590აპ.-09 18 ნოემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),
დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. მ-შვილისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 13 მაისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 მარტის განაჩენით გ. მ-შვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 151-ე მუხლით იმაში, რომ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 11 დეკემბრის განაჩენით გ. მ-შვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” ქვეპუნქტებით, 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 21 მაისიდან. ამ სასჯელიდან მსჯავრდებულს 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით, ამავე ვადით.
2008 წლის 31 აგვისტოს, დაახლოებით 22 საათზე, ქობულეთის რაიონის სოფელ ბობოყვათში მცხოვრებ ი. მ-შვილთან საცხოვრებელ სახლში მივიდა მთვრალი გ. მ-შვილი. იყო რა განაწყენებული, მან, შურისძიების მოტივით, ი. მ-შვილს მიაყენა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება _ ქალა-ტვინის ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, ქვედა ყბის ღია ნამსხვროვანი მოტეხილობა, წაუჭირა ხელი ყელში და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც დაზარალებულს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. გ. მ-შვილი აზიანებდა სახლში არსებულ ნივთებს, რითიც დაზარალებულმა ისარგებლა, მიატოვა სახლი და გაიქცა.
აღნიშნული ქმედებისათვის გ. მ-შვილს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 16 თებერვლიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატმა თ. მ-ძემ. აპელანტებმა ითხოვეს განაჩენის გაუქმება და გ. მ-შვილის გამართლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის განაჩენით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
კასატორები _ მსჯავრდებული გ. მ-შვილი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. მ-ძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულის ქმედებას არასწორადაა დაკვალიფიცირებული; დაზარალებულს თავიდან არ განუცხადებია, რომ მსჯავრდებული მას მოკვლით ემუქრებოდა; გ. მ-შვილი სსკ-ის 151-ე მუხლით ეჭვმიტანილად ცნეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ამნისტიის შესახებ”, ანუ იმის მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ გ. მ-შვილს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 187-ე მუხლით სისხლის სამართლის პასუხისგებაში ვერ მისცემდნენ; აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა ჩვენება მისცა შემთხვევიდან რამდენიმე საათში ბათუმის ¹1 საავადმყოფოში, სადაც მოთავსებული იყო ტვინის შერყევის დიაგნოზით და თავს ცუდად გრძნობდა; ი. მ-შვილის დაკითხვაზე არ არსებობს ექიმის ნებართვა, ამიტომ მის მიერ საავადმყოფოში მიცემული ჩვენება მტკიცებულებად არ შეიძლება ჩაითვალოს; გ. მ-შვილს რომ გამოეთქვა ი. მ-შვილის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის სიტყვები, მას მაინც არ უნდა დაკისრებოდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რადგან მხოლოდ აღნიშნული იდეის გამომჟღავნება არ არის დასჯადი; სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა განმარტა, რომ არ იცის, გაუჩნდა თუ არა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების რეალური შიში, ამიტომ გ. მ-შვილის ქმედება არ უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც მუქარა, ვინაიდან იგი ი. მ-შვილისათვის მიყენებული ნაკლებად მძიმე დაზიანების შემადგენელი ნაწილია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებს მიაჩნიათ, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, რის გამოც ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის განაჩენის გაუქმებასა და გ. მ-შვილის მიმართ საქმის შეწყვეტას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული მუქარა არ არის ოდენ განზრახვის გამომჟღავნება, რადგან ხშირ შემთხვევაში დამნაშავე შესაძლოა არც აპირებდეს მის განხორციელებას, თუმცა დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა უკვე იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას. ამასთან, სსკ-ის 118-ე და 151-ე მუხლები ითვალისწინებენ თვისობრივად სხვადასხვა ქმედებებს და ისინი არ შეიძლება ერთმანეთს მოიცავდეს, როგორც ამას კასატორები აღნიშნავენ. მათივე მტკიცების საპირისპიროდ, საქმეშია დაზარალებული თანმიმდევრული და დამაჯერებელი ჩვენებები, რომელთა ობიექტურობაზე არაერთი დადგენილი გარემოება მეტყველებს, კერძოდ:
თავის ყველა ჩვენებაში დაზარალებული განმარტავს, რომ გ. მ-შვილმა ძლიერად დაარტყა მუშტი სახეში, წააქცია და ორივე ხელი წაუჭირა ყელში, ემუქრებოდა მოკვლით, რის შემდეგ დააზიანა სახლში არსებული ნივთები. სწორედ მოკვლის მუქარის შიშით ი. მ-შვილმა მიატოვა თავისი სახლი და ყვირილით ითხოვდა შველას (ს.ფ. 34-36; 114-115).
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ დაზარალებულის ბინაში არაერთი ნივთი დაზიანდა, ხოლო შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით, ი. მ-შვილს აღენიშნებოდა ქალა-ტვინის ტრავმა, თავის ტვინის შერყევა და ქვედა ყბის ნამსხვროვანი მოტეხილობა. თავად მსჯავრდებული არ უარყოფს, რომ დაზარალებულს ხელი გაარტყა, თუმცა მიუთითებს, რომ არ დამუქრებია.
პალატა აღნიშნავს, რომ კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და გამოკვლეული მტკიცებულებები ნათლად მეტყველებს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ობიექტურობაზე, გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებული და სამართლიანია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
ამასთან, დაზარალებულმა სასამართლოში უარი განაცხადა სამოქალაქო სარჩელზე, რასაც სათანადო ყურადღება არ მიექცა. განმარტებულია, რომ სსსკ-ის მე-40 მუხლის შესაბამისად, სარჩელზე უარს მოსდევს პროცესის მწარმოებელი ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის გამო წარმოების შეწყვეტა, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს, რადგან მოსარჩელეს უფლება ერთმევა, განმეორებით წარუდგინოს სარჩელი იმავე პირს და იმავე საფუძვლით სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
გარდა აღნიშნულისა, სხვა ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დაადგინა:
მსჯავრდებულ გ. მ-შვილისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 13 მაისის განაჩენი შეიცვალოს: დაზარალებულ ი. მ-შვილის სამოქალაქო სარჩელის გამო შეწყდეს წარმოება სარჩელზე უარის გამო.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.