№ბს-276-274(k-16) 14 ივლისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე _ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მესამე პირი - ნ. ზ-ე
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 26 იანვარს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და მესამე პირის - ნ. ზ-ის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2011 წლის 31 მაისის #7 გადაწყვეტილებით ნ. ზ-ეს საკუთრებაში გადაეცა ქ. ქობულეთში, ... ქ. #300-ის მიმდებარედ არსებული 78,5 კვ.მ. შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 1000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; აღნიშნულის საფუძველზე 2012 წლის 18 იანვარს ნ. ზ-ეს გადაეცა #16491 საკუთრების უფლების მოწმობა. ნ. ზ-ემ ზემოაღნიშნული საკუთრების უფლების საფუძველზე განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურს და საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 5 ივნისის №882012241508-03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებსა და არსებულ მონაცემებთან ს/კ ... ზედდების გამო. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 3 ოქტომბრის №204080 წერილიდან ირკვევა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის ზემოაღნიშნულ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების გადაწყვეტილებაში არის ტექნიკური შეცდომა, ნაცვლად ს/კ ... აღნიშნულია ს/კ ...; მოსარჩელის მითითებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერიდან ასევე ირკვევა, რომ ქ. ქობულეთში, ... დასახლებაში მდებარე 500014 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...; ძველი ს/კ ...; ძველი ს/კ ...; ს/კ ...; ძველი ს/კ ...; ძველი ს/კ ...) აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 17 თებერვლის №01-22/615 მიმართვის საფუძველზე თავდაპირველად დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად. „სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2 მარტის №151 განკარგულების, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და აჭარის ა/რ მთავრობას შორის 2009 წლის 10 მარტს დადებული ხელშეკრულების, 2009 წლის 10 მარტის მიღება-ჩაბარების აქტისა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 10 მარტის №01-22/815 მიმართვის საფუძველზე ზემოაღნიშნული უძრავი ქონება დარეგისტრირდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის განმარტებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ნ. ზ-ეს საკუთრების უფლება უღიარა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე.
მოსარჩელის მითითებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, „ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. თვითნებურად დაკავებული მიწა ეს არის - „ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ პირველი მუხლის თანახმად, „ეს წესი არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარების წესსა და პირობებს, განსაზღვრავს იმ ორგანოს უფლებამოსილებასა და საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენს სახელმწიფოს, აგრეთვე ამ პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს“. მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების მიზანია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება, შესაბამისად, აღიარებას შეიძლება დაექვემდებაროს მხოლოდ მოქალაქის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი.
მოსარჩელის განმარტებით, დადგენილია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ნ. ზ-ის საკუთრებად აღიარა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად უკვე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი. 2011 წლის 31 მაისს მოქმედი (როდესაც მოხდა ნ. ზ-ისათვის საკუთრების უფლების აღიარება) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ქონების პრივატიზების ფორმებია: ა) პირობიანი ან უპირობო აუქციონი; ბ) პირდაპირი მიყიდვა; გ) პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე; მე-2 პუნქტის თანახმად, უძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზება ხორციელდება მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე. ამ კანონის მე-12 მუხლით დადგენილი წესით“. მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული კანონი განსაზღვრავს, თუ როგორ შეიძლებოდა აჭარის ა/რ საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზება. აღნიშნულ კანონში არ არის მითითებული, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას უფლება ჰქონდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ეღიარებინა ფიზიკური პირის საკუთრების უფლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ნ. ზ-ის ნაწილში ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2011 წლის 31 მაისის №7 საოქმო გადაწყვეტილებისა და 2012 წლის 18 იანვარს ნ. ზ-ის სახელზე გაცემული №16491 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის 17 თებერვალს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ №01-22/615 მიმართვით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა და ქობულეთში, ... დასახლებაში მდებარე 555193 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2 მარტის №151 განკარგულების საფუძველზე, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება, მათ შორის, ქობულეთში, ... დასახლებაში მდებარე 555193 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის საფუძველზეც 2009 წლის 10 მარტს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ და 2009 წლის 10 მარტს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი.
2009 წლის 10 მარტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების (მათ შორის, ქობულეთში, ... დასახლებაში მდებარე 555193 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.
2011 წლის 23 მაისს ნ. ზ-ემ განცხადებით მიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ქობულეთში, ... ქ. №300-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე მოთხოვნით. განცხადებას თან ერთვოდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მოწმეების - ნ. კ-ისა და მ. ქ-ის ერთობლივი განცხადება დამოწმებული ნოტარიულად.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2011 წლის 31 მაისის №7 საოქმო გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა საკუთრების უფლება ნ. ზ-ისათვის ქობულეთში, ... ქ. №300-ის მიმდებარედ თვითნებურად დაკავებული 1000,0 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განლაგებულ 78,5 კვ.მ საცხოვრებელ სახლზე.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2012 წლის 18 იანვარს გაცემულ იქნა საკუთრების უფლების მოწმობა №16491, რომლითაც დგინდება, რომ ნ. ზ-ეს საკუთრებაში გადაეცა 1000,0 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა/ნაგებობა ფართით - 78,5 კვ.მ, მდებარე ქ. ქობულეთი, ... ქ. №300-ის მიმდებარედ.
სასამართლოს განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“ არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე, თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების წესსა და პირობებს. ამავე ბრძანებულების მე-5 მუხლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს მუდმივმოქმედი კომისიის მეშვეობით, ხოლო მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის საკუთრების უფლების აღიარებისათვის უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდეგში სააგენტო). წესების მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი), თვითნებურად დაკავებული მიწა – ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სასამართლოს მითითებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი), თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მანძილი მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის; გ)ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტია - ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნული ნორმების საფუძველზე განმარტა, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს. ამასთან, დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში კანონისა და პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას, უფრო მეტიც, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს (განსახილველ შემთხვევაში საკრებულოს შესაბამის კომისიას) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების გზით მოახდინოს კანონითა და ბრძანებულებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია.
კონკრეტულ შემთხვევაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2011 წლის 31 მაისის №7 საოქმო გადაწყვეტილებით ნ. ზ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და მას საკუთრებაში გადაეცა ქობულეთში, ... ქ. №300-ის მიმდებარედ თვითნებურად დაკავებული 1000,0 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული 78,5 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, რაზედაც 2012 წლის 18 იანვარს გაცემულ იქნა №16491 საკუთრების უფლების მოწმობა.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ნ. ზ-ეს საკუთრებაში გადასცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და განმარტა, რომ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებას წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ქონება და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელიც იქმნება: ა.ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემით.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2 მარტის №151 განკარგულების საფუძველზე, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონებები და მათ შორის ქობულეთში, ... დასახლებაში მდებარე 555193 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...), 2009 წლის 10 მარტს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ და უძრავი ქონებები, მათ შორის ქობულეთში, ... დასახლებაში მდებარე 555193 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, არ ნიშნავს სახელმწიფოს მიერ მის განკარგვას და ამის შედეგად მიწის ნაკვეთის სამართლებრივი სტატუსი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებთან მიმართებაში არ იცვლება.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის სამართლებრივი შეფასება და დასკვნა, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომისია არ არის უფლებამოსილი აღიაროს საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე, რომელიც უკვე რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში და წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას და მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ვერ ჩაითვლება განკარგულ მიწის ნაკვეთად, ვინაიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემით იქმნება და ასეთი სამართლებრივი დასკვნა წინააღმდეგობაშია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ წესთან და ამავე კანონის მიზნებთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2011 წლის 31 მაისის №7 საოქმო გადაწყვეტილება და 2012 წლის 18 იანვრის №16491 საკუთრების უფლების მოწმობა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით იქნა მიღებული და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭრის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთებისას მიუთითა მათზე და დამატებით განმარტა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, თვითნებურად დაკავებული მიწა არის როგორც ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე), რომლის ფართობი ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სასამართლოს მითითებით, ნ. ზ-ის მიერ კომისიაში შეტანილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები აკმაყოფილებდა კანონის ზემოთ მითითებულ მოთხოვნას, რის გამოც კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილების შესახებ. საქმის არსს ვერ შეცვლის სადავო მიწის ნაკვეთზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ფაქტი, ვინაიდან „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქციით) მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, „სახელმწიფო ქონების განკარგვა“ განმარტებული იყო, როგორც სახელმწიფო ქონების პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა, რეალიზაცია, განაწილება და განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამდენად, მიწის ნაკვეთის ავტონომიური რესპუბლიკისათვის გადაცემა არ გულისხმობდა სახელმწიფოს მიერ ქონების განკარგვას და არ წარმოადგენდა ფიზიკური პირის სასარგებლოდ, თვითნებურად დაკავების საფუძვლით, საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელ გარემოებას.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, საკუთრების უფლების აღიარება ნიშნავს ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ განსაზღვრული პირობებითა და პროცედურების შესაბამისად, საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემას. მე-3 მუხლის პირველი პუნქტით, ეს კანონი განსაზღვრავს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს და იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენენ სახელმწიფოს. მე-4 მუხლის პირველი პუნქტით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის მეშვეობით. კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით განსაზღვრული წესით. მე-51 მუხლის პირველი პუნქტით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. იმავე მუხლის მე-3 პუნქტით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. მე-51 მუხლის მე-5 პუნქტით, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს, კომისია დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაინტერესებულ პირს უგზავნის წერილობით შეტყობინებას საკუთრების უფლების აღიარების საფასურის შესაბამისი ოდენობისა და მისი სრულად გადახდის ვალდებულების თაობაზე. თუ დაინტერესებული პირი საკუთრების უფლების აღიარების საფასურს გადაიხდის წერილობითი შეტყობინებით დადგენილი პირობებით და შესაბამისი ოდენობით, კომისია გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების მთლიანად ან ნაწილობრივ აღიარების შესახებ და გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას და დამოწმებულ საკადასტრო აზომვით ნახაზს, რომელზედაც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად ასახული უნდა იყოს საკუთრების უფლება აღიარებული მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების საზღვრები და ფართობი. კანონის 71-ე მუხლის მიხედვით განისაზღვრა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების სოფლად მცხოვრებ კომლებს (ოჯახებს), რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრებაში არ გადასცემიათ მიწის ნაკვეთები, მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან ერთად ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებიდან 0,30 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცემათ უსასყიდლოდ.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ პირველი მუხლის შესაბამისად, იგი არეგულირებს თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარების წესსა და პირობებს, განსაზღვრავს იმ ორგანოს უფლებამოსილებასა და საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენს სახელმწიფოს, აგრეთვე, ამ პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი. მე-5 მუხლის პირველი პუნქტით, საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს მუდმივმოქმედი კომისიის მეშვეობით. მე-6 მუხლის პირველი პუნქტით, კომისია შედგება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არა უმეტეს 2 წევრისგან, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლებისაგან. მე-12 მუხლის პირველი პუნქტით, კომისია საქმიანობას ეწევა კომისიის სხდომების მეშვეობით. კომისიის სხდომები ტარდება საჯაროდ. მე-13 მუხლის პირველი პუნქტით, კომისიის სხდომები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, კომისიის ყველა დამსწრე წევრი და კომისიის მდივანი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს უფლება სხდომის ოქმს წერილობით დაურთოს საკუთარი განსხვავებული აზრი, რომელიც აღინიშნება ოქმში. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა სარგებლობაში არსებულ ან თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით განსაზღვრულ პირობებს, კომისია დაინტერესებულ პირს განცხადების განხილვის ვადაში უგზავნის წერილობით შეტყობინებას საკუთრების უფლების აღიარების საფასურის შესაბამისი ოდენობისა და მისი ერთ თვეში სრულად გადახდის ვალდებულების თაობაზე. თუ დაინტერესებული პირი საკუთრების უფლების აღიარების საფასურს გადაიხდის წერილობითი შეტყობინებით დადგენილ ვადაში და შესაბამისი ოდენობით, მაშინ კომისია გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების მთლიანად ან ნაწილობრივ აღიარების შესახებ. იმავე მუხლის მე-4 პუნქტით, გადაწყვეტილება მიიღება მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზით წარმოდგენილი მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების საზღვრებისა და ფართობის მიხედვით. გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების შესაბამისობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში დაცულ საკადასტრო რუკის მონაცემებთან. მე-17 მუხლის პირველი პუნქტით, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე კომისია გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას და დამოწმებულ საკადასტრო აზომვით ნახაზს, რომელზედაც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად ასახული უნდა იყოს საკუთრების უფლება აღიარებული მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების საზღვრები და ფართობი, რომელთა საფუძველზეც საკუთრების უფლება აღიარებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ზ-ის მოთხოვნა (განცხადება) ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ განიხილა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მოთხოვნების დაცვით. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე კომისიის მუშაობაში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოს წევრები, ისე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, შესაბამისად, სახელმწიფოს ჰქონდა შესაძლებლობა გაერკვია კერძო პირის საკუთრების უფლების აღიარების შესაბამისობა საჯარო (სახელმწიფო) ინტერესთან, მით უმეტეს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 51-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას კომისია ითვალისწინებს მოთხოვნის შესაბამისობას სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან. ასევე კომისიაში მონაწილე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენელს შეეძლო თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა კერძო პირის საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელი სხვა გარემოების არსებობის თაობაზე, რაც არ მომხდარა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, არასწორია სასამართლოების მითითება, რომ უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად რეგისტრაცია არ იყო დამაბრკოლებელი გარემოება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის, ნ. ზ-ისათვის საკუთრებაში გადაეცა სადავო ქონება. კასატორი ასევე არ იზიარებს სასამართლოების მითითებას იმასთან მიმართებაში, რომ უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად რეგისტრაცია არ ნიშნავს უძრავი ქონების სახელმწიფოს მიერ განკარგვას და აღნიშნულის საწინააღმდეგოდ განმარტავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის და მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე, თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. თვითნებურად დაკავებული მიწა - ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლოზმიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანზებული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარების წესსა და პირობებს, განსაზღვრავს იმ ორგანოს უფლებამოსილებასა და საქმიანობის სამართლებრივ საფუძველებს, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენს სახელმწიფოს, აგრეთვე, ამ პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
კასატორის განმარტებით, აღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების მიზანია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება, შესაბამისად, აღიარებას შეიძლება დაექვემდებაროს მხოლოდ მოქალაქის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი და არა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მაისის განჩინებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებებს, რომ 2009 წლის 17 თებერვალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ №01-22/615 მიმართვით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა და ქობულეთში, ... დასახლებაში მდებარე 555193 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.
2009 წლის 19 თებერვლის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის შესაბამისად, ქობულეთში, ... დასახლებაში მდებარე 555193 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრებად.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2 მარტის №151 განკარგულების საფუძველზე, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონებები, მათ შორის ქობულეთში, ... დასახლებაში მდებარე 555193 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის საფუძველზეც 2009 წლის 10 მარტს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ და 2009 წლის 10 მარტს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი.
2009 წლის 10 მარტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების (მათ შორის, ქობულეთში, ... დასახლებაში მდებარე 555193 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.
2009 წლის 14 მარტის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის თანახმად, ქობულეთში, ... დასახლებაში მდებარე 555193 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად.
2011 წლის 23 მაისს ნ. ზ-ემ განცხადებით მიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ქობულეთში, ... ქ. №300-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე მოთხოვნით. განცხადებას თან ერთვოდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მოწმეების - ნ. კ-ისა და მ. ქ-ის ერთობლივი განცხადება დამოწმებული ნოტარიულად.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2011 წლის 31 მაისის №7 საოქმო გადაწყვეტილებით ნ. ზ-ეს უღიარეს ქობულეთში, ... ქ. №300-ის მიმდებარედ თვითნებურად დაკავებული 1000,0 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განლაგებულ 78,5 კვ.მ საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლება.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2012 წლის 18 იანვარს გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა №16491, რომლითაც ნ. ზ-ეს საკუთრებაში გადაეცა 1000,0 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა ფართით - 78,5 კვ.მ, მდებარე ქ. ქობულეთი, ... ქ. №300-ის მიმდებარედ.
განსახილველი დავის საგანს ნ. ზ-ის ნაწილში ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2011 წლის 31 მაისის №7 საოქმო გადაწყვეტილებისა და 2012 წლის 18 იანვარს ნ. ზ-ის სახელზე გაცემული №16491 საკუთრების უფლების მოწმობის კანონიერების დადგენა წარმოადგენს. აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გაუქმებას მოსარჩელე - აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ითხოვს იმ საფუძვლით, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ფიზიკურ პირს საკუთრებაში გადასცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონება.
აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მოცემული დავის მიმართ კანონიერი ინტერესის არსებობას ასაბუთებს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით მოხდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განკარგვა, რისი უფლებაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას არ ჰქონდა, ვინაიდან, სადავო მიწის ნაკვეთი სახელმწიფომ საკუთრებაში გადასცა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას.
ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი, ორგანიზაციული და სამართლებრივი საფუძვლები მოწესრიგებულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით, რომელთა მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე, თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლით განსაზღვრულია იმ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწათა კატეგორია, რომელიც საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება, კერძოდ: ა) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული; ბ) თვითნებურად დაკავებული.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, მხოლოდ ის სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია ანუ მთავარი კრიტერიუმი არის ის, რომ მიწა უნდა იყოს სახელმწიფოს საკუთრება და იგი არ უნდა იყოს განკარგული სახელმწიფოს მიერ.
დავის არსის სწორად გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია იმის დადგენა სახელმწიფოს მიერ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2 მარტის №151 განკარგულების საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უძრავი ქონებების, მათ შორის ქობულეთში, ... დასახლებაში მდებარე 555193 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გადაცემით, რომლის საფუძველზეც 2009 წლის 10 მარტს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის დაიდო ხელშეკრულება და შემდგომ 2009 წლის 10 მარტს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, მოხდა თუ არა უძრავი ქონების განკარგვა და უძრავი ქონება წარმოადგენდა უკვე არა სახელმწიფოს საკუთრებას, რომელზედაც შეიძლება გავრცელებულიყო ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი და ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულება, არამედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას, რომლის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა რეგულირდება ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით.
სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ხოლო ამავე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონება არის კანონმდებლობის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნო დანიშნულების მიწა) და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული ქონების შესახებ“ 2005 წლის 25 მარტის საქართველოს კანონის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის ქონებაა - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალიური ქონებრივი სიკეთე, მათ შორის ქონება, რომელსაც თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადასცემს სახელმწიფო, ან რომელსაც თვითმმართველი ერთეული შექმნის ან შეიძენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ 2010 წლის 21 ივლისის კანონით) მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების მართვას, განკარგვას, მათ შორის, პრივატიზებას (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის მართვის უფლებით გადაცემული, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილებისა, აგრეთვე ამ მუხლის მე-2 პუნქტით და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვას, განკარგვას, მათ შორის, პრივატიზებას, და სარგებლობის უფლებით გადაცემას – შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.
აღნიშნული მუხლების დეფინიციიდან გამომდინარე, ცენტრალური ხელისუფლების საკუთრებაში არსებული ქონების მართვას და განკარგვას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ხოლო მუნიციპალური საკუთრების - შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 თებერვლის #26 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ დებულების 1.4 მუხლის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ,,აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას სახელმწიფო ქონება საკუთრებაში გადაეცემა უსასყიდლოდ“. ამავე დებულების მე-2 მუხლით რეგლამენტირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესი, რომლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ქონების გადაცემას. მე-6 პუნქტის შესაბამისად, კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემა ფორმდება: ა) ნივთის გადაცემის შემთხვევაში მთავრობის განკარგულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც უძრავი ნივთის გადაცემის შემთხვევაში უნდა დადასტურდეს სანოტარო წესით; ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საზოგადოების წილის (აქციების) შემთხვევაში მთავრობის განკარგულების საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2 მარტის №151 განკარგულების საფუძველზე, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონებები, მათ შორის ქობულეთში, ... დასახლებაში მდებარე 555193 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის საფუძველზეც 2009 წლის 10 მარტს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ და 2009 წლის 10 მარტს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, თვითნებურად დაკავებულ მიწებზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი, ორგანიზაციული და სამართლებრივი საფუძვლები მოწესრიგებულია ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით, (2011 წლის მოქმედი რედაქცია) რომლის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი არის კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ამავე კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის მეშვეობით. კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით განსაზღვრული წესით, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის შექმნისა და საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“.
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-5 მუხლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს მუდმივმოქმედი კომისიის მეშვეობით, ხოლო მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში - სააგენტო), რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით; მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის შემადგენლობა მტკიცდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებამოსილების ვადით. მე-9 მუხლის შესაბამისად, კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, კომისიას ჰყავს მდივანი, კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს აპარატი, ხოლო ქ. თბილისში - ქ. თბილისის მერიის შესაბამისი სამსახური.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1. მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი, კერძოდ, მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის, გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი ისე, რომ არ შეაჯეროს და არ შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებანი, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სწორედ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მხულის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობა, რამდენადაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც ადმინისტრაციულ ორგანოს, კერძოდ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ვინაიდან, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები, ისე მიიჩნია ნ. ზ-ე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების სუბიექტად.
საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით დეფინირებული სამართლებრივი ტერმინის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას _ წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს.
ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.
მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების დროს დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურა, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95.1 მუხლი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციული წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოების სუბიექტთა წრის განსაზღვრას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რამდენადაც მასზეა დამოკიდებული, თუ ვის შეუძლია აქტიური ზეგავლენა მოახდინოს ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოცემულ აქტზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გამოეკვლია მიწის ნაკვეთი, რომლის საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით მიმართა ნ. ზ-ემ, წარმოადგენდა თუ არა სახელმწიფოს/თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას, რომელზეც გავრცელდებოდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულება, მით უფრო იმ შემთხვევაში, როდესაც საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2009 წლის 14 მარტის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის თანახმად, ქობულეთში, ... დასახლებაში მდებარე 555193 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია აჭარის ა/რ რესპუბლიკის საკუთრებად.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ კონკრეტულ საკითხზე აქტის გამოცემის ვალდებულებით, მმართველობითი საქმიანობის მიზანს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის მიხედვით, წარმოადგენს: „უზრუნველყოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვა“, საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოები პრაქტიკულად არ იყენებენ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ადმინისტრაციული წარმოების უმნიშვნელოვანეს ნორმას - ადმინისტრაციულ წარმოებაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ჩართვისა და მონაწილეობის შესახებ.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ზემოაღნიშნული კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე ადმინისტრაციულ წარმოებაში უნდა მოიწვიოს ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, მოისმინოს მისი არგუმენტები აღნიშნულ დავასთან მიმართებაში, შეაფასოს სახელმწიფოს მიერ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2 მარტის №151 განკარგულების საფუძველზე, მოხდა თუ უძრავი ქონების იმგვარი განკარგვა, რა დროსაც სადავო მიწის ნაკვეთი არ ექცევა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების მოქმედების სფეროში თუ იგი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა და მან უნდა მოხადინოს კანონმდებლობის შესაბამისად, ქონების განკარგვა. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ - ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა განიხილოს ნ. ზ-ის განცხადება და გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ,,საქმის არსს ვერ შეცვლის სადავო მიწის ნაკვეთზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ფაქტი, ვინაიდან ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქციით) მე-2 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ,,სახელმწიფო ქონების განკარგვა“ განმარტებული იყო, როგორც სახელმწიფო ქონების პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა, რეალიზაცია, განაწილება და განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამდენად, მიწის ნაკვეთის ავტონომიური რესპუბლიკისათვის გადაცემა არ გულისხმობდა სახელმწიფოს მიერ ქონების განკარგვას და არ წარმოადგენდა ფიზიკური პირის სასარგებლოდ, თვითნებურად დაკავების საფუძვლით, საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელ გარემოებას“ და აღნიშნულთან მიმართებაში განმარტავს, რომ 2009 წლის 10 მარტს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის დადებული ხელშეკრულება იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოადგენდა კანონომდებლობით გათვალისწინებული ქონების გადაცემის ფორმას, იმ დროს არ მოქმედებდა კანონი ,,სახელმწიფო ქონების განკარგვის შესახებ“. სადავო აქტები გამოცემულია 2011 წლის 31 მაისსა და 2012 წლის 18 იანვარს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები (მათ შორის, სადავო მიწის ნაკვეთი) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა 2009 წლის 10 მარტს. საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი) 1-ლი მუხლის შესაბამისად, ,,ეს კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ სამართლებრივ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ საფუძვლებსა და ძირითად პირობებს. ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს ისეთი ურთიერთობები, რომლებიც ხელს შეუწყობს ეფექტიანი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას“, ხოლო მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონება არის ჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა) და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელიც იქმნება: ა.ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემით; ამავე კანონის მე-5 მუხლში კი რეგლამენტირებულია ქონების პრივატიზაციის ფორმები: ა) პირობებიანი ამ უპირობო აუქციონი; ბ) პირდაპირი მიყიდვა; გ) პირდაპირი მიყიდვა კონკრეტული შერჩევის საფუძველზე.
ამდენად, საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ნ. ზ-ის ნაწილში ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2011 წლის 31 მაისის №7 საოქმო გადაწყვეტილება და 2012 წლის 18 იანვრის საკუთრების უფლების მოწმობა №16491; ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას უნდა დაევალოს საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2011 წლის 31 მაისის №7 საოქმო გადაწყვეტილება ნ. ზ-ის ნაწილში და 2012 წლის 18 იანვრის №16491 საკუთრების უფლების მოწმობა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი