Facebook Twitter

№ბს-85-84(კ-16) 21 ივლისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე

კასატორი – დ. ბ-ე

წარმომადგენლები – თ. კ-ე; მ. ჯ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობა; საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია; წარმომადგენელი – შ. ო-ი

მესამე პირები - გ. ლ-ე; თ. კ-ე-ქ-ე; დ. ლ-ე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 22 ივნისს დ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ დ. ბ-ის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების ნაწილში საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის 2015 წლის 15 მაისის №6 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის დ. ბ-ის კანდიდატად წარდგენასთან დაკავშირებით ახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 ივლისის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ გ. ლ-ე, თ. კ-ე-ქ-ე და დ. ლ-ე.

მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით მოითხოვა თ. კ-ე-ქ-ის საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის გამგებლის წარმომადგენლების ... განყოფილების სპეციალისტად ... ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშვნის შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების, დ. ლ-ის ადმინისტრაციული სამსახურის ... განყოფილების ... მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებისა და გ. ლ-ის საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლად ... ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშვნის თაობაზე საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების ბათილად ცნობა.

მოსარჩელის მითითებით, იგი 2006 წლიდან 6 წელი მუშაობდა საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სოფელ ... თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის პოზიციაზე. მოსარჩელის მტკიცებით, მას 2012 წელს არჩევნების შემდგომ მოსთხოვეს თანამდებობის დატოვება. იგი რწმუნებულად მუშაობის განმავლობაში კეთილსინდისიერად და ჯეროვნად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და მის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის არც ერთი ზომა.

მოსარჩელემ მონაწილეობა მიიღო 2014 წლის 22 ოქტომბერს საჩხერის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში და გააკეთა განაცხადი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. მიუხედავად იმისა, რომ დ. ბ-ემ წარმატებით გაიარა კონკურსის სამივე ეტაპი, მათ შორის ტესტირების ეტაპზე 60 ქულიდან მოიპოვა 54 ქულა, მისი ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენა არ მომხდარა.

2015 წლის აპრილის თვეში საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ კვლავ გამოაცხადა კონკურსი ვაკანტური თანამდებობების შესავსებად. მოსარჩელემ 2015 წლის 6 აპრილს გააკეთა განაცხადი 4 ვაკანტურ თანამდებობაზე, კერძოდ: 1. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის გამგებლის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტი ... ადმინისტრაციულ ერთეულში, 2. გამგებლის თანაშემწე, 3. ადმინისტრაციული სამსახურის ... განყოფილების მთავარი სპეციალისტი საინფორმაციო უზრუნველყოფის საკითხებში, 4. გამგებლის წარმომადგენელი ... ადმინისტრაციულ ერთეულში. მოსარჩელის მითითებით, მიუხედავად კონკურსის სამივე ეტაპის წარმატებით გავლისა, მისი არც ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენა არ მომხდარა. აღნიშნულ ვაკანტურ თანამდებობებზე, გარდა გამგებლის თანაშემწის პოზიციისა, დაინიშნენ კონკურსის სხვა მონაწილეები, 1. საჩხერის მუნიციპალიტეტის სამსახურის გამგებლის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტი ... ადმინისტრაციულ ერთეულში - თ. კ-ე-ქ-ე, 2. ადმინისტრაციული სამსახურის ... განყოფილების მთავარი სპეციალისტი საინფორმაციო უზრუნველყოფის საკითხებში - დ. ლ-ე, 3. გამგებლის წარმომადგენელი ... ადმინისტრაციულ ერთეულში - გ. ლ-ე; ხოლო მე-4 ვაკანტური თანამდებობა - გამგებლის თანაშემწე - გამოცხადდა ჩაშლილად.

მოსარჩელის მტკიცებით, კონკურსის მიმდინარეობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ დაარღვია კანონიერების, საჯაროობის, გამჭვირვალობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპები. მოსარჩელის მითითებით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას. მოსარჩელეს არ განემარტა კონკრეტულად რა საფუძვლების ერთობლიობამ განაპირობა მის მიმართ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება. მოსარჩელე თვლის, რომ იგი ყველა საჭირო მოთხოვნას აკმაყოფილებდა და კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება მოხდა კონკურსის პრინციპების არსებითი დარღვევის საფუძველზე.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით დ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №41 დადგენილებით დამტკიცდა საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის დებულება. მუნიციპალიტეტის მიერ შეიქმნა ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისია და საპრეტენზიო კომისია. საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 ნოემბრის №45 დადგენილებით განისაზღვრა საჩხერის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. 2015 წლის აპრილის თვეში საჩხერის მუნიციპალიტეტში გამოცხადდა კონკურსი მუნიციპალიტეტის გამგეობის ვაკანტური თანამდებობების, მათ შორის 1. საჩხერის მუნიციპალიტეტის სამსახურის გამგებლის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტის ... ადმინისტრაციულ ერთეულში, 2. გამგებლის თანაშემწის, 3. ადმინისტრაციული სამსახურის ... განყოფილების მთავარი სპეციალისტის საინფორმაციო უზრუნველყოფის საკითხებში, 4. გამგებლის წარმომადგენლის ... ადმინისტრაციულ ერთეულში ვაკანტურ თანამდებობებზე.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ბ-ეს გავლილი ჰქონდა ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ტესტირება 2014 წლის დეკემბერში და მიიღო 54 ქულა (მაქსიმალური ქულა იყო 60).

2015 წლის 6 აპრილს დ. ბ-ემ განაცხადი გააკეთა 4 ვაკანტურ თანამდებობაზე: 1. საჩხერის მუნიციპალიტეტის სამსახურის გამგებლის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტი ... ადმინისტრაციულ ერთეულში, 2. გამგებლის თანაშემწე, 3. ადმინისტრაციული სამსახურის ... განყოფილების მთავარი სპეციალისტი საინფორმაციო უზრუნველყოფის საკითხებში, 4. გამგებლის წარმომადგენელი ... ადმინისტრაციულ ერთეულში.

დ. ბ-ე დაშვებული იქნა გასაუბრებაზე. დადგენილია, რომ დ. ბ-ემ გასაუბრებაზე მიიღო მონაწილეობა. 2015 წლის 15 მაისის საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით დ. ბ-ე წარდგენილი არ იქნა არც ერთ ზემოთ აღნიშნულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად. მას ელექტრონულად გაეგზავნა გზავნილი ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად წარსადგენად უარის თქმის თაობაზე.

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ კონკურსი ჩატარდა შემდეგი ეტაპებით: განცხადების გადარჩევა, ტესტირება, გასაუბრება და კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა გადაწყვეტილების მიღებით. საკონკურსო საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობა განისაზღვრა 12 კაცით. კომისიას თავმჯდომარეობს საკრებულოს თავმჯდომარე. წევრები არიან როგორც საზოგადოების წარმომადგენლები ისე საკრებულოსა და გამგეობის ფუნქციონერი თანმდებობის პირები.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის სამსახურის გამგებლის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტად ... ადმინისტრაციულ ერთეულში საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით წარდგენილი იქნა - თ. კ-ე-ქ-ე, ხოლო საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 29 მაისის №53385 ბრძანებით დანიშნული იქნა აღნიშნულ თანამდებობაზე. ადმინისტრაციული სამსახურის ... განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე საინფორმაციო უზრუნველყოფის საკითხებში საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი იქნა დ. ლ-ე, ხოლო საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 1 ივნისის №53 419 ბრძანებით დანიშნული იქნა აღნიშნულ თანამდებობაზე. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელად ... ადმინისტრაციულ ერთეულში საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი იქნა გ. ლ-ე, ხოლო საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 1 ივნისის №53 414 ბრძანებით დანიშნული იქნა აღნიშნულ თანამდებობაზე. რაც შეეხება გამგებლის თანაშემწის თანამდებობას დარჩა ვაკანტური.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ბ-ე 2006 წლიდან 2012 წლის 1 ნოემბრამდე მუშაობდა საჩხერის მუნიციპალიტეტის ... თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის პოზიციაზე. 2012 წლის 1 ნოემბრის საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე განთავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან.

დადგენილია, რომ გადაწყვეტილება ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატების წარდგენის შესახებ მიღებულია 2015 წლის 15 მაისის საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის ოქმით. წარმოდგენილ ოქმზე ხელი აქვს მოწერილი კომისიის 10 წევრს. აღნიშნული რაოდენობა საკმარისი იყო იმისათვის, რომ მიღებული ყოფილიყო გადაწყვეტილება.

სასამართლომ ჩათვალა, რომ საქმის მასალებში არ არის ისეთი ფაქტების დამადასტურებელი გარემოებები და ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა დისკრიმინაციას ან სხვა სახის შეზღუდვას ან უხეშ დარღვევას კონკურსის გამოცხადების ან კონკურსის ჩატარების პროცესში, რომლის გამოც შესაძლებელი იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება.

სასამართლოს მითითებით, ტესტირებაში მაღალი ქულის მიღება არ განსაზღვრავს კონკურსის შედეგებს, რასაც აღნიშნული საკითხის სამართლებრივი რეგულაციაც აფიქსირებს. მოსარჩელე შემოიფარგლა, მხოლოდ ზოგადი განმარტებებითა და სავარაუდო მოსაზრებებით. სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობს საფუძველი მტკიცებულების სახით მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტების ბათილობისა.

სასამართლოს მითითებით, სადავოა მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის შედეგად. ამავე კანონის 31-ე მუხლის თანახმად, საჯარო კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად შესაბამისი სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. ამასთანავე, კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 10-დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების მომენტი. ამავე კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად საკონკურსო-საატესტაციო კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს და გამოაქვს თავისი გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად საკონკურსო-საატესტაციო კომისია ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წამოაყენებს ერთ-ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი წევრი, გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 5 დღისა წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს კი – კომისიის მიერ კანდიდატის წამოყენების ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო-საატესტაციო კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე. ამავე კანონის 361-ე მუხლის შესაბამისად მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო დაწესებულებაში იქმნება შესაბამისი მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსსა და ატესტირებას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია − ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთათვის.

სასამართლოს მითითებით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების შესაბამისად დამტკიცდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესი (შემდგომში წესი). წესის მე-3 მუხლის შესაბამისად კონკურსის პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) სამართლიანობა; გ) საჯაროობა; დ) გამჭვირვალობა; ე) არადისკრიმინაციულობა; ვ) ობიექტურობა; ზ) მიუკერძოებლობა; თ) კოლეგიალურობა; ი) კორექტულობა. წესი ასევე აწესრიგებს კონკურსის გამოცხადებისა და ჩატარების პირობებს.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების საფუძველზე საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №41 დადგენილებით დამტკიცდა საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება (შემდგომში დებულება), რომელშიც მოწესრიგებულია კონკურსის გამოცხადების, ჩატარების და ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი. დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად კომისია უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ სამი წევრისა. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით. დამსწრე წევრთა უბრალო უმრავლესობით. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს. დებულების მე-13 მუხლში მითითებულია კონკურსის ჩატარების ეტაპები, რომელიც დ. ბ-ის მიერ გადალახული იქნა და მოსარჩელის მიერ სადაოდ არ არის გამხდარი. დებულების მე-18 მუხლის შესაბამისად საკონკურსო-საატესტაციო კომისია კანდიდატების მიერ ყველა ეტაპის გავლის შემდეგ თავის სხდომაზე განიხილავს საკითხს მათ დაუსწრებლად. კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს თანამდებობაზე დასანიშნი პირის აზრს. კონკურსის შედეგების მიხედვით ქულათა სისტემით ან კომისიის წევრთა ინდივიდუალური შეფასებებით, საკონკურსო-საატესტაციო კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობასთან დაკავშირებით იღებს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას: დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე. ამავე ნორმის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღეში ელექტრონული ფოსტის საშუალებით ეცნობება შედეგები კონკურსში მონაწილეს.

სასამართლოს მითითებით, დებულების მე-19 მუხლის შესაბამისად კონკურსი ჩაშლილად ითვლება თუ კომისია უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე. ამ ნორმების დანაწესი ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს კომისიის წევრთა მოქმედების რეჟიმს, ხოლო ოქმზე ხელმოწერები ადასტურებს კომისიის წევრთა მიერ გამოხატულ ნებას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. განსხვავებული აზრი ან პრეტენზია პროცედურების დარღვევაზე კომისიის წევრების მიერ არ გაცხადებულა. სადავო სამართლებრივ ურთიერთობაში კონკურსის შედეგების მიხედვით კომისიის წევრთა ინდივიდუალური შეფასებებით დ. ბ-ეს უარი ეთქვა ... ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენაზე, კერძოდ ვაკანტურ თანამდებობებზე წარდგენილი იქნენ: 1. საჩხერის მუნიციპალიტეტის სამსახურის გამგებლის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტი ... ადმინისტრაციულ ერთეულში - თ. კ-ე-ქ-ე; 2. ადმინისტრაციული სამსახურის ... განყოფილების მთავარი სპეციალისტი საინფორმაციო უზრუნველყოფის საკითხებში - დ. ლ-ე; 3. გამგებლის წარმომადგენელი ... ადმინისტრაციულ ერთეულში - გ. ლ-ე; ხოლო მე-4 ვაკანტური თანამდებობა - გამგებლის თანაშემწე - გამოცხადდა ჩაშლილად.

სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. ბ-ესთან მიმართებაში არ დარღვეულა კონკურსის ჩატარების და კანდიდატის შერჩევის ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული წესები. საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომელიც ადმინისტრაციული წარმოებისას დაადასტურებდა დარღვევას. დ. ბ-ე ადასტურებს, რომ ელექტრონული წესით მიიღო ინფორმაცია კონკურსის შედეგების შესახებ. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებები, რომელთა ბათილად ცნობასაც ითხოვს დ. ბ-ე, მიღებულია კომისიის გადაწყვეტილებების საფუძველზე. სასამართლოს მითითებით, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ არ არსებობდა სადავო გადაწყვეტილებების ბათილობის საფუძველი, შესაბამისად არ არსებობდა საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 29 მაისის №53385 ბრძანების, 2015 წლის 1 ივნისის №53414 ბრძანების, 2015 წლის 1 ივნისის №53419 ბრძანების ბათილობის საფუძველი.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა დ. ბ-ის სარჩელში მითითებულ საფუძვლებზე, კერძოდ მის მიმართ დისკრიმინაციასა და არაობიექტურობაზე. სასამართლოს მითითებით, დებულების მე-2 მუხლის შესაბამისად, არადისკრიმინაციულობა ნიშნავს კონკურსის პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს პირთა თანასწორობას განურჩევლად რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა ნიშნისა. დაცული უნდა იყოს საქართველოს კანონის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის“ მოთხოვნები. მოცემული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე დ. ბ-ის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის დისკრიმინაციას, არაობიექტურობას.

სასამართლომ ჩათვალა, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არსებითად არ დარღვეულა ადმინისტრაციული წარმოება. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულიად იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციულ წარმოებასთან არსებული გარემოებები მოსარჩელესთან მიმართებაში. სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად მიუთითა, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება ისეთი დარღვევა, რომლის არ არსებობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ნოემბრის განჩინებით დ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390.3 „გ“ მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითა მათზე.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სადავო ოქმს ხელს აწერს კომისიის მხოლოდ 10 წევრი, 2 ხელმოწერა ოქმს არა აქვს, რადგან საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე წევრთა უბრალო უმრავლესობით. მოცემულ შემთხვევაში საკონკურსო-საატესტაციო კომისია შედგებოდა 12 წევრისაგან, ხოლო ოქმი ხელმოწერილია 10 წევრის მიერ, შესაბამისად გადაწყვეტილება მიღებულია დამსწრეთა უმრავლესობით. ასევე, წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდებოდა, რომ კომისიის წევრებს გააჩნდათ განსხვავებული აზრი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაერთვებოდა ოქმს.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ვინაიდან საჩხერის მუნიციპალიტეტში მიიღო ყველაზე მაღალი ქულა - 54, გააჩნდა თანამდებობაზე მუშაობის 6-წლიანი გამოცდილება და კარგად იცნობდა ტერიტორიულ ერთეულს, კომისიას უნდა წარედგინა დასანიშნად ვაკანტურ თანამდებობაზე, რადგან კომისია კანდიდატს აფასებს პროფესიული დონის, პიროვნული თვისებების, მოტივაციის და უნარ-ჩვევების შეფასების შედეგად. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სხვა კონკურსანტებთან შედარებით მაღალი ქულის მიღება არ წარმოადგენს ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად უპირობოდ წარდგენის საფუძველს. კონკურსის ჩატარებისას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების, ამ დადგენილების საფუძველზე დამტკიცებული საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების მოთხოვნათა დარღვევას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, კანონიერია საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის 2015 წლის 15 მაისის №6 სხდომის ოქმი გასაჩივრებულ ნაწილში. რაც შეეხება კონკურსანტების მხარდაჭერის მიზანშეწონილობის საკითხს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კომისიამ კანდიდატები შეაფასა მათი პროფესიული დონის, პიროვნული თვისებების, მოტივაციის და უნარ-ჩვევების გათვალისწინებით და მიიღო გადაწყვეტილება მათი შესაბამის თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენის შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კონკურსანტმა თ. კ-ე-ქ-ემ ვინაიდან განაცხადი წარადგინა 8 ვაკანსიაზე, მას კი ერთდროულად მხოლოდ 5 ვაკანსიაზე ჰქონდა განაცხადის წარდგენის უფლება, აღნიშნული წარმოადგენდა კონკურსიდან მოხსნის საფუძველს, ვინაიდან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების მე-9 მუხლის მე-3 ნაწილით მართალია გათვალისწინებულია, რომ კანდიდატს უფლება აქვს, ერთი კონკრეტული უწყების მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადება წარადგინოს ერთდროულად, არა უმეტეს ხუთ ვაკანსიაზე, გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების სისტემებისა, მაგრამ მითითებული წესით არ არის გათვალისწინებული, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი განცხადებას 5-ზე მეტ ვაკანსიაზე წარადგენს, ის უნდა მოიხსნას კონკურსიდან და მონაწილეობას ვერ მიიღებს გამოცხადებულ კონკურსში.

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ დაარღვია გამჭირვალობის პრინციპი, გასაუბრებაზე არ უწარმოებია ვიდეო-აუდიო გადაღება და ოქმის შედგენა, რომლებშიც დეტალურად იქნებოდა აღწერილი კონკურსის მიმდინარეობა, რადგან კონკურსის მიმდინარეობის ვიდეო-აუდიო გადაღების სავალდებულოობა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებით და მის საფუძველზე დამტკიცებული საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებით, არ არის გათვალისინებული.

სააპელაციო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მითითება დისკრიმინაციული ნიშნით კონკურსანტების შეფასების დასაბუთებული ეჭვის არსებობის თაობაზე, რადგან აღნიშნული ეჭვი დაუსაბუთებელია და მხარეთა ახსნა-განმარტებებით, ასევე საქმის მასალების შესწავლითაც არ დადასტურდა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კომისიის მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით მოხდა არსებულ ვაკანსიებზე დასანიშნად კონკურსანტთა წარდგენა. შესაბამისად, კანონიერია საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებები თ. კ-ე-ქ-ის, დ. ლ-ის და გ. ლ-ის თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და მიუთითებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე.

კასატორის განმარტებით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ კონკურსის ჩატარებისას დაარღვია საქართველოს მთავრობის №412 დადგენილებითა და საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №41 დადგენილებით განსაზღვრული ნორმები. კერძოდ, კონკურსის ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაირღვა კანონიერების, საჯაროობის, გამჭვირვალობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპები. საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ არ უზრუნველყო გამჭვირვალეობა კონკურსის მიმდინარეობის პროცესში. კომისიას გასაუბრების ეტაპზე არ უწარმოებია ვიდეო-აუდიო გადაღება და ოქმის შედგენა, რომლებშიც დეტალურად იქნებოდა აღწერილი კონკურსის მიმდინარეობა, ასევე არ არსებობდა კონკურსის მონაწილეთა შეფასების კრიტერიუმები, კომისიამ ვერ დაასაბუთა თუ რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა კანდიდატების შერჩევისას. დაუსაბუთებელია სადავო ოქმი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს პროცესის მიმდინარეობის გამჭვირვალობას. კასატორის მითითებით, სწორედ გამჭვირვალობის პრინციპის დაცვა იძლევა შესაძლებლობას სასამართლოს მხრიდან შეფასდეს კომისიის მხრიდან რამდენად დაცულია სხვა პრინციპები. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვეულია გამჭვირვალობის პრინციპი, ობიექტურ დამკვირვებელს არ აქვს შესაძლებლობა გაეცნოს და შეაფასოს გასაუბრების მიმდინარეობა.

ამასთან, კასატორის მითითებით, გაუგებარია სასამართლოთა მითითება დისკრიმინაციაზე. მისი მხრიდან კონკრეტულად რაიმე სახის დისკრიმინაციაზე მითითება არ მომხდარა და არც მოთხოვნის საფუძვლად განსაზღვრულა. სასარჩელო მოთხოვნის საფუძველს არ წარმოადგენდა დისკრიმინაცია.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. კანონის ნორმების უგულებელყოფაზე მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მტკიცების ტვირთის მოსარჩელეზე გადმოტანა. კასატორის მითითებით, კანონმდებლობითა და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით კონკრეტულად განსაზღვრულია მოცემულ შემთხვევაში ვის ეკისრება მტკიცების ტვირთი. ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ წარმოადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სადავო აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები.

კასატორის მოსაზრებით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით და ვერც სასამართლო პროცესზე ვერ დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება; კომისიამ ვერ მიუთითა მიზეზი, რამაც დ. ბ-ეს ხელი შეუშალა ვაკანტურ თანამდებობაზე წარსადგენად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მაისის განჩინებით დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ნოემბრის განჩინება არ არის დასაბუთებული. სააპელაციო სასამართლო არასწორად მიუდგა სადავო საკითხს და არასათანადო სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლოს მიერ გამოტანილი დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალების ობიექტური შეფასებიდან, რაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნების საფუძველს წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №41 დადგენილებით დამტკიცდა საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის დებულება. მუნიციპალიტეტის მიერ შეიქმნა ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისია და საპრეტენზიო კომისია. საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 ნოემბრის №45 დადგენილებით განისაზღვრა საჩხერის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

2015 წლის აპრილის თვეში საჩხერის მუნიციპალიტეტში გამოცხადდა კონკურსი მუნიციპალიტეტის გამგეობის ვაკანტურ თანამდებობებზე. დ. ბ-ემ განაცხადი გააკეთა 4 ვაკანტურ თანამდებობაზე: 1. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის გამგებლის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტის ... ადმინისტრაციულ ერთეულში, 2. გამგებლის თანაშემწის, 3. ადმინისტრაციული სამსახურის ... განყოფილების მთავარი სპეციალისტის საინფორმაციო უზრუნველყოფის საკითხებში, 4. გამგებლის წარმომადგენლის ... ადმინისტრაციულ ერთეულში.

დადგენილია, რომ კონკურსი ჩატარდა შემდეგი ეტაპებით: განცხადების გადარჩევა, ტესტირება, გასაუბრება და კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა გადაწყვეტილების მიღებით.

ასევე დადგენილია, რომ 2014 წლის დეკემბერში დ. ბ-ემ გაიარა ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ტესტირება, სადაც 60 ქულიდან მიიღო 54 ქულა.

საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის 2015 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით დ. ბ-ე წარდგენილი არ იქნა არც ერთ ზემოთ აღნიშნულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად. მას ელექტრონულად გაეგზავნა გზავნილი ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად წარსადგენად უარის თქმის თაობაზე.

საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის გამგებლის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტად ... ადმინისტრაციულ ერთეულში საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით წარდგენილ იქნა თ. კ-ე-ქ-ე, რომელიც საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 29 მაისის №53385 ბრძანებით დაინიშნა აღნიშნულ თანამდებობაზე. ადმინისტრაციული სამსახურის ... განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე საინფორმაციო უზრუნველყოფის საკითხებში საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილ იქნა დ. ლ-ე, რომელიც საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 1 ივნისის №53 419 ბრძანებით დაინიშნა აღნიშნულ თანამდებობაზე. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელად ... ადმინისტრაციულ ერთეულში საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილ იქნა გ. ლ-ე, რომელიც საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 1 ივნისის №53 414 ბრძანებით დაინიშნა აღნიშნულ თანამდებობაზე. გამგებლის თანაშემწის თანამდებობა კი დარჩა ვაკანტური, ვინაიდან აღნიშნული ვაკანსია გამოცხადდა ჩაშლილად.

ასევე დადგენილია, რომ დ. ბ-ე 2006 წლიდან 2012 წლის 1 ნოემბრამდე მუშაობდა საჩხერის მუნიციპალიტეტის ... თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის პოზიციაზე. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2012 წლის 1 ნოემბრის ბრძანების საფუძველზე იგი განთავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან. ამასთან, მოსარჩელის მტკიცებით, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ... თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის პოზიციაზე მისი 6-წლიანი მუშაობის პერიოდში მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის არცერთი ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული, რასაც არც საქმეში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უარყოფს.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე - დ. ბ-ე სადავოდ ხდის საჩხერის მუნიციპალიტეტში ვაკანტურ თანამდებობებზე ჩატარებული კონკურსის პროცედურებსა და შედეგებს. მოსარჩელე საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის 2015 წლის 15 მაისის №6 სხდომის ოქმის კანონიერების საკითხს აყენებს, რომლითაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების წარდგენის შესახებ. ამასთან, მოსარჩელე საქმეში მესამე პირებად ჩაბმული - თ. კ-ე-ქ-ის საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის გამგებლის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტად ... ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშვნის შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების, დ. ლ-ის ადმინისტრაციული სამსახურის ... განყოფილების საინფორმაციო უზრუნველყოფის საკითხებში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების, გ. ლ-ის საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლად ... ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშვნის შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების ბათილად ცნობას, მოპასუხისათვის დ. ბ-ის კანდიდატად წარდგენასთან დაკავშირებით ახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას მოითხოვს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების, ისევე როგორც სადავო აქტების დასაბუთება ვერ პასუხობს მოსარჩელის - დ. ბ-ის პრეტენზიებს სადავოდ ქცეული აქტების კანონიერების თაობაზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო დაესაბუთებინა თუ რატომ ეთქვა უარი მოსარჩელის - დ. ბ-ის კანდიდატურას და რატომ მიენიჭა უპირატესობა ვაკანტურ თანამდებობებზე წარსადგენად სხვა კანდიდატებს - საქმეში მესამე პირებად მოწვეულ გ. ლ-ეს, თ. კ-ე-ქ-ესა და დ. ლ-ეს. გასაჩივრებული აქტების კანონიერად მიჩნევა კი სწორედ ასეთ დასაბუთებას საჭირობს. მართალია, ადმინისტრაციული ორგანო კონკურსის წესით საჯარო მოხელეთა შერჩევის პროცესში დისკრეციული უფლებამოსილებით სარგებლობს, თუმცა მასვე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. როდესაც კონკურსის წესით საჯარო მოხელის შერჩევისას არჩევანი ერთი კანდიდატის სასარგებლოდ კეთდება, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება. ბუნებრივია კანდიდატს, რომელსაც უარი ეთქვა თანამდებობაზე წარსადგენად უჩნდება საფუძვლიანი უფლება გაეცნოს გადაწყვეტილების მოტივებს. მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილების შედეგებისა, დაინტერესებული მხარისთვის გასაგები უნდა იყოს რა მოტივით იქნა მიღებული მის მიმართ კონკრეტული გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანობისა და კანონიერების განცდას უნდა ქმნიდეს.

ამასთან, თავად კონკურსის არსიდან გამომდინარეობს კანდიდატთა შერჩევის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების მაღალი სტანდარტი, ვინაიდან კონკურსის წესით საჯარო მოხელეთა შერჩევისას ადმინისტრაციულ ორგანოს კანდიდატთა შეფასების ფართო არეალი აქვს, რაც ზრდის არაობიექტური და მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღების რისკებს. პროცესის გამჭვირვალობითა და გადაწყვეტილების დასაბუთებით ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაობიექტური გადაწყვეტილება.

კონკურსის შედეგად საჯარო მოხელეთა შერჩევის არსს სწორედ გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე კანდიდატთა ურთიერთშეპირისპირებისას კონკრეტული თანამდებობისთვის სათანადო კანდიდატის შერჩევა წარმოადგენს. წინააღმდეგ შემთხვევაში აზრს დაკარგავდა აღნიშნული რეგულაცია. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის მე-4 მუხლი განსაზღვრავს კონკურსის მიზანსა და ამოცანებს, რომლის თანახმად, კონკურსის მიზანია ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი კანდიდატის შერჩევა; ხოლო კონკურსის ამოცანებია: ა) საქართველოს მოქალაქეთათვის ვაკანტურ თანამდებობათა თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ბ) ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატების შერჩევის და მათი თანამდებობებზე დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; გ) კონკურსში მონაწილე კანდიდატების კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, ცოდნის, პიროვნული თვისებების, მოტივაციის და უნარ-ჩვევების შეფასება; დ) შერჩეული კანდიდატების ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა. სწორედ აღნიშნულ მიზნებსა და ამოცანებზე მიუთითებს წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული კონკურსის პრინციპები - ა) კანონიერება; ბ) სამართლიანობა; გ) საჯაროობა; დ) გამჭვირვალობა; ე) არადისკრიმინაციულობა; ვ) ობიექტურობა; ზ) მიუკერძოებლობა; თ) კოლეგიალურობა; ი) კორექტულობა.

იმ პირობებში, როდესაც გასაუბრებაზე დ. ბ-ეს დაუსვეს მხოლოდ ერთი შეკითხვა და ისიც მის ბიოგრაფიასთან დაკავშირებით, ხოლო გასაჩივრებული აქტები ვერ უზრუნველყოფს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი კონკურსის გამჭვირვალობის თაობაზე. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა კი უპირველესად გამჭვირვალე პროცესითა და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი. იმისათვის, რომ შემოწმდეს მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება, უნდა არსებობდეს პროცესის შემოწმების შესაძლებლობაც. ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის კანონიერების კონტროლი კი სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ხელისუფლების დანაწილების პრინციპის რეალიზაცია მნიშვნელოვნად არის განპირობებული სასამართლო ხელისუფლების როლით, სასამართლოს მიერ ობიექტური, მიუკერძოებელი და კვალიფიციური მართლმსაჯულების განხორციელებით, ვინაიდან სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას - მართლმსაჯულებას, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ეს მოიცავს არა მხოლოდ კონკრეტული კონფლიქტების (დავები) გადაწყვეტას, არამედ - სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა საქმიანობაზე სასამართლო კონტროლის განხორციელებას.

მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელია ადმინისტრაციულ ორგანოთა გადაწყვეტილებების, ხელშეკრულებების, ქმედებების /მოქმედება, უმოქმედობა/ გასაჩივრება საერთო სასამართლოში, რა დროსაც სასამართლოს ობიექტურობას, მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას განუზომელი მნიშვნელობა აქვს, რათა აღადგინოს დარღვეული წონასწორობა პირსა და ოფიციალურ სტრუქტურას შორის. სასამართლო კონტროლი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებებზე უზრუნველყოფს დარღვეული უფლების აღდგენას, კანონის უზენაესობის დამკვიდრებას, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ნორმებით მკაცრად რეგლამენტირებულ ჩარჩოში მოქცევას, ეფექტური დაცვის რეალიზაციას და ა.შ. სახელმწიფო გარანტირებული უნდა იყოს ადმინისტრაციული აქტების კონტროლით, სრულად ემორჩილებოდეს კანონს და იმავდროულად, უზრუნველყოფდეს ადმინისტრაციული ხელისუფლების ორგანოების ეფექტურ მუშაობას. გათვალისწინებულია რა საჯარო ადმინისტრაციულ ორგანოებსა და პირებს შორის არსებულ უფლებამოსილებათა დისბალანსი, შესაბამისად, ეს ურთიერთობა საჭიროებს ეფექტურ კონტროლს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირების დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონკურსი არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან. განსახილველ შემთხვევაში გამოსარკვევია საჩხერის მუნიციპალიტეტში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად რა კრიტერიუმები გახდა განმსაზღვრელი.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა დ. ბ-ის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ვინაიდან საჩხერის მუნიციპალიტეტში მიიღო ყველაზე მაღალი ქულა - 54, გააჩნდა თანამდებობაზე მუშაობის 6-წლიანი გამოცდილება და კარგად იცნობდა ტერიტორიულ ერთეულს, კომისიას უნდა წარედგინა დასანიშნად ვაკანტურ თანამდებობაზე, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მითითებით, კომისია კანდიდატს აფასებს პროფესიული დონის, პიროვნული თვისებების, მოტივაციის და უნარ-ჩვევების შეფასების შედეგად და სხვა კონკურსანტებთან შედარებით მაღალი ქულის მიღება არ წარმოადგენს ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად უპირობოდ წარდგენის საფუძველს. თუმცა, ისევე როგორც ადმინისტრაციულმა ორგანომ, ვერც სააპელაციო სასამართლომ მიუთითა კონკრეტულად რა კრიტერიუმებით შეფასდნენ შესარჩევი კანდიდატები და თუ არა ტესტირებაში მიღებული მაღალი ქულა, თანამდებობაზე მუშაობის 6-წლიანი გამოცდილება და ტერიტორიული ერთეულის კარგად ცნობა, რა კრიტერიუმები გახდა გადამწყვეტი ვაკანტურ თანამდებობებზე წარსადგენად.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, მართალია ცალკე აღებული ტესტირების ქულა ან თუნდაც გამოცდილება კანდიდატად წარდგენის უპირობო კრიტერიუმს არ წარმოადგენს და ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობის საგნად უნდა იქცეს თითოეული კანდიდატის განათლების დონე, სპეციალობა, გამოცდილება, უნარ-ჩვევები და სხვა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, თუმცა კონკურსის წესით კანდიდატის შერჩევისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სასურველი კადრის შესარჩევად წარდგენილი კრიტერიუმები, თავისმხრივ, კონკურსში მონაწილე კანდიდატთა უნარ-ჩვევები, პროფესიონალიზმი, გამოცდილება, დადგენილი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები ერთობლიობაში უნდა განსაზღვრავდეს მიღებული გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შეეძლოს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება. ვაკანტური თანამდებობის სპეციფიკიდან გამომდინარე შესაძლოა ადმინისტრაციულმა ორგანომ სამუშაო სტაჟისა და გამოცდილების მქონე კანდიდატთან შედარებით უპირატესობა გამოუცდელს მიანიჭოს, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეძლოს იმის დასაბუთება, თუ რა გარემოება, რა კრიტერიუმი გახდა გადამწყვეტი კონკრეტული კანდიდატის წარსადგენად ვაკანტურ თანამდებობაზე.

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკურსის წესით ვაკანტურ თანამდებობაზე წარსადგენად კანდიდატის შერჩევა ფორმალურ ხასიათს არ უნდა ატარებდეს. ადმინისტრაციული ორგანო უნდა ქმნიდეს ჯანსაღი კონკურენციის რეალურ პირობებს. ადმინისტრაციული ორგანოს სრულყოფილი, გამართული ფუნქციონირებისათვის იგი დაკომპლექტებული უნდა იყოს გამჭვირვალე და ობიექტური კონკურსის საფუძველზე შერჩეული სათანადო, კვალიფიციური საჯარო მოხელეებით. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს კანდიდატი რამდენად არის საჯარო მოხელის შესატყვისი.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას საქმეში არსებული მასალების ყოველმხრივი და ობიექტური შეფასების საფუძველზე უნდა დაადგინოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლები და კანონიერება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვოს დამატებითი მტკიცებულებები.

ამასთან, საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ საკასაციო სასამართლოში გამართულ სხდომებზე დ. ბ-ე თანხმობას აცხადებდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან მორიგებისთვის რომელიმე ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენის პირობით. თუმცა, საბოლოოდ, სასამართლოს ძალისხმევისა და მოსარჩელის პოზიციის მიუხედავად, მოცემულ შემთხვევაში საქმეზე მორიგება ვერ შედგა. საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების ერთ-ერთ მოტივს მორიგების მიღწევის შესაძლებლობაც წარმოადგენს. საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლო უნდა შეეცადოს მხარეთა შორის მორიგების მიღწევას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით, საქმეზე უნდა მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

ამდენად, დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი