საქმე №ბს-383-377(კს-15) 07 ივლისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსე0ნებელი),
მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ნ. მ-ი და თ. შ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები - მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო,
ნ. ჟ-ი
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარად აღიარება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.03.2015 წ. განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ნ. მ-მა და თ. შ-მა 11.07.2014წ. სარჩელი აღძრეს მოპასუხეების: მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ნ. ჟ-ის მიმართ და მოითხოვეს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 11.04.2014 წ. N265 ბრძანების, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N23 საოქმო გადაწყვეტილების, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების N32 მოწმობის არარად აღიარება.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ მცხეთის რაიონის სოფ. ...ში ორსართულიან, მრავალბინიან სახლში ფლობენ 50 კვ.მ. საცხოვრებელ ფართს 1995 წლიდან. ოჯახის ერთერთი წევრის თ. შ-ის სახელზე ხდება კომუნალური გადასახადების გადახდა, რასაც აბონენტის ბარათი ადასტურებს. 2011 წელს ბინა დამისამართდა შემდეგნაირად - სოფ. ..., ქ. 28, კორპ. 4, ბინა 4. ნ. მ-მა 02.06.14წ. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართა განცხადებით მის სარგებლობაში არსებული ფართის პრივატიზაციის საკითხის გარკვევაში, რომელზედაც 16.06.14წ. მიიღო საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის წერილი იმის შესახებ, რომ მითითებული ბინა საკუთრების უფლებით გადაეცა ნ. ჟ-ს. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ სადავო აქტები გაცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ, რითაც დაირღვა მოსარჩელეების კანონიერი ინტერესები. მოსარჩელეებმა მოითხოვეს სზაკ-ის 60.1 მუხლის "ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე სადავო აქტების არარად აღიარება. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ნ. ჟ-ზე გაცემულია დაუზუსტებელი ფართი ქირავნობით, მას სადავო სახლში არასოდეს უცხოვრია. მრავალბინიანი სახლი სტატისტიკის დეპარტამენტს არ ჰქონია არც საკუთრებაში და არც მართლზომიერ მფლობელობაში, შესაბამისად სადავო ფართზე ნ. ჟ-ის სასარგებლოდ ვერც ქირავნობის ხელშეკრულება გაფორმდებოდა.
მოსარჩელეებმა აქტების არარად აღიარების იურიდიული ინტერესის სახით მიუთითეს ის გარემოება, რომ სადავო საცხოვრებელი ფართის მართლზომიერ მფლობელს წარმოადგენს ნ. მ-ი (საცხოვრებელ სახლში ცხოვრობს მოსარჩელე), რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს საცხოვრებელი სადგომის სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ კანონის შესაბამისად მისი საკუთრებაში გადაცემა, ხოლო სადავო აქტებით კი უძრავი ქონება უკვე გადაეცა ნ. ჟ-ს საკუთრებაში იმ საფუძვლით, რომ სადავო ქონების მოსარგებლეს თითქოს ნ. ჟ-ი.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 11.07.14წ. განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეების ნ. მ-ის და თ. შ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, ყადაღა დაედო ნ. ჟ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე სოფ. ..., ქ. N28, კორპ. N4, ბინა N4.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.11.2014წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ნ. მ-მა და თ. შ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.03.2015წ. განჩინებით ნ. მ-ისა და თ. შ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 26.11.2014წ. გადაწყვეტილება, დაუშვებლობის გამო შეწყდა საქმის წარმოება.
სააპელაციო სასართლომ მიუთითა სასკ-ის 25-ე მუხლის დანაწესზე და აღნიშნა, რომ აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. სარჩელის დასაშვებად მიჩნევისთვის სახეზე უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები: დავა უნდა შეეხებოდეს ადმინისტრაციული ორგანოს სახელით გამოცემულ წერილობით დოკუმენტს (იმ შემთხვევაში, თუკი მოსარჩელე ითხოვს წერილობითი აქტის არარად აღიარებას); მოსარჩელეს უნდა გააჩნდეს და ასაბუთებდეს თავის კანონიერ ინტერესს გასაჩივრებული წერილობითი დოკუმენტის არარა აქტად აღიარებისადმი; მხოლოდ იმ შემთხვევაში არის შესაძლებელი პირის მიერ აქტის არარა აქტად აღიარების შესახებ სარჩელის აღძვრა, თუკი ასეთი წერილობითი დოკუმენტი არ შეიძლება იყოს სასკ-ის 22-ე მუხლით (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ძალადაკარგულად გამოცხადება) გათვალისწინებული სარჩელის საგანი.
წერილობითი დოკუმენტის (აქტის) არარად აღიარების საფუძვლები გათვალისწინებულია სზაკ-ის მე-60-ე მუხლით, რომლის 1-ლი ნაწილითაც დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ: ა) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა, ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ, გ)მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო, დ) მისი შესრულება გამოიწვევს სისხლის-სამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.
პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელეებმა - ნ. მ-მა და თ. შ-მა სადავო ინდ. აქტების არარად აქტებად აღიარებისადმი თავიანთი კანონიერი ინტერესი იმით დაასაბუთეს, რომ სადავო უძრავ ნივთს მრავალი წლის მანძილზე და დღემდე, დღეის მდგომარეობით ფაქტიურად ფლობენ თავად მოსარჩელეები და არა ნ. ჟ-ი, შესაბამისად, მათი (მოსარჩელეების) ინტერესია, რომ საცხოვრებელი ბინა, რომელშიც ისინი ფაქტიურად ცხოვრობენ, არ იყოს კონკრეტული პირის (ფიზიკური პირის) საკუთრების საგანი, რომ სადავო აქტების არარად აღიარების გზით საცხოვრებელი ბინა დაუბრუნდეს უკან კვლავ სახელმწიფოს, გახდეს კვლავ სახელმწიფოს კუთვნილი, რათა თავად მოსარჩელეებმა შეძლონ მომავალში სახელმწიფოსგან ამ ნივთის საკუთრებაში მიღება, ამ ნივთის სამართლებრივი გზებით, იურიდიულად დაუფლება/დასაკუთრება.
სააპელაციო პალატის აზრით, ინტერესი, რომელზედაც მიუთითებენ მოსარჩელეები, არ წარმოადგენს კანონიერ ინტერესს, რადგან მას (ინტერესს) არ გააჩნია კანონიერი ფაქტობრივი - სამართლებრივი საფუძვლები, მოსარჩელეების - ნ. მ-ისა და თ. შ-ის მიერ სადავო საცხოვრებელი ბინის ფაქტობრივი მფლობელობა (მიუხედავად მფლობელობის ხანგრძლივობისა) არ ეფუძნებოდა/არ ეფუძნება ნამდვილი მესაკუთრის ნებას, მფლობელობის თაობაზე მესაკუთრის მიერ მოსარჩელეების სასარგებლოდ გამოცემულ წერილობითი ფორმის ამათუ იმ შინაარსის რაიმე დოკუმენტს, მფლობელობა არის თვითნებური, არ გამომდინარეობს სამართლის ამა თუ იმ ნორმიდან, მფლობელობა არის უკანონო. სადავო აქტების არარად აღიარება არ წარმოშობს რაიმე სახის კონკრეტულ სამართლებრივ შედეგებს მოსარჩელეთა მიერ თავისთავად დაგულვებული სამომავლო მესაკუთრული ინტერესების (არაზუსტი, ბუნდოვანი, საფუძვლის არმქონე, არაპროგნოზირებადი ინტერესების) ჭრილში. სააპელაციო პალატის აზრით, დაუშვებელია, რომ მოსარჩელეების მიერ სადავო უძრავი ნივთის უსაფუძვლო, არამართლზომიერი, უკანონო მფლობელობის იურიდიული ფაქტი მიჩნეულ იქნეს კანონიერი ინტერესის დამადასტურებელ ფაქტობრივ გარემოებად. პირის მიერ ნივთის უკანონო მფლობელობა თუმცა ადასტურებს პირის მიერ ნივთისადმი ინტერესის ქონას, მაგრამ არა ყველა ინტერესია კანონიერი. მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა მოსარჩელეთა ინტერესი კანონიერი, თუკი მათ მიერ განხორციელებული მფლობელობა დაფუძნებული იქნებოდა კანონზე, კანონის საფუძველზე შედგენილ და გამოცემულ ამა თუ იმ სახის და შინაარსის დოკუმენტზე.
ამდენად, ზემოთქმულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეების - ნ. მ-ისა და თ. შ-ის სარჩელი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარა აქტებად აღიარების შესახებ მოთხოვნით არ აკმაყოფილებს სასკ-ის 25-ე მუხლით დადგენილი აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთ წინაპირობას - მოსარჩელეებს არ გააჩნიათ სადავო ინდ. აქტების არა აქტებად აღიარებისადმი კანონიერი ინტერესი, რაც საქმის წარმოების შეეწყვეტის საფუძველია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.03.2015წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ნ. მ-იმა და თ. შ-მა.
კერძო საჩივრის ავტორებმა აღნიშნეს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიიღო სრულიად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რომელიც არღვევს მათ კანონიერ უფლებებს. საკრებულოს კომისია ვერ ჩაითვლება აღმასრულებელ ორგანოდ და ვერც მისი გადაწყვეტილება ვერ ჩაითვლება უფლებამოსილ ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებად. მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე არ არის უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება ქონების პრივატიზებაზე. სასამართლოს მსჯელობის მცდარობა მდგომარეობს იმ საკითხშიც, რომ მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ კი არ მიიღო გადაწყვეტილება, არამედ საკრებულოს კომისიამ, რომელიც არ ითვლება გამგეობის ორგანოდ. სასამართლომ საკრებულოს და გამგეობის უფლებამოსილება ვერ გამიჯნა ერთმანეთისგან. სასამართლოს საერთოდ არ გამოუკვლევია ის საკითხი ახორციელებდა თუ არა გამგებლის მოვალეობას მისი მოადგილე. საქმეში წარმოდგენილია მთელი რიგი მტკიცებულებები, იმის შესახებ, რომ ქონება ეკუთვნის სახელმწიფოს, საკრებულოს თავჯდომარეს კი არა აქვს უფლება განკარგოს სახელმწიფოს ქონება. მათ გააჩნიათ კანონიერი ინტერესი სადაო ფართის მიმართ ეს იმ გარემოებითაც მტკიცდება, რომ ისინი სადაო ფართს ფლობენ 1995 წლიდან დღემდე. ასევე, სტატისტიკის სახლში არც ერთ დღევანდელ მესაკუთრეს, რომელსაც 1 ლარად გადაეცა ქონება არ გააჩნდათ რაიმე უფლების დამდგენი დოკუმენტი, თუმცა ისინი დღეს უძრავი ქონების მესაკუთრეები არიან. არ ეთანხმებიან სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ვინაიდან ნ. მ-სა და თ. შ-ს არ გააჩნიათ დოკუმენტი უძრავი ქონების ფლობის შესახებ მათ ესპობათ უფლება იდავონ იმ აქტების კანონიერების თაობაზე.
კერძო საჩივარი განხილულ იქნა სსკ-ის 403-ე მუხლით დადგენილი წესით, ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ნ. მ-ისა და თ. შ-ის კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სარჩელის მატერიალურ საფუძვლად მოცემულ შემთხვევაში მითითებულია სზაკ-ის მე-60 მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ" ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ აქტი გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 11.04.14წ. N265 ბრძანება, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის 02.04.14წ. #23 ოქმი ნ. ჟ-ის ნაწილში და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 11.04.14წ. N32 საკუთრების უფლების მოწმობა გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ. სასკ-ის 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 28.10.14წ. საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის დაუშვებლად ცნობისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრება, რომ მოსარჩელეებს არ გააჩნიათ კანონიერი ინტერესი დავის მიმართ (ტ. 1, ს.ფ. 95). პირველი ინსტანციის სასამართლოს ხსენებული საოქმო განჩინება და 26.11.14წ. არსებითი გადაწყვეტილება მოპასუხის მიერ არ გასაჩივრებულა. სასკ-ის 262 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენისას სასამართლო იღებს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებას, რომელიც საჩივრდება კერძო საჩივრით. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოსარჩელეების მიერ გასაჩივრდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო წინამძღვრების შემოწმება სასამართლოს მიერ ხდება მხარეთა მიერ ამ საკითხის დასმის მიუხედავად, საპროცესო წინამძღვრები საჯარო ინტერესების გამომხატველია, სასამართლო უფლებამოსილია შეამოწმოს პროცესის დასაშვებობა მხარეთა დამოუკიდებლად, ამდენად, ადგილი არ აქვს საჩივრის საუარესოდ შებრუნებას. სასამართლო უფლებამოსილია სარჩელის დასაშვებობის საკითხი განიხილოს პროცესის ნებისმიერ სტადიაზე, სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს სარჩელის დასაშვებობის საკითხი საქმის არსებითად გადაწყვეტამდე. ამასთანავე, საქმის წარმოების შეწყვეტა საჭიროებდა პირველი ინსტანციის საოქმო განჩინების გაუქმებას, რომლითაც საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ მოპასუხის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონიერი ინტერესის არსებობის და შესაბამისად სარჩელის დასაშვებობის საკითხის სწორად გადაწყვეტას მნიშვნელობა აქვს ერთის მხრივ, სასამართლოს უფლების დაცვის, ხოლო მეორეს მხრივ, ე.წ. „პოპულარული“ სარჩელის აღძვრის დაუშვებლობის, ასეთი სარჩელის დაშვებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შელახვის თვალსაზრისით. სწორედ აღნიშნული საკითხის გარკვევას ემსახურება სარჩელის დასაშვებობის ინსტიტუტი, რომლის მიზანია პირის პროცესუალური უფლებაუნარიანობის გარვევა.
მოსარჩელის ინტერესის არსებობის დადგენისათვის არ კმარა ინტერესის შესახებ მოსარჩელის განცხადება, მოსარჩელე უნდა ასაბუთებდეს თავის კანონიერ ინტერესს. ამასთანავე, საქმის მასალებით დასტურდება, რომ 1995 წლიდან დღემდე სადავო ფართს მოსარჩელეები ფლობენ. სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარად ცნობის შემთხვევაში ნ. ჟ-ს გაუუქმდება ამ აქტების მეშვეობით ნივთზე მოპოვებული საკუთრების უფლება ისე, რომ სადავო უძრავი ნივთი დაუბრუნდება თავის პირვანდელ სამართლებრივ მდგომარეობას ანუ აღდგება ის მდგომარეობა, რომელიც იყო სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემამდე. ფართის სხვა პირისათვის საკუთრებაში გადაცემა უკავშირდება შემდგომში ფართის ახალი მესაკუთრის მოთხოვნით ფართით მოსარჩელეთა სარგებლობის შეწყვეტას, ფართიდან მათ გამოსახლებას. თავიანთ კანონიერ ინტერესს მოსარჩელეები იმით ასაბუთებენ, რომ სადავო უძრავ ნივთს ნ. ჟ-ის საკუთრებაში გადაცემულ საცხოვრებელ ბინას მრავალი წლის განმავლობაში ფაქტობრივად ფლობენ, ამ წლების განმავლობაში ნ. ჟ-ი ბინას არ ფლობდა, მოსარჩელეთა ინტერესის სფეროს შეადგენს მათი ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფი ბინის სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნება, რათა მოსარჩელეებმა შეძლონ მომავალში ფართით სარგებლობა, სარგებლობის კანონიერი საფუძვლის მომავალში შექმნით სახელმწიფოსგან უძრავი ნივთის საკუთრებაში მიღება, ნივთის სამართლებრივი გზებით იურიდიულად დასაკუთრება. დავის საგანს შეადგენს არა მოსარჩელეების მიერ სადავო ფართით სარგებლობა, მოსარჩელეების სახელზე ფართის პრივატიზება, არამედ ნ. ჟ-ის სახელზე ფართის პრივატიზების აქტების კანონიერება. ამდენად, ის გარემოება, რომ არ დასტურება მოსარჩელეების მიერ ფართის პრივატიზების საკმარისი სამართლებრივი პირობების არსებობა (კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობა) თავისთავად არ გამორიცხავს მოცემული დავის საგნის მიმართ მოსარჩელეების ინტერესის არსებობას. ამასთანავე, მართალია იურიდიული (პროცესუალური) ინტერესის დაკმაყოფილება არ არის თვითმიზანი, იგი მატერიალურ-სამართლებრივი ინტერესის დაკმაყოფილებას ემსახურება, იურიდიული ინტერესი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება არსებობდეს, უკეთუ სახეზეა მატერიალურ-სამართლებრივი ინტერესი (სასამართლო დაცვის საგანი), უკანასკნელის გარეშე პროცესუალურ უფლებას არ ექნებოდა რაიმე ღირებულება. ამასთანავე, ხსენებული არ ნიშნავს იმას, რომ მატერიალური უფლების არარსებობის შემთხვევაში სუბიექტის პროცესუალურ უფლებას არ გააჩნია რაიმე ღირებულება. პროცესუალური უფლების არსი მატერიალური უფლების გამოვლენაში მდგომარეობს. ამ მიზანს ემსახურება მთელი მტკიცებითი საქმიანობა, ეგრეთვე სასამართლოს მიერ მატერიალური სამართლის ნორმების განმარტება. ამდენად, პროცესუალურ ინტერესს და უფლებას დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს იმისდამიუხედავად, აქვს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნას კანონისმიერი საფუძველი.
სააპელაციო პალატამ ცნო მოსარჩელეების დავისადმი ინტერესის არსებობა, თუმცა აღნიშნა, რომ ინტერესი არ არის კანონიერი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ინტერესი, რომელზედაც მიუთითებენ მოსარჩელეები, არ არის კანონიერი, ვინაიდან ბინის ფაქტობრივი მფლობელობა (მიუხედავდ მფლობელობის ხანგრძლივობისა) არ ეფუძნება ნამდვილი მესაკუთრის ნებას, მფლობელობის თაობაზე მესაკუთრის მიერ მოსარჩელეების სასარგებლოდ გამოცემულ წერილობითი ფორმის ამა თუ იმ შინაარსის რაიმე დოკუმენტს, მფლობელობა არის თვითნებური, არ გამომდინარეობს სამართლის რომელიმე ნორმიდან. სადავო ინდივიდუალური აქტების არარა ინდივიდუალურ აქტებად აღიარება, სააპელაციო პალატის აზრით, არ წარმოშობს რაიმე სახის კონკრეტულ სამართლებრივ შედეგებს მოსარჩელეთა მიერ თავისთავად დაგულვებული სამომავლო მესაკუთრული ინტერესების (არაზუსტი, ბუნდოვანი, საფუძვლის არმქონე, არაპროგნოზირებადი ინტერესების) ჭრილში. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირის მიერ ნივთის უკანონო მფლობელობა ადასტურებს პირის მიერ ნივთისადმი ინტერესის ქონას, მაგრამ არა ყველა ინტერესი შეიძლება იყოს კანონიერი, ინტერესი კანონიერი იქნებოდა მხოლოდ იმ შეთხვევაში, თუკი მფლობელობა დაეფუძნებოდა კანონზე, კანონის საფუძველზე შედგენილ და გაცემულ ამა თუ იმ სახის და შინაარსის დოკუმენტზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართალწარმოების შეწყვეტის საფუძველს არ ქმნიდა ის გარემოება, რომ მოსარჩელეებს არ გააჩნიათ სადავო ფართზე უფლება. მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნებს საფუძვლად უდევთ არა ფართზე უფლება, არამედ ინტერესი. კანონმდებლობა ითვალისწინებს არა მხოლოდ უფლების, არამედ პირის ისეთი ინტერესის დაცვის შესაძლებლობას, რომლიც არ არის უზრუნველყოფილი უფლებით. უფლება და კანონიერი ინტერესი სამართლებრივი რეგულირების სხვადასხვა საშუალებაა. ადმინისტრაციულ სფეროში ინტერესის განვითარების ძირითადი ვექტორი უკავშირდება კანონიერი ინტერესის საკანონმდებლო აღიარებას, კანონიერ ინტერესთა ნაწილის შემდგომში უფლების ხარისხში აყვანით. ინტერესების ნაირსახეობების, მუდმივი ახალი მოთხოვნილებების და მათი შესაბამისი ინტერესების მუდმივი წარმოქმნის გამო სამართალს არ ძალუძს უკლებრივ ყველა ინტერესის გათვალისწინება. კანონმდებლობაში აისახება ისეთი უფლებები, რომლებიც მიმართული არიან ძირითადი, საზოგადოების ყველა წევრისათვის საერთო, გარკვეული ჯგუფებისათვის ტიპიური ინტერესების დასაკმაყოფილებლად. საზოგადოების განვითარების კვალდაკვალ პერიოდულად წარმოიშობა სამართლის ნორმებით მოუწესრიგებელი სოციალურად მნიშვნელოვანი ინტერესები, რომელთა დაცვის უზრუნველსაყოფად დაინტერესებული პირი არ არის აღჭურვილი შესაბამისი უფლებით. ისეთი პატივსადები ინტერესის წარმოშობის შემთხვევაში, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი უფლებით, კანონი ითვალისწინებს მათ სამართლებრივ დაცვას. სასამართლოს ასეთ შემთხვევაში უწევს საქმის გადაწყვეტა კანონმდებლობის საერთო საწყისებზე, პრინციპებზე დაყრდნობით, ასეთ შემთხვევაში ადგილი აქვს სასამართლოს მიერ ინტერესის დაცვას (უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი ინტერესის ასახვა უფლებაში შეუძლებელიცაა, ასე მაგ. მოსარჩელის ინტერესი ვალდებულების არარსებობის აღიარებით სარჩელში). იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა აღიარებითი სარჩელი, გათვალისწინებული უნდა იქნეს აღიარებით სარჩელში მოსარჩელის ინტერესის თავისებურებანი. აღიარებით სარჩელში იურიდიული ინტერესი მიმართულია გარკვეული სამართალურთიერთობის არსებობის ან არარსებობის დადასტურებაზე, რაც სამართლებრივ მდგომარეობას ანიჭებს განსაზღვრულობის ხარისხს. ამდენად, სააპელაციო პალატის მითითება მოსარჩელეთა ინტერესის ბუნდოვანობაზე, უზუსტობაზე არ ქმნის წარმოების შეწყვეტის საფუძველს, ვინაიდან აღიარებითი სარჩელის მიზანი სწორედ განსაზღვრულობის გარკვეული ხარისხის მიღწევაა. აღიარებით სარჩელზე კანონიერი ინტერესის განსაზღვრისას სრული გარკვეულობის მოთხოვნა არ არის მიღებული, ვინაიდან აღიარებითი სარჩელი უშუალოდ არ იწვევს დავის გადაწყვეტას, აღიარებითი სარჩელით მიღწეული შედეგი შესაძლოა საფუძვლად დაედოს შემდეგ მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონიერი ინტერესი არ ნიშნავს იმთავითვე მოთხოვნის კანონიერებას, სასამართლოს მიერ სარჩელის უცილობლად დაკმაყოფილებას, აღნიშნული დავის არსებითი განხილვის შედეგად გამოსარკვევ საკითხთა რიგს განეკუთვნება, სარჩელის დასაშვებობის ეტაპზე ინტერესის არსებობა, როგორც სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთი პირობა, გულისხმობს დავისადმი მოსარჩელის ინდივიდუალური, პერსონალური ინტერესის, როგორც ასეთის არსებობას. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, მატერიალური კანონიერება დგინდება პროცესის არსებითი განხილვის შედეგად, მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის საჭირო მატერიალური საფუძვლების არარსებობა, არის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და არა ინტერესის არარსებობის გამო სარჩელის დაუშვებლად ცნობისა და საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 20.02.14წ. #189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი“ ითვალისწინებს გარკვეული პირობების არსებობის შემთხვევაში ფართის გადაცემას საკუთრებაში, მოსარჩელეები არ ითხოვენ ფართის მათ საკუთრებაში გადაცემას, დავის საგანი ეხება სხვა პირისათვის - ნ. ჟ-ისათვის ფართის საკუთრებაში გადაცემის კანონიერებას, მოსარჩელეების მიერ ფართით წლების განმავლობაში სარგებლობა თავისთავად ადასტურებს ფართის განკარგვის კანონიერების დასმის საკითხისადმი მათ ინტერესს, მით უფრო, რომ მოსარჩელეთა ფართით სარგებლობის შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის მიერ გადაწყვეტილება არ მიღებულა, დავის საგანი არ ეხება მოსარჩელეებისათვის ფართის საკუთრებაში გადაცემის საკითხს, შესაბამისად საქართველოს მთავრობის 20.02.14წ. #189 დადგენილებით დამტკიცებული წესით ფართის საკუთრებაში მიღების უფლების არარსებობა არ ადასტურებს დავის მიმართ ინტერესის არარსებობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ" ქვეპუნქტის მიხედვით დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ან უნდა გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესებზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან რეალაქტი. დაინტერესებული მხარის ცნების მნიშვნელობა განპირობებულია იმით, რომ იგი უკავშირდება პირის უფლებას მიიღოს მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში და გამოვიდეს მხარედ სასამართლოში სამართლებრივი დავის განხილვისას. დავა სამართლებრივია უკეთუ სასამართლოს წინაშე ისმება საკითხი უფლების ან კანონიერი ინტერესის არსებობის შესახებ. ასეთი უფლების არსებობა, ინტერესის კანონით დაცულობის საკითხი სასამართლოს მიერ წყდება საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღებისას, რაც შეეხება სარჩელის დასაშვებობას, სარჩელის დასაშვებად მიჩნევისათვის საკმარისია ინტერესის, როგორც ასეთის არსებობა, ინტერესის არსებობის ვარაუდი საკმარისია სარჩელის დასაშვებობის გადასაწყვეტად. მოსარჩელეს უნდა გააჩნდეს დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიმართ მნიშვნელოვანი იურიდიული ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, ვინაიდან დავა ეხება ადამიანის საცხოვრებელი პირობების უმნიშვნელოვანეს ასპექტს - საცხოვრებელ ფართს, ხოლო მოსარჩელეები საქმის მასალების მიხედვით განეკუთვნებიან სოციალურად დაუცველ პირთა ჯგუფს. ინტერესის არსებობა პირდაპირ არ უკავშირდება მოთხოვნის კანონიერების საკითხს. კანონიერ ინტერესში იგულისხმება, რომ დავა უნდა იყოს სამართლებრივი, დავაში ინტერესი უნდა იყოს კონკრეტული, ლეგიტიმური, პატივსადები, მნიშვნელოვანი. კანონიერი ინტერესის არსებობა გულისხმობს იმას, რომ პირი სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას კეთილსინდისიერად იყენებს, დაუშვებელია ამ უფლების ბოროტად გამოყენება კანონსაწინააღმდეგო მიზნის მისაღწევად ან მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას, ეს მხარის ზნეობრივი ვალდებულებაცაა. მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს სასამართლო უფლების ბოროტად გამოყენებას. სარჩელი განსახილველად დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო განხილვისას საგანს წარმოადგენს სამართლებრივი და არა რომელიმე სხვა (ვთქვათ თეორიული) დავა. დავა სამართლებრივია უკეთუ სასამართლოს წინაშე ისმება საკითხი უფლების ან კანონიერი ინტერესის არსებობის შესახებ. რაც შეეხება ასეთი უფლების არსებობის, ინტერესის კანონით დაცულობის საკითხს, სასამართლოს მიერ იგი წყდება საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღებისას. მოსაზრება სარჩელის დაკმაყოფილების პერსპექტივის არარსებობის შესახებ არ ქმნის სარჩელის დაუშვებლობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებით საქმე არსებითი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 25-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე, 401-ე, 412-ე, 420-ე მუხლებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, მე-60 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
ნ. მ-ისა და თ. შ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.03.2015წ. განჩინება, საქმე არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი