Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

№ბს-486-481(k-16) 21 ივლისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა გ. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაზე.

2014 წლის 10 თებერვალს გ. ნ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 12 ნოემბრის №000394 დადგენილებისა და ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 31 დეკემბრის №2940 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ სადავო აქტების ნაწილობრივ, კერძოდ, დემონტაჟის ნაწილში ბათილად ცნობა და 8000 ათასი ლარით დაჯარიმების ნაცვლად 4000 ლარით დაჯარიმება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 12 ნოემბრის №000394 დადგენილება და ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 31 დეკემბრის №2940 განკარგულება ქ. თბილისში, ..., კორპუსი №38ა, ბინა №25-ში საცხოვრებელ კორპუსზე მიშენების დემონტაჟის ნაწილში; გ. ნ-ის სარჩელი ქ. თბილისში, ..., კორპუსი №38ა, ბინა №25-ში უნებართვოდ საცხოვრებელ კორპუსზე მიშენებისათვის 8000 რვა ათასი ლარით დაჯარიმების ნაწილში, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 12 ნოემბრის №000394 დადგენილების და ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 31 დეკემბრის №2940 განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს მოსარჩელე გ. ნ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 100 ლარის გადახდა მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფლებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ნ-მა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების მხოლოდ მე–4 პუნქტი სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხეებს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს თანაბარწილად (სოლიდარულად) დაეკისრათ მოსარჩელე გ. ნ-ის სასარგებლოდ მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევრის - 50 ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ნ-მა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ივნისის განჩინებით გ. ნ-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ხარვეზის შესახებ 2016 წლის 20 ივნისის განჩინებით მიიჩნია, რომ გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ამასთან, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არ არის გათავისუფლებული არც საქართველოს ადმინიტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსებისა და არც „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბაბამისად.

ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2016 წლის 20 ივნისის განჩინებით გ. ნ-ს დაუდგინა ხარვეზი და განუსაზღვრა ვადა მის შესავსებად, კერძოდ, განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში კასატორს უნდა შეევსო ხარვეზი და საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის – დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითრის დედანი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ივნისის განჩინების შემცველი გზავნილი კანონით დადგენილი წესით, საქმეში მითითებულ მისამართზე, გაეგზავნა კასატორის - გ. ნ-ის წარმომადგენელს - ვ. მ-ეს, რომელიც ვ. მ-ეზე გადასაცემად 2016 წლის 24 ივნისს ჩაიბარა ადვოკატმა შ. ძ-მ, რაც დასტურდება გზავნილზე მისი ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. ხოლო 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზანილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით; ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე; ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ივნისის განჩინების ასლი გ. ნ-ის წარმომადგენელს ვ. მ-ეს 2016 წლის 24 ივნისს ჩაბარდა, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2016 წლის 25 ივნისიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადა 2016 წლის 4 ივლისს 24 საათზე იწურებოდა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორმა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი