#ბს-459-454(კს-16) 14 ივლისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ა. ნ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ 1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; 2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახური
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 იანვრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 26 მარტს ა. ნ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 19 თებერვლის №39185 გადაწყვეტილების ა. ნ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (რომლითაც განხორციელდება მოთხოვნილ უძრავ ნივთზე ა. ნ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია) გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ნ-მა. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით სააგენტოს მიერ ყველა დაუკმაყოფილებელ ნაწილში საკუთრების უფლების რეგისტრაცია, დარეგისტრირებული საკადასტრო კოდის ... არარად ცნობა და ასევე მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 იანვრის განჩინებით ა. ნ-ის სააპელაციო საჩივარი მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ა. ნ-ი დაზუსტებული სარჩელით ითხოვდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 19 თებერვლის №39185 გადაწყვეტილების ა. ნ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ბათილად ცნობას და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (რომლითაც განხორციელდება მოთხოვნილ უძრავ ნივთზე ა. ნ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია) გამოცემის დავალებას. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე წარდგენილ სააპელაციო საჩივარში კი ა. ნ-მა ასევე მოითხოვა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, სააპელაციო სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის თანახმად, არ გააჩნდა შესაძლებლობა, ამგვარი მოთხოვნის პირველი ინსტანციის სასამართლოში არარსებობის გამო, ემსჯელა სააპელაციო საჩივრის ფარგლებში.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური ხასიათის მიუხედავად სარჩელზე უფლებას დისპოზიციური ხასიათი აქვს, სასამართლო შეზღუდულია მხარის მიერ დაყენებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებით. აპელანტის მიერ მითითებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის არსებობა გამორიცხავდა სასამართლოს მხრიდან აღნიშნულ მოთხოვნაზე მსჯელობის შესაძლებლობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 იანვრის განჩინება გაასაჩივრა ა. ნ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
ა. ნ-ის განმარტებით, მას არასდროს არ უთქვამს უარი მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე, მისთვის სასამართლო სხდომაზე ამგვარი კითხვა არავის არ დაუსვამს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 ივნისის განჩინებით ა. ნ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ნ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას გასაჩივრებული განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შესწავლის თაობაზე და აღნიშნავს, რომ საქმის მასალების თანახმად, ა. ნ-მა საქალაქო სასამართლოში რამდენჯერმე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 19 თებერვლის №39185 გადაწყვეტილების ა. ნ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (რომლითაც განხორციელდება მოთხოვნილ უძრავ ნივთზე ა. ნ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია) გამოცემის დავალება მოითხოვა (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა იხ.: 16.09.2015წ. 16:35:06).
სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი სააპელაციო საჩივრით კი ა. ნ-მა სააგენტოს მიერ ყველა დაუკმაყოფილებელ ნაწილში საკუთრების უფლების რეგისტრაცია, დარეგისტრირებული საკადასტრო კოდის ... არარად ცნობა და ასევე მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება ა. ნ-ს სარჩელით არ მოუთხოვია და ამგვარი მოთხოვნა მას არც დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში დაუყენებია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას ა. ნ-ის სააპელაციო საჩივრის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში და დამატებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების პროცედურა რეგლამენტირებულია საქართვლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლში, რომლის შესაბამისად, „სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა“, სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად მიიჩნევა ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განხილული მოთხოვნის საგნის ან საფუძვლის შეცვლის შემთხვევაშიც, კერძოდ, ამავე კოდექსის 381-ე მუხლის შესაბამისად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, აგრეთვე შეგებებული სარჩელის შეტანა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია.
აღნიშნული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრით არ უნდა იქნეს დაყენებული ის მოთხოვნები, რომლებიც არ ყოფილა აღძრული პირველი ინსტანციის სასამართლოში. სააპელაციო საჩივრის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ამოწმებს, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ საქმეს განიხილავს, როგორც ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, ისე მათი სამართლებრივი შეფასების კუთხით. სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დაადგინოს ახალი ფაქტები, ხოლო საქმის მონაწილე პირებს უფლება აქვთ პირველ ინსტანციაში უკვე განხილულთან ერთად სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ანუ განხილული საქმე განიხილონ ხელმეორედ, აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ მხარეს უფლება აქვს შეცვალოს მოთხოვნის საგანი და საფუძველი. მიუხედავად ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციურობის ბუნებისა, სააპელაციო სასამართლოში არ შეიძლება დავის საგანს წარმოადგენდეს ის მოთხოვნა, რომელიც განხილვის საგანი არ ყოფილა პირველ ინსტანციაში. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სააპელაციო სასამართლო საქმის განხილვისას შეზღუდულია სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ნ-ის კერძო საჩივარი არ არის დასაბუთებული და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ა. ნ-ს კერძო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა კერძო საჩივარზე შეადგენს 50 ლარს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ნ-ს უნდა დაუბრუნდეს 2016 წლის 21 ივნისს კერძო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 250 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ნ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 იანვრის განჩინება;
3. ა. ნ-ს დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე 2016 წლის 21 ივნისს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 250 ლარი;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი