#ბს-474-469(გ-16) 14 ივლისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელეები _ მ. ხ-ე, ა. დ-ე
მოპასუხე _ ნ. ხ-ა
დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 21 მარტს მ. ხ-ემ და ა. დ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - ნ. ხ-ას მიმართ.
მოსარჩელეთა განმარტებით, 2014 წლის 12 აგვისტოს მ. ხ-ესა და მ. დ-ას შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ. ხ-ემ მ. დ-ას სესხის სახით გადასცა 9000 აშშ დოლარი, სესხის სარგებელს კი წარმოადგენდა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ბინა, მდებარე: ქ. თბილისი, ... №10. აღნიშნული სესხის ხელშეკრულება დაამოწმა ნოტარიუს ნ. ხ-ას შემცვლელმა პირმა მ. შ-მა. ანალოგიური სესხის ხელშეკრულება გაფორმდა 2014 წლის 30 ოქტომბერს ა. დ-ესა და მ. დ-ას შორის, რომლის საფუძველზეც ა. დ-ემ მ. დ-ას სესხის სახით გადასცა 7000 აშშ დოლარი, სესხის სარგებლად ასევე განისაზღვრა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ბინა, მდებარე: ქ. თბილისი, ... №10. აღნიშნული სესხის ხელშეკრულება დაამოწმა ნოტარიუსმა ნ. ხ-ამ. მ. დ-ამ ა. დ-ეს დაუბრუნა 1000 აშშ დოლარი, რის გამოც ა. დ-ის მიმართ დარჩენილმა ვალდებულებამ შეადგინა 6000 აშშ დოლარი.
მოსარჩელეთა მითითებით, ნოტარიუსმა მსგავსი ხელშეკრულებები ერთი და იმავე უძრავ ქონებაზე გააფორმა ათობით სხვა პიროვნებასთან. ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით მ. დ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
მოსარჩელეთა განმარტებით, ნოტარიუსმა ზემოაღნიშნული სესხის ხელშეკრულებების გაფორმებისას დაარღვია „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონი, არ შეამოწმა ხელშეკრულებების კანონიერება, რამაც გამოიწვია მათთვის მატერიალური ზიანის მიყენება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოპასუხე ნოტარიუს ნ. ხ-ასთვის მატერიალური ზიანის სახით ა. დ-ის სასარგებლოდ - 6000 აშშ დოლარის, ხოლო მ. ხ-ის სასარგებლოდ - 9000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 მაისის განჩინებით საქმე მ. ხ-ის და ა. დ-ის სარჩელის გამო მოპასუხე ნოტარიუს ნ. ხ-ას მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველის ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნოტარიატი არის საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი თავის პროფესიულ საქმიანობაში თავისუფალია და სანოტარო და სხვა, მასთან დაკავშირებულ მოქმედებათა მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სანოტარო მოქმედების შესრულებისას ნოტარიუსი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელია. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი პასუხს აგებს თავისი სამსახურეობრივი საქმიანობით მიყენებული ზიანისათვის. სახელმწიფო პასუხს არ აგებს ნოტარიუსის მიერ მიყენებული ზიანისათვის. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის თანახმად, ნოტარიუსს ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა ზიანისათვის, რომელიც გამოიწვია მისმა განზრახმა ან გაუფრთხილებელმა ქმედებამ.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მითითებით, „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი არის პირი, რომელიც დანიშნულია ამ თანამდებობაზე „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ამავე კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ეს არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში აღძრული სარჩელი გამომდინარეობს ნოტარიუსის მიერ სესხის ხელშეკრულებების გაფორმების დროს მისი უფლებამოსილების განხორციელების შედეგად მხარეთათვის ზიანის მიყენებიდან. იმის გათვალისწინებით, რომ ნოტარიუსს დაკისრებული აქვს სახელმწიფოებრივი, იგივე საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების ვალდებულება, იგი თავისი სტატუსითა და საქმიანობით უთანაბრდება და წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. შესაბამისად, დავა ისეთი ზიანისათვის, რომლის წარმოშობაც უკავშირდება ნოტარიუსის მიერ მისთვის დაკისრებული საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში შესრულებულ რაიმე სახის კონკრეტულ სანოტარო მოქმედებას და ამ მოქმედების შედეგად დამდგარ ზიანს, განხილულ და გადაწყვეტილ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, აღძრული სარჩელი თავისი შინაარსით ეხება ნოტარიუსისათვის ისეთი სახის ზიანის ანაზღაურების დაკისრებას, რომელიც გამომდინარეობს ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედების შესრულების დროს საჯარო სამარლებრივი უფლებამოსილების განხორციელებიდან და შესაბამისად, სამოქალაქო საქმეთა განმხილველი სასამართლო ვერ იმსჯელებდა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ივნისის განჩინებით მ. ხ-ის და ა. დ-ის სარჩელი საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია არ წარმოადგენს მოცემულ დავაზე განსჯად სასამართლოს და მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლზე, სადაც მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი. სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ დავის ადმინისტრაციული წესით განსახილველად მიჩნევისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს სადავო ურთიერთობის შინაარსს და დავის საგანს. ამასთან, დავის ერთ-ერთ მონაწილე მხარეს აუცილებლად უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანო.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეები ითხოვენ ნოტარიუსის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლის თანახმად, პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს თავისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი მოვალეობის შესრულებისას. ამასთან, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი პასუხს აგებს თავისი სამსახურეობრივი მოვალეობის შედეგად მიყენებული ზიანისთვის. სახელმწიფო კი პასუხს არ აგებს ნოტარიუსის მიერ მიყენებული ზიანისთვის.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განმარტა, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე მიმართული იყოს სახელმწიფოს, მისი რომელიმე ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, ვინაიდან ადმინისტრაციულ სამართლებრივ წარმოებაში ყოველთვის მონაწილეობს სპეციალური სუბიექტი - ადმინისტრაციული ორგანო.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 30 აპრილის განჩინებაზე (საქმე №ბს-177-173(გ-08)), სადაც განმარტებულია, რომ ფორმალური თვალსაზრისით სანოტარო მოქმედების მეშვეობით ნოტარიუსი ყოველთვის ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას „ნოტარიატის შესახებ“ კანონის საფუძველზე. ამასთან, დავის საგნობრივი განსჯადობის გადაჭრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დავის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება საქმეები იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
ამასთან, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მითითებით, სასამართლო პრაქტიკა მოწმობს, რომ დავები ნოტარიუსის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების გზით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმე №ას-194-181-2015).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიების მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ ქვემდებარეობას სასამართლოებისადმი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნებოდეს საჯარო - ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით. ამასთან, დავის ერთ-ერთ მონაწილე მხარეს აუცილებლად უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანო.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს მოპასუხე ნოტარიუს ნ. ხ-ასთვის მატერიალური ზიანის სახით ა. დ-ის სასარგებლოდ - 6000 აშშ დოლარის, ხოლო მ. ხ-ის სასარგებლოდ - 9000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ფორმალური თვალსაზრისით სანოტარო მოქმედების მეშვეობით ნოტარიუსი ყოველთვის ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. ამასთანავე, დავის საგნობრივი განსჯადობის გადაჭრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დავის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება საქმეები იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ნოტარიუსის ქმედებით გამოწვეული მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი პასუხს აგებს თავისი სამსახურეობრივი მოვალეობის შედეგად მიყენებული ზიანისთვის. სახელმწიფო პასუხს არ აგებს ნოტარიუსის მიერ მიყენებული ზიანისთვის. ამასთან, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ნოტარიატი არის საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნოტარიუსი არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც ადმინისტრაციული ორგანო თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე. ნოტარიუსის მიერ კანონით მინიჭებული სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება არ განეკუთვნება მმართველობით სფეროში განხორციელებულ ღონისძიებას, არ გააჩნია ადმინისტრაციული ორგანოსთვის დამახასიათებელი ელემენტები, რაც მას, როგორც ინსტიტუტს, მოაქცევდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დეფინიციაში.
შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში დავა ფიზიკურ პირებსა და ნოტარიუსს შორის მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ ექვემდებარება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით განხილვას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის დასკვნას მოცემული დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევის თაობაზე. საკასაციო სასამართლო იზიარებს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას, რომ მ. ხ-ისა და ა. დ-ის სარჩელი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავათა კატეგორიას მიეკუთვნება, რის გამოც განსჯადობის მიხედვით საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქმე - მ. ხ-ის და ა. დ-ის სარჩელისა გამო, ნ. ხ-ას მიმართ მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი