საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის შესახებ
569აპ-09 ქ. თბილისი
20 ოქტომბერი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ გ. ბ-ვილისა და ზ. ჩ-ძის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაA პალატის 2009 წლის 27 აპრილის განაჩენზე.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 იანვრის განაჩენით გ. ბ-შვილი, _ დაბადებული ........წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით. გ. ბ-შვილს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2008 წლის 27 ივლისიდან.
იმავე განაჩენით ზ. ჩ-ძე, _ დაბადებული ....... წელს, ნასამართლობის მქონე (ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 1 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით) _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით _ თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით; იმავე კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რომლის მოხდისგანაც ზ. ჩ-ძე გათავისუფლდა ,,ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე. აღნიშნულ სასჯელს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე მთლიანად დაემატა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 1 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელი _ 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ზ. ჩ-ძეს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. მსჯავრდებულ ზ. ჩ-ძეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2008 წლის 27 ივლისიდან. მასვე აღნიშნულ ვადაში ჩაეთვალა წინა დანაშაულისათვის პატიმრობაში ყოფნის დროს _ 6 (ექვსი) დღე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 27 აპრილის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება მსჯავრდებულების სასიკეთოდ, კერძოდ: ზ. ჩ-ძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1 (ერთი) წლით, რის შედეგადაც მას სასჯელის საბოლოო ზომად აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. იმავე განაჩენით გ. ბ-შვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1 (ერთი) წლით, რის შედეგადაც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 იანვრის განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულების _ გ. ბ-შვილისა და ზ. ჩ-ძის მიმართ დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულების _ გ. ბ-შვილისა და ზ. ჩ-ძის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ)სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ გ. ბ-შვილის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას, ხოლო ზ. ჩ-ძის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტითა და იმავე კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების _ გ. ბ-შვილისა და ზ. ჩ-ძის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაA პალატის 2009 წლის 27 აპრილის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.