საქმე №ბს-182-179(კს-15) 07 ივლისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს ,,...“
დაინტერესებული პირი - შპს „ს...“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული დადგენილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.01.2015წ. დადგენილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
04.07.2014წ. შპს ,,...“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ მოპასუხის 16.05.2014წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 20.03.2014წ. შპს ,,...“ წარმომადგენლების მიერ ქ.თბილისში, ... ქუჩაზე, შპს ,,ს...“ მფლობელობაში არსებულ ბენზინგასამართ სადგურზე აღმოჩენილ იქნა წყალმომარაგების ქსელზე თვითნებური მიერთებისა და სასმელი წყლის აღურიცხავი მოხმარების ფაქტი, რაზედაც შედგა აღურიცხავი წყლის მოხმარების =002149 აქტი და =000687 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. შპს ,,...“ 28.03.2014წ. =598 დადგენილებით შპს ,,ს...“ ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და დაედო ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება. შპს ,,ს...“ დაერიცხა უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობის საფასური - 646,30 ლარი, რომლის დაანგარიშება მოხდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 26.11.2008წ. =32 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შესაბამისად. შპს ,,ს...“ საჩივრით მიმართა კომისიას. 16.05.2014წ. =19/5 გადაწყვეტილებით შპს ,,ჯ...“ მოთხოვნა დაკმაყოფილდა, გაუქმდა შპს ,,...“ 28.03.2014წ. =598 დადგენილება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყდა, შპს „ს...“ „აღურიცხავი წყლის მოხმარების“ N002149 აქტით უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის და წყალარინების ქსელით უკანონოდ სარგებლობის საფასურად 646,30 ლარის დარიცხვა მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება მოხდა კანონშეუსაბამოდ, საქმის მასალების შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე, რითაც დაარღვია სზაკ-ის 53-ე, 96-ე, 97-ე მუხლების მოთხოვნები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.07.2014წ. განჩინებით შპს ,,...“ სარჩელი მიჩნეულ იქნა საჩივრად და დაექვემდებარა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განხილვას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.09.2014წ. დადგენილებით შპს ,,...“ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 27.02.2014წ. =7/5 გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას. აღნიშნული დადგენილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნული კომისიის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.01.2015წ. დადგენილებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საჩივარი დარჩა განუხილველი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჩივარი წარდგენილი იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 10-დღიანი ვადის დარღვევით. აღნიშნული დადგენილება საკასაციო პალატაში გასაჩივრდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოს 29.09.2014წ. დადგენილება ჩაბარდა 05.12.2014წ. და სააპელაციო საჩივარი წარადგინა 15.10.2014წ. - დადგენილების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 12.1 მუხლის შესაბამისად, გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, ადგილმდებარეობა, ვადა და წესი. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა ,,ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-6, მე-7 მუხლებზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლზე და აღნიშნა, რომ სასამართლოსთვის საჩივრის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების ფორმალურ აღიარებას, არამედ ასევე შეიცავს შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად მოთხოვნის განხილვის ლეგიტიმურ მოლოდინს. იგი მოიცავს სამართალშეფარდების არა მხოლოდ ფორმალურ, არამედ - შინაარსობრივ კანონიერებას. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლოს დადგენილების მართლზომიერება უნდა დაექვემდებაროს სააპელაციო წესით განხილვას, ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსის 273-ე მუხლზე მითითებით მას დაუსაბუთებლად ეთქვა უარი სამართლებრივი დავის გაგრძელებაზე. პროცესუალური ანალოგიის გამოყენებით საქალაქო სასამართლოს მიერ მოცემულ სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული სადავო დადგენილება უნდა დაექვემდებაროს სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას და განხილვას. ამასთანავე, კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 29.09.2014წ. დადგენილებით გააუქმა არა კომისიის სადავო 16.05.2014წ. =19/5 გადაწყვეტილება, არამედ 27.02.2014წ. =7/5 გადაწყვეტილება, რომელიც არ შეეხება განსახილველ დავას და კომისიის მიერ გამოტანილი არის სხვა საქმეთან დაკავშირებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნული კომისიის კერძო საჩივარი იმ ნაწილში, რომელიც ეხება სახდელის სახით გაფრთხილების დაკისრების შესახებ საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.01.2015წ. დადგენილების გაუქმებას, უნდა დარჩეს განუხილველად, ხოლო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნული კომისიის კერძო საჩივარი იმ ნაწილში, რომელიც ეხება წყლის უკანონო მოხმარების გამო დაკისრებული საფასურის შესახებ საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.01.2015წ. დადგენილების გაუქმებას, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ 20.03.2014წ. შპს ,,...“ წარმომადგენლების მიერ შემოწმდა ქ.თბილისში, .. ქუჩაზე, შპს ,,ს...“ მფლობელობაში არსებული ბენზინგასამართი სადგური, სადაც აღმოჩენილ იქნა წყალმომარაგების ქსელზე თვითნებური მიერთებისა და სასმელი წყლის აღურიცხავი მოხმარების ფაქტი, რაზედაც შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის =000687 ოქმი და აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტი N002149. შპს ,,...“ 28.03.2014წ. =598 დადგენილებით შპს ,,ს...“ ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, მას დაედო ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება. შპს-ს აგრეთვე დაერიცხა უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობის საფასური - 646,30 ლარი. შპს ,,ს...“ საჩივრით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, რომლითაც გაასაჩივრა ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ შპს ,,...“ 28.03.2014წ. =598 დადგენილება და სასმელი წყლის უკანონოდ სარგებლობის საფასურის დარიცხვა. კომისიის 16.05.2014წ. =19/5 გადაწყვეტილებით შპს ,,ს...“ მოთხოვნა დაკმაყოფილდა, გაუქმდა შპს ,,...“ 28.03.2014წ. =598 დადგენილება სახდელის სახით გაფრთხილების დადების შესახებ და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყდა, შპს ,,ს...“ ,,აღურიცხავი წყლის მოხმარების“ =002149 აქტით უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობის საფასურად 646,30 ლარის დარიცხვა მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ, შპს „...“ დაევალა აბონენტის პირად ბარათზე ცვლილების შეტანა და უსაფუძვლოდ მიჩნეული დარიცხვის გაუქმება. აღნიშნული გადაწყვეტილება ორივე ნაწილში სასამართლოში გასაჩივრდა შპს ,,...“ მიერ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.07.2014წ. განჩინებით სარჩელი მიჩნეულ იქნა საჩივრად და განხილულ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. საჩივრის ნაწილობრივი დაკმაყოფილების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 29.09.2014წ. დადგენილებით, რომლითაც საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა კომისიის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა კომისიას, მხარეებს განემარტათ, რომ დადგენილების გასაჩივრება შესაძლებელი იყო მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში. აღნიშნული დადგენილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ჩაბარდა 05.12.2014წ. (ს.ფ.187), ხოლო საჩივარი წარდგენილ იქნა 15.12.2014წ. (ს.ფ. 190). სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასული იყო საჩივრის წარდგენის 10-დღიანი ვადა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 26.01.2015წ. დადგენილებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოქმედ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად კანონმდებელმა ახლებურად მოაწესრიგა სასამართლოთა კომპეტენცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეების განხილვასთან დაკავშირებით. „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 26.04.2012წ. კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: მაგისტრატი მოსამართლეები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე საქმეებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. ამავე მუხლის „ბ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლეები განიხილავენ ასევე საქმეებს სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, სასამართლოს მიერ განსახილველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. ამდენად, კანონმდებელმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თაობაზე გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების საკითხზე სამართალწარმოება მიმდინარეობს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით (იხ. სუსგ 22.01.15წ. N454-448(კს-14)).
განსახილველ შემთხვევაში შპს ,,ს...“ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 24.03.2014წ. =000687 ოქმი შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარება, აგრეთვე წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობა გამოიწვევს გაფრთხილებას. ამავე კოდექსის 239.62 მუხლის მიხედვით 149-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ სასმელი წყლის მიმწოდებელ კომპანიებს, რომლებიც სამართალდარღვევის ოქმებს ადგენენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. ამდენად, შპს „...“ მიერ შპს ,,ს...“ სამართალდარღვევისათვის სახდელი შეეფარდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - 28.03.2014წ. =598 დადგენილებით, შესაბამისად, აღნიშნული აქტის კანონიერებაზე მსჯელობა, ასკ-ის მე-6 მუხლის შესაბამისად, უნდა მომხდარიყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს, კოდექსის 2341 მუხლით განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, – ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) ან რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა; გადაწყვეტილება სხვაგვარი ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, – ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან), რის შემდეგაც საჩივარი შეიძლება შეტანილ იქნეს რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული დადგენილება გაფრთხილების დაკისრების ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რადგან გაფრთხილების სახით სახდელის დადების შესახებ შპს ,,...“ დადგენილება ჯერ გასაჩივრდა ზემდგომ ორგანოში - კომისიაში, ხოლო შემდგომში თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომლის დადგენილების გასაჩივრების შესაძლებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსის 272.1 მუხლი არ ითვალისწინებს. აღნიშნულს არ ცვლის საქალაქო სასამართლოს მითითება დადგენილების გასაჩივრების შესაძლებლობის შესახებ. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონის ანალოგიის გამოყენება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი (სსსკ-ის 7.1 მუხლი). შესაბამისად, საფუძველს არის მოკლებული კერძო საჩივრის ავტორის მითითება კანონის ანალოგიის მეშვეობით დადგენილების გასაჩივრებასთან მიმართებით საპროცესო კანონმდებლობის გამოყენების შესაძლებლობაზე. სააპელაციო პალატის დადგენილების ამ ნაწილში გაუქმებას არ ასაბუთებს თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებაში სადავო აქტის რეკვიზიტების არასწორად მითითება, რადგან დადგენილებაში დაშვებული ტექნიკური ხარვეზი არის უსწორობის გასწორების და არა დადგენილების გაუქმების საფუძველი.
რაც შეეხება წყლის უკანონო მოხმარების გამო საფასურის დაკისრების ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვებას, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სადავო გადაწყვეტილების მითითებული ნაწილის მიმართ სააპელაციო პალატის მოსაზრებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი გასაჩივრების წესის გავრცელების შესახებ. საქმის მასალების მიხედვით, შპს ,,ს...“, აღურიცხავი წყლის მოხმარების შესახებ =002149 აქტით, შპს ,,...“ მიერ დაერიცხა 646,30 ლარი. აღნიშნული თანხის დარიცხვა განხორციელდა წყლის უკანონო მოხმარების, აღრიცხვის სისტემის გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ქსელით არასანქცირებული მოხმარების გამო. დარიცხვის საფუძვლად მიეთითა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 26.11.2008წ. N32 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესი“. დარიცხვის აქტი არ არის გამოცემული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე ან მის შესაბამისად, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ შპს ,,ს...“ თანხის დარიცხვის შესახებ =002149 აქტის კანონიერება უნდა შემოწმდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის კანონიერება უნდა შემოწმდეს სასარჩელო წარმოების ფარგლებში, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 12.08.10წ. N14 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგელობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებითი აღსრულების წესების“ 11.12 მუხლი დასშვებად თვლის დარიცხული თანხის საფუძვლიანობაზე მსჯელობას და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების მიუხედავად. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილში საჩივრის განხილვის არასწორი წესი დაადგინა, რის გამოც კომისიის საჩივარი მოცემულ ნაწილში განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. აღნიშნულიდან გამომდინარე საფუძველს არის მოკლებული აგრეთვე სააპელაციო პალატის მოსაზრება გასაჩივრების ვადის დარღვევისა და საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილების გამოტანიდან გასაჩივრების ვადის ათვლის შესახებ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ იმ მომენტიდან, როდესაც პირს შეექმნება ობიექტური შესაძლებლობა მიიღოს ინფორმაცია გასაჩივრებელი აქტის შინაარსის შესახებ. გასაჩივრების უფლება მოიცავს პრეზუმფციას, რომ პირისათვის ცნობილია სადავო აქტის შინაარსი. გასასაჩივრებელი აქტის ოფიციალურად გაცნობით პირისთვის ცნობილი ხდება რა გახდა უარის თქმის საფუძველი და შესაბამისად, ექნება თუ არა პერსპექტივა მის საჩივარს, აგრეთვე ის, თუ რა სამართლებრივი საშუალებებით შეძლებს თავისი უფლებებისა და ინტერესების დაცვას. საჩივრის/სარჩელის უფლების მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ის სხვა უფლებების და ინტერესების დაცვის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს, რაც განაპირობებს საჩივრის უფლების დაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობას. ზოგადი წესის თანახმად, იმ მომენტამდე გასაჩივრების ვადის დინების ათვლის დაწყება, ვიდრე პირს არ მისცემია გასასაჩივრებელი აქტის შინაარსის ოფიციალური წყაროს მეშვეობით გაცნობის შესაძლებლობა, არღვევს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესს. ამდენად, მართებულია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ გასაჩივრების ვადის ათვლის დაწყება დაუშვებელი იყო სასამართლოს დასაბუთებული დადგენილების გაცნობამდე წყლის უკანონო მოხმარების გამო თანხის დარიცხვის ნაწილში, თუმცა აღნიშნული დანაწესი ვერ გავრცელდება პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილების იმ ნაწილზე, რომელიც ეხება სახდელის სახით გაფრთხილების დაკისრების შესახებ შპს „...“ მიერ მიღებული სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე კომისიის სადავო დადგენილების მართლზომიერების შემოწმებას, რადგან სამართალდარღვევის ოქმი გამოცემულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე და მისი კანონიერების შეფასება ხდება სწორედ აღნიშნული კოდექსით დადგენილი წესით, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების ვადის ათვლის სპეციალურ წესს (273.1 მუხლი). ამასთანავე, ნორმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ არ გასაჩივრებულა, ძალაშია და სავალდებულოა შესასრულებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-420-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.01.2015წ. დადგენილება იმ ნაწილში, რომელიც ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.09.2014წ. N4/4344-14 გადაწყვეტილებაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საჩივრის განუხილველად დატოვებას წყლის უკანონო მოხმარების გამო საფასურის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს;
3. შპს ,,...“ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.01.2015წ. დადგენილების დანარჩენ ნაწილზე დარჩეს განუხილველი;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი