საქმე #ბს-201-197(კ-15) 02 აგვისტო, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
სხდომის მდივანი - ა.ვარდიძე
კასატორი - მ. მ-ე, წარმომადგენელი ე. ნ-ა (10.10.13წ. N131073400 რწმუნებულება, 20.07.2016წ. N160804390 რწმუნებულება)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. კ-ა, წარმომადგენელი მ. დ-ე (10.02.16წ. N160113797 რწმუნებულება), სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური, წარმომადგენელი მ.გ-ე (05.02.13წ. N01/24712 მინდობილობა)
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.12.2014წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. კ-ამ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და აღნიშნა, რომ 09.11.1996წ. დაქორწინდა მ. მ-ესთან. მეუღლის საზღვარგარეთ წასვლის გამო გადაწყვიტა განქორწინების გაფორმება. საქმის განხილვა ჩაინიშნა 24.12.04წ., გადაწყვეტილება 06.01.05წ. იქნა მიღებული. სამოქალაქო რეესტრში გადაწყვეტილება მას არ წარუდგენია, უფრო მეტიც, მ. მ-ის განცხადების საფუძველზე 06.01.05წ. გადაწყვეტილება გაუქმდა, ახალი განხილვის დროს მოსარჩელის განქორწინებაზე უარის თქმის გამო განქორწინების სარჩელი დარჩა განუხილველი. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 12.09.13წ. მიმართა სერვისცენტრს, რათა აეღო განმეორებითი ქორწინების მოწმობა, მაგრამ ბაზაში აღმოჩნდა განქორწინების მოწმობა, რომლის საფუძველი იყო 06.12.04წ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილება საერთოდ არ არსებობს. მოსარჩელემ მოითხოვა 17.12.04წ. შესრულებული განქორწინების N150006044 სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობა და 09.11.1996წ. რეგისტრირებული ქორწინების აღდგენა.
მოსარჩელემ სარჩელს დაურთო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 06.01.05წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივის სპეციალისტის 17.09.2013წ., N125 წერილი, რომლის თანახმად, 2004 წლის სამოქალაქო საქმეს (N2/1085) მიცემული აქვს N2/124, ვინაიდან საქმის განხილვა 2005 წელს დასრულდა, 2004 წლის N2/1085 სამოქალაქო საქმის დაუსწრებელი გადაწყვეტილება საქმეში არ იძებნება.
საქმის მასალების მიხედვით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 17.11.09წ. განჩინებით დაკმაყოფილდა მ. მ-ის საჩივარი, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 06.01.05წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება, საქალაქო სასამართლოს 17.11.09წ. განჩინებით დაკმაყოფილდა ლ. მ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა, შეწყდა საქმის წარმოება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.
მესამე პირად საქმეში ჩაბმული მ. მ-ის წარმომადგენელმა შესაგებელში აღნიშნა, რომ განქორწინების მოთხოვნით სარჩელი 19.11.04წ. აღიძრა, საქალაქო სასამართლოს 06.12.04წ. გადაწყვეტილება ლ. კ-ამ თავად აღასრულა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში, მან პირადად გადაიხადა ბაჟი - 50 ლარის ოდენობით და 17.12.04წ. მოაწერა ხელი განქორწინების აქტს, დაიბრუნა განქორწინებამდე გვარი - კ-ა და ამ გვარით შემოიტანა სარჩელიც. შესაგებლის ავტორმა აღნიშნა აგრეთვე, რომ 06.12.04წ. გადაწყვეტილების არსებობა დასტურდება საქმის მასალით, კერძოდ, ლ. მ-ის წარმომადგენლის საქმის მე-13 გვერდზე დაცული 23.09.09წ. N179 განცხადებით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 17.01.14წ. გადაწყვეტილებით ლ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის N2 სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების მიერ 17.12.04წ. შესრულებული განქორწინების სააქტო ჩანაწერი N0006044.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ ქორწინების შეწყვეტის შესახებ ლ. მ-ის სარჩელზე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული არის 2004 წლის 6 დეკემბერს, ვინაიდან საქმეში დაცულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 24.12.04წ. განჩინება, რომლითაც ლ. მ-ის სარჩელზე მ. მ-ის მიმართ განქორწინების თაობაზე სასამართლოს მთავარი სხდომა 06.01.05წ. დაინიშნა, სასამართლო უწყებებით მხარეებს ეცნობათ, რომ საქმის განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დანიშნული იყო 06.01.05წ., 12:00 საათზე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დასტურდება 17.12.04წ. შესრულებული სააქტო ჩანაწერის კანონიერება, სარეგისტრაციოდ 06.12.04წ. სასამართლო გადაწყვეტილების წარდგენა, სასამართლომ მიუთითა, რომ ლ. მ-ესა და მ. მ-ეს შორის ქორწინება 06.12.05წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შეწყდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ. მ-ის წარმომადგენლის მიერ.
სააპელაციო სასამართლოს წარედგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 23.12.13წ. განჩინება, რომლითაც დაკმაყოფილდა მ. მ-ის კერძო საჩივარი, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 17.11.07წ. განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და ასევე მისი წინმსწრები ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 17.11.09წ. განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს წარედგინა აგრეთვე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.09.14წ. განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ. მ-ის კერძო საჩივარი და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 04.07.14წ. განჩინება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 11.12.14წ. განჩინებით მ. მ-ის წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 17.01.14წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო ჩანაწერის საფუძვლად მითითებულია გადაწყვეტილება, რომელიც რეალურად არ არსებობს. ის, რომ განქორწინების შესახებ გადაწყვეტილების თარიღია 06.01.05წ. მტკიცებულებების გარდა დასტურდება ასევე 01.09.14წ. კანოინიერ ძალაში შესული განჩინებით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. მ-ის წარმომადგენლის მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება საქმისათვის 2005 წელს N2/124 ნომრის მინიჭების შესახებ, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს, საქმე 2005 წლამდეა დასრულებული, რასაც ადასტურებს არაერთი მტკიცებულება: ლ. კ-ას წარმომადგენლის 23.09.09წ. განცხადება; 06.12.04წ. გადაწყვეტილების ტექსტი, რომელშიც საქმის ნომერიც და თარიღი მექანიკური ზემოქმედების შედეგადაა გადაკეთებული, რაც შეუიარაღებელი თვალით ჩანს; ლ. მ-ის მიერ გადაწყვეტილების აღსრულება (ბაჟის გადახდა, ქორწინებამდელი გვარის დაბრუნება); მ. მ-ის საზღვარგარეთ ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 17.11.09წ. განჩინება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო, გაუქმებულია, სასამართლომ აღნიშნული გარემოება უგულებელყო. კასატორი აღნიშნავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების თარიღია 06.12.04წ., N2/1085, გადაწყვეტილება აღსრულებულია მოსარჩელის მიერ. კასატორი თვლის, რომ გადაწყვეტილების ტექსტი მიზანმიმართულად არის გადასწორებული, სასამართლო უწყებები, განჩინება და სხვა დოკუმენტები გაყალბებულია. ლ. კ-ამ 5 წლის შემდეგ, კერძოდ 2009 წელს მ. მ-ისგან ფარულად წამოიწყო სასამართლო პროცესები, მ. მ-ის სახელით ყალბი საჩივარი შეიტანა სასამართლში, რადგან თავად ვერ ასაჩივრებდა განქორწინების შესახებ მიღებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, შენახვის ვადის გასვლის გამო, მოახდინა აღსრულებული სასამართლო გადაწყვეტილების განადგურება. სააგენტოს შენახვის ვალდებულება არ ჰქონდა, სასამართლო გადაწყვეტილება მისი პირვანდელი და კანონიერი სახით სასამართლოს უნდა შეენახა. კასატორი უთითებს, რომ ლ. კ-ას 20.10.05წ. აღებული აქვს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, სადაც ქორწინებამდელი გვარი აქვს მითითებული, აღნიშნული შეუძლებელი იყო 06.12.04წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილების რეგისტრაციის გარეშე, ასეთ შემთხვევაში პირადობის მოწმობა მას მ-ის გვარზე უნდა აეღო. ფორმა N1-ის მიხედვით, გვარის შეცვლის საფუძვლად მან განქორწინების მოწმობა წარადგინა, რომელშიც მიუთითა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 06.12.04წ. გადაწყვეტილებაზე. კასატორი თვლის, რომ ქორწინების აღდგენის სურვილს საფუძვლად უდევს ანგარების მოტივი, რადგან მ. მ-ემ განქორწინების პერიოდში ქონება მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. სააპელაციო პალატამ თავის განჩინებაში ვერ ახსნა საქმეში არსებული წინააღმდეგობები და ბუნდოვანება.
საკასაციო პალატის სხდომაზე საკასაციო საჩივრის განხილვისას კასატორ მ. მ-ის წარმომადგენელმა ე. ნ-ამ და მოწინააღმდეგე მხარის - ლ. კ-ას წარმომადგენელმა მ. დ-ემ წარმოადგინეს მორიგების აქტი, რომლის მიხედვით ერთი მხრივ, კასატორ მ. მ-ის წარმომადგენელი ე. ნ-ა და მეორე მხრივ, მოწინააღმდეგე მხარე ლ. კ-ას წარმომადგენელი მ. დ-ე შეთანხმდნენ შემდეგზე: ლ. კ-ა უარს ამბობს სარჩელებზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ასევე მ. მ-ის მიმართ, უარს იტყვის სარჩელზე მ. მ-ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, შეწყდება ამ მხარეებს შორის სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავები, რის სანაცვლოდაც მ. მ-ის კუთვნილი ქონების (მდებარე: ქ. ქუთაისში, ... ქ. VI შესახვევი, №16) ნაწილი - 1/3 (ერთი მესამედი), დარეგისტრირდება მ. მ-ის და ლ. კ-ას შვილზე ნ. მ-ეზე. მორიგების აქტის აღსრულების შემდეგ მ. მ-ის ქონებას მოეხსნება ყადაღა.
ამავე სხდომაზე მ. მ-ის რწმუნებულის ე. ნ-ას მიერ წარმოდგენილ იქნა 20.07.2016წ. N160804390 მინდობილობა, რომლითაც ე. ნ-ას მ. მ-ის მიერ მიენიჭა უფლებამოსილება მარწმუნებლის სახელით იმოქმედოს ნებისმიერ სამართლებრივ ურთიერთობაში, რომელიც წარმოიშობა ქ.ქუთაისში, ... II შესახვევში N31-ში/... VI შესახვევში N16-ში მდებარე უძრავი ქონების მ. მ-ის კუთვნილი ნაწილიდან, 1/3 ნაწილის ნ.მ-ის სახელზე გადაფორმებასთან და რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
საკასაციო პალატაში 22.07.2016წ. და 25.07.2016წ. წარმოდგენილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის წერილში მითითებულია, რომ ორგანო თანახმაა ფიზიკური პირების მორიგებაზე, რის შედეგადაც შეწყდება მიმდინარე საქმეზე წარმოება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო მ. მ-ის წარმომადგენლის ე. ნ-ასა და მოწინააღმდეგე მხარის - ლ. კ-ას წარმომადგენელ მ. დ-ეს შორის გაფორმებულ მორიგების აქტს და მიაჩნია, რომ მხარეთა შორის მორიგება უნდა დამტკიცდეს წარმოდგენილი აქტის მიხედვით და მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 98-ე მუხლის თანახმად, წარმომადგენლის უფლებამოსილება სარჩელზე უარის თქმისა და მორიგების შესახებ სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ სათანადო წესით გაცემულ მინდობილობაში. განსახილველ შემთხვევაში საქმეში დაცული, ძალაში მყოფი 10.10.2013წ. N131073400 მინდობილობითა (ს.ფ.65) და 10.02.2016წ. N160113797 რწმუნებულებით დასტურდება, რომ ლ. კ-ასა და მ. მ-ის მორიგებაზე ხელმომწერ წარმომადგენლებს მინიჭებული აქვთ როგორც მორიგების, ასევე სარჩელზე უარის თქმის უფლებამოსილება.
მ. მ-ის წარმომადგენელმა ე. ნ-ამ და მოწინააღმდეგე მხარის - ლ. კ-ას წარმომადგენელმა მ. დ-ემ საკასაციო სასამართლოს წარუდგინეს ხელმოწერილი მორიგების აქტი, რომლის მიხედვით მ. მ-ემ იკისრა ვალდებულება ნ. მ-ეს გადასცეს მის საკუთრებაში რიცხული ქ.ქუთაისში, ... II შესახვევში N31-ში/... VI შესახვევში N16-ში მდებარე უძრავი ქონების 1/3 ნაწილი, რის სანაცვლოდ ლ. კ-ამ უარი თქვა სარჩელზე. მ. მ-ის რწმუნებულმა ასევე წარმოადგინა 20.07.2016წ. N160804390 მინდობილობა, რომლითაც ე. ნ-ას მ. მ-ის მიერ მიენიჭა უფლებამოსილება მარწმუნებლის სახელით იმოქმედოს ნებისმიერ სამართლებრივ ურთიერთობაში, რომელიც წარმოიშობა ქ.ქუთაისში, ... II შესახვევში N31-ში/... VI შესახვევში N16-ში მდებარე უძრავი ქონების მ. მ-ის კუთვნილი ნაწილიდან, 1/3 ნაწილის ნ.მ-ის სახელზე გადაფორმებასთან და რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ამდენად, ორივე მხარის წარმომადგენელს აქვს მიმდინარე სამართალწარმოების მორიგებით დასრულების უფლებამოსილება.
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა წარმოდგენილი მორიგების აქტი და მიიჩნევს, რომ ხსენებული აქტი არ შეიცავს რაიმე კანონსაწინააღმდეგო დებულებას, მორიგების აქტით არ ილახება სახელმწიფო (საჯარო) ინტერესები, წარმოდგენილი მორიგების აქტის პირობები შეესაბამება მხარეთა მიერ გამოვლენილ ნებას, მხარეთა წარმომადგენლებს მარწმუნებლების მიერ მინიჭებული აქვთ საგანმკარგულებო უფლებამოსილება მოახდინონ დავის მორიგებით დასრულება, სარჩელზე უარის თქმა, ამდენად, შესაძლებელია წარმოდგენილი მორიგების აქტის დამტკიცება და სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი, როგორც მხარეთა მიერ მათი საპროცესო უფლების კანონშესაბამისი რეალიზების შედეგი, ექვემდებარება დამტკიცებას.
ამასთანავე, საქმეში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა თანხმობა განაცხადა მორიგების მოტივით სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. ამდენად, არ არსებობს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის დამტკიცების დამაბრკოლებელი გარემოებები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ. ამავე კოდექსის 273-ე მუხლიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მხარეებს განუმარტავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეეს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით, 273-ე, 399-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 17.01.2014წ. გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.12.2014წ. განჩინება;
2. დამტკიცდეს ლ. კ-ასა და მ. მ-ეს შორის 21.07.2016წ. გაფორმებული მორიგების აქტის მიხედვით, მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმება შემდეგი პირობებით: ლ. კ-ა უარს ამბობს სარჩელზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მესამე პირის - მ. მ-ის მიმართ, უარს იტყვის აგრეთვე სარჩელზე მ. მ-ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, შეწყდება ამ მხარეებს შორის სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავები, რის სანაცვლოდაც მ. მ-ის კუთვნილი ქონების (მდებარე: ქ. ქუთაისში, ... ქ. VI შესახვევი, №16) 1/3 (ერთი მესამედი) ნაწილი დარეგისტრირდება მ. მ-ის და ლ. კ-ას შვილზე ნ. მ-ეზე. მორიგების აქტის აღსრულების შემდეგ მ. მ-ის ქონებას მოეხსნება ყადაღა;
3. მოცემულ საქმეზე შეწყდეს წარმოება მოსარჩელესა და მესამე პირს შორის მიღწეული მორიგების შედეგად სარჩელზე უარის თქმის გამო. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
4. მორიგების აქტი ძალაში შედის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ მისი დამტკიცების მომენტიდან და მოქმედებს მხარეების მიერ მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი