Facebook Twitter

010330115812523

საქმე ბს-774-766 (კს-15) 14 ივლისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე.

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – ზ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სააღსრულებო ბიურო

მოწინააღმდეგე მხარე (მესამე პირი) _ თ. ხ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.09.2015წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. მ-ემ 10.09.2007წ. სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროსა და მესამე პირის - თ. ხ-ის მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ გორის რაიონული სასამართლოს მიერ 27.05.2005წ. გაცემული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, მას თ. ხ-ის სასარგებლოდ 4 603 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, 21.03.2006წ. შიდა ქართლის სააღსრულებო ბიურომ ქ. გორში, ... ქ. №172/3-ში მდებარე ბინაზე ჩაატარა აუქციონი. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ აუქციონი ჩატარდა მთელი რიგი დარღვევებით, კერძოდ, ზემოხსენებული ბინა დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ არასწორად იქნა შეფასებული, შეფასებისას არ იქნა გათვალისწინებული სახლის მიშენებული ნაწილი, რომელიც მის ფასს მნიშვნელოვნად გაზრდიდა. ამასთანავე, მოსარჩელემ აღნიშნა აგრეთვე, რომ იგი არ იყო გაფრთხილებული აუქციონის ჩატარების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ 26.04.2006წ. აუქციონის, მისი შედეგებისა და შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროს 31.05.2006წ. განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

გორის რაიონული სასამართლოს 18.03.2008წ. გადაწყვეტილებით ზ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ზ. მ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.09.2008წ. განჩინებით ზ. მ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 18.03.2008წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა გორის რაიონულ სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 19.03.2009წ განჩინებით ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.09.2008წ. განჩინება.

გორის რაიონული სასამართლოს 08.07.2010წ. გადაწყვეტილებით ზ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 21.03.06წ. და 26.04.06წ. ჩატარებული აუქციონები თანმდევი შედეგით და შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროს 31.05.2006წ. განკარგულება ქ. გორში, ... ქ. №172/3-ში მდებარე უძრავი ქონების თ. ხ-ისათვის ნატურით გადაცემის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულმა ორგანომ - შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიურომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.12.2010წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გორის რაიონული სასამართლოს 08.07.10 წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ზ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის მ. დ-ის 31.05.06 წ. №06-09 განკარგულება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.12.10 წ. გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გასაჩივრდა ზ. მ-ის მიერ, რომელმაც ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.12.10 წ. გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება - 21.03.06 წ. და 26.04.06 წ. აუქციონებისა და მისგან გამომდინარე შედეგების ბათილად ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.09.2011წ. განჩინებით ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.12.2010წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

ზ. მ-ემ 25.05.2015წ. განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა სსკ-ის 423.1 მუხლის „ა", „გ" და „ვ" ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.12.2010წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. განმცხადებელმა ახლად აღმოჩენილი გარემოების სახით ის მიუთითა, რომ გორის შს სამმართველოში დაიკითხა გორის რაიონული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე - ქ. ს-ძე, რომლის მიერაც არის გამოწერილი სააღსრულებო ფურცელი. განმცხადებლის განმარტებით, გორის შს სამმართველოში დაკითხვისას, ქ. ს-ს განუცხადებია, რომ მას არ გამოუწერია სააღსრულებო ფურცელი. აღნიშნულის შემდგომ საგამოძიებო განყოფილებაში დაკითხულ იქნა სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლები და აღმოჩნდა, რომ არ არსებობს სააღსრულებო ფურცლის პირველი პირი (დედანი). როგორც ირკვევა, სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს სააღსრულებო ფურცლის გარეშე გამოუწერია 01.07.2010წ. განკარგულება ნატურით ქონების გადაცემაზე. 01.07.2010წ. განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ინფორმაცია 2005 წელს სააღსრულებო ფურცლის ჟურნალის არსებობის და მასში სააღსრულებო ფურცლის გატარების შესახებ, რაზეც 22.07.2010 წ. მიიღო პასუხი, რომ 2005 წელს სააღსრულებო ფურცლის გაცემის რეგისტრაცია ხდებოდა სააღსრულებო წარმოებათა რეგისტრაციისათვის განკუთვნილ ჟურნალში. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ სააღსრულებო ფურცელი გორის რაიონული სასამართლოს სააღსრულებო წარმოების რეგისტრაციის ჟურნალში არ არის რეგისტრირებული. ამასთანავე, სამოქალაქო საქმეში N2/541 არ არსებობს განჩინება ,,სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის და გადაწყვეტის წესის შესახებ’’ და არ არსებობს სააღსრულებო ფურცელი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.09.2015 წ. განჩინებით ზ. მ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.12.2010 წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (სსკ-ის მუხ. 422) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (სსკ-ის მუხ. 423) განცხადების წინამძღვრები. ზ. მ-ე განცხადების დაკმაყოფილების ფაქტობრივ საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ სააღსრულებო ბიურომ სააღსრულებო წარმოება აწარმოა არარსებული სააღსრულებო ფურცლის მიხედვით. განმცხადებელი ასევე მიუთითებს, რომ 2015 წელს გორის შ.ს. სამმართველოში დაიკითხა გორის რაიონული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ქ. ს-ე, რომლის მიერაც არის გამოწერილი სააღსრულებო ფურცელი და რომელმაც დაკითხვისას უარყო სააღსრულებო ფურცლის გამოწერა. განმცხადებლის მითითებით, აღნიშნულის შემდგომ საგამოძიებო განყოფილებაში დაკითხულ იქნა სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლები და აღმოჩნდა, რომ არ არსებობს სააღსრულებო ფურცლის პირველი პირი.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქმის მასალებით არ დგინდება სააღსრულებო ფურცლის სიყალბე და მოსამართლე ქ. ს-ის დაკითხვის ფაქტი. პალატამ მიიჩნია, რომ ზ. მ-ის მიერ, სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის "ვ" ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმეზე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები და მითითებული ისეთ გარემოებებზე, რომლებიც მხარისათვის საქმის არსებითი განხილვის მიმდინარეობის დროს არ იყო ცნობილი და ადრე რომ ყოფილიყო მის მიერ წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა განცხადებაში მითითებული გარემოებები და ზ. მ-ის 25.05.15წ. განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მიიჩნია უსაფუძვლოდ. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა განცხადების დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.09.2015წ. განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში ზ. მ-ის მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განცხადების ავტორი საქმის წარმოების განახლების საფუძვლად უთითებს მის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ გორის შს სამმართველოში დაიკითხა გორის რაიონული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე - ქ. ს., რომლის მიერაც არის გამოწერილი სააღსრულებო ფურცელი. გორის შს სამმართველოში დაკითხვისას, ქ. ს-მ განაცხადა, რომ მას არ გამოუწერია სააღსრულებო ფურცელი საცხოვრებელი ბინის აღსრულებაზე. აღნიშნულის შემდგომ საგამოძიებო განყოფილებაში დაკითხული იქნა სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლები და აღმოჩნდა, რომ არ არსებობს სააღსრულებო ფურცლის პირველი პირი (დედანი). განმცხადებელი თვლის, რომ სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს სააღსრულებო ფურცლის გარეშე მიუღია განკარგულება ნატურით გადაცემული ქონების მიღებაზე. ზ. მ-ე აღნიშნავს, რომ 01.07.2010წ. განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ინფორმაცია 2005 წელს სააღსრულებო ფურცლის ჟურნალის არსებობისა და მასში სააღსრულებო ფურცლის აღრიცხვის შესახებ, რაზედაც 22.07.2010წ. მიიღო პასუხი, რომ 2005 წელს სააღსრულებო ფურცლის გაცემის რეგისტრაცია ხდებოდა სააღსრულებო წარმოებათა რეგისტრაციისათვის ჟურნალში. განმცხადებლის განმარტებით, სააღსრულებო ფურცელი გორის რაიონული სასამართლოს სააღსრულებო წარმოების რეგისტრაციის ჟურნალში რეგისტრირებული არ არის.

საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ გორის რაიონული სასამართლოს ყოფილი მოსამართლის - ქ. ს-ის მიერ სააღსრულებო ფურცლის გამოწერის უარყოფა საქმის მასალებით არ დასტურდება. განმცხადებელს არ წარმოუდგენია და საქმის მასალებში არ მოიპოვება აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები. საქმის მასალებით ასევე ვერ დგინდება, რომ საგამოძიებო განყოფილებაში დაკითხულნი იქნენ სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლები, რომლებმაც თითქოს უარყვეს სააღსრულებო ფურცლის პირველი პირის არსებობის ფაქტი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესსა და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე თავი აწესრიგებს. სსკ 423-ე მუხლის მიხედვით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია არა მხარის მიერ მითითებული ნებისმიერი საფუძვლით, არამედ მხოლოდ სსკ 423-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას. იმ გარემოებათა ჩამონათვალი, რომელიც შესაძლოა საფუძვლად დაედოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას, ამომწურავია და არ დაიშვება მისი განვრცობითი განმარტება. საზედამხედველო წარმოება, რომელიც ითვალისწინებდა კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას ნორმის უსწორო გამოყენების გამო, მოქმედ საპროცესო კანონმდებლობაში გათვალისწინებული არ არის. საპროცესო კანონმდებლობით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების საფუძვლად შესაძლოა მიჩნეულ იქნეს მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება (სსკ-ის 423-ე მუხ. ,,გ" ქვეპუნქტი), აგრეთვე იმ დოკუმენტის სიყალბე, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება (სსკ-ის 423-ე მუხ. ,,ა" ქვეპუნქტი). საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის წარმოების განახლება ხსენებული საფუძვლით შესაძლებელია თუ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი (სსკ-ის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილი), რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. ამდენად, კერძო საჩივრის მითითება გორის რაიონული სასამართლოს ყოფილი მოსამართლის მიერ და აგრეთვე სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ შს ორგანოებში დაკითხვისას მიცემულ ჩვენებებზე, სააღსრულებო საქმის მასალების და სააღსრულებო ფურცლის გაყალბებაზე, არ ქმნის კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველს, ვინაიდან კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლებისათვის აღნიშნული გარემოებები სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით უნდა იყოს დადასტურებული. ახლად აღმოჩენილ გარემოებას არ წარმოადგენს აგრეთვე ზ. მ-ის განცხადებაში დამატებით მითითებული სხვა გარემოებანი, როგორიცაა სააპელაციო ინსტანციაში მოსამართლის (ლ. მ-ის) მიერ ერთიდაიგივე ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვაში რამოდენიმეჯერ მონაწილეობა, შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ ნივთების აღწერის სიის შედგენა, სასამართლო ოქმის ჩანაწერის უსწორობა და სხვა. საქმის მასალებით არ დასტურდება რაიმე სამართალდარღვევა, ამასთანავე საქმის წარმოების განახლება არ გულისხმობს ნორმის სისწორის გამოყენების გადამოწმებას, განცხადებაში აღნიშნული გარემოებები ცნობილი იყო ზ. მ-ისათვის სასამართლოში საქმის განხილვისას, ხოლო საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ამ გარემოებებზე.

ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებისათვის უტყუარად უნდა იქნეს დადასტურებული, რომ ისინი არსებობდნენ საქმის განხილვის დროისათვის, ხოლო მხარემ მათი არსებობის შესახებ არ იცოდა და არც შეეძლო სცოდნოდა. განსახილველ შემთხვევაში ზ. მ-ის მიერ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვერ იქნა მითითებული და წარმოდგენილი რაიმე ახალი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც მხარისათვის საქმის არსებითი განხილვის მიმდინარეობის დროს არ იყო ცნობილი და ეს მტკიცებულებები ადრე რომ ყოფილიყო მის მიერ წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ასეთი ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების შესახებ ზ. მ-ის განცხადებაში მითითებული არ არის. ზ. მ-ის მიერ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაცია ცნობილი იყო სასამართლოსათვის საქმის არსებითი განხილვის დროს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააღსრულებო მასალების არარსებობის საკითხი ზ. მ-ის მიერ სასამართლოს წინაშე ისმებოდა აღმასრულებლის 31.05.06წ. №06-09 განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ საკითხის განხილვის პერიოდში, აღნიშნული გარემოება მითითებულია ზ. მ-ის სასარჩელო განცხადებაში. ზ. მ-ე 25.05.15წ. განცხადებაში თავად აღნიშნავს, რომ სააღსრულებო საქმის წარმოების მასალების არარსებობის შესახებ საკითხი დასვა ჯერ კიდევ გორის რაიონული სასამართლოს 25.01.08წ. სხდომაზე, სასამართლოს მიერ საქმის მასალები გამოთხოვილ იქნა სააღსრულებო ბიუროდან, 18.03.08წ., 30.04.09წ. სასამართლოს წარედგინა სააღსრულებო საქმის ქსეროასლი. საქმეში დაცულ ზ. მ-ის 13.03.08წ. განცხადებაში გორის რაიონული სასამართლოს მიმართ განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ ქართლის სააღსრულებო ბიურომ აღსრულება ჩაატარა კრედიტორ თ. ხ-ის მიერ ყალბი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რის გამო განმცხადებელი ითხოვდა სააღსრულებო ფურცლის კანონიერების დადგენას. საქმის არსებითი განხილვის დროს ზ. მ-ის მიერ არაერთგზის დასმულა სააღსრულებო ფურცლის ძალაში შეუსვლელ გადაწყვეტილებაზე გამოტანის, სააღსრულებო ფურცლის სააღსრულებო წარმოების ჟურნალში რეგისტრაციაში არგატარების საკითხი (იხ. მაგ. ტ. 3, ს.ფ. 16, 17, 60, 61, 65-67, 71). ამდენად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაში და კერძო საჩივარში დასმული საკითხები ცნობილი იყო სასამართლოსათვის საქმის არსებითი განხილვის დროს, რის გამო ისინი არ წარმოადგენენ ახლად აღმოჩენილ გარემოებებს. ახლად აღმოჩენილ გარემოებას არ წარმოადგენს ისეთი გარემოება, რომელიც ცნობილი იყო საქმის განხილველი სასამართლოსათვის. სსკ-ის 423-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, განმცხადებელმა უნდა დაადასტუროს, რომ ახალი ფაქტების თუ მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და მას დავის განხილვის მიმდინარეობისას არ ჰქონდა აღნიშნულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითების შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში დასტურდება, რომ ზ. მ-ისათვის და საქმის განმხილველი სასამართლოსათვის მითითებული ფაქტები და მტკიცებულებები ცნობილი იყო. ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს საზედამხედველო წარმოებას, რომლის ფარგლებში იქნებოდა შესაძლებელი ნორმის გამოყენების სისწორის გადამოწმება. დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (სსკ-ის 422-ე მუხ.) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (სსკ-ის 423-ე მუხ.) განცხადების წინამძღვრები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 25.09.2015წ. გასაჩივრებული განჩინებით ზ. მ-ის 09.01.2013წ. განცხადებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.12.2010წ. გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე მართებულად ეთქვა უარი. ამდენად, კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე, 423-ე, 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.09.2015წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ.სხირტლაძე

B მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი