ბს-440-435( 2უს-16) 14 ივლისი, 2016
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქ .თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.04.16წ. განჩინებაზე
აღწერილობითი ნაწილი:
25.12.14წ. თ. ხ-მა,მ. ხ-მა და მ. ს-მა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ.თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიმართ და მოითხოვეს ქ.თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს 05.03.10წ. №06-8/1998, 11.03.10წ. №06-8/2110, 13.06.11წ. № 06-8/6634, 27.11.14წ. გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე ქ.თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსათვის ნაკვეთების ფართის კორექტირების დავალება მოსარჩელეების მფლობელობაში არსებული 0,1784 კვ.მ გამოკლებით.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს , რომ წლების განმავლობაში ცხოვრობენ სოფელ ...,ფლობენ და სარგებლობენ მიწის ნაკვეთით, რომელიც გადაცემული ჰქონდა მათ მამკვიდრებელს - ნ. ხ-ს. ნ. ხ-მა ნაკვეთის ნაწილი - 0,12 ჰა გაასხვისა და საკუთრებაში დარჩა 0,17ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც არ იყო საჯარო რეესტრში რეგისტრირებული, თუმცა მოსარჩელეებს ჰქონდათ 06.10.92წ. მიღება-ჩაბარების აქტი მთლიან ნაკვეთზე - 0,295 ჰა-ზე. ნ. ხ-ის გარდაცვალების შემდგომ მისმა კანონიერმა მემკვიდრეებმა ფაქტობრივად მიიღეს მემკვიდრეობა, მათზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა. სამკვიდრო მოწმობის გაცემის შემდგომ მათ დოკუმენტაცია და ნაკვეთის ნახაზი წარადგინეს საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად, სადაც აღმოჩნდა რომ მათი ნაკვეთი მოპასუხეს თავისი გადაწყვეტილებით სამ ნაკვეთად დაურეგისტრირებია, ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად, კერძოდ: 826კვ.მ. ნაკვეთად, 721 კვ.მ. ნაკვეთად და 989 კვ.მ. ნაკვეთად, რომელთა საზღვრებშიც მოექცა მოსარჩელეების ნაკვეთი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.05.2015წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად ასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე ჩაება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.11.15წ. გადაწტვეტილებით თ. ხ-ის, მ. ხ-ის და მ. ს-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 05.03.2010 წ. N06-8/1998 მიმართვა ქ.თბილისში, სოფელ ... N92 ნაკვეთის მიმდებარედ არსებულ 826 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 11.03.2010 წ. N06-8/2110 მიმართვა ქ.თბილისში, სოფელ ... N266 ნაკვეთის მიმდებარედ არსებულ 721 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 13.06.2011წ. N06-8/6634 მიმართვა ქ.თბილისში, სოფელ ... მდებარე 989 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
19.04.16წ. მ.ხ-ის, მ.ს-ის, აწ გარდაცვლილი თ.ხ-ის უფლება-მონაცვლეების - ჟ. ხ-ის, ი. ხ-ის, ნ. ხ-ის წარმომადგენელმა ზ. ბ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, რადგან მოპასუხემ უკანონოდ მოახდინა მათ მფლობელობაში და საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია თავის სახელზე და სურს განახორციელოს გასხვისება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.04.2016წ. განჩინებით ზ. ბ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს: მდებარე - ქ. თბილისი, სოფელი ... - ნაკვეთი 34/090, საიდენტიფიკაციო კოდი ..., ფართი - 826,00კვ.მ., ნაკვეთი 34/091, საიდენტიფიკაციო კოდი - ..., ფართი 721 კვ.მ. და მიწის ნაკვეთს მდებარე ქ. თბილისი,სოფელი ..., ... ქ. №60, საიდენტიფიკაციო კოდი ... , ფართი -989კვ.მ.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქონების მართვის სააგენტომ შეიტანეს საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.04.16 წ. განჩინების გაუქმების მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 24.05.2016წ. განჩინებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.04.16 წ. განჩინებებზე დაუსაბუთებულობის გამო არ დაკმაყოფილდა, საქმის მასალები საჩივართან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი საჩივრების დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოაბათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლოსთვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე განცხადებით მიმართვის უფლება და განსაზღვრულია ამ უფლების რეალიზაციის წესი. კერძოდ, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. განსახილველ შემთხვევაში ჟ.ხ-ის, ი. ხ-ის, ნ. ხ-ის წარმომადგენელმა ზ. ბ-ემ მოითხოვა ყადაღის დადება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქ.თბილისში, სოფელ ... (ნაკვეთი 34/090, ს.კ. ..., ფართი- 826,00 კვ.მ., ნაკვეთი 34/091, ს.კ. ..., ფართი 721კვ.მ) და ქ.თბილისში სოფელ ..., ... ქ. №60-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს. კ. ..., ფართი - 989 კვ.მ.). მოსარჩელეთა წარმომადგენელი ზ. ბ-ე სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი 19.04.2016წ. განცხადებით ითხოვდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთებზე ყადაღის დადებას იმ დასაბუთებით, რომ მოპასუხემ უკანონოდ მოახდინა მ. ხ-ის, მ. ს-ის, აწ. გარდაცვლილი თ. ხ-ის უფლებამონაცვლეების - ჟ. ხ-ის, ი. ხ-ის, ნ. ხ-ის მფლობელობასა და საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების თვითმმართველი ერთეულის სახელზე რეგისტრაცია და სურს განახორციელოს გასხვისება, რაც შეუძლებელს გახდის მოსარჩელეთა სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მიზნად ისახავს, სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის რეალიზაციის უზრუნველყოფას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გადაწყვეტილების ფაქტობრივი აღსრულების გაჭიანურების ან დაბრკოლების თავიდან აცილებას ემსახურება. სარჩელის უზრუნველყოფა მთლიანად მოტივირებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის უზრუნველყოფით, სარჩელის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსალოდნელი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობით, მისი გარდაუვალობით. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიინევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ მართებულად დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა წარმომადგენლის შუამდგომლობა მოთხოვნილ უძრავ ქონებაზე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღის დადების შესახებ, რადგან ყადაღის არსებობის პირობებში მოპასუხეებს ერთმევათ შესაძლებლობა გაასხვისონ ან უფლებრივად დატვირთონ ის მიწის ნაკვეთები, რომლებზეც შესაძლოა მოსარჩელეთა უფლებების არსებობა დადგინდეს. აღნიშნული უძრავი ქონების გასხვისების შემთხვევაში სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება მნიშვნელოვნად გართულდება ან შეუძლებელი გახდება კეთილსინდისიერ შემძენის უფლებების დაცვის საჭიროების გათვალისწინებით. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია საჩივრის ავტორების მოსაზრება იმის შესახებ, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება დაუსაბუთებლად, შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე განხორციელდა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების პირობა, ასევე არსებობს გარემოებები, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
დაუსაბუთებელია საჩივრის ავტორის - სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მითითება იმის შესახებ, რომ სკ-ის 312-ე მუხლის საფუძველზე საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, რის გამოც სააგენტოს წარმოეშვა კანონიერი ნდობა საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სკ-ის 312-ე მუხლითა და ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლით განმტკიცებული საჯარო რეესტრის უტყუარობის პრეზუმფცია, როგორც ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპის მნიშვნელოვანი გამოვლინება, სერიოზულ გარანტიას ქმნის კეთილსინდისიერი შემძენის უფლების დაცვისათვის, პრეზუმფცია ემსახურება კეთილსინიდისიერი პირის ინტერესების დაცვას იმ შემთხვევაში, როდესაც ჩანაწერის მიმართ არ არის შეტანილი საჩივარი ან მესამე პირს არ აქვს ინფორმაცია ჩანაწერის ხარვეზის შესახებ. როდესაც დავის საგანი საჯარო რეესტრში არსებული რეგისტრაციის კანონიერებაა, მასზე ვერ გავრცელდება კანონმდებლობით განმტკიცებული უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია.
საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ სათანადო მტკიცებულებებით არ დასტურდება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის ამ გაძნელების საფრთხის არსებობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მიზნად ისახავს სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობის ან აღსრულების გაძნელების რისკების მინიმუმამდე დაყვანის უზრუნველყოფას. რისკი არის მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი დადგომის შესაძლებლობის ნიშნებს, იგი ჯერ არ არის რეალიზებული, თუმცა შესაძლოა მომავალში განხროციელდეს. ამდენად, ის გარემოება, რომ მოსარჩელეები სათანადო ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე მითითებით მოითხოვენ მათ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთთან გადაფარვის ნაწილში საჯარო რეესტრისადმი სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართვების ბათილად ცნობას და სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.11.2015წ. გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილებულია, სსკ-ის 191-ე მუხლის საფუძველზე ქმნის სარჩელის უზრუნვეყლყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით,სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით და
დაადგინა :
1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.04.16 წ.განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება
თავმჯდომარე : ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი