Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

656აპ-09 2 დეკემბერი, 2009წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: დავით სულაქველიძე

იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ნ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ივნისის განაჩენზე.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 25 თებერვლის განაჩენით ზ. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ზ. ნ-ს ჟ. გ-ის, მ-ისა და თ. გ-ის სასარგებლოდ ერთჯერადი ანაზღაურების სახით დაეკისრა თითოეულისათვის 10000 ლარის გადახდა; მასვე ჟ. გ-ის სასარგებლოდ ფიზიკური ზიანის ასანაზღაურებლად დაეკისრა 6500 ლარი, ხოლო ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად _ 1000 ლარის გადახდა. საბოლოოდ ზ. ნ-ს ჟ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 42500 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ივნისის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ზ. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 24 იანვრიდან.

სამოქალაქო მოსარჩელე ჟ. გ-ს უარი ეთქვა მ. გ-სა და თ. გ-ის სასარგებლოდ ერთჯერადი ანაზღაურების სახით თითოეულისათვის 10000-10000 ლარის გადახდაზე, ხოლო მორალური ზიანის სახით _ 5000 ლარის ოდენობით ანაზღაურების თაობაზე.

ზ. ნ-ს სამოქალაქო მოსარჩელე ჟ. გ-ის სასარგებლოდ ერთჯერადი ანაზღაურების სახით დაეკისრა 10000 ლარის გადახდა; ფიზიკური ზიანის ასანაზღაურებლად _ 6500 ლარი, ხოლო ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად _ 1000 ლარის გადახდა. საბოლოოდ ზ. ნ-ს ჟ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 17500 ლარის გადახდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 4 ივნისის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ივნისის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს დაემატა შემდეგი შინაარსის წინადადება: ,,თელავის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 3 იანვრის ბრძანება სამოქალაქო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღის დადების შესახებ სამოქალაქო მოპასუხის ზ. ნ-ზე რეგისტრირებულ ბინაზე, დარჩეს უცვლელი განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე, ხოლო სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადებული ყადაღა გაუქმდეს».

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ზ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ზ. ნ-ის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ზ. ნ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ივნისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.