Nბს-370-365(კს-16 ) 12 ივლისი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე - მ. პ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 მარტის დროებითი განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. პ-ამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 20 ივლისის N500 ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც განუხილველად დარჩა მისი ადმინისტრაციული საჩივარი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 24 აპრილის N000902 დადგენილებაზე, აგრეთვე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მ. პ-ას ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. პ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 20 ივლისის N500 ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 24 აპრილის N000902 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე 2015 წლის 5 ივნისს წარმოდგენილი N12/15156291-17 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა კანონით დადგენილი წესით.
გადაწყვეტილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
2016 წლის 25 მარტის მ. პ-ამ თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 24 აპრილის N000902 დადგენილების მოქმედების შეჩერება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 მარტის დროებითი განჩინებით მ. პ-ას შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შეჩერდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 24 აპრილის №000902 დადგენილების მე-2 პუნქტის (კაპიტალური ღობის დემონტაჟის დავალება) მოქმედება; შეჩერდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 18 აგვისტოს გაცემული №4-5/ს.ფ.132-15 სააღსრულებო ფურცლის მოქმედება და აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაწყებული აღსრულება, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში პირდაპირ არ არის მითითებული, რომ საუბარია სწორედ გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერების საკითხზე, თუმცა ეს ცალსახად გამომდინარეობს ამ მუხლის შინაარსიდან და მიზნიდან. ამ მუხლის პირველ ნაწილში არსებული ჩანაწერის შინაარსი აქტთან მიმართებით, რომ ჩერდება სწორედ გასაჩივრებული აქტის მოქმედება, საერთოა მითითებული მუხლის დანარჩენი ნაწილებისთვისაც და ამდენად, ცალსახაა, რომ ამ მუხლში საუბარია მხოლოდ გასაჩივრებულ აქტზე და არა აქტზე ჰიპოთეტურად. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან განმცხადებლის მოთხოვნა მოტივირებულია სწორედ ასკ-ის 29-ე მუხლით და სასამართლოში უშუალო დავის საგანი არ არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 24 აპრილის №000902 დადგენილება (დაჯარიმებისა და დემონტაჟის შესახებ), რომლის შეჩერებასაც ითხოვს განმცხადებელი, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სადავო საკითხის გადასაწყვეტად არ უნდა იქნეს გამოყენებული ასკ-ის 29-ე მუხლი და ამ სამართლებრივი საფუძვლით არ უნდა მოხდეს მოთხოვნილი აქტის შეჩერება. თუმცა, ამ შემთხვევაში, სასამართლო შეზღუდული არ არის განმცხადებლის მოთხოვნის ვიწრო ფორმულირებით, ცალსახაა რა მისი მიზანი მოცემულ საკითხთან მიმართებით, სააპელაციო პალატამ შესაძლებლად და მიზანშეწონილად მიიჩნია უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტა ასკ-ის 31 მუხლის საფუძველზე (დროებითი განჩინება).
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აქტის ბათილად ცნობასთან ერთად, განმცხადებლის მეორე სასარჩელო მოთხოვნაა - დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 24 აპრილის N000902 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე 2015 წლის 5 ივნისს წარდგენილი N12/15156291-17 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა კანონით დადგენილი წესით, ანუ, მოთხოვნილია ქმედების განხორციელების დავალება, შესაბამისად, მოცემული საკითხის გადასაწყვეტად რელევანტურია ასკ-ის 31-ე მუხლის გამოყენება.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმგვარ ვითარებაში, როდესაც სააპელაციო ინსტანციაში მიმდინარეობს დავა იმ აქტის კანონიერების თაობაზე, რომლითაც განუხილველი დარჩა მ. პ-ას ადმინისტრაციული საჩივარი ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 24 აპრილის №000902 დადგენილებაზე, მ. პ-ას სასარგებლოდ დავის შესაძლო დასრულების შემთხვევაში, რაც გულისხმობს მერიისათვის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დავალებას და რაც თეორიულად, ბუნებრივია, არ გამორიცხავს მერიის მიერ მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას, მიზანშეწონილია დროებითი განჩინების გამოტანის გზით არსებული მდგომარეობის შენარჩუნება; კერძოდ, თუკი არ მოხდება დემონტაჟის ნაწილში აქტის მოქმედების შეჩერება, არსებული მდგომარეობის შეცვლით (დემონტაჟის განხორციელებით) ხელი შეეშლება განმცხადებლის უფლების რეალიზაციას ან აღნიშნული მნიშვნელოვნად გართულდება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მხარის მტკიცებით, დროებითი განჩინების გამოტანა დაუსაბუთებელია, ვინაიდან დავის საგანია 2015 წლის 20 ივლისის N500 ბრძანების ბათილად ცნობა. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანი გამართლებული არ არის. მოსარჩელის იურიდიული ინტერესი მიმართულია უშუალოდ გასაჩივრებული აქტების მიმართ, შესაბამისად, დაუსაბუთებელია ამ დავის ფარგლებში აქტის მოქმედების შეჩერება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციაპლიტეტის მერიის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 24 აპრილის N000902 დადგენილებით მ. პ-ა დაჯარიმდა 10 000 ლარით, თბილისში, ... ჩიხი N9-ის მიმდებარედ კაპიტალური ღობის უნებართვოდ მშენებლობისათვის და დაევალა უნებართვოდ აშენებული ღობის დემონტაჟი. აღიშნულ დადგენილებაზე შეტანილი ადმინისტრაციული საჩივარი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 20 ივლისის N500 ბრძანებით განუხილველად დარჩა. მ. პ-ამ სარჩელი აღძრა აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დავალდებულების მოთხოვნით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით შეჩერდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 24 აპრილის N000902 დადგენილების მოქმედება დემონტაჟის ნაწილში
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ ვინაიდან უშუალო დავის საგანი არ არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 24 აპრილის №000902 დადგენილების მართლზომიერება, ასკ-ის 29-ე მუხლი გამოყენებული ვერ იქნება.
საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს უფლების დროებითი დაცვის ორგვარ შესაძლებლობას. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მოითხოვს აქტის ბათილად ცნობას ან ძალადაკარგულად გამოცხადებას, უფლების დროებითი დაცვა ხორციელდება ასკ-ის 29-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო ყველა სხვა სახის სარჩელისათვის გათვალისწინებულია ასკ-ის 31-ე მუხლში მოცემული მექანიზმი.
აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადების საფუძველზე სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე შეუძლია დავის საგანთან დაკავშირებით მიიღოს დროებითი განჩინება, როდესაც არსებობს საშიშროება, რომ არსებული მდგომარეობის შეცვლით ხელი შეეშლება განმცხადებლის უფლების რეალიზაციას ან აღნიშნული მნიშვნელოვნად გართულდება. სასამართლოს დროებითი განჩინების გამოყენება დასაშვებია ასევე სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგებისათვის, თუ ეს მოწესრიგება, უპირველეს ყოვლისა, გრძელვადიანი სამართლებრივი ურთიერთობის შემთხვევაში აუცილებელია მნიშვნელოვანი ზიანის, არსებული საფრთხის ან სხვა საფუძვლების გამო. მე-2 ნაწილის შესაბამისად, დროებით განჩინებას იღებს საქმის განმხილველი სასამართლო. ასეთ სასამართლოს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლო, ხოლო როდესაც დავა იხილება სააპელაციო ინსტანციაში – სააპელაციო სასამართლო.
მართალია, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი უთითებს, რომ დროებითი განჩინების მიღება შესაძლებელია სარჩელის აღძვრამდე, თუმცა აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსი ცხადყოფს, რომ დროებითი განჩინების მიღება შესაძლებელია სარჩელის აღძვრის შემდგომაც, მაგ. სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგებისათვის.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანი გამართლებული არ არის.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარის საბოლოო იურიდიული ინტერესი არის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 24 აპრილის N000902 დადგენილების ბათილად ცნობა, რისი მიღწევაც მხარეს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის გზით სურს. ვინაიდან მ. პ-ას ადმინისტრაციული საჩივარი განუხილველად დარჩა, შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის გარეშე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 24 აპრილის დადგენილების კანონიერება ვერ შეფასდება.
სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ იმგვარ ვითარებაში, როდესაც მიმდინარეობს დავა იმ აქტის კანონიერების თაობაზე, რომლითაც განუხილველი დარჩა მ. პ-ას ადმინისტრაციული საჩივარი ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 24 აპრილის №000902 დადგენილებაზე, მ. პ-ას სასარგებლოდ დავის შესაძლო დასრულების შემთხვევაში (რაც გულისხმობს მერიისათვის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დავალებას და რაც თეორიულად, ბუნებრივია, არ გამორიცხავს მერიის მიერ მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას), მიზანშეწონილია დროებითი განჩინების გამოტანის გზით არსებული მდგომარეობის შენარჩუნება; კერძოდ, თუკი არ მოხდება დემონტაჟის ნაწილში აქტის მოქმედების შეჩერება, არსებული მდგომარეობის შეცვლით (დემონტაჟის განხორციელებით) ხელი შეეშლება განმცხადებლის უფლების რეალიზაციას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 მარტის დროებითი განჩინება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე