Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-564-559(კ-16) 15 ივლისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.03.2016წ. განჩინებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.09.15წ. გადაწყვეტილებით თ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 2015 წლის 12 მარტის №2/82 ბრძანება თ. ხ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. დაევალა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ. ხ-თან მიმართებაში. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას დაევალა თ. ხ-ის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება: წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით შედგენისთვის 12 ლარის ოდენობით, ადვოკატის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის 300 ლარის ოდენობით, მგზავრობის ხარჯის 15 ლარის ოდენობით, დანარჩენი მოთხოვნების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. ხ-მა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.03.2016წ. განჩინებით თ. ხ-ის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.09.2015წ. გადაწყვეტილება. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ.

აღნიშნული განჩინების ასლი საქმეში მითითებულ მისამართზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას (... მ. ლ-ა) ჩაჰბარდა 23.05.2016წ. (ტ.2, ს.ფ.188). მხარისათვის აღნიშნული განჩინების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 13.06.2016წ. (ორშაბათი) 24 საათი. საკასაციო საჩივარი მხარემ საქართველოს ფოსტას ჩააბარა 24.06.2016წ. (კონვერტი, ტ.2, ს.ფ.191). სსკ-ის 397.1 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.

განსახილველ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.03.2016წ. განჩინება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ საკასაციო წესით გასაჩივრებული იქნა გასაჩივრების 21-დღიანი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ.ვაჩაძე

ვ. როინიშვილი