#ბს-331-328(3კ-16) 14 ივლისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ვ. ბ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2013 წლის 22 ნოემბერს ც. ზ-ემ, მ. პ-ემ, ი. ე-მა და რ. ტ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელეებმა თეთრიწყაროს, გარდაბნის, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის 2012 წლის 31 აგვისტოს №06/18660 მიმართვის ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 ივნისის განჩინებით ც. ზ-ის, მ. პ-ის, ი. ე-ისა და რ. ტ-ის სარჩელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის 2012 წლის 31 აგვისტოს №06/18660 მიმართვის ბათილად ცნობის თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეცა უფლებამოსილ სასამართლოს - თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს.
2014 წლის 5 სექტემბერს ც. ზ-ემ, მ. პ-ემ და ი. ე-მა დაზუსტებული სარჩელით მიმართეს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ვ. ბ-ის მიმართ.
მოსარჩელეებმა დაზუსტებული სარჩელით თეთრიწყაროს, გარდაბნის, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის 2012 წლის 31 აგვისტოს №06/18660 მიმართვის ნაწილობრივ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ვ. ბ-ს შორის 2012 წლის 24 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვეს. ამასთან, მოსარჩელეებმა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე ვ. ბ-ის საკუთრებაში რიცხულ თეთრიწყაროს რაიონის, სოფელ ... მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ...) ყადაღის დადება მოითხოვეს.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის განჩინებით ც. ზ-ის, მ. პ-ისა და ი. ე-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო მოპასუხე ვ. ბ-ის საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთს, მდებარე თეთრიწყაროს რაიონი, სოფელი ... (საკადასტრო კოდი: ...).
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების - ც. ზ-ის, მ. პ-ისა და ი. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 31 აგვისტოს №06/18660 მიმართვა, რომლითაც სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდა თეთრიწყაროს რაიონი, სოფელ … მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) 5000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №...); არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა 2012 წლის 24 ოქტომბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ვ. ბ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ც. ზ-ემ, მ. პ-ემ და ი. ე-მა, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ც. ზ-ის, მ. პ-ის და ი. ე-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება 2012 წლის 24 ოქტომბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ვ. ბ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი 2012 წლის 24 ოქტომბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ვ. ბ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება; დანარჩენ ნაწილში თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება 2012 წლის 24 ოქტომბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ვ. ბ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 მაისისა და 17 ივნისის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ვ. ბ-ის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ვ. ბ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ვ. ბ-ს საკასაციო საჩივარზე 2016 წლის 3 ივნისს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ვ. ბ-ს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ვ. ბ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. ვ. ბ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2016 წლის 3 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი