#ბს-260-258(კს-16) 14 ივლისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – დ. ხ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.02.2016წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
23.01.2015წ. დ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიმართ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 21.01.2015წ. MCLA 5 15 00075183 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.04.2015წ. გადაწყვეტილებით დ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა დ. ხ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.02.2016წ. განჩინებით დ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.04.2015წ. გადაწყვეტილებაზე, დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პატიმრობის კოდექსის 86.1 მუხლის ჩანაწერი ერთჯერადად გასაჩივრების უფლების შესახებ, როგორც სამართალწარმოების სპეციალური ნორმა, უშვებს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების კანონიერების მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემოწმების შესაძლებლობას, იმავე ნორმიდან გამომდინარე, დაუშვებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. ხ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის მისი სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის დავალება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული და საპროცესო კოდექსები მხარეს უფლებამოსილებას ანიჭებს გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები ზემდგომ ინსტანციებში, მით უმეტეს მაშინ, როდესაც დავა ეხება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობას, ამასთანავე, საქალაქო სასამართლოს მიერ განიმარტა გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლზე და თვლის, რომ მხარეს უნდა მიეცეს სადავო აქტის ორჯერ გასაჩივრების შესაძლებლობა მაინც, რათა არ დაირღვეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ხ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ 18.01.2015წ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორის - მ. დ-ისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ–კონტროლიორის - ბ. ა-ის მიერ შედგენილ იქნა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის ოქმი, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ 18.01.2015წ. დაახლოებით 19:30 საათზე №25 საკანში განთავსებულმა მსჯავრდებულმა დ. ხ-მა სასეირნო ეზოში ყოფნის დროს სხვა საკანში მყოფ მსჯავრდებულს გადააწოდა სიგარეტი. აღნიშნული ქმედებით მან დაარღვია თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულება, ზიანი მიადგა წესრიგსა და უსაფრთხოებას.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის მიერ 21.08.2015წ. გამოიცა №MCLA 5 15 00075183 განკარგულება ბრალდებულისათვის/ მსჯავრდებულისათვის დისციპლინარული ღონისძიების გამოყენების შესახებ, რომლის თანახმად, ზემოაღნიშნული ქმედებისათვის დ. ხ-ის მიმართ პატიმრობის კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად, გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი - პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა 3 თვის ვადით. მსჯავრდებულმა დ. ხ-მა სადავოდ გახადა დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს (პირველი პუნქტი), დაცვის უფლება გარანტირებულია (მე-3 პუნქტი). „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია ნორმატიული აქტების იერარქია, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციას უნდა შეესაბამებოდეს ყველა სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი. პატიმრობის კოდექსი არის საქართველოს კანონი, რომელიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო-სამართლებრივ აქტებს.
დისციპლინური გადაცდომების სახეები, გადაცდომების (დარღვევების) ამომწურავი ჩამონათვალი ანუ ჩამონათვალი იმ გადაცდომებისა, რომლებიც შესაძლებელია ჩაიდინოს საპატიმრო დაწესებულების ტერიტორიაზე მყოფმა ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა, აგრეთვე დისციპლინური დარღვევის თანამდევი დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეები, დისციპლინური დარღვევის საქმის წარმოების, დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ საკითხის გადაწყვეტისა და ასეთი გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურული წესები დადგენილი არის სპეციალური საკანონმდებლო აქტით - პატიმრობის კოდექსით. პატიმრობის კოდექსის 85-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება აქვს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. ამავე კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ერთჯერადად გაასაჩივროს სასამართლოში მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი, გასაჩივრება არ აჩერებს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების აღსრულებას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციები შესაბამისობაშია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებთან და ნორმებთან. ზემდგომ სასამართლოში გასაჩივრების უფლება არ არის გათვალისწინებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით. გასაჩივრების უფლებას განსაზღვრავს კონვენციის მე-7 ოქმის მე-2 მუხლი, რომლის მე-2 პუნქტი მსუბუქ დისციპლინურ დარღვევათა მიმართ გასაჩივრების უფლების რეგულირების საკითხს სახელმწიფოთა დისკრეციას განაკუთვნებს (იხ. სუს 11.05.2016წ. ბს-127-126(კს-16) განჩინება).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დაუშვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.04.2015წ. გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივარი, რადგან პატიმრობის კოდექსის 86.1 მუხლი ცალსახად ადგენს პენიტენციურ დაწესებულებებში დისციპლინურ ღონისძიებათა გამოყენების შესახებ განკარგულების სასამართლოში მხოლოდ ერთჯერადად გასაჩივრების შესაძლებლობას. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. ხ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.02.2016წ. განჩინების გაუქმების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო, ვინაიდან არ არსებობს განსახილველად მისი დაშვების პროცესუალური წინაპირობა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ქ. ვ-ს (პ/ნ ...) დ. ხ-ის კერძო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხა სრულად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს დ. ხ-ის კერძო საჩივარი დაუშვებლობის გამო;
2. ქ. ვ-ს (პ/ნ...) დაუბრუნდეს დ. ხ-ის კერძო საჩივარზე 03.05.2016წ. №2 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი