Facebook Twitter

654აპ-09 ქ. თბილისი

12 ოქტომბერი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),

ლ. მურუსიძე, მ. ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ზ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 4 ივნისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 14 აპრილის განაჩენით გ. ზ-ძე, _ დაბადებული ....... წლის ........, ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 5 წელი და განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დადგენილი გარემოებების შესაბამისად, 2008 წლის 19 თებერვალს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გ. ზ-ძე დამნაშავედ ცნო სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიუსაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაუთვალა პირობით, ამავე ვადით.

2008 წლის 20 ნოემბერს გ. ზ-ძე იმყოფებოდა დუშეთში მცხოვრები თავისი მეგობრის _ მ. ა-ის სახლში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ა. დ-რი, გ ა-ლი და გ. ხ-შვილი. ამ უკანასკნელსა და გ. ზ-ძეს შორის სუფრასთან დაწყებული კამათი ჩხუბში გადაიზარდა. იქ მყოფნი ცდილობდნენ მოჩხუბართა გაშველებას. მ. ა-მა და სხვებმა გ. ზ-ძე მოშორებით გაიყვანეს, ხოლო გ. ხ-შვილი სუფრასთან მარტო დარჩა. გ. ზ-ძის დაწყნარება ვერ მოხერხდა და იგი კვლავ გამოხატავდა აგრესიას. გ. ხ-შვილი გავიდა ეზოში, მივიდა გ. ზ-ძესთან და სიმშვიდისკენ მოუწოდა. ამ უკანასკნელმა ჯიბიდან ამოიღო დანა, გ. ხ-შვილის მიმართულებით რამდენჯერმე მოიქნია და სხეულის სხვადასხვა ადგილზე მიაყენა დაზიანებები, მათ შორის _ გულმკერდის მარცხენა ნახევარში და ამის გამო დაზარალებულმა დაკარგა გონება. იგი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად შეუნარჩუნდა სიცოცხლე.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა და მისმა დამცველმა. მათ მოითხოვეს სასჯელის შემცირება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 4 ივნისის განაჩენით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.

კასატორი _ მსჯავრდებული გ. ზ-ძე ითხოვს მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებასა და სასჯელის შემცირებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეშია საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებული და გამოკვლეული არაერთი უტყუარი მტკიცებულება, რომლებიც ობიექტურად შეფასდა და გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებულია. გარდა მსჯავრდებულის ჩვენებისა, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ობიექტურობაზე მეტყველებს არაერთი პირის, მათ შორის _ დაზარალებულის ჩვენება და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით გ. ხ-შვილს ჭრილობები აღენიშნებოდა მარჯვენა ხელის მტევნის და მარცხენა ლოყის მიდამოში, ასევე _ გულმკერდის მარცხენა ნახევარში, იღლიის შუა ხაზზე. ამდენად, გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებულია, ხოლო მატერიალური კანონი სწორადაა გამოყენებული.

ამასთან საქმეშია ოქმი, რომლის მიხედვით წინა დანაშაულისათვის გ. ზ-ძე დააკავეს 2008 წლის 19 თებერვალს. იმავე დღეს მის მიმართ გამოტანილია განაჩენი და მსჯავრდებული გათავისუფლდა პატიმრობიდან.

საკასაციო პალატამ არაერთხელ განმარტა, რომ სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ამ შემთხვევაში _ 4 წელი, 11 თვე და 29 დღე. გარდა ამისა, სსსკ-ის 124-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ე» ქვეპუნქტის შესაბამისად, დაზარალებულის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი უბრუნდება მესაკუთრეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს ნივთმტკიცებათა განკარგვის ნაწილშიც.

რაც შეეხება სასჯელს, იგი დადგენილია გ. ზ-ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით და არ არსებობს მისი შემსუბუქების როგორც სამართლებრივი, ასევე _ ფაქტობრივი საფუძველი.

ამდენად, გარდა ზემოაღნიშნულისა, სხვა ნაწილში სააპელაციო პალატის განაჩენი კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «დ» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დაადგინა:

მსჯავრდებულ გ. ზ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 4 ივნისის განაჩენი შეიცვალოს: გ. ზ-ძისათვის სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით დანიშნულ სასჯელს _ 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთას მთლიანად მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 4 (ოთხი) წელი, 11 (თერთმეტი) თვე, 29 (ოცდაცხრა) დღე და გ. ზ-ძეს საბოლოოდ განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლით, 11 (თერთმეტი) თვით და 29 (ოცდაცხრა) დღით თავისუფლების აღკვეთა;

ნივთმტკიცებები _ დაზარალებულ გ. ხ-შვილის კუთვნილი ლურჯი ჯინსის შარვალი და სპორტული წითელი მოსასხამი _ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ხოლო გ. ზ-ძის თეთრი ჯემპრი და ყავისფერი ნაჭრის ქურთუკი _ მსჯავრდებულის ოჯახის რომელიმე წევრს.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.