Nბს-113-112 (2კ-16) 2 აგვისტო, 2016 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - ხ. ქ-ე, საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისია
მოწინააღმდეგე მხარე - ე. ც-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 19 აგვისტოს ე. ც-ემ სარჩელი აღძრა საჩხერის რაიონულ სასამართლოში საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის მიმართ, რომლითაც ე. ც-ის ნაწილში 2015 წლის 28 ივლისის №10 ოქმის, 2015 წლის 7 აგვისტოს №11 ოქმისმ მის საფუძველზე გამოცემული 2015 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და კომისიისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
სარჩელის მიხედვით, ე. ც-ემ 2015 წლის 13 მაისს მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსში. ტესტირებაში მიიღო 43 ქულა, ხოლო 2015 წლის 23 ივლისს მონაწილეობა მიიღო საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედ კომისიასთან გასაუბრებაში. ვაკანსია შეეხებოდა საჩხერის მუნიციპალიტეტის ... სამსახურის წამყვანი სპეციალიტის ... დარგში თანამდებობას, სადაც მუშაობდა და ჰქონდა დიდი გამოცდილება. 2015 წლის 28 ივლისის №10 სხდომის ოქმის შესაბამისად, 6 ხმით 5-ის წინააღმდეგ უარი ეთქვა ვაკანსიის დაკავებაზე. ოქმში არაფერი ეწერა იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეკითხვები დაუსვეს, რა შეკითხვებზე ვერ გასცა პასუხი და რა უნარის ნაკლის გამო დაიწუნეს თანამდებობაზე, სადაც თითქმის 10 წლის განმავლობაში მუშაობდა. აღნიშნული ოქმის გასაჩივრების შემდეგ, 2015 წლის 7 აგვისტოს მიიღო პასუხი, კერძოდ, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის №11 ოქმში აღინიშნა, რომ ხარვეზი გასაუბრებასთან დაკავშირებით არ აღმოჩენილა. მოსარჩელის განმარტებით, ადმინისტრაციული აქტი არ შეიცავდა არანაირ დასაბუთებას, თუ რატომ უთხრეს უარი თანამდებობაზე დანიშვნაზე.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 11 სექტემბრის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად ჩაება ხ. ქ-ე
ამავე სასამართლოს 2015 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე. ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ე. ც-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. ც-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ე. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 28 ივლისის №10 ოქმი საჩხერის მუნიციპალიტეტის ... სამსახურის ... დარგში წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე ხ. ქ-ის წარდგენისა და ამ თანამდებობაზე ე. ც-ისათვის უარის თქმის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 7 აგვისტოს №11 ოქმი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება; დაევალა საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას საჩხერის მუნიციპალიტეტის ... სამსახურის ... დარგში წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე კონკურსის ეტაპის - გასაუბრების ხელახლა ჩატარება; ე. ც-ის განცხადება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით საქმეში წარმოდგენილი საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის 2015 წლის 28 ივლისის №10 ოქმით ირკვევა, რომ კომისიამ იმსჯელა საჩხერის მუნიციპალიტეტის ... სამსახურის წამყვანი სპეციალისტის ... დარგში ადგილთან დაკავშირებით და კენჭისყრით მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად ხ. ქ-ის წარდგენის შესახებ. ოქმში მითითებულია ამ ვაკანტურ თანამდებობაზე ე. ც-ის წარდგენაზე უარის თქმის შესახებ, რომელმაც ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ჯერ საპრეტენზიო კომისიაში, ხოლო შემდეგ სასამართლოში.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ოქმით არ დასტურდება, რომ კომისიამ განიხილა გასაუბრების შედეგად ე. ც-ის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხი. ასევე არ ირკვევა, ჩატარდა თუ არა მისი და მისი კონკურენტების მიმართ კენჭისყრა, რა წესით და რა შედეგებით დასრულდა ეს კენჭისყრა.
სააპელაციო სასამართლოს აზრით, მითითებული ოქმი არ არის საკმარისი დოკუმენტი იმის დასადასტურებლად, რომ კომისიის მიერ კანდიდატებთან გასაუბრება განხორციელდა სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, ასევე რამდენად სრულყოფილად განიხილა ე. ც-ის ვაკანტურ თანამდებობასთან შესაბამისობის საკითხი, იმსჯელა მის კანდიდატურასთან დაკავშირებით და ხმათა უმრავლესობით მხარი არ დაუჭირა დასანიშნად მისი კანდიდატურის წარდგენას. ოქმით არ დგინდება თუ რატომ მივიდა კომისია ამგვარ გადაწყვეტილებამდე, რაც იძლევა საფუძველს დასკვნისა, რომ ოქმში არ არის ასახული გასაუბრებისა და კენჭისყრის შედეგები, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ვერ დგინდება და ვერც კომისიის წარმომადგენელი ადასტურებს თუ რა შეკითხვას ვერ გასცა აპელანტმა პასუხი გასაუბრებისას. პალატის აზრით, მხოლოდ ამ გარემოებების ამსახველი მონაცემები მისცემდა სასამართლოს შესაძლებლობას შეეფასებინა, რამდენად კანონიერად მოხდა სადავო ვაკანსიაზე კანდიდატის დასანიშნად წარდგენა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან დავა შეეხება გასაუბრების ეტაპის ობიექტურობასა და გამჭვირვალობას, გასაუბრების შედეგად კანდიდატის შეფასება შესაძლებელია ჩაითვალოს საკმაოდ სუბიექტურად, რადგან ის ეფუძნება მხოლოდ შემფასებლის მოსაზრებას და შეხედულებას. იმისათვის, რომ გასაუბრების შედეგების სუბიექტურობა შემცირდეს და გაიზარდოს სანდოობა, იგი უნდა ჩატარდეს წინასწარ შემუშავებული და დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით. საკონკურსო კომისია კანდიდატებთან გასაუბრებისას უნდა იყენებდეს წინასწარ შემუშავებულ კითხვარს, რომელსაც თან უნდა ახლდეს შეფასების მეთოდი, რაც წარმოადგენს პროცესის გამჭვირვალობის, საჯაროობის, ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. შეფასების კრიტერიუმების არ არსებობის პირობებში კი, ჩნდება ისეთი დასკვნის საფუძველი, რომ კონკურსი ჩატარდა შემფასებელთა სუბიექტური შეხედულებების გათვალისწინებით, უსაფუძვლო უპირატესობის მინიჭების გზით.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ხ. ქ-ისა და საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის მიერ.
ხ. ქ-ის მითითებით, „საჯარო სამსახურის შესახებ კანონისა“ და მთავრობის დადგენილების შესაბამისად, კომისიას არ ევალებოდა თავისი გადაწყვეტილების დასაბუთება. კომისიას, ასევე, არ ჰქონდა ვალდებულება, წინასწარ შემუშავებული კითხვარი გამოეყენებინა. სახეზეა კოლეგიური ორგანოს გადაწყვეტილება, რომელიც დამოკიდებულია კენჭისყრაზე და არა მის ვრცელ დასაბუთებაზე. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და საქმე მიკერძოებულად განიხილა.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. კომისიამ კონკურსის ყველა ეტაპი კანონით დადგენილი წესით ჩაატარა. მტკიცებულებებით არ დასტურდება კომისიის მხრიდან დისკრიმინაციის ფაქტი, ან რაიმე ისეთი გადაცდომა, რასაც კანონი ითვალისწინებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ ხ. ქ-ისა და საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს:
1. ე. ც-ე მონაწილეობდა საჩხერის მუნიციპალიტეტის ... სამსახურში ... დარგში წამყვანი სპეციალისტის ვაკანსიაზე გამოცხადებულ კონკურსში;
2. 2015 წლის 23 ივლისს ე. ცერცვაძემ მონაწილეობა მიიღო საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედ კომისიასთან გასაუბრებაში.
3. გასაუბრების თაობაზე კომისიას სხდომის ოქმი არ შეუდგენია და არც სხდომის მიმდინარეობის ამსახველი რაიმე მტკიცებულება არსებობს;
4. საქმეში წარმოდგენილი საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის 2015 წლის 28 ივლისის №10 ოქმით ირკვევა, რომ კომისიამ იმსჯელა საჩხერის მუნიციპალიტეტის ... სამსახურის წამყვანი სპეციალისტის ... დარგში ადგილთან დაკავშირებით და კენჭისყრით მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად ხ. ქ-ის წარდგენის შესახებ. ოქმში მითითებულია ამ ვაკანტურ თანამდებობაზე ე. ც-ის წარდგენაზე უარის თქმის შესახებ, რომელმაც ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ჯერ საპრეტენზიო კომისიაში, ხოლო შემდეგ სასამართლოში.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლის თანახმად, პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის შედეგად, გარდა ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
ამავე კანონის 33-ე მუხლის თანახმად, საკონკურსო-საატესტაციო კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს და გამოაქვს თავისი გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, საკონკურსო-საატესტაციო კომისია ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წამოაყენებს ერთ-ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორ ხ. ქ-ის მტკიცებას, რომ კომისიის გადაწყვეტილება კოლეგიური ორგანოს გადაწყვეტილებაა და მთავარია კენჭისყრის შედეგები, არა დასაბუთება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კომისიის ფუნქცია, გამარჯვებული კანდიდატის გამოვლენასთან ერთად, კონკურსი მონაწილე პირების ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენაცაა, ამასთან, კომისიის გადაწყვეტილება, როგორც ადმინისტრაციული აქტი, უნდა აკმაყოფილებდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს.
„„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 18 ივნისის N412 დადგენილების მე-3 მუხლის მიხედვით, კონკურსის პრინციპებია: კანონიერება, სამართლიანობა, საჯაროობა, გამჭვირვალობა, არადისკრიმინაციულობა, ობიექტურობა, მიუკერძოებლობა, კოლეგიალურობა, კორექტულობა.
ამავე დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, კონკურსის ამოცანებია: ა) საქართველოს მოქალაქეთათვის ვაკანტურ თანამდებობათა თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ბ) ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატების შერჩევის და მათი თანამდებობებზე დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; გ) კონკურსში მონაწილე კანდიდატების კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, ცოდნის, პიროვნული თვისებების, მოტივაციის და უნარ-ჩვევების შეფასება; დ) შერჩეული კანდიდატების ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.
დადგენილების მე-14 მუხლი შეეხება კომისიის საქმიანობის წესს. აღნიშნული ნორმის მე-3 პუნქტის მიხედვით, კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში, ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს და გამოაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება, დადგენილი წესით, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად კი, კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მართალია, გასაუბრების მიმდინარეობის რაიმე ტიპის ჩანაწერის (სტენოგრამა, აუდიო/ვიდეო ჩანაწერი) არსებობის სავალდებულობა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებით პირდაპირ გათვალისწინებული არ არის, მაგრამ ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ დადგენილების შესაბამისად, კონკურსის ჩატარების ერთ-ერთი პრინციპია გამჭვირვალობა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანო - საკონკურსო კომისია ვალდებულია, გასაუბრების ეტაპის ამსახველი რაიმე დოკუმენტი შეადგინოს, რათა სასამართლოს ჰქონდეს შეფასების საშუალება, რამდენად დაცულია N412 დადგენილებით განსაზღვრული კონკურსის პრინციპები.
კონკურსის პრინციპების დაცულობის შეფასებისათვის, პირველ რიგში, უნდა არსებობდეს კონკურსის მიმდინარეობის პროცესის შემოწმების შესაძლებლობა. იმ პირობებში როდესაც არც სხდომის ოქმი და არც გასაუბრების მიმდინარეობის რაიმე ტიპის ჩანაწერი (სტენოგრამა, აუდიო/ვიდეო ჩანაწერი) არ არსებობს, შემოწმების შესაძლებლობა არ გვაქვს, ამრიგად, კონკურსის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი - გამჭირვალობა, დარღვეულია. გამჭირვალობის დარღვევა თავისთავად ეჭვქვეშ აყენებს ყველა დანარჩენ პრინციპის დაცულობას კომისიის მხრიდან, რადგან ობიექტურ დამკვირვებელს არ აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს და შეაფასოს გასაუბრების მიმდინარეობა.
რაც შეეხება საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის 2015 წლის 28 ივლისის №10 ოქმს, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ ამ ოქმით არ დასტურდება, კომისიამ განიხილა თუ არა გასაუბრების შედეგად ე. ც-ის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხი. ასევე არ ირკვევა, ჩატარდა თუ არა მისი და მისი კონკურენტების მიმართ კენჭისყრა ან რა შედეგებით დასრულდა ეს კენჭისყრა.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორ ხ. ქ-ეს, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების თანახმად, კომისიას არ ევალება, გასაუბრება წინასწარ შემუშავებული კითხვარებით ჩაატაროს. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლობა კომისიას შეუზღუდავ უფლებამოსილებას არ ანიჭებს. გასაუბრების შედეგად კანდიდატის შეფასება შესაძლებელია ჩაითვალოს საკმაოდ სუბიექტურად, რადგან ის ეფუძნება მხოლოდ შემფასებლის მოსაზრებას და შეხედულებას. იმისათვის, რომ გასაუბრების შედეგების სუბიექტურობა შემცირდეს და გაიზარდოს სანდოობა, აუცილებელია, გარკვეული საერთო მიდგომების წინასწარ შემუშავება. ისეთ პირობებში კი, როდესაც გასაუბრების მსვლელობის ამსახველი რაიმე დოკუმენტი არ არსებობს, სასამართლოს საერთოდ არ აქვს საშუალება, შეაფასოს გასაუბრების პროცესის შედეგად კონკურსანტებისათვის მინიჭებული ქულები ობიექტურობისა და სამართლიანობის თვალსაზრისით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხ. ქ-ისა და საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე