Facebook Twitter

#ბს-411-406(გ-16) 23 ივნისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე _ ზ. ა-ი; თ. ქ-ი; რ. მ-ი

მოპასუხეები _ თბილისის საქალაქო სასამართლო; მოსამართლე ლ. მ-ე

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 25 თებერვალს ზ. ა-მა, თ. ქ-მა და რ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - თბილისის საქალაქო სასამართლოსა და მოსამართლე ლ. მ-ის მიმართ.

მოსარჩელეებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსა და მოსამართლე ლ. მ-ის მხრიდან მათ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 თებერვლის განჩინებით ზ. ა-ის, თ. ქ-ისა და რ. მ-ის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოსა და მოსამართლე ლ. მ-ის მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოებაში იქნა მიღებული, ხოლო ზ. ა-ის, თ. ქ-ისა და რ. მ-ის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოსა და მოსამართლე ლ. მ-ის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის ნაწილში განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა განსჯად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლით, რაიონული (საქალაქო) სასამართლოების განსჯადობას მიკუთვნებულ საქმეებს განსაზღვრავს საპროცესო კანონი. სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოებით განსახილველ საქმეთა ჩამონათვალს შეიცავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3631-ე მუხლის თანახმად, დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სარჩელი შეიძლება განხილულ იქნეს ამ თავით დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 3632-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა. სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვის სავალდებულო წინაპირობა არ არის საქართველოს სახალხო დამცველის, სხვა პირის ან ორგანოს მიერ საქმის განხილვა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმე უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს აღნიშნული საქმე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაუფლებამოსილ სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის უფლებამოსილ სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 მარტის განჩინებით ზ. ა-ის, თ. ქ-ისა და რ. მ-ის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოსა და მოსამართლე ლ. მ-ის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის ნაწილში საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად.

სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი განსაზღვრავს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებულ საქმეებს, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავათა ჩამონათვალს. ეს ნორმა იმის გათვალისწინებით, რომ ის ვერ იქნება სრულიად დეტალური და ამომწურავი, საბოლოო რეგულაციაში ადგენს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება დავა, რომელიც გამომდინარეობს სწორედ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ მოცემული დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავათა კატეგორიას განეკუთვნება. ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად ეფუძნებოდეს საჯარო-ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.

სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო მოსამსახურის მიერ განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანის შემთხვევაში, სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მუშაობს მოსამსახურე, ვალდებულია, აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევაში მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამასახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ ვინაიდან მოსარჩელეები მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ თანამდებობის პირისაგან (მოპასუხეები - თბილისის საქალაქო სასამართლო; მოსამართლე ლ. მ-ე), შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სადავოდ არ გახადა აღნიშნული დავის მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვა.

სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ მოსარჩელეები მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ დისკრიმინაციის ფაქტის შესაძლო არსებობის გამო. კერძოდ, 2015 წლის 24 ნოემბერს ჩატარდა სასამართლო სხდომა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულების: ა. ბ-ის, გ. ხ-ის, გ. კ-ას და დ. ფ-ას მიმართ, სადაც მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ნაწილობრივ დახურა სხდომა, მოსამართლემ სხდომის დარბაზის დატოვება მოსთხოვა დარბაზში დამსწრე ყველა იმ პირს, რომელიც პანკისის ხეობაში ცხოვრობდა. მოსამართლემ პირადობის მოწმობების შემოწმების შემდეგ პროცესზე მხოლოდ ის პირები დატოვა, ვისაც პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში დაბადების ადგილად მითითებული არ ჰქონდა პანკისის ხეობა, რითაც მოსარჩელეების აღნიშვნით, მოსამართლემ მოახდინა დისკრიმინაციული დიფერენცირება პირთა დაბადების ადგილის მიხედვით. შესაბამისად, სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ სარჩელის არსი არის მორალური ზიანის ანაზღაურება დისკრიმინაციის ფაქტის არსებობის გამო.

სასამართლოს აზრით, ნებისმიერი სახის სასარჩელო განცხადებით მიმდინარე სამართალწარმოებაში დისკრიმინაციული ნიშნით მიღებული გადაწყვეტილების შედავება, თავისთავად ვერ აქცევს ამ სარჩელს სამოქალაქოდ, სარჩელი განხილულ უნდა იქნეს იმ ზოგადი წესით, რითაც ძირითადი საკითხი განიხილება.

ვინაიდან, მოსარჩელეთა მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ, შესაბამისად, სარჩელის ხელოვნურად დაყოფა ცალკე ელემენტებად შეუძლებელია და დავა საჯარო-სამართლებრივი ხასიათისაა და გამომდინარეობს საჯარო კანონმდებლობიდან. ამდენად, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხის განხილვა ცალ-ცალკე სამართალწარმოების წესით არამართლებულია, რის გამოც დავის საგნის ამგვარი დაყოფა გამოიწვევს მოსარჩელის უფლების ხელყოფას, მისი სარჩელი განიხილოს უფლებამოსილმა სასამართლომ. აღნიშნული იქნება იმ გონივრული ვადის სტანდარტის უგულვებელყოფა, რაც რეგლამენტირებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლში, რომლის თანახმადაც, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელეების შესაძლო დარღვეული უფლების აღდგენისაკენ მიმართული ქმედებების სამართლებრივი შეფასება და გადაწყვეტა უნდა განხორციელდეს სამართლის შესაბამისი დარგის - ადმინისტრაციული სამართლისა და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის გამოყენებით, რასაც სადავოდ არ ხდის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, სწორედ ადმინისტრაციული სამართალწარმოების გზით უნდა მოხდეს ასევე მიმდინარე მოთხოვნის გადაწყვეტაც.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების პროცედურით განხილვა გამოიწვევს საპროცესო ნორმების ისეთ დარღვევას, რომელიც აუცილებლად განაპირობებს საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენას, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან. ადმინისტრაციული სამართალწარმოება, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან - ინკვიზიციურია. ამ სამართალწარმოებაში, სამართალურთიერთობის ,,ძლიერი მხარე" - ადმინისტრაციული ორგანო ხშირ შემთხვევაში ვალდებულია სრულად ზიდოს მტკიცების ტვირთი, რაც მოსარჩელეს, როგორც სამართალურთიერთობის ,,სუსტ" მხარეს, უფრო კომფორტულ და მომგებიან ვითარებაში ამყოფებს. შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნა, რომ ისეთი სამართალურთიერთობის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით გადაწყვეტა, რომელიც კანონის შესაბამისად შესაძლოა ადმინისტრაციულ სამართალურთიერთობად მოვიაზროთ, ნამდვილად არ იქნებოდა შესაბამისობაში სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დამდგენ საერთაშორისო რეგულაციებთან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიების განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ ქვემდებარეობას სასამართლოებისადმი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რაც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნებოდეს საჯარო - ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ზ. ა-ის, თ. ქ-ისა და რ. მ-ის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა და მისგან გამომდინარე მორალური ზიანის ანაზღაურება. კერძოდ, 2015 წლის 24 ნოემბერს ჩატარდა სასამართლო სხდომა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულების: ა. ბ-ის, გ. ხ-ის, გ. კ-ას და დ. ფ-ას მიმართ, სადაც მოსამართლემ ნაწილობირივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ნაწილობრივ დახურა სხდომა, მოსამართლემ სხდომის დარბაზის დატოვება მოსთხოვა დარბაზში დამსწრე ყველა იმ პირს, რომელიც პანკისის ხეობაში ცხოვრობდა. მოსამართლემ პირადობის მოწმობების შემოწმების შემდეგ პროცესზე მხოლოდ ის პირები დატოვა, ვისაც პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში დაბადების ადგილად მითითებული არ ჰქონდა პანკისის ხეობა, რითაც მოსარჩელეების აღნიშვნით, მოსამართლემ მოახდინა დისკრიმინაციული დიფერენცირება პირთა დაბადების ადგილის მიხედვით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.

სამართალწარმოება დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე დარეგულირებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-73 კარით, რომელიც ამ კატეგორიის საქმეთა განხილვისათვის სპეციალურ წესს ადგენს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3631-ე მუხლის თანახმად, დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სარჩელი შეიძლება განხილულ იქნეს ამ თავით დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა დისკრიმინაციული ფაქტის დადგენისა და მისგან გამომდინარე მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე სამოქალაქო დავათა კატეგორიას მიეკუთვნება. სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან. მოთხოვნა დაფუძნებულია სამოქალაქო სამართლის ნორმებზე. სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კანონმდებლობით მოწესრიგებული ურთიერთობანი. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი კერძო-სამართლებრივია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძვლზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მხრიდან სადავოდ არ გამხდარა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვა, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის ნაწილშიც ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველია და მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.05.2016წ. განჩინებაში გაკეთებულ განმარტებაზე (საქმე #ბს-224-223(გ-16), თ. ჭ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის მიმართ) - „საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა დისკრიმინაციული ფაქტის დადგენისა და მისგან გამომდინარე მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე დამოუკიდებლად სამოქალაქო დავათა კატეგორიას მიეკუთვნება, ხოლო სადავო სამართალურთიერთობა ძირითადი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში - თ. ჭ-ისათვის შენიშვნის გამოცხადების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 16 ოქტომბრის №16 ბრძანებისა და მისი გათავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 20 ოქტომბრის №41 ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, იძულებითი განაცდურისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის - 1700 ლარის ანაზღაურების თაობაზე, ატარებს საჯაროსამართლებრივ შინაარსს და ესადაგება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებულ, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა ჩამონათვალს“.

შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქმე - ზ. ა-ის, თ. ქ-ის და რ. მ-ის სარჩელისა გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და მოსამართლე ლ. მ-ის მიმართ, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენისა და მისგან გამომდინარე მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი