Facebook Twitter

საქმე №ბს-776-768(2k-4კს-15) 14 ივლისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

კასატორები - ლ. ხ-ი, ნ. ქ-ა

მესამე პირი - გ. ა-ე

დავის საგანი - იძულებითი განაცდურის ანაზრაურება, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ადვოკატის ხარჯის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.07.2015წ. გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

11.09.2014წ. ლ. ხ-მა, ნ. ქ-ამ და გ. ბ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და მესამე პირის გ. ა-ის მიმართ, რომლითაც ლ. ხ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 22.08.2014 წ. №274 ბრძანების, ნ. ქ-ას გათავისუფლების შესახებ 22.08.2014 №273 ბრძანებისა და გ. ბ-ას გათავისუფლების შესახებ 22.08.2014 №275 ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა, მოსარჩელეთა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა, სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის მანძილზე იძულებითი განაცდური ხელფასის სრული ანაზღაურება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა მოითხოვეს.

საქმის პირველ ინსტანციაში განხილვისას მოსარჩეელებმა გაზარდეს სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით მოითხოვეს: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას აგვისტოს თვის მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების დაკისრება (ტ. 2, ს.ფ. 3, 123).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.01.2015წ. გადაწყვეტილებით ლ. ხ-ის, ნ. ქ-ას და გ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ლ. ხ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 22.08.2014წ. №274 ბრძანება, ნ. ქ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 22.08.2014წ. №273 ბრძანება და გ. ბ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 22.08.2014წ. №275 ბრძანება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ლ. ხ-ის გათავისუფლებამდე ლ. ხ-ის დაკავებულ თანამდებობაზე მისი აღდგენა, ნ. ქ-ას გათავისუფლებამდე ნ. ქ-ას დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა და გ. ბ-ას გათავისუფლებამდე გ. ბ-ას დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა აგრეთვე მოსარჩელეებისათვის - ლ. ხ-ისთვის, ნ. ქ-ასთვის და გ. ბ-ასთვის 3 თვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის ანაზღაურების გადახდა, ხოლო აგვისტოს თვის ხელფასის ანაზღაურებაზე მოსარჩელეებს ეთქვათ უარი.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ... სამსახურის უფროსის ა. ს-ას და ამავე სამსახურის ... განყოფილების მთავარი სპეციალისტის ი. თ-ას, აგრეთვე ააიპ „...“ იურისტის გ.ი-ის ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს უტყუარად არ დაუდგენია მოსარჩელეების სამსახურში გამოუცხადებლობა, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ ნ. ქ-ა და გ. ბ-ა 2014წ. 1 აგვისტოს შემდეგ, ხოლო ლ. ხ-ი 15 აგვისტოს შემდეგ სამსახურში არ გამოცხადებულან, ვინაიდან საწინააღმდეგო გარემოებანი დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ სამსახურში შესვლის და გამოსვლის აღმრიცხველი ელექტრონული მოწყობილობიდან ამონაწერის სახით წარმოდგენილი ინფორმაცია არ შეიძლება საფუძვლად დაედოს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღებას, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც წარმოდგენილია თანამშრომლების ახსნა-განმარტებები, რითაც საწინააღმდეგო ფაქტი დასტურდება. მოპასუხემ ვერ შეძლო სამსახურებრივი მოწმობის მიხედვით მოსარჩელეების შენობაში შესვლის და გამოსვლის ამსახველი ინფორმაციის წარმოდგენა, არ იქნა წარმოდგენილი აგრეთვე ვიდეო აპარატურის მონაცემები. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეთა მოსაზრებები მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო ადმინისტრაციის არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულების შესახებ მოითხოვდა აქტის დასაბუთების მაღალ სტანდარტს, მით უფრო, რომ საკითხი ეხება უხეშ დარღვევას, დისკრეციას, რაც ქმნის უხეში დარღვევის დასაბუთების, სხვა სახის დისციპლინური სახდელის გამოყენების დაუშვებლობის დასაბუთების ვალდებულებას. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 99-ე მუხლის დანაწესი (სამსახურის 5 დღეზე მეტი ხნით მიტოვება) ლ. ხ-ის მიმართ არ დასტურდება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გაზიარების შემთხვევაშიც. ზაკ-ის 53.5, 95.2, 96.2 მუხლებზე მითითებით სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულია არასრულყოფილად.

სასამართლომ აღნიშნა აგრეთვე, რომ სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსასურის რეორგანიზაციას შტატების შემცირება არ მოჰყოლია, ასეთი რეორგანიზაცია სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება. მოსარჩელეთა თანამდებობაზე აღდგენა უნდა მოხდეს ახლად ჩამოყალიბებული სამი საქალაქო სამსახურიდან რომელიმეში, მათი ფუნქციონალური დატვირთვის გათვალისწინებით.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 112-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხემ უნდა აუნაზღაუროს მოსარჩელეებს 3 თვის განაცდური ხელფასი, ხოლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე სრული მოცულობით განაცდურის ანაზღაურებაზე მოსარჩელეებს უარი ეთქვათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.01.2015წ. განჩინებით განისაზღვრა ლ. ხ-ის, ნ. ქ-ას და გ. ბ-ას გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ.

საქალაქო სასამართლოს 24.03.2015წ. განჩინებით ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 27.01.15წ. განჩინების აღსრულების წესის შეცვლისა და განჩინების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას მიერ.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა აგრეთვე მოსარჩელეების მიერ, რომლებმაც მოითხოვეს: საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება გათავისუფლებიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში იძულებითი განაცდურის სრული მოცულობით მერიისათვის დაკისრება, აგრეთვე 2014 წლის აგვისტოს თვის კუთვნილი ხელფასის სრულად ანაზღაურება. აპელანტებმა მოითხოვეს აგრეთვე გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეები აღდგენილი არ იქნენ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არსებულ თითოეულის შესაბამის თანამდებობაზე და მათი აღდგენის საკითხი ახალი აქტის გამოცემის დავალებით სასამართლომ განახორციელა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე. აპელანტებმა მოითხოვეს აგრეთვე 20.10.14წ. საოქმო განჩინებების გაუქმება, რომლითაც უარყოფილი იქნა შუამდგომლობა გ. ი-ის და ს. თ-ას მოწმეთა სახით დაკითხვა, 20.10.14წ. საოქმო განჩინების გაუქმება თანამდებობრივი და სამუშაო აღწერილობის თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ, 20.10.14წ. და 17.11.14წ. საოქმო განჩინების გაუქმება, რომლითაც არ იქნა განხილული მტკიცებულებების წარმოუდგენლობის გამო მერიის შესაბამისი თანამდებობის პირის დაჯარიმების თაობაზე შუამდგომლობა, 16.09.14წ. საოქმო განჩინება, რომლითაც უარყოფილ იქნა შუამდგომლობა სარჩელის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ, აპელანტებმა მოითხოვეს მერიის უფლებამოსილი პირების დაჯარიმება, აპელანტებმა მოითხოვეს აგრეთვე 16.09.14წ., 20.10.14წ. განჩინების, 20.10.14წ. საოქმო განჩინების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე გ. ა-ე ჩაბმული იქნა აუცილებელი წესით მოსაწვევი მესამე პირის სახით, აპელანტებმა მოითხოვეს სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯების ანაზღაურების დაკისრება მერიისათვის.

საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას აპელანტებმა დამატებით მოითხოვეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.07.2015წ. გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.01.2015წ. გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ლ. ხ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 22.08.2014წ. №274 ბრძანება, ნ. ქ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 22.08.2014წ. №274 ბრძანება და გ. ბ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 22.08.2014წ. №274 ბრძანება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ლ. ხ-ის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ... სამსახურის უფროსის მოადგილედ, ნ. ქ-ას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ... სამსახურში ... განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენა, მერიას დაევალა გ. ბ-ასათვის შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მხარეთა შორის შეთანხმებული სახელფასო სარგოს ოდენობით 2014 წლის 22 აგვისტოდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე, გ. ბ-ას მოთხოვნა თავდაპირველ თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ლ. ხ-ისათვის და ნ. ქ-ასათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 3 თვის სახელფასო სარგოს ოდენობით, მოსარჩელეების მოთხოვნა გათავისუფლებიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და აგვისტოს თვის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა მოსარჩელეთა - ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას სასარგებლოდ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით, დანარჩენი ხარჯების ანაზღაურებაზე მოსარჩელეებს ეთქვათ უარი. ამასთანავე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.01.2015წ. განჩინება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე, განიმარტა, რომ გადაწყვეტილება ამ ნაწილში საბოლოო იყო და არ საჩივრდებოდა, მოსარჩელეთა შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.07.2015წ. გადაწყვეტილება გადაეცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. მხარეებს განემარტათ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებისათვის გადაცემის ნაწილში მისი კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამსახურში გამოუცხადებლობის გამო სამსახურიდან გათავისუფლების სადავო აქტების გამოცემის კანონიერების ერთადერთ მტკიცებულებას წარმოადგენს ამონაწერი საშვების ელექტრონული სისტემიდან. დამატებითი მტკიცებულებების შესწავლა-შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. შ-ას, ზ. შ-ის, ზ. ჩ-ის ახსნა-განმარტებები ამყარებენ არა ადმინისტრაციული ორგანოს, არამედ მოსარჩელეთა პოზიციას. ამასთანავე, საქმეში დაცულია მოსარჩელეთა პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები - ს. თ-ას და გ. ი-ის ახსნა-განმარტებები. ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანო ვერ ადასტურებს გადაცდომის არსებობის ფაქტს, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს დამდგარი შედეგის - სამსახურიდან გათავისუფლების - მართლზომიერების დადასტურების შესაძლებლობა, მერიამ თავი ვერ გაართვა მტკიცების ტვირთს და ვერ დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება. აქტის არაკანონიერად აღიარება იწვევს მის სამსახურში აღდგენას. ლ. ხ-ის და ნ. ქ-ას თანამდებობაზე აღდგენა უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. იმავდროულად გაზიარებულ იქნა მერიის მოსაზრება, რომ გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე მოსარჩელეთა აღდგენა არ არის კანონიერი, თუმცა პალატამ არ გაიზიარა მერიის მოსაზრება სამსახურში მოსარჩელეთა აღდგენის შეუძლებლობის შესახებ, ვინაიდან გატარებული რეორგანიზაციის მიუხედავად, მერიაში შენარჩუნებულია იმავე ფუნქციისა და დატვირთვის მატარებელი თანამდებობები, ხოლო შტატების რაოდენობა გაიზარდა. თანამდებობების ფუნქციონალური დატვირთვის შესწავლის შედეგად სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ლ. ხ-ი უნდა აღდგეს მერიის ... სამსახურში, სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, ხოლო ნ. ქ-ა ამავე სამსახურში ... განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. გაზიარებულ იქნა მერიის მოსაზრება გ. ბ-ას სამსახურში აღდგენის კანონშეუსაბამობის შესახებ, ვინაიდან გ. ბ-ა მერიასთან იმყოფებოდა სახელშეკრულებო-შრომით ურთიერთობაში, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2014 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 94-ე მუხლის თანახმად, თანამდებობაზე გარკვეული ვადით არჩეული ან დანიშნული პირი სამსახურიდან თავისუფლდება, შესაბამისად გ. ბ-ას უარი უნდა ეთქვას სამსახურში აღდგენაზე. ვინაიდან ხელშეკრულების შეწყვეტა ვადაზე ადრე უკანონოდ მოხდა, დადგინდა, რომ გ. ბ-ას უნდა აუნაზღაურდეს ზიანი 2014 წლის 22 აგვისტოდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდზე მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული სარგოს ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიაზიარა მოსარჩელეთა მოსაზრებები იძულებითი განაცდურის სრული მოცულობით ანაზღაურების თაობაზე და კანონის ფარგლებში მოქმედების პრინციპიდან გამომდინარე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 112-ე მუხლზე მითითებით შესაძლებლად მიიჩნია იძულებითი განაცდურის 3 თვის სახელფასო სარგოს ოდენობით ანაზღაურება.

შუალედური განჩინების გაუქმების მოთხოვნასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ დასტურდება მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმით მხარის უფლებების შელახვა, არ დასტურდება, რომ მოთხოვნილი მოწმეების დაკითხვა გამოიწვევდა დადგენილი გარემოებებისაგან განსხვავებული გარემოებების დადგენას. რაც შეეხება დაჩქარებული წესით საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა წარუდგენლობის გამო თანამდებობის პირის დაჯარიმებას, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აღნიშნული არის მოსამართლის უფლება და არა ვალდებულება, მისი მიზანშეწონილების განსაზღვრის პროცესში მოსამართლე სარგებლობს ფართო დისკრეციით და არ არის შეზღუდული მხარის მოთხოვნით. მესამე პირად სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში ჩაბმასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ იმ პირის მიერ, რომელიც ჩაბმულ იქნა საქმეში. სსკ-ის 53.1 და 47.2 მუხლების საფუძველზე სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი 2000 ლარით უნდა განისაზღვროს, ხოლო სხვა სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურებაზე მოსარჩელეებს უარი ეთქვათ.

ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს 29.06.15წ. გადაწყვეტილებით შეიცვალა აღსრულების წესი, სააპელაციო სასამართლოს 29.06.15წ. განჩინებით ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს 24.03.15წ. განჩინება და ლ. ხ-ს, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას შუამდგომლობაზე მოსარჩელეთა სამსახურში აღსადგენ თანამდებობების განსაზღვრის შესახებ საქმის წარმოება შეწყდა, დავის საგნის არარსებობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.07.2015წ. გადაწყვეტილების ნაწილი კერძო საჩივრით და ნაწილი საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის მიერ კერძო საჩივრით გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც განისაზღვრა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრით კასატორმა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მერიის სააპელაციო საჩივარი და რომლითაც დაკმაყოფილდა ლ. ხ-ის, გ. ბ-ას და ნ. ქ-ას სააპელაციო საჩივარი. კასატორმა მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.07.2015წ. გადაწყვეტილება ასევე საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ლ. ხ-მა, ნ. ქ-ამ და გ. ბ-ამ. კასატორები თვლიან, რომ დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის განჩინება მათთვის 2014 წლის აგვისტოს თვის კუთვნილი ხელფასის სრულად ანაზღაურებაზე უარის ნაწილში, გადაწყვეტილება ამ ნაწილში არ პასუხობს სზაკ-ის 58-ე მუხლის მოთხოვნებს. დაუსაბუთებელია გადაწყვეტილება სასამართლოსგარეშე საპროცესო ხარჯების ნაწილში. კასატორი არ ეთანხმება შუალედური (წინმსწრები) განჩინებების უცვლელად ძალაში დატოვებას. საკასაციო პრეტენზია ეხება აგრეთვე 3 თვის სახელფასო სარგოს მიკუთვნებას და გათავისუფლებიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმას. კასატორი არ ეთანხმება კომპენსაციის ზედა ზღვარის დადგენას. ზიანის ანაზღაურება უკავშირდება უკანონო ქმედებას, რომელშიც თავად გათავისუფლებული პირი არ მონაწილეობს, მას არ შეუძლია რაიმე ქმედებით ზიანის შემცირება. უფლება ზიანის ანაზღაურებაზე გათვალისწინებულია რიგი საერთაშორისო აქტებით. საკასაციო საჩივარში მოყვანილია აგრეთვე მოსაზრებები მოპასუხისათვის აქტის გამოცემის დავალებასთან, მერიის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებასთან, გ. ბ-ას სამსახურში აღდგენაზე და განაცდურის ანაზღაურებაზე უართან, ადვოკატის მიერ სასამართლოში მოცდენილი დროის ანაზღაურებასთან და სხვ. საკითხებთან დაკავშირებით. კასატორებმა მოითხოვეს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და იმ განჩინებების გაუქმება, რომლებიც წინ უსწრებდა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვები იყო თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.

სააპელაციო პალატის 24.09.15წ. განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა წარმომადგენლის განცხადება სააპელაციო პალატის 29.07.15წ. გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის მესამე წინადადების შინაარსი, განიმარტა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში გამოყენებული ტერმინი „სახელფასო სარგო“ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე უნდა განიმარტოს როგორც „თანამდებობრივი სარგო“. სააპელაციო სასამართლოს 24.09.2015წ. და 12.10.2015წ. განჩინებებით აპელანტებს – ლ. ხ-ს, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას უარი ეთქვათ პალატის 29.07.2015წ. გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორებაზე, რაც კერძო საჩივრებით გასაჩივრდა ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 17.12.2015წ. განჩინებებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ლ. ხ-ის, ნ. ქ-ას და გ. ბ-ას კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა საკასაციო სასამართლოს 17.12.2015წ. განჩინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის – 2000 ლარის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, ლ. ხ-ის, ნ. ქ-ას და გ. ბ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად გარდა ლ. ხ-ისა და ნ. ქ-ასათვის იძულებითი განაცდურის სრულად ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილისა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.07.2015წ. გადაწყვეტილება გარდა ლ. ხ-ისა და ნ. ქ-ასათვის იძულებითი განაცდური ხელფასის სრულად ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ ნაწილისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მოსარჩელეთა მიერ გაწეული ადვოკატის ხარჯის – 2000 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილისა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას სასარგებლოდ ადვოკატის ხარჯების - 2000 ლარის მისთვის დაკისრების ნაწილში და ლ. ხ-ისა და ნ. ქ-ას საკასაციო საჩივარი იძულებითი განაცდურის სრულად ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 112-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. ამავე კანონის 127.5 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლებაზე გამოცემული აქტის არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას. სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომელიც ეხება მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტების ბათილად ცნობას და სამსახურში აღდგენას კანონიერ ძალაშია შესული, ვინაიდან სააპელაციო პალატის 17.12.15წ. განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში არ იქნა დაშვებული. ამდენად, უკანონოდ გათავისუფლებული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს იძულებითი განაცდური („საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 112-ე მუხ.), გათავისუფლების აქტის ბათილად ცნობა იწვევს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. სააპელაციო სასამართლოს გასაჩირებული გადაწყვეტილებით ლ. ხ-ისათვის, ნ. ქ-ასათვის განაცდურის ნაწილობრივ, კერძოდ სამი თვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის ანაზღაურება ეფუძნება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადების დანაწესს იმის შესახებ, რომ იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის გასამრჯელო მოსამსახურეს მიეცემა არაუმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 31.07.2015წ. N2/3/630 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების გამოცხადებიდან („საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 23-ე მუხ.). ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა საერთო წესის მიხედვით არ ნიშნავს ამ აქტის საფუძველზე საერთო სასამართლოების მიერ ადრე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ძალაში არ შესულა, ის საკასაციო წესით გასაჩივრდა მხარეების მიერ, მოსარჩელეები სარჩელის აღძვრისთანავე სასამართლოსგან მოითხოვდნენ სადავო სამართალურთიერთობის მიმართ კონსტიტუციის პირდაპირი მოქმედების ძალის გამოყენებას, ამასთანავე სასამართლო პრაქტიკაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს გამოსაყენებელი ნორმის კონსტიტუციის შესაბამისი განმარტება, საერთო სასამართლოები არ არიან უფლებამოსილნი მოახდინონ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსაბამო განმარტება. ამდენად, ის გარემოება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, არ ადასტურდებს მის მართლზომიერებას. საჯარო მოხელის სამსახურიდან უკანონო გათავისუფლება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად იწვევს ზიანის სრული ანაზღაურების ვალდებულებას. იგივე დანაწესს შეიცავს სზაკ-ის 208.2 მუხლი. საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ზარალის ანაზღაურების ვალდებულება გულისხმობს არა კონკრეტული სუბიექტის მიერ წინასწარ დადგენილი ზღვრული ოდენობით, არამედ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირისათვის რეალურად მიყენებული ზარალის სრული მოცულობით ანაზღაურების ვალდებულებას (სუს 10.12.1015წ. №ბს-161-158(კ-15)). შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ლ. ხ-ისა და ნ. ქ-ას იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო, უნდა აუნაზღაურდეს არა 3 თვის იძულებითი განაცდურის, არამედ სრული მოცულობით, კერძოდ სამსახურიდან განთავისუფლების პერიოდიდან სამსახურში აღდგენამდე. საჯარო მოხელის მიერ შრომითი გასამრჯელოს მიღება მჭიდროდ არის დაკავშირებული სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულებასთან. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 37.1. მუხლის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურეს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატს. თანამდებობრივი სარგო არ არის დამოკიდებული სამუშაოს შესრულების ხარისხზე, მის შედეგებსა თუ სხვა ფაქტორებზე. ეს შემოსავალი პირისათვის გარანტირებულია საჯარო მოხელის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, მისი მხრიდან სამსახურებრივი ფუნქციების ბრალეული შეუსრულებლობის არარსებობისას. შესაბამისად, საჯარო მოხელეს სამსახურში დანიშვნისას წარმოეშობა გონივრული მოლოდინი, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მოხელე უზრუნველყოფილია სამსახურებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებათა შესრულების სანაცვლო ანაზღაურებით. სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ნაწილით, საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეების - ლ. ხ-ის და ნ. ქ-ას მხრიდან ადგილი არ ჰქონდა არამართლზომიერ ქმედებას. აღნიშნულის გათვალისწინებით მათ უნდა აუნაზღაურდეთ გათავისუფლებიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე სამსახურში იძულებითი არყოფნის პერიოდის განმავლობაში იძულებითი განაცდური. საქმეში დაცული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მ.შ. 16.09.2015წ. №532 და 16.09.2015წ. №535 ბრძანებებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 117-ე მუხლის მე-5 პუნქტის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 29.07.15წ. გადაწყვეტილების საფუძველზე, ნ. ქ-ა აღდგენილ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ... სამსახურის ... განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე, ხოლო ლ. ხ-ი მერიის ... სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე (ტ. 5, ს.ფ. 362-370). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იძულებითი განაცდური მოიცავს ხელფასის ისეთ განაკვეთებს, რომლის მიღება გარანტირებულია საჯარო მოხელის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში და არ არის დამოკიდებული შრომის შედეგებზე, სხვა ფაქტორებზე. საჯარო მოხელის თანამდებობრივი სარგო არის გასაცემელი, რომელსაც სახელმწიფო გასცემს საჯარო მოხელის ინდივიდუალური მახასიათებლების ან/და კვალიფიკაციის მიუხედევად. აღნიშნულისაგან განსხვავებულია კანონმდებლობით განსაზღვრული ხელფასის შემადგენელი პრემიებისა და დანამატების ბუნება, რომლებიც მოხელეზე გაიცემა კანონით გათვალისწინებული პირობების და საფუძვლის არსებობის შემთხვევაში და მათი გაცემა კონკრეტულ გარემოებებზეა დამოკიდებული (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 31.07.2015წ., №2/3/630 გადაწყვეტილება, პ.11). აღნიშნულის და სამსახურში აღდგენის მომენტის გათვალისწინებით, დასადგენია ნ. ქ-ას და ლ. ხ-ის იძულებითი განაცდურის ოდენობა, რომელიც განისაზღვრება ფუნცქიური დატვირთვის და სხვ. ფაქტორების გათვალისწინებით. საჯარო მოხელე შრომის ანაზღაურებას იღებს მის მიერ შესრულებული სამუშაოსათვის. იძულებითი გაცდენის დროს არ ხდება პირის მიერ სამუშაოს შესრულება და ამ დროს მიყენებული ზარალი შეიძლება ყოველთვის არ იყოს იძულებითი განაცდურის პერიოდში მისაღები ხელფასის იდენტური. შესაბამისად თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევაში განსაზღვრული უნდა იქნეს უკანონოდ განთავისუფლებით პირისათვის მიყენებული ზარალის კონკრეტული ოდენობა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 31.07.2015წ., №2/3/630 გადაწყვეტილება, პ. 14). სააპელაციო პალატას არ დაუდგენია ლ. ხ-ის და ნ. ქ-ას ხელფასის შემადგენლობა, არ შეუსწავლია ხელფასის განმსაზღვრელი აქტები.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით (სსკ-ის 47.2 მუხ.).

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სსკ-ის 53-ე მუხლი ითვალისწინებს პროცესის ხარჯების განაწილების წესს, რადგანაც ადვოკატის ხარჯების მხარეთა შორის განაწილების პრინციპი ამავე მუხლის პირველი ნაწილითაა განსაზღვრული. პროცესის ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს სასამართლო გადაწყვეტილებით, რომლითაც საქმე წყდება არსებითად. ეს დასკვნა გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის შინაარსიდან, რომლის მიხედვით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე. პროცესის ხარჯების განაწილების საკითხი შეიძლება დადგეს ასევე იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქმის წარმოება მთავრდება გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე (სსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლები). ასეთ დროს სასამართლო შესაბამისი განჩინებით გადაწყვეტს პროცესის ხარჯების განაწილების საკითხს.

საპროცესო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის ხდება თითოეული ინსტანციის სასამართლოში ცალ-ცალკე ზემდგომ ინსტანციაში დამდგარი შედეგის მიხედვით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელეთა - ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით. დანარჩენი ხარჯების ანაზღაურებაზე მოსარჩელეებს ეთქვათ უარი. საკასაციო პალატის 17.12.15წ. განჩინებით მერიის საკასაციო საჩივარი დაშვებულია მხოლოდ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის - 2000 ლარის მისთვის დაკისრების ნაწილში.

საქმეში წარმოდგენილი არ არის ადვოკატის დახმარების საფასურის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება. სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ისეთ პირობებში, როდესაც არ დასტურდება კონკრეტული ხარჯის გაწევა, მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს (სუს 26.04.16წ., №ბს-397-391 (2კ-4კს-15)).

სსკ-ის 9.1 მუხლის თანახმად, სოციალური დავები გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რაც არ გამორიცხავს საჭიროების შემთხვევაში საქმის განხილვის პროცესში დავასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯების საკითხის გადაწყვეტის საჭიროებას. მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (სსკ-ის 37.3 მუხ.). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების არსებობა, მხარის მიერ ადვოკატისათვის თანხის გადახდის ქვითრის არარსებობა იმთავითვე არ გამორიცხავს გაწეული მომსახურების ანაზღაურების შესაძლებლობას (ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „დადაევა რუსეთის წინააღმდეგ“, §145, 146). საქმის მასალებით დასტურდება მოსარჩელეებისათვის ადვოკატის მიერ იურიდიული მომსახურების გაწევა, რის გამო სასამართლომ უნდა განიხილოს არა ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება, არამედ საქმის მასალებით დადასტურებული ადვოკატის მიერ მოსარჩელეებისათვის გაწეული მომსახურების ღირებულების მოპასუხისათვის დაკისრების შესაძლებლობა. მოსარჩელეებსა და ადვოკატს შორის იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების, გადახდის ქვითრის, საგადახდო დავალების შესრულების დოკუმენტის წარუდგენლობა, არ გამორიცხავს საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესაძლებლობას (სუს 09.02.2012წ., №ბს-1330-1315 (კ-11); 30.10.15წ. №ას-444-423-2015; 25.03.2016წ. №ას-12-12-2016წ. გადაწყვეტილებები). მოსარჩელეებსა და ადვოკატს შორის წარმოშობილი ურთიერთობის მატერიალური საფუძველია დავალების ხელშეკრულება (სკ-ის 709-ე მუხ.). მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში (სკ-ის 710-ე მუხ.). გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება მოცემულ შემთხვევაში პრეზიუმირებულია, ვინაიდან სასყიდლიანი დავალების ხელშეკრულება შეიძლება იყოს წერილობითი ან ზეპირი, ხოლო ადვოკატის მომსახურების ღირებულება საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, წაგებულ მხარეს უნდა დაეკისროს. იურიდიული მომსახურების გაწევის შემთხვევაში ივარაუდება მხარეთა შორის სასყიდლიანი დავალების ხელშეკრულების არსებობა, საწინააღმდეგო დამტკიცებას საჭიროებს. ამდენად, ხარჯების განსაზღვრა ხდება სასამართლოში მხარის მიერ წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, ამგვარი მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს თავადაც შეუძლია განსაზღვროს იურიდიული დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა (სუს 11.02.08წ. №ას-792-1114-07 განჩინება), თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „პინკოვი და პინკი ჩეხეთის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო უფლების დარღვევა (ადმიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). სასამართლო ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. სასამართლოს მიერ ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ზღვარის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას, და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (სუს 11.02.08წ. №ას-792-1114-07). სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული პროცენტული ცენზი და თანხა წარმოადგენს იმ მაქსიმალურ საკანონმდებლო ზღვარს, რომელიც წაგებულ მხარეს შესაძლოა დაეკისროს მოგებული მხარის სასარგებლოდ, ამასთანავე სასამართლომ ადვოკატის მომსახურების ღირებულების განსაზღვრისას მხედველობაში უნდა მიიღოს იძულებითი განაცდურის ოდენობა, საქმის სირთულე, უფლების დარღვევის აღსაკვეთად წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ინტენსივობა, ხანგრძლივობა, ინსტანციურობა და სხვ.. სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს მოპასუხეზე სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის ოდენობის რაიმე დასაბუთებას. განჩინებაში არ არის ახსნილი თუ რა გათვლას, საქმის გარემოებების რა შეფასებას ეფუძნება მოპასუხისათვის დაკისრებული თანხა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეებმა პროცესის ხარჯების დაბრუნების (მეორე მხარისათვის მათ სასარგებლოდ დაკისრების) შესახებ უნდა მიუთითონ ძირითად სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში ივარაუდება, რომ მათ პრეტენზია პროცესების ხარჯებთან დაკავშირებით არ გააჩნიათ. ამასთან, მხარეებს არ ეზღუდებათ პროცესის ხარჯების მოთხოვნის უფლება საქმის მომზადების დასრულების შემდგომ ან საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, თუკი ხარჯების საკითხი სწორედ საქმის განხილვის ამ სტადიაზე წარმოიშვა (სუს 30.10.15წ. №ას-444-423-2015 განჩინება). მოცემულ შემთხვევაში ადვოკატის მომსახურების ღირებულების მოპასუხისათვის დაკისრების საკითხი სააპელაციო საჩივარში დაისვა. სამოქალაქო კოდექსის დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელ მუხლებში (სკ-ის 709-722) გათვალისწინებული არ არის სპეციალური მოთხოვნა ხელშეკრულების ფორმის თაობაზე, ამდენად შესაძლებელია მისი დადება როგორც წერილობითი, ისე ზეპირი ფორმით. ამასთანავე, დაცული უნდა იქნეს სკ-ის 709-ე მუხლის მოთხოვნა მარწმუნებლის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელების მინდობილობის გაცემის შესახებ, რათა წარმომადგენელმა შეძლოს წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელება. საქმეში დაცულია სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობები, რომლებითაც განისაზღვრა ადვოკატის უფლებამოსილება და ვალდებულება დაიცვას მოსარჩელეების ინტერესი. საქმეში დაცული მინდობილობები ადასტურებენ, რომ მოსარჩელეების საკუთარი ინტერესების დაცვა მიანდეს ი. პ-ს. ვინაიდან მინდობილობის შინაარსი და დავალების შინაარსი არ არის ურთიერთგამომრიცხავი დოკუმენტი, არ გამოირიცხება მათი ერთ დოკუმენტში - მინდობილობაში მოქცევა. დავალების ხელშეკრულება შეიძლება იყოს როგორც უსასყიდლო, ისე სასყიდლიანი. გასამრჯელო ჩაითვლება უსიტყვოდ შეთანხმებულად, თუ გარემოებათა მიხედვით მოქმედების შესრულება მხოლოდ გასამრჯელოთი არის მოსალოდნელი. საქმეში დაცული ნ. ქ-ას, გ. ბ-ას, ლ. ხ-ის მიერ გაცემული რწმუნებულებების მიხედვით (ტ.1, ს.ფ. 120-123) რწმუნებული მარწმუნებელს იურიდიულ დახმარებას უწევს უსასყიდლოდ (იხ. 09.09.14წ., №140970849; 09.09.14წ. №140970787; 09.09.14წ. №140970715 რწმუნებულებები). იურიდიული დახმარება მოიცავს სამართლებრივი დოკუმენტების შედგენას, წარმომადგენლობას სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში („იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). სწორედ ხსენებული მინდობილობების საფუძველზე ხორციელდებოდა მოსარჩელეების - ლ. ხ-ის, ნ. ქ-ას, გ. ბ-ას ინტერესების დაცვა სააპელაციო სასამართლოში წარმომადგენლის მიერ. აღნიშნული გარემოებების შეფასების გარეშე სააპელაციო პალატამ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელეების სასარგებლოდ დააკისრა ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაღზაურება 2000 ლარის ოდენობით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 29.07.2015წ. გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ 01.09.2015წ. წარდგენილ იქნა სანოტარო წესით დამოწმებული რწმუნებები, ამასთანავე გ. ბ-ას მიერ გაცემული რწმუნებულება (26.08.2015წ. №150916245) კვლავინდებურად უთითებს, რომ რწმუნებული მარწმუნებელს იურიდიულ დახმარებას უწევს უსასყიდლოდ (ტ. 5, ს.ფ. 172), ნ. ქ-ას მიერ გაცემული რწმუნებულება (26.08.15წ. №150917549) არ შეიცავს რაიმე მითითებას ანაზღაურების საკითხზე (ტ.5, ს.ფ. 172), დავალების შესასრულებლად გასამრჯელოს გადახდის ვალდებულებაზე მითითებას შეიცავს მხოლოდ ლ. ხ-ის მიერ გაცემული რწმუნებულება, რომლის მიხედვით გასამრჯელოს ოდენობა დგინდება მარწმუნებლისა და რწმუნებულის ურთიერთშეთანხმებით (ტ. 5, ს.ფ. 173).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლო დაშვებულ ნაწილებში არის დაუსაბუთებელი, განჩინება მოკლებულია ამ ნაწილში სამართლებრივ და ფაქტობრივ წინამძღვრებს, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის. ზემოაღნიშნული თავის მხრივ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების პირობაა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ხ-ის და ნ. ქ-ას საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.07.2015წ. გადაწყვეტილება ლ. ხ-ისა და ნ. ქ-ას იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

4. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.07.2015წ. გადაწყვეტილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ლ. ხ-ის, ნ. ქ-ას და გ. ბ-ას სასარგებლოდ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების - 2000 (ორი ათასი) ლარის დაკისრების და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

5. სასარჩელო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი

შეგებებული საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე ბს-776-768(2კ-4კს-15) 18 აპრილი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ლ. ხ-ის, ნ.ქ-ას და გ. ბ-ას შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.07.2015წ. გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.01.2015წ. გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ლ.ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ლ. ხ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 22.08.2014წ. №274 ბრძანება, ნ. ქ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 22.08.2014წ. №274 ბრძანება და გ. ბ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 22.08.2014წ. №274 ბრძანება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ლ. ხ-ის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის ..., ნ. ქ-ას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურში მონიტორინგის და შეფასების განყოფილების ... თანამდებობაზე აღდგენა, მერიას დაევალა გ. ბ-ასათვის შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მხარეთა შორის შეთანხმებული სახელფასო სარგოს ოდენობით 2014 წლის 1 ოქტომბრამდე, გ. ბ-ას მოთხოვნა თავდაპირველ თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ლ. ხ-ისათვის და ნ. ქ-ასათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 3 თვის სახელფასო სარგოს ოდენობით, მოსარჩელეების მოთხოვნა გათავისუფლებიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და აგვისტოს თვის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა მოსარჩელეთა - ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას სასარგებლოდ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით, დანარჩენი ხარჯების ანაზღაურებაზე მოსარჩელეებს ეთქვათ უარი. ამასთანავე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.01.2015წ. განჩინება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე, განიმარტა, რომ გადაწყვეტილება ამ ნაწილში საბოლოო იყო და არ საჩივრდებოდა, მოსარჩელეთა შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.07.2015წ. გადაწყვეტილება გადაეცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. მხარეებს განემარტათ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებისათვის გადაცემის ნაწილში მისი კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობა.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის მიერ კერძო საჩივრით გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც განისაზღვრა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრით კასატორმა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მერიის სააპელაციო საჩივარი და რომლითაც დაკმაყოფილდა ლ. ხ-ის, გ. ბ-ას და ნ. ქ-ას საჩივარი. კასატორმა მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.07.2015წ. გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ასევე ლ. ხ-მა, ნ. ქ-ამ და გ. ბ-ამ.

სააპელაციო პალატის 24.09.15წ. განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა წარმომადგენლის განცხადება სააპელაციო პალატის 29.07.15წ. გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის მესამე წინადადების შინაარსი, განიმარტა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში გამოყენებული ტერმინი „სახელფასო სარგო“ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე უნდა განიმარტოს როგორც „თანამდებობრივი სარგო“. სააპელაციო სასამართლოს 24.09.2015წ. და 12.10.2015წ. განჩინებებით აპელანტებს – ლ. ხ-ს, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას უარი ეთქვათ პალატის 29.07.2015წ. გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორებაზე, რაც კერძო საჩივრებით გასაჩივრდა ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 17.12.2015წ. განჩინებებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ლ. ხ-ის, ნ. ქ-ას და გ. ბ-ას კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის – 2000 ლარის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, ლ. ხ-ის, ნ. ქ-ას და გ. ბ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად გარდა ლ. ხ-ისა და ნ. ქ-ასათვის იძულებითი განაცდურის სრულად ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილისა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.07.2015წ. გადაწყვეტილება გარდა ლ. ხ-ისა და ნ. ქ-ასათვის იძულებითი განაცდური ხელფასის სრულად ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ ნაწილისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მოსარჩელეთა მიერ გაწეული ადვოკატის ხარჯის – 2000 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილისა.

საკასაციო საჩივრების წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.11.2015წ. განჩინებები და საკასაციო საჩივრის ასლი ლ. ხ-ის, ნ. ქ-ას და გ. ბ-ას წარმომადგენელს ჩაბარდა 07.12.2015წ.. კასატორების წარმომადგენელმა ი. პ-მა საკასაციო შესაგებელი საკასაციო პალატაში წარადგინა 14.12.2015წ..

08.02.2016წ. ლ. ხ-ის, ნ.ქ-ას და გ. ბ-ას წარმომადგენელმა ი. პ-მა შეგებებული საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინებების გაუქმება, რომლებსაც ასაჩივრებდა საკასაციო საჩივრით.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეგებებულ საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ შეგებებული საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 405-ე მუხლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია საკასაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის განმავლობაში წარადგინოს შეგებებული საკასაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ნათქვამი უარი საკასაციო საჩივრის შეტანაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ლ. ხ-ის, ნ.ქ-ას და გ. ბ-ას წარმომადგენელს ი. პ-ს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის ასლი 07.12.2015წ. ჩაჰბარდა (ტ. 6, ს.ფ. 22), შეგებებული საკასაციო საჩივარი კი საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ იქნა 08.02.2016წ., ანუ სსკ-ის 405-ე მუხლში მითითებული ათდღიანი ვადის დარღვევით, რადგან შეგებებული საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადა, სსკ-ის 61.3 მუხლის თანახმად, 17.12.2015წ. ოცდაოთხ საათზე ამოიწურა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ლ. ხ-ის, ნ.ქ-ას და გ. ბ-ას წარმომადგენელმა დაარღვია სსკ-ის 405-ე მუხლში მითითებული შეგებებული საკასაციო საჩივრის შეტანის ათდღიანი ვადა, რის გამოც მისი შეგებებული საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი შეგებებული საკასაციო საჩივარი სრულად იმეორებს ლ. ხ-ის, ნ.ქ-ას და გ. ბ-ას საკასაციო საჩივარს. საჩივრების იდენტურობა გაუგებარს ხდის შეგებებული საკასაციო საჩივრის წარდგენის მიზანს და კასატორთა ინტერესს, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ლ. ხ-ის, ნ.ქ-ას და გ. ბ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობასა და კერძო საჩივრების საფუძვლიანებაზე მსჯელობის შედეგად საქართველოს უზენაესი სასამართლოს 17.12.2015წ. განჩინებებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ლ. ხ-ის, ნ. ქ-ას და გ. ბ-ას კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის – 2000 ლარის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, ლ. ხ-ის, ნ. ქ-ას და გ. ბ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად გარდა ლ. ხ-ისა და ნ. ქ-ასათვის იძულებითი განაცდურის სრულად ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილისა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.07.2015წ. გადაწყვეტილება გარდა ლ. ხ-ისა და ნ. ქ-ასათვის იძულებითი განაცდური ხელფასის სრულად ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ ნაწილისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მოსარჩელეთა მიერ გაწეული ადვოკატის ხარჯის – 2000 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ხ-ის, ნ.ქ-ას და გ. ბ-ას შეგებებული საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ხ-ის, ნ.ქ-ას და გ. ბ-ას შეგებებული საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი