Facebook Twitter

საქმე # 330310114510892

Nბს-304-302 (2უს-16) 7 ივნისი, 2016 წელი,

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი - შპს ,,…’’; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე - ბ. ხ-ი

მოსარჩელეები - ც. მ-ი, მ. მ-ე, ი. ხ-ი, მ. ბ-ი, ბ. ხ-ი, ქ. მ-ი

საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ც. მ-მა, მ. მ-ემ, ი. ხ-მა, მ. ბ-მა, ბ. ხ-მა და ქ. მ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ სარჩელი აღძრეს. საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „... .“

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით ც. მ-ის, მ. მ-ის, ი. ხ-ის, მ. ბ-ის, ბ. ხ-ის და ქ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის 11.02.14 წ. N250 განკარგულება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 26.06.15 წ. N2907 ბრძანება; ც. მ-ის, მ. მ-ის, ი. ხ-ის, მ. ბ-ის, ბ. ხ-ის და ქ. მ-ის სარჩელი ქ. თბილისის მერიის 05.06.2014 წ. №1314 განკარგულების, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 21.02.2014 წ. №1134851 გადაწყვეტილების, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 24.03.2014 წ. №1182768 ბრძანების და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 13.05.2014 წ. №1262114 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა; ც. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებისა და თბილისის საკრებულოსათვის ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებების შეტანის დავალების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, შპს ,,...’’, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის და ქ. მ-ის მიერ.

2016 წლის 29 მარტს, მოსარჩელე ბ. ხ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, კერძოდ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას აეკრძალოს მოცემული დავის დასრულებამდე ექსპლუატაციაში მიიღოს ქ. თბილისში ... ქ. N95-ში შპს „...“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მარტის განჩინებით ბ. ხ-ი განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედელობის საქალაქო სამსახურს აეკრძალა მოცემული დავის დასრულებამდე ექსპლუატაციაში მიიღოს ქ. თბილისში ... ქ. #95-ში შპს ,,... “ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი.

2016 წლის 5 აპრილს, შპს ,,...“ წარმომადგენლებმა საჩივრით მომართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მარტის განჩინების გაუქმება, შემდეგ გარემოებათა გამო: საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ დღეის მდგომარეობით ... ქ. №95-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე მიმდინარე მშენებლობა დასრულებულია და დასრულებული იყო მაშინაც, როდესაც საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღსრულებული აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ. სადავო აქტები არის აღმჭურველი აქტები, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას უნდა შეფასდეს არა მარტო მათი შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან ფორმალური თვალსაზრისით, არამედ საქმის გარემოებების გათვალისწინებით უნდა მოხდეს სწორედ აღმჭურველი აქტით დაცული უფლებისა და ამ აქტის გაბათილებით მიყენებული ზიანის შეპირისპირება, შესაბამისად, აქტის მოქმედ სამშენებლო ნორმებთან შესაბამისობის ზედმიწევნით შემოწმებისა და მათი უკანონოდ მიჩნევის პირობებში არსებითია, შეფასდეს გარემოება, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის შემთხვევაში ზიანი მიადგება დამკვეთს. მოქმედი კანონმდებლობა დაუშვებლად მიიჩნევს თუნდაც უკანონო აღმჭურველი აქტების ბათილად ცნობას, თუ არსებითად არ ირღვევა სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლებები.

კომპანიისთვის გაუგებარია, გასაჩივრებული აქტებით ან თუნდაც მშენებარე ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებით ბ. ხ-ის რა კანონიერი უფლება ირღვევა, მაშინ როცა ბ. ხ-ის საკუთრება მდებარეობს ქ. თბილისი, ... ქ.№1-ის მიმდებარედ (ს/კ ...), ხოლო სადავო ობიექტი განთავსებულია ... ქ.№25 -ში, ანუ ბ. ხ-ის საკუთრება მოშორებულია საპროექტო ობიექტს პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებაშიც კი, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი, განმარტებულია, რომ ც. მ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება წარმოადგენს მომიჯნავე შენობა-ნაგებობას და მოსარჩელეების მიმრთ ზიანის ფაქტი არ დასტურდება.

აღმჭურველი აქტების საფუძველზე, რომლის მიმართ კომპანიას გააჩნია კანონიერი ნდობა, უკვე განხორციელებულია იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედება - ბინები 100%-ით გაყიდულია. მყიდველებთან დადებული ხელშეკრულებების თანახმად, ობიექტის დროულად ექსპლუატაციაში მიუღებლობა გახდება გამყიდველისთვის - შპს ,,...“ პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი, რაც, შესაძლოა კომპანიისთვის მილიონობით ზარალში გადაიზარდოს. ეს იმ პირობებში, როცა შუამდგომლობის ავტორის და ზოგადად სხვა მოსარჩელეების კანონიერი ინტერესების პირდაპირი და უშუალო შელახვის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი უზრუნველყოფს ღონისძიების გამოყენებას უკავშირებს, ისეთ გარემოებებს როგორიც არის შეუქცევადი ზიანის დადგომა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობა. როგორც ავღნიშნეთ, მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორის - ბ. ხ-ის იურიდიული ინტერესი დაუსაბუთებელია. მისი საკუთრების საგანი მდებარეობს ... პირველ ნომერში, ხოლო საპროექტო ობიექტი ... #95-ში შესაბამისად, ცხადია სამშენებლო სამუშაოების და მითუმეტეს დასრულებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება, ვერ მიაყენებს მას პირდაპირ და უშუალო ზიანს.

2016 წლის 8 აპრილს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა ბ. ნ-ემ საჩივრით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მარტის განჩინების გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო:

უდავოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №3/1845-14), ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ც. მ-ის, მ. მ-ის, ი. ხ-ის, მ. ბ-ის, ბ. ხ-ის და ქ. მ-ის სარჩელი. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 11 თებერვლის №250 განკარგულება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 26 ივნისის №2907 ბრძანება, ხოლო სარჩელი ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 5 ივნისის №1314 განკარგულების, ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 21 თებერვლის №1134851 გადაწყვეტილების, ამავე სამსახურის 2014 წლის 24 მარტის №1182768 და 2014 წლის 13 მაისის №1262114 ბრძანებების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

ასევე უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ მითითებული გადაწყვეტილება ბ. ხ-ის მიერ კანონით დადგენილი წესით და ვადებში არ გაუსაჩივრებია. სააპელაციო სასამართლოში დავის საგანს არ წარმოადგენს ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 5 ივნისის №1314 განკარგულება, ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 21 თებერვლის №1134851 გადაწყვეტილება, ამავე სამსახურის 2014 წლის 24 მარტის №1182768 და 2014 წლის 13 მაისის №1262114 ბრძანებები. მითითებული აქტები სააპელაციო სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დროს შესული იყო კანონიერ ძალაში.

სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ განჩინებაში მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ აქტების ბათილად ცნობა სასამართლოს უქმნის დასაბუთებული ეჭვის საფუძველს და აღნიშნული არგუმენტით ასაბუთებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას ქ. თბილისში, ... ქ. №95-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღების აკრძალვის თაობაზე მოცემული დავის დასრულებამდე. აღნიშნულთან დაკავშირებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლი. 2012 წლის 1 მარტის განჩინებაში საქმეზე №ას-72-68-2012 უზენაესმა სასამართლომ განმარტა: ,,სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონმდებელი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის მტკიცების ტვირთს განმცხადებელს აკისრებს, თუმდა ადგენს, რომ სასამართლოს სწორედ საქმის მასალებისა და მხარის არგუმენტების ანალიზის საფუძველზე უნდა შეექმნას დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ უზრუნველყოფილ იქნას სარჩელი. რაც შეეხება მტკიცების სტანდარტს, დასახელებული ნორმა განსაზღვრავს, რომ მხარემ უნდა მიუთითოს იმ სავარაუდო და მოსალოდნელ გარემოებაზე, რაც რეალურად გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხებისა თუ შეუძლებლობის წინაპირობა გახდება, ამასთან, აღიშნულის სწორედ გადაწყვეტის წინაპირობა სწორედ უზრუნველყოფის ღონისძიების მართებულობის, მხარეთა ინეტერესების შესაძლო შელახვისა და მოთხოვნის საფუძვლიანობის წინაპირობების ურთიერთშეჯერება და ერთობლივად განხილვა-გადაწყვეტაა.“

განსახილველ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ არ არის დასაბუთებული გამოყენებული უზრუნველყოფის აუცილებლობა, სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ასევე გამოყენებული უზრუნველყოფის მიმართ მესამე პირის კანონიერი ნდობის არსებობა თუ ზიანის საკითხი, რამდენადაც სადავო აქტები წარმოადგენენ აღმჭურველ აქტებს, რომელთა საფუძველზეც მესამე პირებს იურიდიული მნიშნველობის ქმედებები აქვს განხორციელებული, რაც სასამართლოს მიერ არ იყო სადავო განჩინების მიღებისას შეფასებული და გამოკვლეული.

2009 წლის 24 თებერვლის განჩინებაში საქმეზე ას-959-1161-08 უზენაესმა სასამართლომ განმარტა: ,,სამართლოს ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე, არაკეთილსინდისიერად ქცევის ფაქტის მტკიცების ტვირთი იმ მხარეზეა, ვინც ეჭვქვეშ აყენებს სხვის კეთილსინდისიერებას, რადგან ივარაუდება, რომ ყველა ქცევა კეთილსინდისიერია (კეთილსინდისიერების პრეზუმცია).“ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა, შესაბამისად, მისი გამოყენება მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან მისი შეუძლებლობის თავიდან აცილებისაკენ. სარჩელის უზრუველყოფის შესახებ ღონისძიებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, თუ მხარე წარდგენილი მტკიცებულებებითა და ფაქტებით დაამტკიცებს, რომ მისი მიუღებლობა გამოიწვევს გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელებას ან შეუძლებელს გახდის მას. თავად ნორმის ზოგად დანაწესზე მითითება, რომ შემდგომში შეუძლებელი გახდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება არ ქმნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს. განმცხადებელი ვალდებულია, დაასაბუთოს ის მოსალოდნელი რეალური საშიშროება, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობებში გამორიცხავს გადაწყვეტილების აღსრულებას, რაც სააპელაციო სასამართლოსათვის წარდგენილი შუადგომლობით ვერ იქნა უზრუნველყოფილი. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება თუ განჩინება უნდა ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს, საქმის გარემოებების ყოველმხრივ გამოკვლევასა და დასაბუთებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის არსებობის პირობებში კანონმდებელმა ცალსახად განსაზღვრა სასამართლოს გადაწყვეტილების მნიშვნელობა, შესაბამისად ნებისმიერი გადაწყვეტილება საჭიროებს სათანადო დასაბუთებას. ამ მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. ხოლო ამავე კოდექსის 244-ე მუხლის თათნახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი დაუდგენელი, რომელი კანონი უნდას იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე და დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს თუ არა სარჩელი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამათლოს ცალსახად ეკისრება ვალდებულება, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება თუ განჩინება.

განსახილველ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით სრულიად დაუსაბუთებელია.

2016 წლის 11 აპრილს, შპს ,,...“ წარმომადგენლებმა ნ. ე-ამ და ს. ჭ-ემ დაზუსტებული საჩივრით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მიუთითეს შემდეგ გარემოებებზე:

შპს ,,...“ სამშენებლო სამუშაოების წარმოება დაიწყო 2014 წლის მაისში. სამშენებლ;ო სამუშაოების დაწყებას საფუძვლად დაედო ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა და არქიტექტურული პროექტი, თავის მხრივ, არქიტექტურული პროექტი დამუშავებული იქნა სპეციალური (ზონალური) ნებართვის საფუძველზე, რომელიც გაიცა ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 11 თბერვლის N250 განკარგულების საფუძველზე. განკარგულება გამოცემული იქნა ,,ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს’’ დასკვნაზე დაყრდნობით. საბჭო დაკომპლექტებულია არქიტექტორებითა და ქალაქთმგეგმარებლებით. გადაწყვეტილების მიღწება ხდება ქალაქთგეგმარებითი დასაბუთების საფუძველზე, რომელსაც დამკვეთი წარადგენს ადმინისტრაციულ ორგანოში - ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურში.

შპს ,,...“ ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინა ყველა ის დოკუმენტი, რაც გათვალისწინებულია კანონმდებლობით სპეციალური ზონალური შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის მისაღებად.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიას, როგორც საპროქეტო მიწის ნაკვეთის ყოფილ მესაკუთრეებთან (ი. და მ. კ-ეები), ასევე თავის კლიენტებთან ნაკისრი აქვს ვალდებულებები. ... ქ. N95-ში მშენებარე მრავალბინიან შენობაში ბინები სრულად არის გაყიდული. მყიდველებთან დადებულია როგორც ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებები, ასევე ნასყიდობის ხელშეკრულებები. შვიდ მყიდველს ბინა უკვე რეგისტრირებული აქვს საჯარო რეესტრში, ხოლო დანარჩენი 20 ელოდება ბინის რეგისტრაციას წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. თითოეულ მყიდველთან ნაკისრია ვალდებულება ნივთობრივად და ქონებრივად უკანლო ნივთის (ბინის) გადაცემის თაობაზე, ხოლო შენობა-ნაგებობა, რომელიც ექსპლუატაციაში მიღებული არ არის, ვერ ჩაითვლება უნაკლოდ.

ობიექტის დადგენილ ვადაში ექსპლუატაციაში მიუღებლობა უდავოდ გამოიწვევს კომპანიისათვის პირდაპირ და უშუალო ზიანს; ამასთაკომპანიას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ უკვე გადახდილი აქვს სპეციალური (ზონალური) შეთანხმებისათვის გათვალისწინებული მოსაკრებელი - 300 000 ლარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 12 აპრილის განჩინებით შპს ,,...“ საჩივარი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მარტის განჩინებზე არ დაკმაყოფილდა და განსახილველად საქმის მასალებთან ერთად გამოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ შპს „...“ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას ან გამოიწვევს ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. აღნიშნული განცხადება უნდა შეიცავდეს ასევე დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას ან გამოიწვევს ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს შემდგომი გადაწყვეტილების შინაარსზე.

ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად შეიძლება, გამოყენებულ იქნეს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი, თავისი არსით, წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მნიშვნელოვან სამართლებრივ საშუალებას, რომლის გამოყენებაც დაიშვება მოსარჩელის განცხადების საფუძველზე იმ მიზნით, რომ არ გაძნელდეს ან შეუძლებელი არ გახდეს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება; ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების წარმდგენი მოსარჩელის მიზანს, საბოლოო ჯამში, მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და მისი დაუბრკოლებელი აღსრულების უზრუნველყოფა წარმოადგენს. ასევე სარჩელის უზრუნველყოფის მიზანია მოსარჩელის დაცვა მეორე მხარის არაკეთილსინდისიერი მოქმედებებისგან, რათა მოპასუხემ მოჩვენებითი ან რეალური გარიგებების დადების გზით არ აიცილოს სასამართლოს გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის აღსრულება. სარჩელის აღძვრისას მოსარჩელე სარგებლობს ეფექტიანი დაცვის უფლებით და პრევენციული დაცვის უფლებით. ეფექტიანი დაცვა თავად სარჩელით მოთხოვნილი უფლების მოპოვებას გულისხმობს, ხოლო პრევენციული დაცვისას უნდა არსებობდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სანამ მოსარჩელის უფლება აღდგება, იარსებებს პრევენცია, რომ ეს უფლება არ გაუქმდება.

საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1) მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას ან გამოიწვევს ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით; ამასთან, მხარემ უნდა დაადასტუროს ერთ-ერთი გარემოება: გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობა ან ზიანის მიყენება 2) სასამართლოს უნდა შეექმნას ვარაუდი, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. ამგვარი ვარაუდი ემყარება შეფასებას, რომ სამომავლოდ, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება იმ სამართლებრივი შედეგის დადგომა, რასაც მოსარჩელე ითხოვს.

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად გამოყენებულია ქმედების განხორციელების აკრძალვა - ქ. თბილისის მერიას აეკრძალა სადავო შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ბ. ხ-ის სარჩელი (დანარჩენ მოსარჩელეებთან ერთად) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოთხოვნები ქ. თბილისის მერიის 11.02.14წ. N250 განკარგულების (ქ. თბილისში ... ქ.#95 -ში არსებული მიწის ნაკვეთისათვის ს/კ ..., განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ1) და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) გადამეტების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისა და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ1=0.8, კ2=7,7-ით განსაზღვრის შესახებ) და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 26.06.15 წ. N2907 ბრძანების ( ქ. თბილისში ... ქ.#95 -ში არსებული მიწის ნაკვეთისათვის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) გადამეტების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისა და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ2=5.9-ით განსაზღვრის შესახებ) ბათილად ცნობის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემომითიტებული წინაპირობების მეორე ელემენტი უპირობოდ დაკმაყოფილებულია - სარჩელი უკვე დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ამასთან, იმ ნაწილში, რომელსაც უშუალო შემხებლობა აქვს სარჩელის უზრუნველყოფის ფორმასთან, კერძოდ, ბათილადაა ცნობილი ადმინისტრაციული აქტები განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების განსაზღვრის ნაწილში, რაც მშენებლობის ნებართვის გაცემის წინაპირობაა. სადავო მშენებლობა კი, ამ ნებართვით შეთანხმებული პროექტის შესაბამისად უნდა განხორციელდეს.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ თუ დავის საბოლოო დასრულებამდე მოხდება ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება გაზრდილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტებით, უზრუნველყოფილი ვერ იქნება სარჩელის დაკმაყოფილებული მოთხოვნა განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდის შესახებ სპეციალური ზონალური შეათანხმების ბათილად ცნობის თაობაზე. საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორების ხაზგასმა დავის მიმდინარეობის პროცესში სადავო მშენებლობა თითქმის დასრულებისა და ბინების განკარგვის თაობაზე კიდევ უფრო ამყარებს მოსარჩელის პოზიციას და ასაბუთებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას იმ სახით, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ განსაზღვრა.

რაც შეეხება შპს „...“ მტკიცებას, რომ შეუსაბამოდ მაღალი ზიანი მიადგება, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექისს 199-ე მუხლით გათვალისწინებულია სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების შესაძლებლობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,...“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ძალაში უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე, 419-ე, 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს ,,...“ საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მარტისა და 2016 წლის 12 აპრილის განჩინებები;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე