№330310014591987
საქმე №ბს-776-768(2k-4კს-15) 17 დეკემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას წარმომადგენლის ი. პ-ის კერძო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 24 სექტემბრისა და 12 ოქტომბრის განჩინებებზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ლ. ხ-მა, ნ. ქ-ამ და გ. ბ-ამ 2014 წლის 11 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და მესამე პირის გ. ა-ის მიმართ, რომლითაც მოპასუხის „ლ. ხ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ 2014 წლის 22 აგვისტოს №274 ბრძანების, „ნ. ქ-ას გათავისუფლების შესახებ“ 2014 წლის 22 აგვისტოს №273 ბრძანებისა და „გ. ბ-ას გათავისუფლების შესახებ“ 2014 წლის 22 აგვისტოს №275 ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა, მოსარჩელეთა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა, სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის მანძილზე იძულებითი განაცდური ხელფასის სრული ანაზღაურება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 22 აგვისტოს №274 ბრძანება ლ. ხ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 22 აგვისტოს №273 ბრძანება ნ. ქ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 22 აგვისტოს №275 ბრძანება გ. ბ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ლ. ხ-ის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ნ. ქ-ას გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა გ. ბ-ას გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ლ. ხ-ისთვის 3 თვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის ანაზღაურების გადახდა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ნ. ქ-ასთვის 3 თვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის ანაზღაურების გადახდა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა გ. ბ-ასთვის 3 თვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის ანაზღაურების გადახდა; მოსარჩელეებს გ. ბ-ას, ნ. ქ-ასა და ლ. ხ-ს უარი ეთქვათ აგვისტოს თვის ხელფასის ანაზღაურებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 იანვრის განჩინებით განისაზღვრა, რომ გადაწყვეტილება ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ აღსრულდეს დაუყოვნებლივ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ლ. ხ-მა, ნ. ქ-ამ, გ. ბ-ამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 22 აგვისტოს №274 ბრძანება ლ. ხ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ლ. ხ-ის აღდგენა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ... საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილედ; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ლ. ხ-ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 3 თვის სახელფასო სარგოს ოდენობით; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 22 აგვისტოს №273 ბრძანება ნ. ქ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ნ. ქ-ას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ... საქალაქო სამსახურში ... განყოფილების ... თანამდებობაზე აღდგენა; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ნ. ქ-ასათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 3 თვის სახელფასო სარგოს ოდენობით; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 22 აგვისტოს №275 ბრძანება გ. ბ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა გ. ბ-ასათვის შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მხარეთა შორის შეთანხმებული სახელფასო სარგოს ოდენობით 2014 წლის 22 აგვისტოდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე. გ. ბ-ას მოთხოვნა თავდაპირველ თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეების მოთხოვნა გათავისუფლებიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და აგვისტოს თვის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელეთა - ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით, დანარჩენი ხარჯების ანაზღაურებაზე მოსარჩელეებს ეთქვათ უარი; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 იანვრის განჩინება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე. განიმარტა, რომ გადაწყვეტილება ამ ნაწილში საბოლოოა და არ საჩივრდება. მოსარჩელეთა შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება გადაეცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებისათვის გადაცემის ნაწილში გადაწყვეტილების შესაძლებლობა განემარტათ მხარეებს კერძო საჩივრით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის განჩინებით ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 მარტის განჩინება და ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას შუამდგომლობაზე შეწყდა საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის მოტივით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილების ნაწილი კერძო საჩივრით და ნაწილი საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ როდესაც არსებობს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა იგი არ უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რადგან შესაძლებელია უზენაესმა სასამართლომ გააუქმოს აღსრულებული გადაწყვეტილება, რამდენადაც სასამართლოს არ გამოუკვლევია მთელი რიგი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. სააპელაციო სასამართლომ ისე აღადგინა მოსარჩელეები თანამდებობებზე, რომ სავალდებულო მესამე პირებად საქმეში არ ჩართო ამ თანამდებობებზე მომუშავე პირები, არ გაარკვია არსებობს თუ არა ახალ შექმნილ სამსახურში ძველი თანამდებობების თანასწორი თანამდებობები და რამდენად არის შესაძლებელი ამ თანამდებობებზე მოსარჩელეების აღდგენა.
2015 წლის 29 ივლისს, 2015 წლის 21 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობებით მიმართა ლ. ხ-მა, ნ. ქ-ამ და გ. ბ-ამ.
შუამდგომლობის ავტორთა მოსაზრებით არასწორადაა განმარტებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი, ვინაიდან აპელანტთა სააპელაციო საჩივრით დავის საგნად იყო ქცეული პირველი ინსტანციის სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილება და ასევე ამ გადაწყვეტილების მიღებამდე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული სხვა წინმსწრები საპროცესო აქტები - საოქმო განჩინებები. შუამდგომლობის ავტორის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების წინმსწრები საოქმო განჩინებების გასაჩივრება სააპელაციო პრეტენზიასთან ერთად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის სამართლებრივი საფუძვლით, მოაზრებული უნდა იქნეს, როგორც კერძო საჩივართან დაკავშირებული წარმოება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში, რის საფუძველზეც, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლზე დაყრდნობით, ითხოვს უსწორობის გასწორებას (2015 წლის 29 ივლისის N3/4429 და 2015 წლის 21 სექტემბერს N 3/5053 შუამდგომლობები). შუამდგომლობის ავტორმა ასევე მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით განისაზღვრა გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და განმარტებული იქნა, რომ ორივე საკითხზე გადაწყვეტილება საჩივრდება საკასაციო წესით. შუამდგომლობის ავტორი განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, კერძო საჩივარზე ზემდგომი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოაა და არ საჩივრდება, ამდენად, შუამდგომლობის ავტორი მიიჩნევს, რომ მისი ზემდგომი სასამართლოში შემოწმების კონტროლი მთავრდება კერძო საჩივარზე განმხილველი სასამართლოს მიერ მისი განხილვით, რის საფუძველზეც მოითხოვა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე გასაჩივრების წესთან მიმართებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებაში არსებული უსწორობის გასწორება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 24 სექტემბრის განჩინებით ლ. ხ-ის, ნ. ქ-ას და გ. ბ-ას განცხადება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ იმ პირობებში, თუ მხარე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და თვლის, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით შეილახა მისი უფლებები, აღნიშნული ქმნის კასაციის საფუძველს, რომლის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება საკასაციო სასამართლოს კომპეტენციას. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა, მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარე ვერ მოექცევა საპროცესო კანონმდებლობით უსწორობის გასწორებისათვის დადგენილ რეგულაციებში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობის ფარგლებში არამიზანშეწონილად მიიჩნევს შუალედური განჩინებების გასაჩივრების პროცედურული საკითხების განხილვას და თვლის, იმ პირობებში, თუ მხარის მოსაზრებით, გადაწყვეტილება ან მისი რომელიმე ნაწილი არღვევს საკანონმდებლო დანაწესს, აღნიშნული უნდა იქცეს მხოლოდ ზემდგომი სასამართლოს კვლევის საგნად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 24 სეტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ლ. ხ-მა, ნ. ქ-ამ და გ. ბ-ამ. კერძო საჩივრის ავტორებმა შუამდგომლობაში მითითებული საფუძვლებით გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის მოცემულ საკითხზე შუამდგომლობის განხილვის ეტაპიდან სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვეს.
2015 წლის 8 ოქტომბერს ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას წარმომადგენელმა ი. პ-მა სასამართლოს წარუდგინა შუამდგომლობა გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 24 სექტემბრის განჩინებაში არსებული უსწორობის გასწორების თაობაზე. შუამდგოლობის ავტორი მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 24 სექტემბრის განჩინების გასაჩივრების წესი განიმარტა იმგვარად, რომ მასზე დასაშვებად იქნა მიჩნეული კერძო საჩივრის წარდგენა, რაც შუამდგომლობის ავტორის მოსაზრებით, წარმოადგენს უსწორობას საპროცესო აქტში და ის უნდა გასწორდეს უსწორობის გასწორების პროცესუალური შესაძლებლობებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას წარმომადგენლის ი. პ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 24 სექტემბრის განჩინებაში უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლი მიუთითებს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის ან აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორების განხილვის წესზე, რომლეშიც მოიაზრება, სასამართლოს განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ და განჩინება, რომლითაც უარი ეთქვა მხარეს უსწორობის გასწორების თაობაზე. გასაჩივრების წესი, რომელსაც განმარტავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილი, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვრცელდება არა მარტო გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე, არამედ იმ განჩინებაზეც, რომლითაც შუამდგომლობა გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 24 სექტემბრის განჩინებით მხარეს სწორად განემარტა განჩინების გასაჩივრების წესი, რის გამოც არ არსებობდა წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პლატის 2015 წლის 12 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას წარმომადგენელმა ი. პ-მა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 24 სექტემბრის განჩინებით სასამართლომ არასწორად განმარტა გასაჩივრების წესი, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით კერძო საჩივრით გასაჩივრებას ექვემდებარება „გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ სასამართლოს განჩინება“ და არა შესწორებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი კერძო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებები დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 24 სექტემბრის განჩინებაზე წარმოდგენილი კერძო საჩივრით სადავოა, რა წესით უნდა განიხილოს ზემდგომმა სასამართლომ შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად წინმსწრებ განჩინებაზე შეტანილი საჩივარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ამ ნორმით კანონმდებელმა სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგნად დაადგინა აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა, რითაც შემაჯამებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მოაქცია დასახელებული განჩინებების კანონიერების შემოწმება. ვინაიდან სააპელაციო პალატა სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემაჯამებელ საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად იხილავს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებსაც, ამიტომ აღნიშნული განჩინებები ამ შემთხვევაში შეიძლება მსჯელობის საგანიც გახდეს საკასაციო საჩივრის ფარგლებშიც საკასაციო სასამართლოშიც.
საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ წინსმწრები განჩინების გასაჩივრების არსი არის იმის დადგენა, განხილულია თუ არა საქმე მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც გავლენას ახდენს მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორედ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენის ფარგლებში უნდა იმსჯელოს, საქმის განხილვის პროცესში ხომ არ ყოფილა რაიმე ისეთი დარღვევა, რაც შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესს, გადაწყვეტილების კანონიერებას ან დავის გადაწყვეტის შედეგს აყენებს ეჭქვეშ. სწორედ ამ მიზეზით, გასაჩივრების შემთხვევაში, ამგვარი განჩინებები საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანიც უნდა გახდეს, რაც გამორიცხავს კერძო საჩივრის ავტორთა მტკიცებას, რომ წინმსწრები განჩინებები კერძო საჩივრის განხილვისათვის დადგენილი წესით უნდა შეფასდეს, რაც გულისხმობს მათ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საბოლოობას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LI თავით დადგენილია საკითხის განხილვის სპეციალური წესი, რომელიც უშუალოდ კერძო საჩივარს შეეხება და ამ შემთხვევაში ანალოგიით გამოყენებული ვერ იქნება. კანონმდებლობით ამომწურავადაა დადგენილი, რა შემთხვევაში დაიშვება კერძო საჩივრის შეტანა. წინმსწრები განჩინების გასაჩივრებისას კანონმდებელი საქმის განხილვის რაიმე განსხვავებულ წესს არ ადგენს. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლიდან გამომდინარე, შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად შეიძლება გასაჩივრდეს ის განჩინებაც, რომლის მიმართაც კერძო საჩივრის შეტანა დაიშვებოდა, მაგრამ ეს გარემოება არ გულისხმობს საქმის განხილვის წესის შეცვლას. ამდენად, საკასაციო სასამართლოსათვის გაუგებარია, ჰიპოთეტურად მაინც, მხარის რა ინტერესი შეიძლება დაირღვეს, წინმსწრები განჩინების შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად სააპელაციო საჩივრის ფარგლებში განხილვით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი სწორად იყო განმარტებული და უსწორობის შესწორების საფუძველი არ არსებობდა, ამდენად, საკასაციო სასამართლოს აზრით, გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 24 სექტემბრის განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
გარდა ამისა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაზე წარმოდგენილი კერძო საჩივრით სადავოა, დასაშვებია თუ არა კერძო საჩივრის წარდგენა გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის. გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გასაჩივრების წესი, ვრცელდება არა მარტო გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე, არამედ იმ განჩინებაზეც, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის თაობაზე. რამდენადაც, „გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ განჩინება“ მოიცავს უსწორობის გასწორებისა და უსწორობის გასწორებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებებს იმის მიხედვით დაკმაყოფილდება თუ არა მხარის შუამდგომლობა, რამდენადაც მხოლოდ იმ მხარისათვის გასაჩივრების უფლების მიცემა, რომლის ინტერესის საწინააღმდეგოდაც გასწორდა უსწორობა გადაწყვეტილებაში დაუშვებელია და მხარეს რომელსაც უარი ეთქვა უსწორობის გასწორებაზე უნდა მიეცეს შესაძლებლობა მოისმინოს ზემდგომი სასამართლოს მოტივაცია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მართებულობასთან დაკავშირებით.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 24 სექტემბრის განჩინებით მხარეს სწორად განემარტა განჩინების გასაჩივრების წესი, რის გამოც არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაზე წარმოდგენილი კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 24 სექტემბრის განჩინება;
3. უცვლელად დარჩეს 2015 წლის 24 სექტემბრის განჩინებაში უსწორობის გასწორებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ოქტომბრის განჩინება;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი