#ბს-325-322(გ-16) 23 ივნისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე _ თ. გ-ა
მოპასუხე _ სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო
დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 23 მარტს თ. გ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 24 თებერვლის #05/01-243 დადგენილების მე-3 პუნქტის ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომელიც ეხება ქართული ენის მიმართულებას, სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსათვის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომის შემაჯამებელი #3 ოქმის დადგენილებითი ნაწილის მე-5 პუნქტის დამტკიცების დავალება, რომელიც ეხება ქართული ენის მიმართულებას და სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ ქართული ენის მიმართულებაზე შესაბამისი დადგენილებით ასისტენტ-პროფესორის - თ. გ-ას როგორც კონკურსში გამარჯვებულის დამტკიცება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 მარტის განჩინებით თ. გ-ას სარჩელი სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიმართ განსახილველად გადაეგზავნა განსჯად სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოს.
სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელზე მოპასუხეს წარმოადგენს სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოები აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე საქმიანობას ახორციელებენ სხავადასხვა ტერიტორიაზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის #123/ნ ბრძანებით დამტკიცებულ იქნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება, რომლის პირველი მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, უნივერსიტეტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. #9. თავისი ფუნქციის განხორციელებისას სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო როგორც ადმინისტრაციული უწყება, წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას. ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ორგანოები თავიანთ საქმიანობას განაგრძობენ საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე. ქ. თბილისი არის სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადგილსამყოფელი.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს #1/150-2007 გადაწყვეტილების 381-ე მუხლის თანახმად, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს ადგილსამყოფლად განსაზღვრულია ქ. თბილისი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის საფუძველზე და იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე - სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, როგორც ადმინისტრაციული უწყება, წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას და იგი განთავსებულია: ქ. თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. #9-ში, ასევე, ქ. თბილისში, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, #6-ში მდებარეობს სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლო, შესაბამისად, სასამართლომ განსჯად სასამართლოდ მიიჩნია სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლო.
სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის განჩინებით თ. გ-ას სარჩელი საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 439-ე მუხლის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იურისდიქციის სრულად აღდგენამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა დარღვეული და სადავო უფლებების, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ინტერესების დაცვას ახორციელებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოები მათი სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავის მოთხოვნათა დაცვით, თუ მოპასუხეც იძულებით გადაადგილებული პირია. ამ მუხლით დადგენილი სარჩელის განხილვის განსჯადობის წესი მოქმედებს მაშინ, თუკი ორივე მხარე იძულებით გადაადგილებული პირია.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელი აღძრულია თ. გ-ას მიერ, რომელიც არ წარმოადგენს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირს, რაც იმთავითვე გამორიცხავს სარჩელის სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს იურისდიქციისათვის დაქვემდებარების შესაძლებლობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. მართალია, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე სასამართლოების ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე და საერთო წესის თანახმად სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით, მაგრამ მოქმედი კანონმდებლობა აწესებს აფხაზეთის სასამართლოებისათვის ამ წესისაგან განსხვავებულ, განსაკუთრებულ განსჯადობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 439-ე მუხლის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა დარღვეული და სადავო უფლებების, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ინტერესების დაცვას ახორციელებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოები მათი სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავის მოთხოვნათა დაცვით, თუ მოპასუხეც იძულებით გადაადგილებული პირია.
ამდენად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოების იურისდიქციის არსი მდგომარეობს იმაში, რომ აფხაზეთის სასამართლოები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ არა მარტო ტერიტორიული პრინციპით, არამედ დევნილი მოსახლეობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ორგანოების დროებითი, ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ნორმის შინაარს და განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ მუხლში საუბარია მოსარჩელეზე, როგორც იძულებით გადაადგილებულ პირზე, რაც გამორიცხავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას, ვინაიდან საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე თ. გ-ას არ აქვს მინიჭებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი.
განსახილველ შემთხვევაში თ. გ-ა ითხოვს სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 24 თებერვლის #05/01-243 დადგენილების მე-3 პუნქტის ბათილად ცნობას იმ ნაწილში, რომელიც ეხება ქართული ენის მიმართულებას, სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსათვის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომის შემაჯამებელი #3 ოქმის დადგენილებითი ნაწილის მე-5 პუნქტის დამტკიცების დავალებას, რომელიც ეხება ქართული ენის მიმართულებას და სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ ქართული ენის მიმართულებაზე შესაბამისი დადგენილებით ასისტენტ-პროფესორ თ. გ-ას როგორც კონკურსში გამარჯვებულის დამტკიცებას. ამდენად, მოცემულ სარჩელზე მოპასუხეს წარმოადგენს სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოები აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში იურისდიქციის აღდგენამდე საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე (თბილისი, ზუგდიდი, ქუთაისი).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის #123/ნ ბრძანებით დამტკიცებულ იქნა სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება, რომლის პირველი მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, უნივერსიტეტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. #9.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ თ. გ-ას, რომელსაც არ აქვს მინიჭებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი, აღნიშნული გამორიცხავს მისი სარჩელის სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს იურისდიქციისთვის დაქვემდებარების შესაძლებლობას, რა დროსაც გამოყენებულ უნდა იქნეს არა სსსკ-ის 439-ე მუხლით დადგენილი განსჯადობის წესები, არამედ სსსკ-ის მე-15 მუხლის საფუძველზე დადგენილი საერთო განსჯადობის წესები, ანუ სარჩელი უნდა წარედგინოს მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით განსჯად სასამართლოს.
,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურიდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თ. გ-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. გ-ას სარჩელი სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი