Facebook Twitter

583აპ. ქ. თბილისი

2 ნოემბერი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),

ლევან მურუსიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ი-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მაისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 თებერვლის განაჩენით ს. ბ-ვი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ს. ბ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 27 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 5 ივლისიდან.

«ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, ს. ბ-ს ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება _ 5 წლის ვადით, ხოლო საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები _ 15 წლის ვადით.

ნივთმტკიცება _ ნარკოტიკული საშუალება «ჰეროინის» შემცველი გრანულები, საერთო წონით 54,55 გრამი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სპეციალურ საცავში, უნდა განადგურდეს. ს. ბ-ის სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტი მსჯავრდებულის გათავისუფლებამდე უნდა შეინახოს საქმესთან ერთად მისი შენახვის ვადით.

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 18 თებერვლის დადგენილებით აღმოიფხვრა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 თებერვლის განაჩენში არსებული უზუსტობა, კერძოდ:

განაჩენის აღწერილობით ნაწილში, მეორე გვერდის ზემოდან პირველ ხაზზე, სიტყვა «ოდენობით»-ის შემდეგ მიეთითა სიტყვა «არაერთგზის», ასევე განაჩენის სამოტივაციო ნაწილში, მე-4 გვერდის ბოლოდან მე-10 ხაზზე, სიტყვა «შემოიტანა»-ს შემდეგ მიეთითა სიტყვა «არაერთგზის». დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

განაჩენით ს. ბ-ს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის:

ს. ბ-ვი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 31 იანვრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით მიესაჯა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მიუხედავად ამისა, იგი არ დაადგა გამოსწორების გზას და განიზრახა, უკანონოდ შეეძინა, შეენახა და საქართველოში უკანონოდ შემოეტანა განსაკთურებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება «ჰეროინი», მისი შემდგომი გასაღებისათვის. თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ს. ბ-ევმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება «ჰეროინი», წონით 26,4 გრამი, რაც 2008 წლის 5 ივლისს უკანონოდ შემოიტანა საქართველოში, საკონტროლო გამშვები პუნქტის «წითელი ხიდის» გავლით.

2008 წლის 5 ივლისს გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, საქართველოს შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის საკონტროლო გამშვები პუნქტის «წითელი ხიდის» გადალახვისთანავე, 21.20 საათზე, დააკავეს ს. ბ-ვი, რომელსაც გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ადგილზევე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი შარვლის წინა, მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა მის მიერ უკანონოდ შეძენილი, შენახული და საქართველოში უკანონოდ შემოტანილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება «ჰეროინი», წონით 26,4 გრამი.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულ ს. ბ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ი-ვი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ გაუქმდეს განაჩენი ს. ბ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში და ამ ნაწილში შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე, ხოლო 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით ს. ბ-ს განესაზღვროს სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი. კასატორის განმარტებით, ს. ბ-ს ნარკოტიკული საშუალება უკანონოდ სახელმწიფო საზღვარზე არ გადმოუტანია, მას არ უღიარებია ნარკოტიკის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შეძენისა და უკანონოდ შემოტანის ფაქტი. რაც შეეხება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტს, ამ ნაწილში მას უნდა შეუმცირდეს სასჯელი, ვინაიდან ს. ბ-ს ნარკოტიკული საშუალება უნდოდა პირადი მოხმარებისათვის და გასაღების მიზანი არ ჰქონია. განაჩენის მითითება იმის შესახებ, რომ, თითქოს, ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობა თავისთავად გულისხმობს მისი გასაღების მიზანსაც, არ უნდა იქნეს გაზიარებული, რადგან მხოლოდ ოდენობის მიხედვით არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს თითქოს ნარკოტიკული საშუალება გამიზნული იყო გასაღებისათვის. ამ გარემოების დასადასტურებლად წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოს სხვა რაიმე მტკიცებულება არ მოუპოვებიათ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა არ იზიარებს ადვოკატ მ. ი-ის საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ ს. ბ-ს არ ჩაუდენია სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. საქმეში არსებული მტკიცებულებებით: მოწმეების _ თ. ო-ის, თ. ს-ას ჩვენებებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ასევე საქმეში არსებული სხვა მასალებით უტყუარად არის დადასტურებული მსჯავრდებულ ს. ბ-ის მიერ საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტი.

საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება ამ ნაწილში განაჩენის გაუქმებას.

ამასთან, საკასაციო პალატა ეთანხმება ადვოკატ მ. ი-ის საკასაციო საჩივრის მოტივს და თვლის, რომ ს. ბ-ის ქმედებაში არ დასტურდება ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი, კერძოდ: რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რაც მიანიშნებს გასაღების მიზანზე, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია და არც პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებს არ გამოუკვლევიათ. საქართველოს სსსკ-ის 496-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 508-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს. გამამტყუნებელ განაჩენში მოცემული უნდა იყოს მტკიცებულება, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა. კანონის აღნიშნულ მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, სააპელაციო სასამართლომ განაჩენში არ დაასაბუთა, თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით ჩათვალა მსჯავრდებულის ქმედებაში ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის არსებობა და ასეთი ფორმულირება მსჯავრდებულს შეერაცხა სამართლებრივი შეფასების გარეშე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენიდან ს. ბ-ის მიმართ უნდა ამოირიცხოს მითითება გასაღების მიზნით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვაზე. მას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით უნდა მიესაჯოს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 16 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ს. ბ-ს საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 26 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

«ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, ს. ბ-ს 5 წლის ვადით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

მსჯავრდებულ ს. ბ-ს განაჩენიდან ამოერიცხოს მითითება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნით არაერთგზის შეძენასა და შენახვაზე.

მსჯავრდებულ ს. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით მიესაჯოს 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 16 (თექვსმეტი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ს. ბ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 26 (ოცდაექვსი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

«ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, ს. ბ-ევს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.