხვავდება საიჯარო ხელშეკრულებაზე დართული ნახაზისგან.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 მარტის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად იმავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველად გადაეცა.

სასამართლოს მითითებით, ვინაიდან სადავო ნახაზით განხორციელდა მოპასუხის სახელზე მიწის პრივატიზება, წარმოდგენილი დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა იქნას განხილული.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი მოსამართლე აღნიშნულ განჩინებას არ დაეთანხმა და წამოიწყო დავა განსჯადობის შესახებ.

სასამართლოს მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნა სამოქალაქო სამართლის ნორმებს ეფუძნება. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა არა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საჯარო უფლებამოსილებიდან გამომდინარე რაიმე მოქმედების განხორციელება ან ამ მოქმედების განხორციელებაზე უარის თქმა, არამედ სადავოა გ. ქ-ის მიერ წარდგენილი უძრავი ქონების იმ აზომვითი ნახაზის კანონიერება, რომელზეც ეს უკანასკნელია პასუხისმგებელი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა განმხილველ მოსამართლეთა განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26-ე მუხლის მესამე ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის საგნობრივი განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ მ. ს-ის სარჩელი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა, რაც იწვევს საპროცესო ნორმების იმგვარ დარღვევას, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველი ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსნებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ცალსახად არ გამოირიცხება მ. ს-ის სარჩელის მიკუთვნება ერთ-ერთი ზემომითითებული კატეგორიისადმი.

მოსარჩელე ითხოვს გ. ქ-ის დაკვეთით შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის ბათილად ცნობას.

სასამართლომ, წარმოდგენილი საქმე მიიჩნია რა სამოქალაქოსამართლებრივ დავად, მ. ს-ის სარჩელი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებულ აღიარებითი სარჩელის კატეგორიას მიაკუთვნა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის მიხედვით სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

იმავე კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სარჩელის შეტანისას მხარემ უნდა მიუთითოს ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი, თუ აღძრულია აღიარებითი სარჩელი, ხოლო 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, მოსამართლე არ მიიღებს სარჩელს განსახილველად, თუ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იურდიული ინტერესი არის სამართლებრივი სიკეთე, რაც მხარემ შეიძლება მიიღოს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რაც, ბუნებრივია, არ გულისხმობს მხოლოდ ქონების გადაცემას. იურიდიული ინტერესის ცნებაში ყოველთვის იგულისხმება ის მატერიალურსამართლებრივი უფლება, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს აღიარებითი სარჩელი; ამასთან, კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება მხოლოდ მაშინაა დასაშვები, თუ მხარე დაადასტურებს, რომ ეს აღიარება სასამართლო წესით უნდა მოხდეს, უფრო ზუსტად კი, სასამართლო წესით უფლების აღიარების აუცილებლობა უნდა გამოირკვეს და ამ აღიარებას უნდა მოჰყვებოდეს სამართლებრივი შედეგი. იურიდული ინტერესი ნამდვილია იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეიძლება დადგეს ის შედეგი, რასაც მხარე ისახავს მიზნად. აღნიშნული პირობა ობიექტური გარემოებაა და არ აქვს მნიშვნელობა, თავად მხარე რა სამართლებრივი შედეგის დადგომას უკავშირებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას. აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს წარმოადგენს შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავლაში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. საყურადღებოა, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობაზე არსებით გავლენას, იურიდიული ინტერესის ნამდვილობის თვალსაზრისით, ახდენს ის ფაქტი, რომ დავის სხვა სახის სარჩელის (მაგ: მიკუთვნებითი სარჩელის) აღძვრის გზით გადაწყვეტა არ უნდა იყოს შესაძლებელი.

საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-25 მუხლები ასევე მიიჩნევს ადმინისტრაციული სარჩელის დასაშვებად ცნობის აუცილებელ წინაპირობად იურიდიული ინტერესის არსებობას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, რუსთავის საქალაქო სასამართლო ზედაპირულად მოეკიდა მ. ს-ის სარჩელს და, შემოიფარგლა რა სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირების შეფასებით, არ გაითვალისწინა მხარის მოთხოვნის რეალური სამართლებრივი ბუნება.

წარმოდგენილი სარჩელიდან ნათლად გამომდინარეობს, რომ მ. ს-ის იურიდიული ინტერესია ნ. ს-ის სამკვიდრო მასაში შემავალი უძრავი ქონების მის სახელზე რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოებების აღმოფხვრა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარის ინტერესი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ბათილად ცნობის გზით არ მიიღწევა, ვინაიდან, ნახაზის ბათილად ცნობა გავლენას ვერ მოახდენს გ. ქ-ის სახელზე არსებულ სარეგისტრაციო ჩანაწერზე. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 26-ე მუხლში ჩამოთვლილია რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები. უფლების რეგისტრაციის დროს წარდგენილი ნახაზის ბათილად ცნობა ამგვარ საფუძველს არ წარმოადგენს. სავარაუდოდ, მ. ს-ის მოთხოვნა შეიძლება იყოს გ. ქ-ის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების ზედდების ნაწილში ბათილად ცნობა.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის თანახმად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ წარმოდგენილი სარჩელის ადმინისტრაციული წესით განხილვისას უნდა იხელმძღვანელოს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობით და სარჩელის დაზუსტების ან მოთხოვნის ტრანსფორმირების შეთავაზების გზით უზრუნველყოს მ. ს-ის სარჩელზე იურიდიული ინტერესის არსებობა. იმ შემთხვევაში, თუ სარჩელი ტრანსფორმირდება იმგვარად, რომ დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივად ვეღარ მიიჩნევა, სამომავლოდ არ გამოირიცხება მისი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად გადაცემის შესაძლებლობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-2, 281-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ს-ის სარჩელი განსჯადობით დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე