Nბს-95-94 (2კ-16) 12 ივლისი, 2016 წელი, ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - 1. თ. გ-ი 2. თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ოქტომბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - 1. გასაჩივრებული განჩინება გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება 2. გასაჩივრებული განჩინება გაუქმება, საქმის წარმოების შეწყვეტა
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თ. გ-მა თელავის რაიონულ სასამართლოში თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა, რომლითაც მოითხოვა თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 29 აპრილის №7/2-157 ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება.
2. მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 14 სექტემბრიდან მუშაობდა თელავის გამგეობის ... სამსახურის სპეციალისტად. თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 21 იანვრის ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. 2013 წლის 11 აპრილის წერილით უარი ეთქვა დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენაზე. სადავო საკითხზე ოთხჯერ იმსჯელა სასამართლომ და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნო სადავო აქტები. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ სამსახურში არ აღადგინა.
3. თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 29 აპრილის №7/2-157 ბრძანება და თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით თ. გ-ის და თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
6. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
6.1. თ. გ-ი მუშაობდა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე. თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 21 იანვრის №7/1-75 ბრძანებით თ. გ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შტატების შემცირების გამო და მიეცა ორი თვის თანამდებობრივი სარგო.
6.2. თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 11 აპრილის №გ/28 პასუხით მოსარჩელეს უარი ეთქვა დასაქმების მოთხოვნაზე მუნიციპალიტეტის გამგეობაში შესაბამისი ვაკანსიის არ არსებობის გამო.
6.3. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის უფროსის დახასიათება-რეკომენდაციის მიხედვით, მოსარჩელე ხასიათდებოდა დადებითად.
6.4. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 21 ნოემბრის №220 ბრძანებით დამტკიცებული თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2012 წლის საშტატო ნუსხის თანახმად, ... სამსახურში არსებობდა სამსახურის უფროსის 1 შტატი, მთავარი სპეციალისტის 1 შტატი და სპეციალისტის 10 შტატი - სულ 12 საშტატო ერთეული. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 21 იანვრის №09 ბრძანებით დამტკიცებული თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის საშტატო ნუსხის თანახმად, ... სამსახური მოიცავდა შემდეგ საშტატო ნუსხას: სამსახურის უფროსის 1 შტატი, მთავარი სპეციალისტის 2 შტატი და სპეციალისტის 7 შტატი - სულ 10 საშტატო ერთეული. აღნიშნული საშტატო ნუსხით სპეციალისტის შტატი შემცირდა 3 ერთეულით, ხოლო მთავარი სპეციალისტის შტატი გაიზარდა 1 ერთეულით. 2013 წლის 21 იანვარს - ერთიდაიმავე დღეს მოხდა მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლება შტატების შემცირების გამო და იმავე სამსახურში მთავარი სპეციალისტის შტატის ერთი ერთეულით გაზრდა, რომელზეც დაინიშნა თელავის მუნიციპალიტეტში არამომუშავე სხვა პირი, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
6.5. თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 21 იანვრის №7/1-75 ბრძანება თ. გ-ის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ და თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 11 აპრილის №გ/28 პასუხი თ. გ-ისათვის დასაქმებაზე უარის თქმის თაობაზე მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა თელავის რაიონულ სასამართლოში.
6.6. თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით (მიღებული №3/26-13 საქმეზე) თ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით და შესულია კანონიერ ძალაში.
6.7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 სექტემბრის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მოსარჩელის წარმომადგენელმა 2013 წლის 13 ნოემბერს განცხადებით მიმართა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა თ. გ-ის სამსახურში აღდგენა, რაზეც მოპასუხეს პასუხი არ გაუცია.
6.8. მოსარჩელის წარმომადგენელმა 2013 წლის 11 დეკემბერს კვლავ მიმართა განცხადებით თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა თ. გ-ის სამსახურში აღდგენა, რაზეც მოპასუხემ 2013 წლის 19 დეკემბერს გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ. გ-ის სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის შესახებ.
6.9. თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 1 ნოემბრის №7/1-375 ბრძანებით დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლდა ის პირი, რომელიც დანიშნული იყო თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... მთავარი სპეციალისტის იმ შტატში დროებითი მოვალეობის შემსრულებლად, რომელიც დაემატა 2013 წლის 21 იანვარს. დამატებულ საშტატო ერთეულზე 2013 წლის 20 ნოემბრის თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის №7/1-398 ბრძანებით დაინიშნა არა მოსარჩელე, არამედ ისევ სხვა პირი - ე. ა-ი.
6.10. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოპასუხის მიერ არ მომხდარა იმ გარემოებების შესწავლა, რომელთა შესწავლის ვალდებულებაც თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით. აღნიშნული გარემოებების გაუთვალისწინებლად, მოპასუხემ ე. ა-ი დანიშნა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... მთავარი სპეციალისტის ვაკანსიაზე დროებითი მოვალეობის შემსრულებლად და მოსარჩელესა უარი უთხრა იმავე საშტატო ერთეულზე დანიშვნაზე.
6.11. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის 19 დეკემბრის №7/2-459 ბრძანების გამოცემას, რომლითაც უარი ეთქვა თ. გ-ს სამსახურში აღდგენაზე, საფუძვლად დაედო თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსის 2013 წლის 19 დეკემბრის მოხსენებითი ბარათი, რომლის თანახმადაც, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, განმეორებით შესწავლილი იქნა თ. გ-ის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების მასალები და გამოირკვა, რომ მისი განთავისუფლების მომენტში არ ყოფილა სამართლებრივი გადაცდომა.
6.12. თ. გ-მა კვლავ მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს სარჩელით, რომლითაც მოითხოვა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის დეკემბრის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის და თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 19 დეკემბრის №7/2-459 ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.
6.13. თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით თ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის დეკემბერში გამოცემული ბრძანება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმის შესახებ, თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 19 დეკემბრის №7/2-459 ბრძანება და თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მაისის განჩინებით.
6.14. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, კანონიერ ძალაში შესული თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2014 წლის 29 აპრილს გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - №7/2-157 ბრძანება თ. გ-ის სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის შესახებ. ბრძანებას საფუძვლად დაედო თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსის და თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ზ. ლ-ის 2014 წლის 28 აპრილის მოხსენებითი ბარათები, რომელთა თანახმადაც ,,სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, განმეორებით შესწავლილი იქნა თ. გ-ის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების მასალები და გამოირკვა, რომ მისი განთავისუფლების მომენტში არ ყოფილა სამართლებრივი გადაცდომა. ამასთან, სასამართლოს გამგეობისათვის არ დაუვალებია თ. გ-ის სამსახურში აღდგენა. თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 20 ნოემბრის №7/1-398 ბრძანებით გამგეობის ... სამსახურში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დროებითი მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ე. ა-ი, რომელიც მანამდე მუშაობდა შსს თელავის რაიონულ სამმართველოში, ჰქონდა დიდი გამოცდილება, ხასიათდება დადებითად. ე. ა-ის დანიშვნის შემდეგ გამგეობის მიერ არაერთხელ იქნა შეთავაზებული თ. გ-ისათვის სამსახურში მოწყობა, მაგრამ იგი უარს აცხადებს და ითხოვს ყოფილ სამსახურში აღდგენას, რაც შეუძლებელია, რადგან იგი უკანონოდ არ ყოფილა სამსახურიდან გათავისუფლებული“.
6.15. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ 2014 წლის 23 მაისს თელავის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა თ. გ-მა, რომლითაც მოითხოვა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 29 აპრილის №7/2-157 ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება. თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 29 აპრილის ბრძანება №7/2-157 და თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
6.16. კანონიერ ძალაში შესული თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2015 წლის 15 ივნისს გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - №639 ბრძანება თ. გ-ის სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის შესახებ. მითითებული ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსის და თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათები.
7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პროცესუალური ეკონომიის მიზნით, დაუშვებელია, ერთსა და იმავე საკითხზე რამდენჯერმე იქნეს გამოყენებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად რამდენჯერმე დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი შესწავლა და გამოკვლევა. თუ სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნობს გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ აქტებს, ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახლა შესწავლას და გამოკვლევას, მაგრამ ადმინისტრაციული ორგანო არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს სასამართლოს დავალებას და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი შესწავლა-გამოკვლევის გარეშე იღებს სადავო საკითხზე პრაქტიკულად იმავე გადაწყვეტილებას, მაშინ სასამართლომ აღარ უნდა გამოიყენოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი მოთხოვნა და საქმეზე თავად უნდა მიიღოს არსებითი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
8. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, თუ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეასრულა კანონიერ ძალაში შესული ორი სასამართლო გადაწყვეტილება და არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მაშინ რაიონულ სასამართლოს მესამედ აღარ უნდა მიეღო გადაწყვეტილება ისევ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, არამედ არსებითად უნდა განეხილა სადავო საკითხი - თ. გ-ის მოთხოვნა სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე და საქმის არსებითად განხილვის შემდეგ უნდა მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
10. თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საქმის წარმოება უნდა შეწყვიტოს, ვინაიდან თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა აღარ არსებობს, ხოლო თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა მისი სამართალმემკვიდრე არ არის. 2014 წლის 2 აგვიტოს მოხდა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ლიკვიდაცია, რომლის ბაზაზე შეიქმნა ორი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტი და თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტი. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 109-ე მუხლის შესაბამისად, გაუქმებული მუნიციპალიტეტის შტატით გათვალისწინებულმა ყველა საჯარო მოხელემ აიღო 2 თვის თანამდებობრივი სარგო. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება მუნიციპალიტეტებში - თვითმმართველ ქალაქსა და თვითმმართველ თემში. მე-2 პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ქალაქი არის ქალაქის კატეგორიის დასახლება, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს ან მიენიჭება მუნიციპალიტეტის სტატუსი, მე- 3 პუნქტის თანახმად, თვითმმართველი თემი არის რამდენიმე დასახლების ერთობლიობა, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს ან მიენიჭება მუნიციპალიტეტის სტატუსი. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია, რომ თვითმმართველი ქალაქის სტატუსი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 2005 წლის საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული აქვთ და ამ კანონით ენიჭებათ ქალაქებს: თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთს, ბათუმს, თელავს, ოზურგეთს, ზუგდიდს, გორს, ამბროლაურს, მცხეთას და ახალციხეს. მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ მუნიციპალიტეტის (გარდა თვითმმართველი ქალაქისა) ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრება 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგ არჩევნებამდე არსებული მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ ამ კანონის 152-ე მუხლის საფუძველზე შექმნილი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრები განისაზღვრება ამ კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად. თელავის მუნიციპალიტეტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ სამართლებრივ აქტებში არსად არ არის ნახსენები სამართალმემკვიდრეობის/უფლებამონაცვლეობის საკითხი, თუ რომელი მუნიციპალიტეტია უკვე გაუქმებული თელავის მუნიციპალიტეტის სამართალმემკვიდრე ან/და უფლებამონაცვლე. გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია, ვინაიდან თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის - როგორც თვითმმართველი ერთეულის რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოხდა 2014 წლის 12 აგვისტოს, მიენიჭა ახალი საიდენტიფიკაციო კოდი და ხელახლა მოხდა ბანკში ანგარიშის გახსნა.
11. თ. გ-ი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ 2013 წლიდან დავობს სასამართლო წესით, მაგრამ არც ერთ სასამართლოს არ მიუღია გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს პროცესუალური ეკონომიის პრინციპზე, მაგრამ თავად უგულებელყოფს ამ პრინციპს. სააპელაციო სასამართლოს არ დაუსაბუთებია, რატომ იყო აუცილებელი საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
12. კასატორის მტკიცებით, ადმინისტრაციული ორგანოს გასაჩივრებული აქტები სცდება დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებს. ადმინისტრაციული ორგანოს მიდგომა დისკრიმინაციული, ვინაიდან არ ხდება სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის მიზეზების დასაბუთება. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საკმარისი იყო თ. გ-ის სარჩელის დასაკმაყოფილებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და თ. გ-ის საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
14. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მტკიცებას, რომ ეს უკანასკნელი არ არის თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამონაცვლე და თ. გ-ის სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება.
15. 2014 წლის 2 აგვიტოს მოხდა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ლიკვიდაცია, რომლის ბაზაზე შეიქმნა ორი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტი და თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტი. მართალია, შესაბამისი დოკუმენტებით არ არის განსაზღვრული უფლებამონაცვლეობის საკითხი, მაგრამ საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი არ წარმოადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების აღსრულების არიდების საშუალებას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უფლებამონაცვლეობის საკითხი უნდა გადაწყდეს „მუნიციპალიტეტებს შორის ქონებისა და ვალდებულებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ზოგადი პრინციპების შესაბამისად. „წესის“ მე-4 მუხლი შეეხება ვალდებულებების განაწილების წესს. აღნიშნული მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები შეეხება უფლებამონაცვლეობის დადგენისს წესს უძრავ ქონებასა და მოსახლეობის მომსახურებასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე, მე-3 პუნქტის თანახმად კი, გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის მიერ აღებული სხვა ვალდებულებების უფლებამონაცვლეს წარმოადგენს ახალი მუნიციპალიტეტი - თვითმმართველი თემი, თუ შეუძლებელია უფლებამონაცვლის განსაზღვრა, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის მოხელეთა შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხებზე უფლებამონაცვლეობა ამ წესის შესაბამისად უნდა გადაწყდეს.
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმე მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევითაა განხილული, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი ადგილი აქვს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ზემომითითებული ნორმა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლი არ გულისხმობს, რომ სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუბრუნოს ყოველთვის, როდესაც აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება რაციონალური მართლმსაჯულებისა და პროცესუალური ეკონომიის პრინციპებს.
19. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ, მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ამასთან, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით არ არის დასაბუთებული, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნების აუცილებლობა.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც მას თავად რეალურად გაუჭირდება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე შესრულებული წარმოების გაგრძელება, ფაქტობრივი გარემოებების დადგენა ან პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე ისეთი პროცესუალური დარღვევებით განიხილა, რისი გამოსწორებაც სააპელაციო ინსტანციაში შეუძლებელია ან კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით მართლაც მიზანშეწონილია საქმის დაბრუნება.
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის გონივრულ ვადაში, ეფექტიანად განხილვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი ასპექტია (იხ. მაგ. AFFAIRE KIDZINIDZE c. GEORGIE, §39). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საქმის განხილვის ვადების დაცვის გარდა, აუცილებელია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გამოყენებული ვადა იყოს გონივრული. საქმის განხილვის ვადის გონივრულობის შეფასებისას სასამართლოს მიერ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული რამდენიმე ობიექტური კრიტერიუმი, მათ შორის საქმის სირთულე, მოდავე მხარეების და შესაბამისი კომპეტენტური უწყებების ჩართულობა, ასევე საქმის განხილვის შედეგი დაინტერესებული მხარეებისათვის (იხ. AFFAIRE KŘÍŽ c. RÉPUBLIQUE TCHÈQUE, §72).
22. სამართლიანი სასამართლოს უფლებით დადგენილი სტანდარტის ჭრილში, სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული, სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლების განხილვა, თვალსაჩინოს ხდის, რომ რამდენიმე მათგანი, კერძოდ: ა) საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ; ბ) სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით, ან მისი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, თუ ასეთი წარმომადგენლობა კანონით იყო გათვალისწინებული; გ) გადაწყვეტილება გამოტანილია საქმეზე, რომელიც უწყებრივად სასამართლოს არ ექვემდებარება; დ) გადაწყვეტილება მიღებულია საქმის ზეპირი განხილვის საფუძველზე, რომლის დროსაც დარღვეულია პროცესის საჯაროობის წესები; ე) გადაწყვეტილებას ხელს არ აწერენ ის მოსამართლეები, რომლებიც გადაწყვეტილებაში არიან აღნიშნულნი; ვ) გადაწყვეტილება გამოტანილია იმ მოსამართლეების მიერ, რომლებიც საქმის განხილვაში ადრე მონაწილეობდნენ; ზ) საქმეში არ არის სასამართლოს სხდომის ოქმი - პირდაპირ გამომდინარეობს მართლმსაჯულების სწორად განხორციელების პრინციპიდან, მათ შორის, საქმის განხილვაში მხარის მონაწილეობის და სამართლიანი და საჯარო განხილვის ფუნდამენტური უფლებიდან და ქმნის იმ შემთხვევას, როდესაც ცალსახაა, რომ საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმ სასამართლოს, სადაც მოხდა აღნიშნული დარღვევა.
23. თუმცა სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული კიდევ ორი საფუძველი, კერძოდ: ა) გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული; და ბ) გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია - წარმოადგენს ისეთ საფუძვლებს, რომლებიც, საკასაციო სასამართლოს აზრით, იძლევა სსსკ-ის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებების სრულყოფილი ანალიზის შედეგად და სამართლიანი სასამართლოს უფლების ჭრილში, საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნების მართებულობა-არამართებულობის შეფასების საშუალებას.
24. სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის საქმის უკან დაბრუნების მართებულობის შეფასებისას, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაითვალისწინოს: (1) რა პროცესუალური გარემოებები მიუთითებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის უკან დაბრუნებაზე; (2) ამ გარემოებების გათვალისწინებით, რამდენად მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება, და (3) ხომ არ გამოიწვევს ეს საქმის უსაფუძვლოდ გაჭიანურებას.
25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. მითითებული ნორმით განსაზღვრულია რა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის ზუსტი ფარგლები, კანონმდებელი ამ ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივი გარემოების დადგენისა და მტკიცებულებათა შეფასების მიზნით, რაიმე შეზღუდვას არ უწესებს, უფრო მეტიც, ამ ინსტანციის სასამართლოში, გარკვეული გამონაკლისების გათვალისწინებით (სსსკ 380-ე მუხლი) დასაშვებია ახალი მტკიცებულების მიღება.
26. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა (იხ. აღწერილობითი ნაწილის 6.1-6.16 პუნქტები), ამასთან, გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული არ არის, პირველი ინსტანციის სასამართლომ რა ფაქტობრივი გარემოებები უნდა დაადგინოს ან რომელი საპროცესო მოქმედება უნდა შეასრულოს დავის გადაწყვეტის მიზნით. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე გამყარებულია მხოლოდ იმ მოსაზრებით, რომ თუ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეასრულა კანონიერ ძალაში შესული ორი სასამართლო გადაწყვეტილება და არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მაშინ რაიონულ სასამართლოს მესამედ აღარ უნდა მიეღო გადაწყვეტილება ისევ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე.
27. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ მოცემულ დავასთან მიმართებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება არაგონივრულია და სასამართლომ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება-არდაკმაყოფილების თაობაზე, მაგრამ სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელ გარემოებებსა და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების აუცილებლობას ვერ ხედავს.
28. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დიდი ნაწილი დადგენილად მიიჩნია, ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა არ ზღუდავს სააპელაციო სასამართლოს, გამოიკვლიოს მტკიცებულებები, ისარგებლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობებით (ბუნებრივია, საჭიროების შემთხვევაში), დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივად შეაფასოს და შესაბამისი სუბსუმციის გზით მიიღოს გადაწყვეტილება სადავო საკითხზე, ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, გარემოებები, რომლებიც სააპელაციო სასამართლომ საქმის უკან დაბრუნების საფუძვლად დაუდო, არ განეკუთვნება იმგვარ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს, რაც სააპელაციო სასამართლოს შესაძლებლობას ართმევდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თავად გადაეწყვიტა საქმე და არ დაებრუნებინა პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. თ. გ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე