ბს-412-407(კს-16) 12 ივლისი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - რ. გ-ე
წარმომადგენელი - ა. გ-ა
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; სსიპ შემოსავლების სამსახური; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; საქართველოს მთავარი პროკურატურა; საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რაიონული განყოფილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რეგიონალური ცენტრი; საქართველოს მთავრობა; საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 აპრილის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. გ-ემ 2014 წლის 1 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სხვათა მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა რ. გ-ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე წელთა ნამსახურობის ნუსხის შესაბამისად და ზიანის ანაზღაურება თითოეული მოპასუხისთვის 1598 ლარის, ასევე სარგებლის - ყოველთვიურად 42 ლარის დაკისრებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 აგვისტოს განჩინებით სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით რ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს დაევალა ემსჯელა რ. გ-ის მიერ წარდგენილ განცხადებაზე და საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მიეღო გადაწყვეტილება მოსარჩელისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. გ-ის წარმომადგენელმა ა. გ-ამ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 აპრილის განჩინებით რ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 369.1 მუხლის დანაწესზე და აღნიშნა, რომ რ. გ-ეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა 2016 წლის 14 მარტს, რომელიც პირადად ჩაბარდა 2016 წლის 14 მარტს. გზავნილზე მითითებული იყო ტექნიკური შეცდომა- 2016 წლის 14 თებერვალი. 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება 2016 წლის 14 თებერვალს, გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარეს ვერ ჩაბარდებოდა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარემ გაუშვა სააპელაციო წესით გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა, რომლის გაგრძელება (აღდგენა) კანონის თანახმად არ დაიშვება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 15 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა რ. გ-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის არსებითად განსახილველად დაბრუნებას. კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების ასლი და მიმართვის ფურცელი ჩაბარდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის დარღვევით, კერძოდ, რადგან მას არ განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გასაჩივრება შეიძლება სასამართლო აქტის გამოტანიდან 1 წლის განმავლობაში; ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლო მოხელემ გადაწყვეტილების ჩაბარებისას მას უკარნახა ,,2016 წლის 14 თებერვალი“ და რაც უკარნახეს, ის დაწერა მიმართვის წერილზეც. კერძო საჩივრის ავტორი ასევე უთითებს, რომ როგორც მას ახსოვს, მან პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა 2016 წლის 16 მარტს, ოთხშაბათს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. გ-ის წარმომადგენლის - ა. გ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ რ. გ-ის სააპელაციო საჩივარი კანონით დაგდენილი ვადის დარღვევითაა შეტანილი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების ასლი და მიმართვის ფურცელი ჩაბარდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის დარღვევით, კერძოდ, რადგან მას არ განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გასაჩივრება დაიშვება სასამართლო აქტის გამოტანიდან 1 წლის განმავლობაში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე იმპერატიულადაა დადგენილი სასამართლოს ვალდებულება, თავისი გადაწყვეტილებით მხარეს განუმარტოს გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით განსაზღვრული ვადა აღარ გამოიყენება და სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა, ასკ-ის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამოტანიდან 1 წელს შეადგენს.
განსახილველ შემთხვევაში, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში ნათლადაა განმარტებული მისი გასაჩივრების შესაძლებლობა, სააპელაციო საჩივრის შეტანის წესი და ვადა, სასამართლო, სადაც შეტანილ უნდა იქნეს სააპელაციო საჩივარი, მისი მდებარეობა, ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მითითება ასკ-ის მე-12 მუხლზე უსაფუძვლოა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება რ. გ-ემ პირადად ჩაიბარა სასამართლოს შენობაში. გზავნილი, რომელსაც რ. გ-ემ ხელი მოაწერა დათარიღებულია 2016 წლის 14 მარტით. მხარემ გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღად მიუთითა 14.02.2016 წელი.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ, ამ შემთხვევაში, დაშვებულია მექანიკური შეცდომა და გადაწყვეტილების რეალურად ჩაბარების თარიღი არის 2016 წლის 14 მარტი. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 2016 წლის 15 თებერვალს გამოცხადდა, შესაბამისად, მოსარჩელე დასაბუთებულ გადაწყვეტილებას 14 თებერვალს ვერ ჩაიბარებდა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ რ. გ-ეს გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღი - 2016 წლის 14 თებერვალი სასამართლოს მოხელემ უკარნახა და სინამდვილეში, გადაწყვეტილება 2016 წლის 16 მარტს ჩაიბარა, ვინაიდან, ეს გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მოსარჩელის წარმომადგენლისათვის უნდა გაეგზავნა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. აღნიშნული ნორმის საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია, გადაწყვეტილება გაუგზავნოს ერთ-ერთს - მხარეს ან მის წარმომადგენელს და არ არის ვალდებული, სასამართლოს აქტი ორივე მათგანს ჩააბაროს.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა 2016 წლის 15 მარტიდან დაიწყო და 28 მარტს ამოიწურა. რ. გ-ის სააპელაციო საჩივარი კი, ფოსტას 2016 წლის 29 მარტს, ანუ, სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ ჩაბარდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდესის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექისს 420-ე, 410-ე, 369-ე, მე-60 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. გ-ის წარმომადგენლის - ა. გ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე