Nვ-551-4 (ა-16) 5 აგვისტო, 2016 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
მოსამართლე: ვასილ როინიშვილი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ. ბ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივნისის Nვ-419-3 (ა-16) განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ბ-ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიმართ და მოითხოვა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დავალდებულება გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი მისთვის პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივნისის განჩინებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტლება უცვლელად დარჩა.
განჩინება გ. ბ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინებით გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
2016 წლის 25 მაისს გ. ბ-ემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში განცხადება წარმოადგინა, რომლითაც მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 დეკემბრის Nბს-685-677(კ-15) განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივნისის განჩინებით გ. ბ-ის განცხადება განუხილველად დარჩა.
2016 წლის 26 ივლისს გ. ბ-ემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში განცხადება წარმოადგინა, რომლითაც მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივნისის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. განმცხადებელი ასევე ითხოვს მოსამართლეების - ვ. როინიშვილის, მ. ვაჩაძისა და ნ. სხრიტლაძის საქმის განხილვისაგან აცილებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება დაუშვებელია, ხოლო შუამდგომლობა მოსარმათლეების აცილების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
განმცხადებელი ითხოვს მოსამართლეების - ვ. როინიშვილის, მ. ვაჩაძისა და ნ. სხრიტლაძის აცილებას.
ვინაიდან წარმოადგენილი განცხადების დასაშვებობის საკითხი წყდება ერთპიროვნულად, ამდენად საკითხის გადაწყვეტაში მოსამართლეები მ. ვაჩაძე და ნ. სხირტლაძე არ მონაწილეობენ, მათი აცილების თაობაზე მსჯელობის საჭიროება არ არსებობს.
რაც შეეხება მოსამართლე ვ. როინიშვილს, შუამდგომლობა მისი აცილების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-31 მუხლები განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც მოსამართლის საქმის განხილვაში მონაწილეობა დაუშვებელია. განსახილველ შემთხვევაში, გ. ბ-ეს კანონით განსაზღვრულ არც ერთ საფუძველზე არ მიუთითებია, ამდენად, შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
იმავე კოდექსის 423-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ:
ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია;
ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება;
გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება;
დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა;
ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ;
ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას;
ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პრიველი და მე-2 ნაწილების თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.
განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი თავად ადასტურებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივნისის განჩინება, მის ბიცოლას - ე. ბ-ეს 2016 წლის 20 ივნისს ჩაბარდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, გზავნილის ადრესატის ოჯახის წევრისათვის ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას. წარმოდგენილი განცხადება შემოტანილია 2016 წლის 26 ივლისს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, ჩვეულებრივ, 1-თვიანი ვადა აითვლება არა განჩინების ჩაბარებიდან, არამედ იმ მომენტიდან, როცა მხარისათვის ცნობილი გახდა საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა, მაგრამ, განსახილველ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოება: წარმოდგენილი განცხადება ემყარება მხოლოდ იმ გარემოებას, რომ 2016 წლის 25 მაისის განცხადება დასაშვები იყო, რადგან შეტანილი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში 2016 წლის 10 თებერვალს, მაგრამ აპარატის თანამშრომელმა უზენაეს სასამართლოში არ გადმოაგზავნა. ამავე გარემოებაზე მხარე 2016 წლის 25 მაისის განჩინებაშიც მიუთითებდა. განცხადებას ერთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ გ. ბ-ის რაღაც განცხადება (არა კონკრეტულად საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება) 10 თებერვალს შეტანილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში. განცხადება ეხებოდა უზენაეს სასამართლოს, ამდენად, 2016 წლის 24 თებერვალს გ. ბ-ეს უკან დაუბრუნდა. ასევე წარმოდგენილია 2016 წლის 24 თებერვლის გზავნილი. ვინაიდან ამ ფაქტის თაობაზე, მხარისათვის სულ მცირე, მაისში იყო ცნობილი და წინა განცხდებაშიც მიუთითებდა, თუმცა მტკიცებულებით ვერ ადასტურებდა, 1-თვიანი ვადის ათვლა 2016 წლის 14 ივნისის განჩინების ჩაბარებიდან უნდა დაიწყოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გ. ბ-ის განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე, 429-ე მუხლებით, 29-31 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ბ-ის შუამდგომლობა მოსამართლე ვ. როინიშვილის აცილების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს; გ. ბ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივნისის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.მოსამართლე ვ. როინიშვილი