№ბს-67-66(k-16) 14 ივლისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ი. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მესამე პირი - ქ. ბ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 22 დეკემბერს ი. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მესამე პირის - ქ. ბ-ის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის 2014 წლის 20 ივნისის №01-08/25 ბრძანების საფუძველზე დამტკიცდა უნივერსიტეტში არჩევნების ჩატარების დებულება, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო უნივერსიტეტში არჩევნების, მათ შორის, სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანის არჩევნების ჩატარება, რომლის თანახმად, უნივერსიტეტის ფაკულტეტების საბჭოები თავად განსაზღვრავდნენ იმ კრიტერიუმებს, რომლებიც უნდა დაეკმაყოფილებინათ კონკურსანტებს. საყურადღებოა ის გარემოება, რომ საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე ყველა ფაკულტეტზე დეკანობის კანდიდატს უნდა ჰქონოდა 5-წლიანი აკადემიური გამოცდილება, გამონაკლისს წარმოადგენდა მხოლოდ ... ფაკულტეტი, სადაც აკადემიური გამოცდილების შესახებ მიზანმიმართულად განისაზღვრა, რომ მოთხოვნა იყოს არა 5-წლიანი, არამედ 1-წლიანი აკადემიური გამოცდილება, აღნიშნული კი თავიდანვე ითვალისწინებდა ქ. ბ-ისათვის უპირატესობის მინიჭებას.
მოსარჩელის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით 1-წლიანი აკადემიური გამოცდილების მქონე კანდიდატს უფლება მიეცა არჩევნებში მონაწილეობის, არჩევნების შედეგები მაინც მის სასარგებლოდ დასრულდა. კერძოდ, 2014 წლის 12 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე 15 ამომრჩევლიდან მან მიიღო 8 ხმა, რის შესაბამისად იგი ითვლებოდა გამარჯვებულად, თუმცა უნივერსიტეტის რექტორმა ნაცვლად იმისა, რომ ეღიარებინა არჩევნების შედეგები, იგი უკანონოდ გააუქმა და დანიშნა ახალი არჩევნები. არჩევნების შედეგების გაუქმების საფუძველი კი გახდა სტუდენტის, გ. ბ-ის საჩივარი, რომელიც იყო უსაფუძვლო და არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. უნივერსიტეტის რექტორმა ისე ცნო არჩევნების შედეგები ბათილად, რომ საჩივართან დაკავშირებით არ ჩაუტარებია ადმინისტრაციული წარმოება, დეტალურად არ გამოუკვლევია არსებული მდგომარეობა.
მოსარჩელემ მიიჩნია, რომ საარჩევნო კომისიაში შესულ საჩივარში გამოთქმული უსაფუძვლო ბრალდებები ფაქტობრივად წარმოადგენდა არა უშუალოდ გ. ბ-ის, არამედ ი. მ-ის კონკურენტის პოზიციას და არასწორ განმარტებას, რომელიც მხოლოდ შედეგების გაუქმებას ისახავდა მიზნად.
მოსარჩელემ საჩივარში გამოთქმულ კონკრეტულ ბრალდებებთან დაკავშირებით მიუთითა, რომ საერთაშორისო ურთიერთობების საფუძვლებში ი. მ-ეს მიჰყავდა მხოლოდ სალექციო მუშაობა, იგი არ აწარმოებდა ჯგუფში მუშაობის შეფასებას და შესაბამისად, არ შეეძლო გ. ბ-ისათვის გაეფორმებინა ჯგუფში მუშაობის 40-ქულიანი მიმდინარე შეფასება. როგორ უნდა შეეფასებინა ი. მ-ეს გ. ბ-ის სასწავლო კურსი მისი გამოცდაზე არ ყოფნის პირობებში. ყველა სასწავლო კურსს ჰყავდა თავისი პედაგოგი, გამოცდა ტარდებოდა ლექტორისა და დამსწრის მონაწილეობის პირობებში. ი. მ-ეს, დატვირთვით, ევროპისმცოდნეობის მეორე კურსთან არანაირი სააუდიტორო მუშაობა არ ჰქონდა გათვალისწინებული.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება შემოიფარგლებოდა არჩევნების ჩატარებით, ხოლო რაც შეეხებოდა ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივ დარღვევებს, იგი სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციას წარმოადგენდა.
მოსარჩელის მითითებით, დადგენილი იყო, რომ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის დროს არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა, რაც დასტურდებოდა შესაბამისი დასკვნითი ოქმით და კომისიის უფლებამოსილება ამით იწურებოდა. ყველა დანარჩენი საკითხი კომპეტენტურ ორგანოს უნდა განეხილა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ გ. ბ-ეს მისთვის ხმა არ მიუცია 2014 წლის 12 დეკემბრის არჩევნებში, მიუხედავად მისი მტკიცებისა, რომ ი. მ-ის მხრიდან ის იმყოფებოდა დიდი წნეხისა და მუქარის ქვეშ, ხოლო რა მოხდა მომდევნო ორ დღეში, გაურკვეველია.
მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ კომისიის სხდომაზე გ. ბ-ის მიერ მიცემული ჩვენების მიხედვით, 13-14 დეკემბერს ი. მ-ის მხრიდან თითქოს ადგილი ჰქონდა უნივერსიტეტის შენობაში გ. ბ-ესთან შეხვედრებს, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა, რისი გადამოწმება შესაძლებელი იყო ვიდეოკონტროლის ჩანაწერების მეშვეობითაც. გ. ბ-ესთან მას არც პირდაპირი და არც სატელეფონო დისტანციური სახის არანაირი კონტაქტი არ ჰქონია.
მოსარჩელემ მიიჩნია, რომ დეკანის თანამდებობაზე საარჩევნო კამპანია ჩაატარა კეთილსინდისიერად, უნივერსიტეტის დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით. ყველა ე.წ. ბრალდება, რომელიც გაცხადდა მის მიმართ იყო ხელოვნური. იგი, როგორც დეკანი, არ აწყობდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და ყველანაირად ცდილობდა, მათ შორის, არაკანონიერი გზებით ჩამოეშორებინა ის საუნივერსიტეტო საქმიანობას.
ამდენად, მოსარჩელემ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის 2014 წლის 19 დეკემბრის №1 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემით არჩევნების შედეგების დამტკიცებულად ცნობა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის საფუძველზე სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014 წლის 19 დეკემბრის №1 გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 დეკემბრის განჩინებით ი. მ-ის შუამდგომლობა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით ი. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის 2014 წლის 19 დეკემბრის №1 გადაწყვეტილება; მოპასუხეს - სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის ... ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის 2014 წლის 15 დეკემბრის №1 ოქმისა და დეკანის არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნის შესახებ გ. ბ-ის საჩივარზე შესაბამისი გადაწყვეტილების (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) მიღება დაევალა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის 2014 წლის 20 ივნისის №01-08/25 ბრძანების საფუძველზე დამტკიცდა უნივერსიტეტში არჩევნების ჩატარების დებულება, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო უნივერსიტეტში არჩევნების, მათ შორის, სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანის არჩევნების ჩატარება.
სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ... ფაკულტეტის საბჭოს 2014 წლის 30 ოქტომბრის №4 ოქმის საფუძველზე, დეკანის არჩევნები დაინიშნა 2014 წლის 12 დეკემბერს. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ორმა კანდიდატმა - ი. მ-ემ და ქ. ბ-ემ.
სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 10 ნოემბრის №01-08/56 ბრძანების საფუძველზე, სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მართვის ორგანოების არჩევნების ჩატარების მიზნით შეიქმნა საფაკულტეტო საარჩევნო კომისიები. ... ფაკულტეტზე საარჩევნო კომისია განისაზღვრა 5 წევრის შემადგენლობით.
... ფაკულტეტის საბჭოს 2014 წლის 15 სექტემბრის სხდომის გადაწყვეტილებით, საბჭოში მონაწილეობის უფლებამოსილება მიეცა 15 წევრს, მათ შორის, სტუდენტ გ. ბ-ეს.
... ფაკულტეტზე დეკანის არჩევნების პირველი ტური გაიმართა 2014 წლის 12 დეკემბერს და გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. ფაკულტეტის საბჭოში შემავალი 15 წევრიდან (ამომრჩევლიდან) ი. მ-ემ მიიღო 4 ხმა, ქ. ბ-ემ 6 ხმა, 5 ბიულეტენი კი სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 50-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბათილად იქნა ცნობილი, რადგანაც არ აღმოჩნდა საარჩევნო ბიულეტენზე ხელმომწერი კომისიის წევრების ხელმოწერა.
სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 20 ივნისის №01-08/25 ბრძანებით დამტკიცებული საარჩევნო დებულების შესაბამისად, 3 დღის ვადაში 2014 წლის 15 დეკემბერს ჩატარდა მე-2 ტური, რომელშიც სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 8 ხმით 7-ის წინააღმდეგ, გაიმარჯვა ი. მ-ემ.
სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან 24 საათის განმავლობაში, 2014 წლის 16 დეკემბერს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში დაფიქსირდა ამომრჩევლის - გ. ბ-ის №ბ-3163 და დეკანობის კანდიდატის - ქ. ბ-ის №6318 საჩივრები, რომლითაც მოითხოვდნენ ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის 2014 წლის 15 დეკემბრის №1 ოქმისა და დეკანის არჩევნების შედეგების გაუქმებას. გ. ბ-ის მიერ უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში 2014 წლის 16 დეკემბერს წარდგენილი საჩივრისა და ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოპოვებული მასალების შესწავლის შედეგად, კომისიამ სიითი შემადგენლობის უმრავლესობით: 5 მომხრე, 2 წინააღმდეგი, მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებითა და საარჩევნო დებულებით დადგენილი წესის დარღვევას.
უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის მიერ 2014 წლის 19 დეკემბერს დაკმაყოფილდა გ. ბ-ის საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი ... ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის 2014 წლის 15 დეკემბრის ოქმი №1 და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 20 ივნისის №01-08/25 ბრძანების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, 3 დღის ვადაში დაინიშნა დეკანის არჩევნების მე-2 ტური.
... ფაკულტეტის დეკანის არჩევნების მე-2 ტური გაიმართა 2014 წლის 22 დეკემბერს და მე-2 ტურში გამარჯვებულად გამოცხადდა ქ. ბ-ე.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პრინციპებს აწესრიგებდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანს ირჩევდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 4 წლისა. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულიყო ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო აქვეყნებდა კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობითა და საკუთარი წესდებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 27-ე მუხლის თანახმად, საფაკულტეტო საარჩევნო კომისია იქმნებოდა რექტორის ბრძანებით. მისი შემადგენლობა განისაზღვრებოდა არანაკლებ 5 წევრისაგან. საფაკულტეტო საარჩევნო კომისიაში შედიოდა შესაბამისი ფაკულტეტიდან სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი.
სასამართლოს მითითებით, სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 20 ივნისის №01-08/25 ბრძანების საფუძველზე დამტკიცდა უნივერსიტეტში არჩევნების ჩატარების დებულება, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო უნივერსიტეტში არჩევნების ჩატარება.
სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 53-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული იყო, რომ არჩევნების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას საუნივერსიტეტო საარჩევნო კომისია იღებდა იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევდა, რომ წესდებით დადგენილი წესის ან/და საფაკულტეტო საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში გამოვლენილმა დარღვევამ არსებითი გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე.
უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის 2014 წლის 19 დეკემბრის №1 გადაწყვეტილებით დადასტურებულად იქნა მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება, რომლის თანახმად იკვეთებოდა ი. მ-ის მხრიდან არჩევნებში მონაწილე კანდიდატის სტატუსთან შეუფერებელი ქმედება, რაც გამოიხატა ამომრჩეველზე სიკეთის/პრივილეგიის მინიჭების ან ასეთის დაპირების განხორციელებაში. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის ასეთი დასკვნის მიღების საფუძვლად 2014 წლის 19 დეკემბრის №1 გადაწყვეტილებაში მითითებული იყო შემდეგ მტკიცებულებებზე: გ. ბ-ის განმარტება, სტუდენტ ი. დ. მიერ კომისიისათვის წარდგენილი 2014 წლის 18 დეკემბრის წერილობითი ახსნა-განმარტება, ქ. ბ-ის 2014 წლის 18 დეკემბრის მოხსენებითი ბარათი. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის 2014 წლის 19 დეკემბრის №1 გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მითითებული იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 44-ე მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანიამ და აგიტაციამ არ უნდა შეუშალოს ხელი უნივერსიტეტში სასწავლო პროცესს. იკრძალება მეცადინეობებზე სტუდენტებთან საარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის ჩატარება, აგრეთვე, ნებისმიერი ისეთი ქმედება, რაც შეუფერებელია ასარჩევი კანდიდატის სტატუსთან (პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით მოსყიდვა, ან რაიმე სიკეთის ან პრივილეგიის მინიჭება, ან ასეთის დაპირება და სხვა), ხელყოფს წესრიგს უნივერსიტეტში ან ზიანს აყენებს უნივერსიტეტის ქონებას; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში არჩევნების ჩატარების დებულების მე-18 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომელიც იგივე შინაარსის შემცველია და ასევე, არჩევნების ჩატარების დებულების 27-ე მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის მიხედვით, არჩევნების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას საუნივერსიტეტო საარჩევნო კომისია იღებს იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ წესდებით დადგენილი წესის ან/და საფაკულტეტო საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში გამოვლენილმა დარღვევამ არსებითი გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე.
სასამართლომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, მოპასუხის მიერ 2014 წლის 19 დეკემბრის №1 გადაწყვეტილებით გამოტანილი დასკვნა, რომ ი. მ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა კანდიდატის სტატუსთან შეუფერებელ ქმედებას, რაც გამოიხატა ამომრჩეველზე სიკეთის/პრივილეგიის მინიჭების ან ასეთის დაპირების განხორციელებაში, არ იყო მიღებული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ასეთი დასკვნა არ იყო გამყარებული, უტყუარი მტკიცებულებებით.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ კომისიის მიერ კრიტიკულად არ იქნა შეფასებული და გაანალიზებული გ. ბ-ის განმარტებები, კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. გ. ბ-ის მტკიცების თანახმად, ი. მ-ის მხრიდან მის მიმართ სიკეთის/პრივილეგიის მინიჭების და ასეთის დაპირების თაობაზე ფაქტს ადგილი ჰქონდა ჯერ კიდევ ფაკულტეტის დეკანის არჩევნების დანიშვნამდე და გ. ბ-ის ფაკულტეტის საბჭოს წევრად არჩევამდე.
ამასთან, საარჩევნო კომისიამ არ გამოიკვლია და არ შეაფასა, თუ რამდენად იყო რეალური და შესაძლებელი დაპირება იმის თაობაზე, რომ სტუდენტის სხვადასხვა სასწავლო კურსების ჩაბარება მომხდარიყო უნივერსიტეტის ლექტორის მიერ, გამოცდებზე თავად სტუდენტის მონაწილეობის გარეშეც კი. ასევე, რამდენად რეალური იყო გ. ბ-ის მიერ აღწერილი ფაქტობრივი გარემოება, რომ თავისი კეთილგანწყობის დემონსტრირების მიზნით, ი. მ-ე რეიტინგულ გამოცდაზე წინ ჩამოეფარა მას და მოუწოდებდა, რომ სტუდენტს სასწრაფოდ გადაეწერა საკითხები. ასეთი ფაქტობრივი გარემოებების რეალურად არსებობის საკითხის გამოკვლევის და დადგენის შესახებ, მოპასუხის მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების საპროცესო მოქმედებები აშკარად არასრულყოფილ ხასიათს ატარებდა, ხოლო მოსარჩელე ი. მ-ე როგორც ადმინისტრაციული წარმოების დროს, საარჩევნო კომისიის წინაშე, ისე საქმის სასამართლო განხილვისას კატეგორიულად უარყოფდა ასეთ ფაქტებს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია და მიუთითა იმ მნიშვნელოვან გარემოებაზე, რომ სტუდენტ გ. ბ-ეს ჰქონდა თავისუფალი შესაძლებლობა, მის მიმართ განხორციელებული ზეწოლისა თუ მოსყიდვის მცდელობის შესახებ არჩევნებამდე ეცნობებინა ფაკულტეტის საბჭოს, საარჩევნო კომისიის, ან უნივერსიტეტის ადმინისტრაციისათვის, რაშიც ის არ ყოფილა არაფრით შეზღუდული. მოპასუხე მხარეს საარჩევნო კომისიის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ ჰქონია მცდელობა, ამ გარემოების გამორკვევასთან დაკავშირებით, ხოლო სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა გ. ბ-ემ ვერ დაასაბუთა ამ მხრივ თავისი პასუხი, დამაჯერებელი და სარწმუნო მოტივაციით.
ფულის სესხების ფაქტთან დაკავშირებით, სასამართლომ განმარტა, რომ 2014 წლის 11 დეკემბრისათვის, ანუ არჩევნების 1-ლი ტურის ჩატარებამდე, ი. მ-ეს გ. ბ-ემ ვალი დაუბრუნა.
სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია ის გარემოება, რომ ი. მ-ის მხრიდან განხორციელებული ზეწოლისა თუ მოსყიდვის მცდელობის მიუხედავად გ. ბ-ემ, მისი განმარტების თანახმად, დეკანის არჩევნების პირველ ტურში მხარი დაუჭირა არა ი. მ-ის, არამედ ქ. ბ-ის კანდიდატს, ხოლო მე-2 ტურში ხმა მისცა ი. მ-ეს, რისი მიზეზიც, სასამართლოს მითითებით, მხარეებმა ვერ დაასაბუთეს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 თავის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა ხდებოდა საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 20 ივნისის №01-08/25 ბრძანებით დამტკიცებული, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში არჩევნების ჩატარების დებულების მე-16 მუხლის თანახმად, ფაკულტეტის დეკანის არჩევნები ტარდებოდა უნივერსიტეტის წესდების მე-6 თავით დადგენილი წესის შესაბამისად. ამ რეგულაციის მიხედვით, ... ფაკულტეტზე დეკანის არჩევნების 1-ლ და მე-2 ტურში არჩევნების პროცედურა წარიმართა ფარული კენჭისყრით, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ კონფიდენციალური და დაცული იყო ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რომელმა ამომრჩეველმა რომელ კანდიდატს დაუჭირა მხარი და მისცა ხმა. ამავდროულად, არჩევნების აღნიშნული პრინციპი უზრუნველყოფდა იმას, რომ ამომრჩევლის მოქმედება და ხმის მიცემის საიდუმლო, არჩევნების შემდეგაც დაცული და გაუსაჯაროებელი დარჩენილიყო.
აღნიშნული ფაქტის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ბ-ის მტკიცება დეკანის არჩევნების პირველ ტურში სხვა კანდიდატისათვის, ხოლო მე-2 ტურში ი. მ-ისათვის ხმის მიცემის თაობაზე, ნებისმიერ შემთხვევაში მოკლებული იქნებოდა უტყუარ და სარწმუნო დასაბუთებას.
სასამართლოს მითითებით, 2014 წლის 19 დეკემბრის №1 გადაწყვეტილებით მიღებულია დასკვნა, რომ ი. მ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა კანდიდატის სტატუსთან შეუფერებელ ქმედებას, რაც გამოიხატა ამომრჩეველზე სიკეთის/პრივილეგიის მინიჭების ან ასეთის დაპირების განხორციელებაში და რამაც არსებითი გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე. არჩევნების მე-2 ტურში ამომრჩეველმა გ. ბ-ემ ხმა მისცა სწორედ ი. მ-ის კანდიდატს, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა შედეგებისათვის, რამდენადაც მიღებული ხმების შეფარდება ორ კანდიდატს შორის შეადგენდა: 8 ხმა, 7-ის წინააღმდეგ ი. მ-ის სასარგებლოდ.
სასამართლოს მითითებით, მოპასუხე მხარემ ვერ დაასაბუთა გ. ბ-ის საჩივრის განხილვისას რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ მან ხმა არჩევნების მე-2 ტურში ი. მ-ის კანდიდატს მისცა, რის გარეშეც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო 2014 წლის 19 დეკემბრის №1 გადაწყვეტილებაში მითითებული დასკვნა, რომ ი. მ-ის წინასაარჩევნო პერიოდში კონკრეტულმა ქმედებებმა (რასაც გ. ბ-ე მიუთითებდა) არსებითი გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე.
სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე იყო ის გარემოება, რომ საარჩევნო კომისიას ზუსტად უნდა დაედგინა, ამომრჩეველ გ. ბ-ისა და დეკანობის კანდიდატის - ქ. ბ-ის საჩივრებში მოყვანილი გარემოებები, წინასაარჩევნო პერიოდში დეკანობის კანდიდატის - ი. მ-ის ქმედებებთან დაკავშირებით, შეესაბამებოდა თუ არა სინამდვილეს და დადებით შემთხვევაში, კომისიას უნდა მოეხდინა ამ გარემოებების სამართლებრივი ანალიზი იმ კუთხით, ამ ქმედებებმა არსებითი გავლენა იქონია თუ არა არჩევნების შედეგებზე, რისთვისაც აუცილებელი იყო შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების გამოკვლევა და ანალიზი. საარჩევნო კომისიამ 2014 წლის 19 დეკემბრის №1 საოქმო გადაწყვეტილებით, სათანადო მტკიცებულებების სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე მიიჩნია, რომ ი. მ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა კანდიდატის სტატუსთან შეუფერებელ ქმედებას, რაც თითქოს გამოიხატა ამომრჩეველზე სიკეთის/პრივილეგიის მინიჭების ან ასეთის დაპირების განხორციელებაში და რამაც არსებითი გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე, რის საფუძველზეც ბათილად ცნო არჩევნების ის შედეგები, რომელიც ... ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის 2014 წლის 15 დეკემბრის №1 საოქმო გადაწყვეტილებით იყო აღიარებული და რომლის თანახმად, დეკანის არჩევნებში გამარჯვებული იყო მოსარჩელე ი. მ-ე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ 2014 წლის 19 დეკემბერს მიღებული საოქმო გადაწყვეტილება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევით იყო მიღებული, ხოლო არჩევნების პროცედურებთან დაკავშირებული დარღვევის თაობაზე წარდგენილი საჩივრის შესახებ საკითხის გადაწყვეტა, სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, განეკუთვნებოდა უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება; ი. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ირჩევდა დაწესებულების მართვის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს. ამავე კანონის მე-16 მუხლი განსაზღვრავდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პრინციპებს, რომლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, კონკურსების საჯაროობას.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში უმაღლესი განათლების ძირითადი მიზნების მისაღწევად სახელმწიფო უზრუნველყოფდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომიას, რაც ამავე კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ნიშნავდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის თავისუფლებას, დამოუკიდებლად განესაზღვრა და განეხორციელებინა აკადემიური, საფინანსო-ეკონომიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა, რასაც ახორციელებდნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოები: აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური (მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი). ამავე კანონის 28-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევდა ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანს. აღნიშნული კანონის 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანს ირჩევდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 4 წლისა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 27-ე მუხლის თანახმად, საფაკულტეტო საარჩევნო კომისია იქმნებოდა რექტორის ბრძანებით. მისი შემადგენლობა განისაზღვრებოდა არანაკლებ 5 წევრისაგან. საფაკულტეტო საარჩევნო კომისიაში შედიოდა შესაბამისი ფაკულტეტიდან სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი.
უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 20 ივნისის №01-08/25 ბრძანებით დამტკიცებული, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში არჩევნების ჩატარების დებულების მე-16 მუხლის თანახმად, ფაკულტეტის დეკანის არჩევნები ცხადდებოდა კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებამდე ერთი თვით ადრე. არჩევნები ტარდებოდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად. ფაკულტეტის საბჭოს მიერ დეკანად 4 წლის ვადით აირჩეოდა ამავე ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. ამავე დებულების მე-18 მუხლი განსაზღვრავდა წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის ჩატარების წესს. მითითებული მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანიას და აგიტაციას ხელი არ უნდა შეეშალა უნივერსიტეტში სასწავლო პროცესისათვის. იკრძალებოდა მეცადინეობებზე სტუდენტებთან საარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის ჩატარება, აგრეთვე ნებისმიერი ისეთი ქმედება, რაც შეუფერებელი იყო ასარჩევი კანდიდატის სტატუსთან (პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით მოსყიდვა, ან რაიმე სიკეთის ან პრივილეგიის მინიჭება, ან ასეთის დაპირება და სხვა), ხელყოფდა წესრიგს უნივერსიტეტში ან ზიანს აყენებდა უნივერსიტეტის ქონებას.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიამ გ. ბ-ისა და ქ. ბ-ის საჩივრების განხილვისას ადმინისტრაციული წარმოება ჩაატარა საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შესწავლის შედეგად. 2014 წლის 16, 17, 18 დეკემბერს ჩაატარა სხდომები, რაზედაც შედგენილი იყო შესაბამისი ოქმები, სხდომაში მონაწილეობა მიიღეს ქ. ბ-ემ, გ. ბ-ემ და ი. მ-ემ (ტ.2. ს.ფ. 96-105).
სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადასტურებულად მიიჩნია, რომ ი. მ-ის მხრიდან მხარდაჭერის მიზნით, გ. ბ-ის მიმართ განხორციელდა მისთვის სიკეთისა და პრივილეგიის მინიჭების დაპირება, რაც უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 20 ივნისის №01-08/25 ბრძანებით დამტკიცებულ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში არჩევნების ჩატარების დებულების მე-18 მუხლის მოთხოვნათა დარღვევას წარმოადგენდა.
არჩევნებამდე ი. მ-ემ გ. ბ-ეს ასესხა ფული - 100 ლარი, ხოლო როდესაც არჩევნების წინა დღეს მივიდა თანხის უკან დასაბრუნებლად, ამ უკანასკნელმა უარით გამოისტუმრა. აღნიშნული ფაქტი ასევე დაადასტურა ი. დ-ემ (ტ.1; ს.ფ.127), რომლის განმარტებით მხოლოდ მისი ჩარევის შემდეგ გამოართვა ნასესხები ფული ი. მ-ემ გ. ბ-ეს. ი. მ-ის ასეთ ქმედებას გ. ბ-ე პირდაპირ უკავშირებდა არჩევნებს.
გარდა აღნიშნულისა, გ. ბ-ის განმარტებით, ი. მ-ე ხმის მიცემის სანაცვლოდ დაჰპირდა იმ სასწავლო კურსების ჩაბარებას, რომელიც არ ჰქონდა მიმდინარე სემესტრში დარეგისტრირებული. მისი მტკიცებით, სწორედ ამ მიზნით შეიყვანა ი. მ-ემ დაურეგისტრირებელი საგნის (საერთაშორისო ურთიერთობის) სპეციალობის რეიტინგულ წერაზე. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებდა ასევე სტუდენტი ა. შ-ე (ტ.1; ს.ფ.132-133).
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გ. ბ-ის განმარტებით, ადგილი ჰქონდა ასევე მუქარისა და ზეწოლის ფაქტებს სატელეფონო საშუალებით. აღნიშნულ საკითხზე წარმოდგენილი იყო ამონაწერი შემავალი და გამავალი სატელეფონო ზარების მობილური ოპერატორიდან. სატელეფონო ზარების განხორციელებას არ უარყოფდა ი. მ-ე, თუმცა ის გამორიცხავდა გ. ბ-ის მიმართ რაიმე ზეწოლისა და მუქარის ფაქტს.
მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონიერი იყო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის 2014 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება გ. ბ-ის საჩივრის დაკმაყოფილებისა და ... ფაკულტეტის დეკანის არჩევნების მე-2 ტურის დანიშვნის თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის გამოყენების საფუძველი, ვინაიდან, ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადო მტკიცებულებების სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
კასატორმა აღნიშნავს, რომ სტუდენტმა გ. ბ-ემ 2014 წლის 15 დეკემბრის განცხადებაში, რომლითაც მიმართა უნივერსიტეტის რექტორს - ა. ბ-ეს, მიუთითა რა ი. მ-ის მხრიდან ზეწოლის, წნეხის, დაშინების, მოსყიდვისა და შანტაჟის შესახებ, თუმცა განცხადების ბოლოს ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა 2014 წლის 12 დეკემბრის დეკანის არჩევნებში მან ხმა მისცა მეორე კანდიდატს ქ. ბ-ეს. შესაბამისად, კასატორის მითითებით, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში (30 ოქტომბრიდან 11 დეკემბრამდე) მართლაც რომ ჰქონოდა ადგილი მსგავს ფაქტებს, მან თავისუფლად შეძლო საკუთარი სამოქალაქო ვალდებულებების განხორციელება და ხმა მისცა მის რჩეულ კანდიდატს, რაც დასტურდებოდა გ. ბ-ის 2014 წლის 15 დეკემბრის განცხადებით რექტორის - ა. ბ-ის სახელზე (კანცელარიაში რეგისტრაციის ნომერი ბ-3162).
კასატორის მითითებით, სტუდენტმა გ. ბ-ემ 2014 წლის 15 დეკემბრის განცხადებაში აღნიშნა, რომ 2014 წლის 12 დეკემბრის არჩევნებში ი. მ-ისათვის ხმა არ მიუცია, რაც მან მარტივად გაიგო და მასზე დაიწყო ტოტალური ზეწოლის განხორციელება, აღნიშნული ფაქტი გამოიხატა ფსიქოლოგიურ წნეხში, სატელეფონო ზარებში, სხვადასხვა პირთა მიგზავნაში და ა. შ. მსგავსი შინაარსის განცხადებები, კასატორის მითითებით, მან ასევე გააკეთა 2014 წლის 17 დეკემბრის უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის სხდომაზე, სადაც განაცხადა შანტაჟის ფაქტზე, რაც გამოიხატა სატელეფონო და პირადი საუბრებით შაბათ-კვირას, ანუ 2014 წლის 13 და 14 დეკემბერს. 2014 წლის 13 და 14 დეკემბერს განხორციელებული სატელეფონო ზარებისა და ზეწოლის დასადასტურებლად გ. ბ-ემ 2014 წლის 18 დეკემბერს ახსნა-განმარტებითი ბარათით მიმართა უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს - გ. დ-ეს და სატელეფონო ამონაწერი წარუდგინა, თუმცა კასატორის მითითებით, აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ამონაწერი ასახავდა 11 და 12 დეკემბრის მდგომარეობას, რომელსაც კავშირი არ ჰქონდა 15 დეკემბრის არჩევნებთან. ასევე იმავე დღეს ე.ი. 2014 წლის 18 დეკემბერს გ. ბ-ემ უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს - გ. დ-ეს მეორე ახსნა-განმარტებითი ბარათი გადასცა, რომელშიც თავადვე უარყო 13-14 დეკემბერს განხორციელებული ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტები და აღნიშნა, რომ ზემოთ ხსენებულს ადგილი ჰქონდა 12 დეკემბერს (გ. ბ-ის 2014 წლის 15 დეკემბრის განცხადება რექტორის - ა. ბ-ის სახელზე (კანცელარიაში რეგისტრაციის ნომერი ბ-3162); გ. ბ-ის 2014 წლის 18 დეკემბრის ახსნა-განმარტებითი ბარათი უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს - გ. დ-ის სახელზე (კანცელარიაში რეგისტრაციის ნომერი ბ-3186); გ. ბ-ის 2014 წლის 18 დეკემბრის ახსნა-განმარტებითი ბარათი უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს - გ. დ-ის სახელზე (კანცელარიაში რეგისტრაციის ნომერი ბ-3181)).
კასატორი აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიამ 2014 წლის 19 დეკემბრის სადავო გადაწყვეტილებაში, რომლითაც გააუქმა 2014 წლის 15 დეკემბრის საფაკულტეტო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი, იხელმძღვანელა გ. ბ-ის 2014 წლის 15 დეკემბრის განცხადების (კანცელარიაში რეგისტრაციის ნომერი ბ-3162) და 2014 წლის 18 დეკემბრის ახსნა-განმარტებითი ბარათის (კანცელარიაში რეგისტრაციის ნომერი ბ-3186) საფუძველზე, რომელთა შედარებითი ანალიზი ავლენდა დიდ წინააღმდეგობას ფაქტების სინამდვილის დასადგენად და რეალურად არ დასტურდებოდა ი. მ-ის მხრიდან 2014 წლის 13-14 დეკემბერს (შაბათ-კვირა) გ. ბ-ის მიმართ ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტობრივი გარემოებები. ამ შემთხვევაში უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიამ იხელმძღვანელა 12 დეკემბრამდე არსებული ფაქტობრივი გარემოებებით, ხოლო 12 დეკემბერს არჩევნებზე თავად გ. ბ-ემ (მისი განცხადებითაც ჩანს) სრულად შეძლო მისი მოქალაქეობრივი ვალდებულების შესრულება და ხმა მისცა ქ. ბ-ეს. ასეთ შემთხვევაში, კასატორის მითითებით, გაუგებარი იყო, რატომ გამოიყენა საარჩევნო კომისიამ გ. ბ-ის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით 12 დეკემბრამდე განხორციელებული ფაქტობრივი გარემოებები 15 დეკემბრის მეორე ტურის არჩევნების შედეგების გაუქმებისთვის, მაშინ როცა 12 დეკემბრის ანუ პირველი ტურის არჩევნების შემდეგ 13 და 14 დეკემბერს ახალი საარჩევნო პერიოდი იყო. ხოლო ამ პერიოდში ი. მ-ეს არ ჰქონია არც სატელეფონო და არც პირადი შეხვედრა გ. ბ-ესთან. გ. ბ-ემ ვერ წარმოადგინა მის მიერ გაკეთებული განცხადების დამადასტურებელი დოკუმენტები (უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის 2014 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება №1, გ. ბ-ის 2014 წლის 15 დეკემბრის განცხადება რექტორის - ა. ბ-ის სახელზე (კანცელარიაში რეგისტრაციის ნომერი ბ-3162), გ. ბ-ის 2014 წლის 18 დეკემბრის ახსნა-განმარტებითი ბარათი უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის - გ. დ-ის სახელზე (კანცელარიაში რეგისტრაციის ნომერი ბ-3186)).
კასატორი აღნიშვნავს, რომ იგი პრივილეგირებულ მდგომარეობაში ვერ ჩააყენებდა და ვერ დაეხმარებოდა გ. ბ-ეს, რადგან ყველა გამოცდა იყო კომისიური, ხოლო გ. ბ-ეს 2014 წლის შემოდგომის სემესტრის არც ერთ სასწავლო კურსს არ ასწავლიდა და ბუნებრივია ვერ იქნებოდა მის გამოცდაზე. რაც შეეხება ჩაჭრილ სასწავლო კურსს - „საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველებს“, მისი ხელახალი გავლა სტუდენტის მიერ რეგულირდებოდა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 20 აპრილის დადგენილების საფუძველზე. ამ შემთხვევაში სტუდენტი სემესტრის დასაწყისში არეგისტრირებდა შესაბამის საგანს, იხდიდა მის ღირებულებას და ამის შემდეგ ხდებოდა მისი დაშვება ლექცია-სემინარებზე. ამასთან, ამ ყველაფერს თუ ადგილი ნოემბრის თვეში ჰქონდა, სტუდენტს მსგავს პრივილეგირებულ მდგომარეობაზე განცხადება შეეძლო მანამდეც გაეკეთებინა. უფრო მეტიც, თუ ის მართლაც ჩააყენა პრივილეგირებულ მდგომარეობაში, 2014 წლის 12 დეკემბრის დეკანის არჩევნებში მისთვის ხმა მაინც არ მიუცია. ამასთან, გ. ბ-ე რომ ვერ იქნებოდა არარეგისტრირებულ საგანში გამოცდაზე ამას ადასტურებდა ფაკულტეტის მდივნის - ლ. ბ-ას მოხსენებითი ბარათი (კანცელარიაში რეგისტრაციის ნომერი 6366) და რექტორის მოადგილის - ი. ბ-ის პასუხი ი. მ-ისადმი (01-19/1). რაც შეეხება, ა. შ-ის ახსნა-განმარტებით ბარათს, კასატორი აღნიშნავს, რომ ამ სტუდენტმა მის საგანში არასათანადო ცოდნის გამო ვერ მიიღო შეფასება და ჩაიჭრა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მას ადმინისტრირების გზით აუმაღლა ნიშანი, რასაც ადასტურებს მის მიერ საქართველოს განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურში გაგზავნილი წერილი თანდართული დოკუმენტებით (უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის 2014 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება №1; გ. ბ-ის 2014 წლის 15 დეკემბრის განცხადება (კანცელარიაში რეგისტრაციის ნომერი ბ-3162); ქ. ბ-ის 2014 წლის 18 დეკემბრის განცხადება (კანცელარიაში რეგისტრაციის ნომერი 6331); სტუდენტის ა. შ-ის უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გ. დ-ის სახელზე დაწერელი ახსნა-განმარტებითი ბარათი (კანცელარიაში რეგისტრაციის ნომერი 3178).
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ 2014 წლის 17 დეკემბერს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის სხდომაზე გ. ბ-ის მიერ მიცემული ჩვენების მიხედვით 13-14 დეკემბერს (შაბათ-კვირას) მისი მხრიდან თითქოს ე.წ. შეხვედრები განხორციელდა უნივერსიტეტის შენობაში. მაშინ, როცა მასზე ახდენდა ზეწოლას და შანტაჟს. აღნიშნულის დასადასტურებლად სხდომაზე მოითხოვა შესაბამისი ვიდეო-ჩანაწერების ამოღება. რაც არ დაკმაყოფილდა კომისიის მიერ, ხოლო ამ მოთხოვნის შემდეგ გ. ბ-ემ თავად უარყო მასთან შეხვედრები, რის შესახებაც მიმართა საარჩევნო კომისიას წერლილობით (უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის 2014 წლის 17 დეკემბრის სხდომის ოქმი №3; გ. ბ-ის 2014 წლის 18 დეკემბრის ახსნა-განმარტებითი ბარათი უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის - გ. დ-ის სახელზე (კანცელარიაში რეგისტრაციის ნომერი ბ-3186).
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ გ. ბ-ის 2014 წლის 15 დეკემბრის განცხადებას (კანცელარიაში რეგისტრაციის ნომერი ბ-3162) თანდართული აქვს მის მიერ გადაღებული საარჩევნო ბიულეტენი (ქსეროქსი), რითაც ამტკიცებს, რომ 2014 წლის 15 დეკემბერს ნამდვილად მისცა ხმა, თუმცა კომისიის თხოვნის მიუხედავად მან ვერ წარადგინა ფოტოსურათის ორიგინალი (უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის 2014 წლის 17 დეკემბრის სხდომის ოქმი №3).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. მ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ივნისის განჩინებით ი. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის 2014 წლის 20 ივნისის №01-08/25 ბრძანების საფუძველზე დამტკიცდა უნივერსიტეტში არჩევნების ჩატარების დებულება, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო უნივერსიტეტში არჩევნების, მათ შორის, სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანის არჩევნების ჩატარება.
სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ... ფაკულტეტის საბჭოს 2014 წლის 30 ოქტომბრის №4 ოქმის საფუძველზე, დეკანის არჩევნები დაინიშნა 2014 წლის 12 დეკემბერს. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ორმა კანდიდატმა, ი. მ-ემ და ქ. ბ-ემ.
სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 10 ნოემბრის №01-08/56 ბრძანების საფუძველზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მართვის ორგანოების არჩევნების ჩატარების მიზნით შეიქმნა საფაკულტეტო საარჩევნო კომისიები. ... ფაკულტეტზე საარჩევნო კომისია განისაზღვრა 5 წევრის შემადგენლობით. ... ფაკულტეტის საბჭოს 2014 წლის 15 სექტემბრის სხდომის გადაწყვეტილებით საბჭოში ხმის მიცემის უფლებამოსილება მიეცა 15 წევრს, მათ შორის, სტუდენტ გ. ბ-ეს.
დადგენილია, რომ ... ფაკულტეტზე დეკანის არჩევნების 1-ლი ტური გაიმართა 2014 წლის 12 დეკემბერს და გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ფაკულტეტის საბჭოში შემავალი 15 წევრიდან (ამომრჩევლიდან) ი. მ-ემ მიიღო 4 ხმა, ქ. ბ-ემ 6 ხმა, 5 ბიულეტენი კი ბსუ-ს წესდების 50-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბათილად იქნა ცნობილი, რადგანაც არ აღმოჩნდა საარჩევნო ბიულეტენებზე ხელმომწერი კომისიის წევრების ხელმოწერა.
სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 20 ივნისის №01-08/25 ბრძანებით დამტკიცებული საარჩევნო დებულების შესაბამისად, 3 დღის ვადაში 2014 წლის 15 დეკემბერს ჩატარდა მე-2 ტური, რომელშიც სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 8 ხმით 7-ის წინააღმდეგ გაიმარჯვა ი. მ-ემ.
სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან 24 საათის განმავლობაში, 2014 წლის 16 დეკემბერს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში დაფიქსირდა ამომრჩევლის - გ. ბ-ის №ბ-3163 და დეკანობის კანდიდატის - ქ. ბ-ის №6318 საჩივრები, რომლითაც მოითხოვეს ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის 2014 წლის 15 დეკემბრის №1 ოქმისა და დეკანის არჩევნების შედეგების გაუქმება. გ. ბ-ის მიერ უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში 2014 წლის 16 დეკემბერს წარდგენილი საჩივრისა და ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოპოვებული მასალების შესწავლის შედეგად, კომისიამ სიითი შემადგენლობის უმრავლესობით: 5 მომხრე, 2 წინააღმდეგი, მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებითა და საარჩევნო დებულებით დადგენილი წესის დარღვევას.
დადგენილია, რომ უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის მიერ 2014 წლის 19 დეკემბერს დაკმაყოფილდა გ. ბ-ის საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი ... ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის 2014 წლის 15 დეკემბრის ოქმი №1 და „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში არჩევნების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 20 ივნისის №01-08/25 ბრძანების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, 3 დღის ვადაში დაინიშნა დეკანის არჩევნების მე-2 ტური.
... ფაკულტეტის დეკანის არჩევნების მე-2 ტური გაიმართა 2014 წლის 22 დეკემბერს და მე-2 ტურში გამარჯვებულად გამოცხადდა ქ. ბ-ე.
განსახილველი დავის საგანს სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის 2014 წლის 19 დეკემბრის №1 გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა წარმოადგენს. აღნიშნული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას მოსარჩელე ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია სტატუსთან შეუფერებელ ქმედებას, რაც თითქოს გამოიხატებოდა ამომრჩეველზე სიკეთის/პრივილეგიის მინიჭების ან ასეთის დაპირების განხორციელებაში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ფაკულტეტის მართვის ორგანოებია (მმართველი სუბიექტებია): ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. ამავე კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანს ირჩევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 4 წლისა. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობითა და საკუთარი წესდებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დეკანად შეიძლება აირჩეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 27-ე მუხლის თანახმად, საფაკულტეტო საარჩევნო კომისია იქმნება რექტორის ბრძანებით. მისი შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 5 წევრისაგან. საფაკულტეტო საარჩევნო კომისიაში შედის შესაბამისი ფაკულტეტიდან სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი.
სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 20 ივნისის №01-08/25 ბრძანების საფუძველზე დამტკიცდა უნივერსიტეტში დეკანის არჩევნების ჩატარების დებულება, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო უნივერსიტეტში არჩევნების ჩატარება.
სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 53-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულია, რომ არჩევნების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას საუნივერსიტეტო საარჩევნო კომისია იღებს იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ წესდებით დადგენილი წესის ან/და საფაკულტეტო საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში გამოვლენილმა დარღვევამ არსებითი გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე.
უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის 2014 წლის 19 დეკემბრის №1 გადაწყვეტილებით დადასტურებულად იქნა მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება, რომლის თანახმად იკვეთებოდა ი. მ-ის მხრიდან არჩევნებში მონაწილე კანდიდატის სტატუსთან შეუფერებელი ქმედება, რაც გამოიხატა ამომრჩეველზე სიკეთის/პრივილეგიის მინიჭების ან ასეთის დაპირების განხორციელებაში.
უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის ასეთი დასკვნის მიღების საფუძვლად 2014 წლის 19 დეკემბრის №1 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგ მტკიცებულებებზე: თავად მომჩივნის, გ. ბ-ის განმარტება, სტუდენტ ი. დ-ის მიერ კომისიისათვის წარდგენილი 2014 წლის 18 დეკემბრის წერილობითი ახსნა-განმარტება, ქ. ბ-ის 2014 წლის 18 დეკემბრის მოხსენებითი ბარათი.
უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის 2014 წლის 19 დეკემბრის №1 გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 44-ე მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანიამ და აგიტაციამ არ უნდა შეუშალოს ხელი უნივერსიტეტში სასწავლო პროცესს. იკრძალება მეცადინეობებზე სტუდენტებთან საარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის ჩატარება, აგრეთვე ნებისმიერი ისეთი ქმედება, რაც შეუფერებელია ასარჩევი კანდიდატის სტატუსთან (პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით მოსყიდვა, ან რაიმე სიკეთის ან პრივილეგიის მინიჭება, ან ასეთის დაპირება და სხვა), ხელყოფს წესრიგს უნივერსიტეტში ან ზიანს აყენებს უნივერსიტეტის ქონებას; სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში არჩევნების ჩატარების დებულების მე-18 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომელიც იგივე შინაარსის შემცველია და ასევე, არჩევნების ჩატარების დებულების 27-ე მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის მიხედვით, არჩევნების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას საუნივერსიტეტო საარჩევნო კომისია იღებს იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ წესდებით დადგენილი წესის ან/და საფაკულტეტო საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში გამოვლენილმა დარღვევამ არსებითი გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე.
მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია იმის დადგენა, ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი ი. მ-ის მხრიდან სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 44-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში არჩევნების ჩატარების დებულების მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის დარღვევას, კერძოდ, კანდიდატის სტატუსთან შეუფერებელ ქმედებას, რაც გამოიხატა ამომრჩეველზე სიკეთის/პრივილეგიის მინიჭების ან ასეთის დაპირების განხორციელებაში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნავს, რომ სტუდენტი გ. ბ-ე არ ყოფილა შეზღუდული მის მიმართ განხორციელებული ზეწოლისა თუ მოსყიდვის მცდელობის შესახებ არჩევნებამდე ეცნობებინა ფაკულტეტის საბჭოსათვის, ან უნივერსიტეტის ადმინისტრაციისათვის, რაც მას არჩევნებამდე არ დაუფიქსირებია. ამის მიზეზი მისი მხრიდან ვერ იქნა სათანადოდ დასაბუთებული სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის 2014 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე გაკეთებული განმარტებებით (საარჩევნო კომისიის 2014 წლის 17 დეკემბრის ოქმი №2).
ი. მ-ის მიერ გ. ბ-ისათვის ფულის სესხების ფაქტთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 11 დეკემბერს, ანუ არჩევნების პირველი ტურის ჩატარებამდე გ. ბ-ემ ი. მ-ეს დაუბრუნა ვალი - 100 ლარი, რასაც ადასტურებს მოწმის სახით დაკითხული ი. დ-ე სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის 2014 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე გაკეთებული განმარტებითა და წერილობითი განცხადებით (საარჩევნო კომისიის 2014 წლის 17 დეკემბრის ოქმი №2; ი. დ-ის განცხადება რეგისტრაციის №დ-3184).
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ გ. ბ-ის მიერ საარჩევნო კომისიის 2014 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე გაკეთებული განმარტებით, ი. მ-ის მხრიდან მის მიმართ მუქარისა და შანტაჟის შემცველი ზარები განხორციელდა არჩევნების შემდგომ შაბათ-კვირას, ხოლო აღნიშნულის დასადასტურებლად საქმეზე წარმოდგენილი სატელეფონო ამონაწერებით ზარების განხორციელება ფიქსირდება 2014 წლის 11 დეკემბერს (საარჩევნო კომისიის 2014 წლის 17 დეკემბრის ოქმი №2; განხორციელებული სატელეფონო ზარების ამონაწერი ს.ფ. 129-131).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ი. მ-ის მხრიდან განხორციელებული ზეწოლისა თუ მოსყიდვის მცდელობის მიუხედავად გ. ბ-ემ, მისი განმარტების თანახმად, დეკანის არჩევნების პირველ ტურში მხარი დაუჭირა არა ი. მ-ის, არამედ ქ. ბ-ის კანდიდატს, ხოლო მე-2 ტურში ხმა მისცა ი. მ-ეს, რაც სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა (საარჩევნო კომისიის 2014 წლის 17 დეკემბრის ოქმი №2).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 თავის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა ხდება საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.
უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 20 ივნისის №01-08/25 ბრძანებით დამტკიცებული ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში არჩევნების ჩატარების დებულების მე-16 მუხლის თანახმად, ფაკულტეტის დეკანის არჩევნები ტარდება უნივერსიტეტის წესდების მე-6 თავით დადგენილი წესის შესაბამისად. ამ რეგულაციის მიხედვით, ... ფაკულტეტზე დეკანის არჩევნების 1-ლ და მე-2 ტურში არჩევნების პროცედურა წარიმართა ფარული კენჭისყრით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კონფიდენციალური და დაცულია ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რომელმა ამომრჩეველმა, რომელ კანდიდატს დაუჭირა მხარი და მისცა ხმა. არჩევნების აღნიშნული პრინციპი უზრუნველყოფს იმას, რომ ამომრჩევლის მოქმედება და ხმის მიცემის საიდუმლო, არჩევნების შემდეგაც დარჩეს დაცული და გაუსაჯაროებელი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გ. ბ-ის მტკიცება დეკანის არჩევნების პირველ ტურში სხვა კანდიდატისათვის, ხოლო მე-2 ტურში ი. მ-ისათვის ხმის მიცემის თაობაზე, ნებისმიერ შემთხვევაში მოკლებულია სარწმუნო დასაბუთებას.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მითითებით საბჭოს გადაწყვეტილებით ყველა ფაკულტეტზე დეკანობის კანდიდატისათვის განიზაღვრა 5-წლიანი გამოცდილება, გარდა ... ფაკულტეტისა, სადაც დადგინდა კონკურსანტისათვის 1-წლიანი გამოცდილება, რაც იწვევს მხარის დასაბუთებულ ეჭვს რამდენად ჯანსაღი კონკურენციის პირობებში უწევდა მას კონკურსში მონაწილეობა ან აღნიშნული რამდენად ქმნიდა ჯანსაღ კონკურენტულ გარემოს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მხულის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობა, რამდენადაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია საკითხის ხელახალი განხილვისას ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.
მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების დროს დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურა, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
აქტის დასაბუთების კანონიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა სწორ შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტილებამდე, თუ სწორად კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. მოცემულ შემთხვევაში სადავოა, ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი ი. მ-ის მხრიდან სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დეკანის კანდიდატის სტატუსთან შეუფერებელ ქმედებას, რაც გამოიხატა ამომრჩეველზე სიკეთის/პრივილეგიის მინიჭების ან ასეთის დაპირების განხორციელებაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილება სასამართლომ უნდა გამოიყენოს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება.
აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციული ორგანოს სრულყოფილად არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა-შეფასება, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში რიგ შემთხვევაში შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს - საარჩევნო კომისიას ზუსტად უნდა დაედგინა, ამომრჩეველ გ. ბ-ისა და დეკანობის კანდიდატის - ქ. ბ-ის საჩივრებში მოყვანილი გარემოებები, წინასაარჩევნო პერიოდში დეკანობის კანდიდატის, ი. მ-ის ქმედებებთან დაკავშირებით, შეესაბამებოდა თუ არა სინამდვილეს და უნდა მოეხდინა ამ გარემოებების სამართლებრივი ანალიზი იმ მხრივ, ამ ქმედებებმა არსებითი გავლენა იქონია თუ არა არჩევნების შედეგებზე, რისთვისაც აუცილებელი იყო შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების გამოკვლევა და ანალიზი, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა. საარჩევნო კომისიამ 2014 წლის 19 დეკემბრის №1 საოქმო გადაწყვეტილებით, სათანადო მტკიცებულებების სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე მიიჩნია, რომ ი. მ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა კანდიდატის სტატუსთან შეუფერებელ ქმედებას, რაც თითქოს გამოიხატა ამომრჩეველზე სიკეთის/პრივილეგიის მინიჭების ან ასეთის დაპირების განხორციელებაში და რამაც არსებითი გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე, რის საფუძველზეც ბათილად ცნო არჩევნების ის შედეგები, რომელიც ... ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის 2014 წლის 15 დეკემბრის №1 საოქმო გადაწყვეტილებით იყო აღიარებული და რომლის თანახმად, დეკანის არჩევნებში გამარჯვებული იყო მოსარჩელე ი. მ-ე.
ამდენად, სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიამ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და კანონმდებლობის საფუძველზე უნდა შეაფასოს სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 44-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში არჩევნების ჩატარების დებულების მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი კანდიდატის სტატუსთან შეუფერებელ ქმედებას, რაც გამოიხატა ამომრჩეველზე სიკეთის/პრივილეგიის მინიჭების ან ასეთის დაპირების განხორციელებაში.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ი. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ი. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის 2014 წლის 19 დეკემბრის №1 გადაწყვეტილება და სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიას დაევალოს სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ... ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის 2014 წლის 15 დეკემბრის №1 ოქმისა და გ. ბ-ის საჩივარზე საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი