ბს-431-426(კ-16) 14 ივლისი, 2016 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა მ.ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.04.2016წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ნ-ის წარმომადგენელმა მა. ნ-მა 16.02.2015წ. სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით N2/24 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული NA14071174 სააღსრულებო საქმის წარმოების შეჩერება მ. ნ-ისათვის მეურვის/მზრუნველის დანიშვნამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.02.2015წ. განჩინებით მ. ნ-ის წარმომადგენელის მა. ნ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერდა N2/24 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული NA14071174 სააღსრულებო საქმის წარმოება. აღნიშნული განჩინება საჩივრით გასაჩივრდა ლ. ძ-ის მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.03.2015წ. განჩინებით ლ.ძ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლის 18.05.2015წ. განჩინებით ლ.ძ-ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
მ. ნ-ის წარმომადგენელმა მა. ნ-მა 25.02.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს დაევალოს NA14071174 სააღსრულებო წარმოების შეჩერება მ. ნ-ისათვის მეურვის/მზრუნველის დანიშვნამდე, მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოსარჩელემ მოითხოვა უკანონოდ იქნეს აღიარებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 30.12.2014წ. ქმედება - გაფრთხილება მ. ნ-ის მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.11.2015წ. განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა ქალაქ თბილისში 25.04.2002წ. მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო ფონდის საქმეში მესამე პირად ჩაბმასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.11.2015წ. გადაწყვეტილებით მ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ. ნ-ის წარმომადგენლის მა. ნ-ის და მოსარჩელის მხარდამჭერის ნ. ა-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.04.2016წ. განჩინებით მ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მეირ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ნ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ნ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.04.2016წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი