Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

570აპ-09 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),

დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ტ. ვ-ძისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 აპრილის განაჩენზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 დეკემბრის განაჩენით ტ. ვ-ძე, _ დაბადებული ......... წლის ..........., ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით. მსჯავრდებულს განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 22 ივლისიდან. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და 5 წლით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონში მითითებული უფლებები.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 აპრილის განაჩენით შეიცვალა: ტ. ვ-ძეს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით ძირითად სასჯელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საბოლოოდ _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით. სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლებით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ტ. ვ-ძისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 აპრილის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.