Nბს-83-82 (კ-16) 12 ივლისი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შსს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „…“ (მოსარჩელე)
მესამე პირები - ს. მ-ე, ჯ. მ-ე
მოპასუხე - შსს აჭარის არ მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველო
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 სექტემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „…“ დირექტორმა ზ. ნ-ემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს წინაღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს 2014 წლის 24 მარტის N561962 წერილის, შპს „…“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს 2014 წლის 19 აგვისტოს N35 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს დავალდებულება გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ს. და ჯ. მ-ეების მიმართ ქობულეთში, ... გამზირის ... შესახვევის N...-ში (საკადასტრო კოდი: N...) მდებარე შპს „…“ კუთვნილი უძრავი ქონების ხელყოფის, სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთისა და შპს „…“ უძრავი ქონების გადაცემის შესახებ.
2. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 11 თებერვალს შპს „…“ განცხადებით მიმართა შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონულ სამმართველოს და ქობულეთში, ... გამზირის ... შესახვევის N...-ში (საკადასტრო კოდი: N...) მდებარე, მისი კუთვნილი უძრავი ქონებიდან უკანონოდ ხელმყოფი პირების გამოსახლება მოითხოვა. 2014 წლის 27 მარტს კომპანიას ჩაბარდა ქობულეთის შს რაიონული სამმართველოს უფროსის 2014 წლის 24 მარტის №561962 წერილი, რომლითაც ეცნობათ, რომ ქობულეთის შს რაიონულ სამმართველოში მოქალაქე ს. მ-ის განცხადების საფუძველზე მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რის გამოც შეწყდა უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე შპს „…“ განცხადებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება. 2014 წლის 22 აპრილს შპს „…““ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა აჭარის შს მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს 2014 წლის 24 მარტის №561962 გადაწყვეტილების გაუქმება. აღნიშნული საჩივარი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რეაგირებისათვის გადაეგზავნა აჭარის შს მთავარ სამმართველოს. 2014 წლის 26 სექტემბერს მოსარჩელეს ჩაბარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2014 წლის 19 აგვისტოს №35 ბრძანება, რომლითაც შპს „…“ უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონის მოთხოვნათა დაცვით იყო გამოცემული და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის №747 ბრძანების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიებების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა უძრავ ნივთთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „…“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს 2014 წლის 24 მარტის N561962 წერილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს 2014 წლის 19 აგვისტოს N35 ბრძანება ,,შპს „…“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონულ სამმართველოს დაევალა გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქობულეთში, ... გამზირის ... შესახვევის N...-ში მდებარე (საკადასტრო კოდი: N...) შპს „…“ კუთვნილი უძრავი ქონების ხელყოფისა და სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის და შპს „…“ უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ.
5. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარმა სამმართველომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
7.1. 2014 წლის 31 ივლისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერით ირკვევა, რომ უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი: N..., არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების, დაზუსტებული ფართობით 601 კვ.მ, შენობა-ნაგებობების საერთო ფართობი -155.80 კვ.მ, მდებარე ქობულეთი, ... გამზირი, მე-... შესახვევი, №...-ში აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2012 წლის 17 მაისის №A12005563-017/001 განკარგულების საფუძველზე, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია შპს „…“ სახელზე;
7.2. 2014 წლის 11 თებერვალს შპს „…“ წარმომადგენელმა ა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს განცხადებით მიმართ, რომლითაც თავისი კუთვნილი უძრავი ქონებიდან, ხელმყოფ პირთა გამოსახლება და ნივთის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა მოითხოვა;
7.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს 2014 წლის 24 მარტის №561962 წერილით შპს „…“ წარმომადგენელს ეცნობა, რომ ქობულეთის შს რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმის გამოძიება (სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით) მოქალაქე ს. მ-ის, მცხოვრები ქობულეთი, ... გამზირი მე-... შესახვევი №...-ში, განცხადებასთან დაკავშირებით, რის გამოც უძრავი ნივთის ხელყოფის და სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიების შესახებ შპს „…“ განცხადებასთან დაკავშირებით საქმის წარმოება შეწყდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის №747 ბრძანების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე1“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
7.4. 2014 წლის 22 აპრილს, შპს „…“ წარმომადგენლმა ზ. ნ-ემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს 2014 წლის 24 მარტის №561962 წერილი ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. 2014 წლის 5 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შპს „…“ ადმინისტრაციული საჩივარი გადაუგზავნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შს მთავარ სამმართველოს, რომლის 2014 წლის 19 აგვისტოს №35 ბრძანებით შპს „…“ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
7.5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 18.12.2014 წლის განჩინებით საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოდან გამოთხოვილი იქნა №172504112002 სისხლის სამართლის საქმის მასალები (ს.ფ. 81-82). 16.112.2014 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარედგინა გამოთხოვილი მასალები, კერძოდ, გ. მ. ასული მ-ის განცხადება, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი - ფორმა №1 და მოწმეების: გ. ზ-ის, ი. მ-ის, ჯ. მ-ის დაკითხვის ოქმები (ს.ფ. 84-99). სისხლის სამართლის საქმის ამ მასალებიდან ირკვევა, რომ 2012 წლის 23 აპრილს ქობულეთის შს რაიონულ სამმართველოს განცხადებით მიმართა გ. მ-ემ და აღნიშნა, რომ 2010 წელს მას და მის მეუღლეს, ს. მ-ეს მათმა ახლობელმა, ი. მ-ემ სთხოვა სახლის ბანკში ჩადება, რათა გამოეტანა კრედიტი 15 000 ლარი საკუთარი მიზნებისათვის. ის დაჰპირდა, რომ თვითონ გაასწორებდა ანგარიშს ბანკთან, თუმცა მოატყუა - არ გაისტუმრა ვალი, რის შედეგადაც სახლი გაიტანეს აუქციონზე, რაც მან არ იცოდა... (ს.ფ. 85). საქმეში წარმოდგენილი ფორმა №1 - გამოძიების დაწყების ბარათი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას: „სისხლის სამართლის საქმე №172250412002; ბარათის წარმომდგენი - გ. გ-ე, ქობულეთის შს რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი; გამოძიების დაწყების თარიღი - 25.04.2012 წელი; დანაშაულის გარემოებანი - 2010 წელს ი.მაჩითიძის მიერ ს.მ-ის კუთვნილი ქონების თაღლითური გზით მისაკუთრების ფაქტზე; კვალიფიკაცია - სსკ 180. 3, ბ”, მოწმეების: გ. ზ-ის (ს. მ-ის მეუღლე), ი. მ-ის, ჯ. მ-ის ჩვენებებით ირკვევა, რომ ს. მ-ემ ი. მ-ეს, რომელთანაც აკავშირებდა ხანგრძლივი დროის მანძილზე ოჯახური ურთიერთობები, მისცა სანოტარო წესით დამოწმებული 2 მინდობილობა (2010 წელს და 2011 წელს), რომელიც ი. მ-ეს ანიჭებდა საბანკო ოპერაციების წარმოების უფლებას. მინდობილობის საფუძველზე ი. მ-ემ სხვადასხვა საკრედიტო დაწესებულებიდან - „...“,„...“ და შპს „...“ სხვადასხვა დროს სესხის სახით აიღო თანხა; მხარეები ადასტურებენ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საპროცესო მოქმედება არ განხორციელებულა.
8. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ,,საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის’’ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტით გულისხმობს უძრავ ნივთთან დაკავშირებით მხოლოდ ისეთი სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობას, რომლის შედეგმაც შეიძლება, გავლენა მოახდინოს საკუთრების უფლებაზე. ნორმის ფართო ინტერპრეტაცია და მასში უძრავ ნივთთან დაკავშირებით დაწყებულ ნებისმიერი სახის სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობის მოაზრება არათუ სცილდება კანონმდებლის მიზანს, არამედ ეწინააღმდეგება მას, ვინაიდან გამოიწვევს დავის გაჭიანურებას და ხელს შეუშლის მესაკუთრის უფლების დაცვის ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებას.
9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გამოძიება არ მიმდინარეობს შპს „...“ მიერ საკუთრებაში არსებული ქონების დანაშაულებრივი გზით დაუფლების ფაქტთან დაკავშირებით. როგორც სისხლის სამართლის საქმის მასალებით ირკვევა, გამოძიება დაიწყო 2012 წლის აპრილში ი. მ-ის მიმართ გაცემული მინდობილობის საფუძველზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების გზით ს. მ-ის ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღების ფაქტზე და იგი დღემდე გრძელდება. მოსარჩელე კომპანიას უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება მოპოვებული აქვს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს №A12005563-017/001,17/05/2012 წლის განკარგულების საფუძველზე, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ გაუქმებულა და ძალაშია.
10. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის (მოპასუხის) მითითება იმის თაობაზე, რომ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება სადავო უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, რომლითაც, შესაძლებელია, დადგინდეს სადავო ფართის არაკეთილსინდისიერად შეძენის ფაქტი. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღნიშნულ კონფლიქტს მესაკუთრის სასარგებლოდ წყვეტს, რამდენადაც, კეთილსინდისიერი შემძენი არ უნდა აღმოჩნდეს ქონების დაკარგვის რისკის ქვეშ. განსახილველ შემთხვევაში მესამე პირები - ს. და ჯ. მ-ეები ვერ მიუთითებენ რაიმე გარემოებაზე, რაც მოსარჩელე კომპანიის კეთილსინდისიერებას ეჭვქვეშ დააყენებდა.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქართველოს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.
12. კასატორის მტკიცებით, უძრავ ნივთთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არის ხელყოფის აღმკვეთი ღონისძიებების შეწყვეტის საფუძველი. იმ უძრავი ნივთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, რომლის ხელყოფის აღკვეთასაც მოსარჩელე ითხოვდა, აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ შსს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
14. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ხელშეშლის აღკვეთაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციული აქტის მართლზომიერება და უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის დავალდებულება (იხ. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, აღწერილობითი ნაწილის 71.-7.5 პუნქტები).
15. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ დავის გადაწყვეტის დროს მოქმედი „საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის“ (რომელიც განსაზღვრავდა საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესს, პროცედურებსა და პირობებს, აგრეთვე აღნიშნულ პროცესში მონაწილე პირების უფლებებსა და მოვალეობებს) მე-8 მუხლი ითვალისწინებდა საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიებების შეწყვეტის საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთ-ერთი საფუძველი იყო უძრავ ნივთთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
16. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მითითებული ნორმა გულისხმობდა უძრავ ნივთთან დაკავშირებით მხოლოდ ისეთი სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობას, რომლის შედეგმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საკუთრების უფლებაზე.
17. განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ სისხლის სამართლის საქმე, რომლის წარმოების გამოც მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ შეწყვიტა უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიებები, აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტზე, რაც გამოიხატა 2010 წელს ი. მ-ის მიერ ს. მ-ის კუთვნილი ქონების თაღლითური გზით მისაკუთრებაში.
18. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი ვერ იქნებოდა მიჩნეული ,,საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძვლად, ვინაიდან გამოძიება არ მიმდინარეობს შპს „...“ მიერ საკუთრებაში არსებული ქონების დანაშაულებრივი გზით დაუფლების ფაქტთან დაკავშირებით. როგორც სისხლის სამართლის საქმის მასალებით ირკვევა, გამოძიება დაიწყო 2012 წლის აპრილში ი. მ-ის მიმართ გაცემული მინდობილობის საფუძველზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების გზით ს. მ-ის ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღების ფაქტზე და იგი დღემდე გრძელდება. გამოძიების შედეგი გავლენას ვერ მოახდენდა შპს „...“ საკუთრების უფლებაზე. მოსარჩელე კომპანიას უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება მოპოვებული აქვს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს №A12005563-017/001,17/05/2012 წ. განკარგულების საფუძველზე, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ გაუქმებულა და ძალაშია.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისა და დავის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს მოქმედ ნორმატიულ აქტზე დაყრდნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს 2014 წლის 24 მარტის №561962 წერილი (ადმინისტრაციული აქტი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს 2014 წლის 19 აგვისტოს N35 ბრძანება უკანონო იყო და მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არსებობდა.
13. რაც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოსათვის სამომავლოდ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ხელმყოფი პირების გამოსახლების დავალებას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2015 წლის 11 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ე.წ „საპოლიციო გამოსახლების“ ინსტიტუტი გაუქმდა, კერძოდ, ამოღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-3 ნაწილი, „პოლიციის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოფს საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლებას/გამოყვანას სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით“, აგრეთვე, ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის №747 ბრძანებით დამტკიცებული „საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესი“.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ცვლილებების შედეგად, უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა დაიშვება მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის“ შესაბამისად („პოლიციის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა). საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებს ამგვარი კომპეტენცია აღარ გააჩნიათ. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. აღნიშნული ნორმით დადგენილია სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვერ გასცდება კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემომითითებული საკანონმდებლო ცვლილებები სამართლებრივ საფუძველს აცლის შპს „...“ სასარჩელო მოთხოვნას გამოსახლების დავალდებულების თაობაზე და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს.
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თავად მიიღოს გადაწყვეტილება.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „...“ სასარჩელო მოთხოვნა, რომლითაც მოსარჩელე ითხოვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონულ სამმართველოს დაევალოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ს. და ჯ. მ-ეების მიმართ ქობულეთში, ... გამზირის მე-... შესახვევის N...-ში (საკადასტრო კოდი: N...) მდებარე შპს „...“ კუთვნილი უძრავი ქონების ხელყოფის, სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთისა და შპს „...“ უძრავი ქონების გადაცემის შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც, ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
19. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში შპს „...“ მეორე სასარჩელო მოთხოვნა არ კმაყოფილდება, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სახელმწიფო ბაჟის დაკისრების თაობაზე და მოპასუხეებს შპს „...“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50%-ის - 50 ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე, 53-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შსს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 სექტემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონულ სამმართველოსათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ქობულეთში, ... გამზირის მე-... შესახვევის N...-ში მდებარე შპს „...“ კუთვნილი უძრავი ქონების ხელყოფისა და სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის და შპს „...“ უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის დავალების, ასევე სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. არ დაკმაყოფილდეს შპს „...“ სასარჩელო მოთხოვნა, რომლითაც მოსარჩელე ითხოვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონულ სამმართველოს დაევალოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ს. და ჯ. მ-ეების მიმართ ქობულეთში, ... გამზირის მე-... შესახვევის N...-ში (საკადასტრო კოდი: N...) მდებარე შპს „...“ კუთვნილი უძრავი ქონების ხელყოფის, სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთისა და შპს , „...“ უძრავი ქონების გადაცემის შესახებ;
4. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 სექტემბრის განჩინება;
5. შსს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტსა და შსს აჭარის არ მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს შპს „...“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50%-ის - 50 ლარის ანაზღაურება;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე