Facebook Twitter

Nბს-167-166 (კ-16) 2 აგვისტო, 2016 წელი, ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - მ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები - სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობა; სამტრედიის საკონკურსო-საატესტაციო კომისია; სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის შედეგების და პროცედურების საპრეტენზიო კომისია

მესამე პირები - გ. შ-ე; დ. ე-ე; ვ. ვ-ე; თ. ა-ე; ი. ს-ე; ი. გ-ა; ი. ა-ი; ნ. ხ-ე; ხ. გ-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. მ-ემ სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკონკურსო საატესტაციო კომისიის, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის შედეგების და პროცედურების საპრეტენზიო კომისიის, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 23 ივნისის (უნდა იყოს 11 ივნისის) №61 სხდომის ოქმის (გადაწყვეტილების) ბათილად ცნობა და გასაუბრების ხელახალი ჩატარება, საპრეტენზიო კომისიის 2015 წლის 30 ივნისის №3 ოქმის ბათილად ცნობა.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით გ. შ-ე, დ. ე-ე, ვ. ვ-ე, თ. ა-ე, ი. ს-ე, ი. გ-ა, ი. ა-ი, ნ. ხ-ე, ხ. გ-ა საქმეში ჩაბმულ იქნენ მესამე პირებად.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 23 ივნისის №61 სხდომის ოქმები(გადაწყვეტილებები) და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა კონკურსის მე-3 ეტაპის გასაუბრების ხელახლა ჩატარება; ბათილად იქნა ცნობილი საპრეტენზიო კომისიის 2015 წლის 30 ივნისის №3 ოქმი მ. მ-ის საპრეტენზიო განცხადების უარყოფის შესახებ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკონკურსო საატესტაციო კომისიამ და მესამე პირებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკონკურსო საატესტაციო კომისიისა და გ. შ-ის, დ. ე-ის, ვ. ვ-ის, თ. ა-ის, ი. ს-ის, ი. გ-ას, ი. ა-ის, ნ. ხ-ის, ხ. გ-ას სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება; მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დაკავების მიზნით კონკურსის გამოცხადება, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შექმნა და სხვა პროცედურული საკითხები განხორციელდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ ვინაიდან არ არსებობს სხდომის ოქმი და არც გასაუბრების მიმდინარეობის რაიმე ტიპის ჩანაწერი (სტენოგრამა, აუდიო/ვიდეო ჩანაწერი), კონკურსის ჩატარებისას გამჭირვალობის პრინციპის რეალიზების შემოწმების შესაძლებლობა არ არსებობს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებში დაცულია როგორც 2015 წლის 11 ივნისის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის №61 ოქმი, რომლითაც დადგინდა სამტრედიაში (ადმინისტრაციულ ერთეულში) გამგებლის წარმომადგენლის საქმიანობის უზრუნველყოფის საკითხებში ვაკანსიაზე №27028 - (9 ვაკანსია) სამტრედიის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსის მე-3 ეტაპის გასაუბრების ჩატარება და 2015 წლის 18 ივნისის №63 ოქმი, რომლითაც განხორციელდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა 2015 წლის 18 მარტს გამოცხადებული კონკურსის მე-3 ეტაპის გასაუბრების შედეგების გაცნობა, კონკურსის ჩატარების მოკლე შეჯამება, ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენილი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და კენჭისყრის შედეგად შესაბამის თანამდებობაზე კანდიდატების დასანიშნად წარდგენა. კანდიდატთა შეფასება აღნიშნულია დებულებით დამტკიცებულ №2 დანართის შეფასების ფორმაში.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გასაუბრების მიმდინარეობის რაიმე ტიპის ჩანაწერის (სტენოგრამა, აუდიო/ვიდეო ჩანაწერი) არსებობის სავალდებულობა „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესით და სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №33 დადგენილებით დამტკიცებული სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებით გათვალისწინებული არ არის.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია და არც სასამართლოს არ უმსჯელია 2015 წლის 18 ივნისის №63 სხდომის ოქმის კანონიერებაზე.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 11 ივნისის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის №61 სხდომის ოქმით განისაზღვრა სამტრედიაში (ადმინისტრაციულ ერთეულში) გამგებლის წარმომადგენლის საქმიანობის უზრუნველყოფის საკითხებში ვაკანსიაზე №27028 - (9 ვაკანსია) სამტრედიის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსის მე-3 ეტაპის - გასაუბრების ჩატარება, ხოლო 2015 წლის 18 ივნისის №63 ოქმით განხორციელდა კენჭისყრის შედეგად შესაბამის თანამდებობაზე კანდიდატების დასანიშნად წარდგენა, რის შედეგადაც სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 7 ივლისის ბრძანებებით სამტრედიაში (ადმინისტრაციულ ერთეულში) გამგებლის წარმომადგენლის საქმიანობის უზრუნველყოფის საკითხებში №27028 ვაკანსიაზე - (9 ვაკანსია) დაინიშნენ გ. შ-ე, დ. ე-ე, ვ. ვ-ე, თ. ა-ე, ი. ს-ე, ი. გ-ა, ი. ა-ი, ნ. ხ-ე, ხ. გ-ა.

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ ბათილად სცნო სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 23 ივნისის (მითითებული თარიღით კომისიას ოქმი არ შეუდგენია, უნდა იყოს 11 ივნისის ოქმი) №61 სხდომის ოქმები(გადაწყვეტილებები) და გადაწყვიტა, რომ მოხდეს კონკურსის მე-3 ეტაპის - გასაუბრების ხელახლა ჩატარება, თუმცა მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია კენჭისყრის შედეგად შესაბამის თანამდებობაზე კანდიდატების დასანიშნად წარდგენის შესახებ 2015 წლის 18 ივნისის №63 ოქმი და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 7 ივლისის ბრძანებები სამტრედიაში (ადმინისტრაციულ ერთეულში) გამგებლის წარმომადგენლის საქმიანობის უზრუნველყოფის საკითხებში ვაკანსიაზე №27028- (9 ვაკანსია) გ. შ-ის, დ. ე-ის, ვ. ვ-ის, თ. ა-ის, ი. ს-ის, ი. გ-ას, ი. ა-ის, ნ. ხ-ის და ხ. გ-ას დანიშვნის თაობაზე. ამ აქტების ძალაში არსებობის პირობებში სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ №61 სხდომის ოქმის ბათილად ცნობისა და გასაუბრების ხელახლა ჩატარების თაობაზე; ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - 2015 წლის 18 ივნისის №63 ოქმი და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 7 ივლისის ბრძანებები წარდგენილ კონკურსანტთა დანიშვნის თაობაზე არ გასაჩივრებულა, მათ კანონიერებაზე მსჯელობა მოცემული დავის ფარგლებში სცილდება სააპელაციო პალატის კომპეტენციის ფარგლებს.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მ. მ-ემ საპრეტენზიო განცხადებით მიმართა სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის შედეგებისა და პროცედურების საპრეტენზიო კომისიას, რომლის 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით საპრეტენზიო განცხადება არ დაკმაყოფილდა. ოქმში მითითებულია, რომ სხვა კონკურსანტებს მიღებული აქვთ მ. მ-ესთან შედარებით მაღალი შეფასება, რის გამოც საპრეტენზიო კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრების შეფასება იყო ობიექტური, რის გამოც საპრეტენზიო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება კანონიერია, თავად მოსარჩელეც ვერ მიუთითებს კონკრეტული ნორმის მოთხოვნის დარღვევაზეც, ხოლო რაც შეეხება კანდიდატების ქულათა სისტემით შეფასებას, დადასტურებულია დასანიშნ კანდიდატთა შეფასების ქულათა უპირატესობა და კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია მათი დასანიშნად წარდგენა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. მ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.

კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ არ არსებობს გასაუბრების ეტაპის ამსახველი ოქმი და გაუგებარია, როგორ მოხდა კანდიდატების შეფასება. დადასტურებულია და მოპასუხე მხარემაც აღიარა, რომ არ არსებობდა გასაუბრების წინასწარ შემუშავებული კითხვარი, რაც ეწინააღმდეგება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N33 დადგენილებით დამტკიცებულ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების მე-17 მუხლს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. მ. მ-ე მონაწილეობდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსში. კერძოდ: ა) სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის სპეციალისტის ქ. სამტრედიაში (ადმინისტრაციულ ერთეულში) გამგებლის წარმომადგენლი ... საკითხებში #27028 (9 ვაკანსია);

2. მ. მ-ემ გაიარა ატესტაციის 2 ეტაპი - განცხადებების გადარჩევა, ტესტირება და დაექვემდებარა გასაუბრებას;

3. გასაუბრების თაობაზე კომისიას სხდომის ოქმი არ შეუდგენია და არც სხდომის მიმდინარეობის ამსახველი რაიმე მტკიცებულება არსებობს;

4. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 11 ივნისის №61 ოქმით დასტურდება, რომ 2015 წლის 11 ივნისს ჩატარდა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა, რომელსაც კომისიის 5 წევრიდან ესწრებოდა კომისიის 3 წევრი, ასევე კომისიის სამდივნოს წევრები, გამგეობის თანამშრომლები და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” სამტრედიის კოორდინატორი. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო სამტრედიაში (ადმინისტრაციულ ერთეულში) გამგებლის წარმომადგენლის საქმიანობის ... ვაკანსიაზე №27028 - (9 ვაკანსია) სამტრედიის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსის მე-3 ეტაპის გასაუბრების ჩატარება.

5. მითითებული ოქმით დასტურდება, რომ მომხსენებელმა კომისიის წევრებს გააცნო კონკურსის მე-3 ეტაპის გასაუბრების შესახებ, კერძოდ, აღნიშნულ ვაკანსიაზე დაშვებული იყო 78 კონკურსანტი (მითითებულია 78 კონკურსანტის პერსონალური მონაცემი). გასაუბრება გაიარა 70 კონკურსანტმა. კონკურსის გასაუბრების ეტაპის თითოეული კონკურსანტის შეფასება (ქულები) დაფიქსირდა კანდიდატთა პროფესიული უნარების შეფასების ფორმაში, რომელიც ერთვის ოქმს. მ. მ-ის შეფასების გრაფაში მითითებულია ქულა- 80. კომისიამ კენჭისყრის შედეგად (სამი ხმა) გადაწყვიტა, რომ სპეციალისტი სამტრედიაში (ადმინისტრაციულ ერთეულში) გამგებლის წარმომადგენლის საქმიანობის ... ვაკანსიაზე №27028- (9 ვაკანსია), თითოეული კონკურსანტის (ქულების) მიხედვით, კონკურსანტებს შორის ყველაზე მაღალი შეფასება მიიღეს: გ. შ-ემ, დ. ე-ემ, ვ. ვ-ემ, თ. ა-ემ, ი. ს-ემ, ი. გ-ამ, ი. ა-მა, ნ. ხ-ემ, ხ. გ-ამ. ოქმი ხელმოწერილია კომისიის სამი წევრისა და მდივნის მიერ (ს.ფ.24-39).

6. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 18 ივნისის №63 ოქმით დასტურდება, რომ 2015 წლის 18 ივნისს ჩატარდა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა, რომელსაც კომისიის 5 წევრიდან ესწრებოდა კომისიის 3 წევრი, ასევე კომისიის სამდივნოს წევრები. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო სამტრედიის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა 2015 წლის 18 მარტს გამოცხადებული კონკურსის მე-3 ეტაპის გასაუბრების შედეგების გაცნობა. ოქმში მითითებულია კონკურსის ჩატარების მოკლე შეჯამება, ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენილი კანდიდატების შესახებ ინფორმაცია და კომისიამ კენჭისყრის შედეგად (3 ხმა) მხარი დაუჭირა მითითებული კანდიდატურების შესაბამის თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენას. ოქმი ხელმოწერილია კომისიის სამი წევრისა და მდივნის მიერ (ს.ფ.89-94).

7. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მუშაობის შესახებ კომისიის ერთმა წევრმა თავისი მოსაზრება დააფიქსირა მოხსენებით ბარათში, რომელიც ერთვის ოქმს (ს.ფ.95-96).

8. 2015 წლის 24 ივნისის №35-11 მიმართვით სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარემ გადაუგზავნა თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატთა სია (ს.ფ.97-99).

9. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებებით სამტრედიაში (ადმინისტრაციულ ერთეულში) გამგებლის წარმომადგენლის ... ვაკანსიაზე №27028- (9 ვაკანსია) დაინიშნენ გ. შ-ე, დ. ე-ე, ვ. ვ-ე, თ. ა-ე, ი. ს-ე, ი. გ-ა, ი. ა-ი, ნ. ხ-ე, ხ. გ-ა (ს.ფ.103-111).

10. მ. მ-ემ საპრეტენზიო განცხადებით მიმართა სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის შედეგებისა და პროცედურების საპრეტენზიო კომისიას, რომლის 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით საპრეტენზიო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად არასწორად შეაფასა.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლის თანახმად პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის შედეგად, გარდა ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

ამავე კანონის 33-ე მუხლის თანახმად, საკონკურსო-საატესტაციო კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს და გამოაქვს თავისი გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, საკონკურსო-საატესტაციო კომისია ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წამოაყენებს ერთ-ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე.

სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საპირისპიროდ, საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ კომისიის ფუნქცია, გამარჯვებული კანდიდატის გამოვლენასთან ერთად, კონკურსი მონაწილე პირების ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენაცაა.

„„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 18 ივნისის N412 დადგენილების მე-3 მუხლის მიხედვით, კონკურსის პრინციპებია: კანონიერება, სამართლიანობა, საჯაროობა, გამჭვირვალობა, არადისკრიმინაციულობა, ობიექტურობა, მიუკერძოებლობა, კოლეგიალურობა, კორექტულობა.

ამავე დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, კონკურსის ამოცანებია: ა) საქართველოს მოქალაქეთათვის ვაკანტურ თანამდებობათა თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ბ) ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატების შერჩევის და მათი თანამდებობებზე დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; გ) კონკურსში მონაწილე კანდიდატების კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, ცოდნის, პიროვნული თვისებების, მოტივაციის და უნარ-ჩვევების შეფასება; დ) შერჩეული კანდიდატების ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.

დადგენილების მე-14 მუხლი შეეხება კომისიის საქმიანობის წესს. აღნიშნული ნორმის მე-3 პუნქტის მიხედვით, კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში, ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს და გამოაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება, დადგენილი წესით, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად კი, კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მტკიცებას, რომ გასაუბრების მიმდინარეობის რაიმე ტიპის ჩანაწერის (სტენოგრამა, აუდიო/ვიდეო ჩანაწერი) არსებობის სავალდებულობა ”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესით და სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №33 დადგენილებით დამტკიცებული სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებით გათვალისწინებული არ არის, ამდენად, მოცემულ საქმეზე პრობლემას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ უშუალოდ გასაუბრების ამსახველი რაიმე დოკუმენტი არ არსებობს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მართალია, გასაუბრების მიმდინარეობის რაიმე ტიპის ჩანაწერის (სტენოგრამა, აუდიო/ვიდეო ჩანაწერი) არსებობის სავალდებულობა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებით პირდაპირ გათვალისწინებული არ არის, მაგრამ ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ დადგენილების შესაბამისად, კონკურსის ჩატარების ერთ-ერთი პრინციპია გამჭვირვალობა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანო - საკონკურსო კომისია ვალდებულია, გასაუბრების ეტაპის ამსახველი რაიმე დოკუმენტი შეადგინოს, რათა სასამართლოს ჰქონდეს შეფასების საშუალება, რამდენად დაცულია N412 დადგენილებით განსაზღვრული კონკურსის პრინციპები.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ კონკურსის პრინციპების დაცულობის შეფასებისათვის, პირველ რიგში, უნდა არსებობდეს კონკურსის მიმდინარეობის პროცესის შემოწმების შესაძლებლობა. იმ პირობებში როდესაც არც სხდომის ოქმი და არც გასაუბრების მიმდინარეობის რაიმე ტიპის ჩანაწერი (სტენოგრამა, აუდიო/ვიდეო ჩანაწერი) არ არსებობს, შემოწმების შესაძლებლობა არ გვაქვს, ამრიგად, კონკურსის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი - გამჭირვალობა, დარღვეულია. გამჭირვალობის დარღვევა თავისთავად ეჭვქვეშ აყენებს ყველა დანარჩენ პრინციპის დაცულობას კომისიის მხრიდან, რადგან ობიექტურ დამკვირვებელს არ აქვს შესაძლებლობა გაეცნოს და შეაფასოს გასაუბრების მიმდინარეობა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №33 დადგენილებით დამტკიცებული ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დებულების” პირველი მუხლით განისაზღვრა საკრებულოს აპარატისა და გამგეობის მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების საფუძვლები. ამ დებულების მიხედვით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკონკურსო–საატესტაციო კომისია იქმნება და საქმიანობს აღნიშნული დებულების საფუძველზე. მე-2 მუხლის „გ.დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კონკურსის გამჭვირვალობის პრინციპი გულისხმობს, რომ გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათლად ფორმირებული, გასაგები და აღქმადი ყველა პრეტენდენტისათვის. ამავე მუხლის ,,გ.ა’’ ქვეპუნქტის მიხედვით კონკურსის კანონიერების პრინციპი გულისხმობს კონკურსის პროცესის მიმდინარეობას ამ დებულების, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილების და ,,საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა მხოლოდ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №33 დადგენილების მე-18 მუხლით და არ გამოიყენა ამავე დადგენილების მე-17 მუხლი, რომლის თანახმადაც, კანდიდატებთან გასაუბრებისას უნდა გამოიყენოს წინასწარ შემუშავებული კითხვარი, რომელიც საშუალებას მისცემს, მიიღოს ინფორმაცია კანდიდატის უნარ-ჩვევებზე, პროფესიულ კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე, რომელიც საჭიროა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. კითხვები შეიძლება დაისვას განსაზღვრული თანმიმდევრობით. შესაძლებელია დამატებითი კითხვების დასმაც განსაზღვრული საკითხების ირგვლივ, რაც დამოკიდებულია კანდიდატის მიერ გაცემულ პასუხებზე. მე-3 პუნქტით, თითოეული კანდიდატისათვის გამოიყენება იდენტური შინაარსის წინასწარ განსაზღვრული კითხვარი. კომისიის წევრები ვალდებული არიან გასაუბრების შედეგების შესაფასებლად გამოიყენონ დანართ №2-ში მოცემული შეფასების სქემა.

დანართ №2 წარმოადგენს კანდიდატთა პროფესიული უნარების შეფასების ფორმას, რომლითაც შემფასებელი კანდიდატს აფასებს შესაბამისი ქულებით, რომლის მიხედვით 0-50 ქულით შეფასებისას კანდიდატის დონე მიიჩნევა სუსტად, 50-75 ქულა - საშუალოდ და 75-100 ქულა წარმოადგენს ძლიერს.

ამ სამართლებრივი ნორმების დანაწესიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ კანდიდატთა პროფესიული უნარების შეფასება და, ამ თვალსაზრისით, მათი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების დონის ობიექტურად განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ დასაკავებელი თანამდებობების სპეციფიკის გათვალისწინებით წინასწარ შემუშავებული კითხვებისა და ამ კითხვებზე გაცემული პასუხების სისწორის საფუძველზე. ამასთან რომ არ დაირღვეს სამართლიანობისა და ობიექტურობის პრინციპები და გამოირიცხოს სუბიექტივიზმი, დებულებით სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს თითოეული კანდიდატისათვის იდენტური შინაარსის წინასწარ განსაზღვრული კითხვარის გამოყენება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა, რამდენად დაცულია მოცემულ საქმეზე ეს მოთხოვნები, რასაც გასაჩივრებულ განჩინებაში ადგილი არ ჰქონია.

სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთ-ერთ მიზეზად სააპელაციო სასამართლომ ის გარემოება მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები -2015 წლის 18 ივნისის №63 ოქმი (რომლითაც გამარჯვებული კანდიდატი დასახელდა) და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 7 ივლისის ბრძანებები წარდგენილ კონკურსანტთა დანიშვნის თაობაზე არ გასაჩივრებულა, სასამართლო ვერ იმსჯელებდა მათ კანონიერებაზე. მათი ბათილად ცნობის გარეშე კი, გასაუბრების ეტაპის ხელახლა ჩატარება შეუძლებელია.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის თანახმად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე ცალსახაა მოსარჩელის მოთხოვნის არსი - კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა და გასაუბრების ხელახლა ჩატარება. მართალია, სასამართლო შებოჭილია სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებით, მაგრამ ამ ფარგლებში სარჩელის არასწორი ფორმულირება დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოადგენს. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ზემოაღნიშნული მუხლით, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებოდა მხარეს სარჩელის ტრანსფორმირებაში ან სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტებაში და საქმე შესაბამისად განეხილა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, გარდა ამისა, საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც, შესაძლოა, გავლენა იქონია საქმის განხილვის შედეგზე. აღნიშნული დარღვევები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლების საფუძველზე, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა ან არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს წინამდებარე განჩინების დასაბუთებით, დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები და საქმეზე გადაწყვეტილება ისე მიიღოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. მ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე