Facebook Twitter

Nბს-233-231 (კ-16) 13 სექტემბერი, 2016 წელი, . ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 6 მაისს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სსიპ შემოსავლების სამსახურის წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულების - 7 251,59 ლარის, პირგასამტეხლოს სახით 17 804,77 ლარის, დავალიანების სრულად დაფარვამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 6,69 ლარის გადახდის დაკისრება - 2015 წლის 6 მაისიდან.

მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 21 ივნისს (15 ივნისს) სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1/3203 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის სამსახურს უნდა განეხორციელებინა შემოსავლების სამსახურის 7 ობიექტზე დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო-საინსტალაციო სამუშაოები, მათ შორის ხელშეკრულების 1.2.3 პუნქტის შესაბამისად, ქ. ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩა. №5-ში მდებარე ობიექტზე 7327.10 ლარის ღირებულებისა, რომელიც 2012 წლის 15 ივნისის (2012 წლის 23 აგვისტოს) შეთანხმების ოქმის 1.1.3. პუნქტის შესაბამისად შეიცვალა და განისაზღვრა - 7251,59 ლარით. აღნიშნულ ობიექტზე 2012 წლის 31 ივლისს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ-ინსტალაცია და გაფორმდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა სსიპ შემოსავლების სამსახურს არ გადაუხდია

სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-101 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შემოსავლების სამსახურს შორის 2012 წლის 15 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1/3203–N1/538 ხელშეკრულება შემოსავლების სამსახურის 7 ობიექტზე დაცვითი - საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო-საინსტალაციო სამუშაოების შესრულების შესახებ. აღნიშნული 7 ობიექტიდან 6 ობიექტზე, 2012 წლის 15 ივნისს და 2012 წლის 23 აგვისტოს, გაფორმებული შეთანხმების ოქმების თანახმად, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ 2012 წლის 1 და 14 სექტემბერს წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე სრულად იქნა ანაზღაურებული შესრულებული სამუშაოების ღირებულება, ხოლო ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩა N5-ში მდებარე ობიექტზე, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ თანამშრომელთა სიტყვიერი მოთხოვნის მიუხედავად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის, დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს ტექნიკური სამსახურს არ წარუდგენია დამატებით დაზუსტებული მიღება-ჩაბარების აქტი, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ცნობილი იყო ხელშეკრულებასა და შეთანხმების ოქმებში არსებული ხარვეზები. წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამებოდა შემოსავლების სამსახურსა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის 2012 წლის 15 ივნისის N1/3203–N1/538 ხელშეკრულებითა და 2012 წლის 23 აგვისტოს შეთანხმების ოქმებით გათვალისწინებულ თანხას - 6 991,60 ლარს. ამასთან, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ხელმეორედ ხარვეზის გამოსწორების გარეშე უცვლელად, იგივე თანხაზე, იქნა წარმოდგენილი ორი წლის დაგვიანებით, რასაც შემოსავლების სამსახური არ დაეთანხმა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სსიპ შემოსავლების სამსახურს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 7 251,59 ლარის გადახდა. სსიპ შემოსავლების სამსახურს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 17 804,77 ლარის გადახდა; სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი 2015 წლის 6 მაისის შემდეგ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 6,69 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სსიპ შემოსავლების სამსახურს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 752 ლარის ანაზღაურება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სსიპ შემოსავლების სამსახურსა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 17 804.77 ლარის გადახდა დაეკისრა და ამ ნაწილში მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება; სსიპ შემოსავლების სამსახურს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო - ვალდებულების შესრულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2012 წლის 31 ივლისიდან - 2015 წლის 6 მაისის ჩათვლით (1050 დღე) - შეუსრულებელი ვალდებულების -7 251,59 ლარის 0,07%-ის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 21.06.2012წ, №1/3203 ხელშეკრულებით სსიპ შემოსავლების სამსახური (შემსყიდველი) და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (მიმწოდებელი) შეთანხმდნენ შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა ობიექტებზე (სულ 7 ობიექტზე) დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემების სამონტაჟო-საინსტალაციო სამუშაოების შესრულებაზე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება მხარეთა შორის სადავოა ქ. ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩა №5-ში მდებარე ობიექტზე, რომლის ღირებულება ხელშეკრულებით განისაზღვრა 7 327.10 ლარით. ხელშეკრულების 2.2 პუნქტით, შესყიდვის ობიექტის საერთო ღირებულება განისაზღვრა 31 703.56 ლარით. 4.1 პუნქტით, შესყიდვის ობიექტის მიღება ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტით შემსყიდველისა და მიმწოდებლის საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით, ინსპექტირების ჯგუფის წევრების დადებითი დასკვნის საფუძველზე. 5.2 პუნქტით, ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდება სამუშაოს დასრულებისა და აღნიშნულის თაობაზე მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. 7.5 პუნქტით, ხელშეკრულებით, გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევ მხარეს დაეკისრება პირგასამტეხლოს -ვალდებულების შესრულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.07%-ის გადახდა (ს.ფ. 11-13).

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 15.06.2012წ, №1/538 ხელშეკრულებით სსიპ შემოსავლების სამსახური და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი შეთანხმდნენ შემოსავლების სამსახურის 7 ობიექტზე, მათ შორის ქ. ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩა №5-ში მდებარე ობიექტზე, დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო-საინსტალაციო სამუშაოების შესრულებაზე, რომლის ღირებულება განისაზღვრა 7 327.10 ლარით (ს.ფ. 93-95; 101);

15.06.2012 წლის №1 შეთანხმების ოქმით ცვლილება შევიდა 15.06.2012წ 1/538 ხელშეკრულებაში და ქ. ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩა №5-ში მდებარე ობიექტზე, რომლის ღირებულება ხელშეკრულებით განისაზღვრა 7 251.59 ლარით (ს.ფ. 90-92);

31.07.2012 წლის დაცვითი საგანგაშო სისტემის მონტაჟ-ინსტალაციის მიღება-ჩაბარების აქტის (ხელმოწერილია დამკვეთისა და შემსრულებლის მიერ) თანახმად, 21.07.2012წ, №1/3203 ხელშეკრულების შესაბამისად დამკვეთის ობიექტზე მდებარე ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქუჩა №5 დამონტაჟდა 7251.59 ლარის ღირებულების მასალები. სისტემის მონტაჟი-ინსტალაცია შესრულებულია ჯეროვნად, რაზეც მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნიათ.

მიღება-ჩაბარების აქტის თანხმად, ქ. ქუთაისში, ჯავახიშვილის ქ. №5-ში მდებარე ობიექტზე დამონტაჟდა: 1) 4 წვერიანი კაბელი - 650 მეტრი; 2) 8 წვერიანი კაბელი -600 მეტრი; 3) 12 წვერიანი კაბელი - 100 მეტრი; 4) საგანგაშო ღილაკი - 2 ცალი; 5)აკუმულატორი 60 ამპ/სთ - 4 ცალი; 6) სამუხტი 2 ამპ/სთ -4 ცალი; 7) მოძრაობის დეტექტორი - 84 ცალი; 8) მსხვრევის დეტექტორი - 27 ცალი; 9) ტრანსფორმატორი -4 ცალი; 10) კაბელ-არხი 16X10 – 500 მეტრი; 11) საკონტროლო პანელი - 4 ცალი; 12) სირენა - 4 ცალი; 13) კლავიატურა - 4 ცალი (ს.ფ. 15);

საქმეში წარმოდგენილი ცნობით სსიპ შემოსავლების სამსახურს, 21.06.2012 წლის №1/3203 ხელშეკრულების საფუძველზე, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ ერიცხება დებიტორული დავალიანება 7 251.59 ლარი. ხელშეკრულების 7.5 მუხლის გათვალისწინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების თანახმად უნდა დარიცხულიყო პირგასამტეხლო საერთო თანხის 0.07 %, რამაც 06.05.2015 წლის მდგომარეობით შეადგინა 17 804.77 ლარი (ს.ფ. 16-17);

2014 წლის 20 ოქტომბერს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა წერილი გაუგზავნა სსიპ შემოსავლების სამსახურს და აცნობა, რომ 21.06.2012 წლის ხელშეკრულების საფუძველზე ქ.ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩის №5-ში მდებარე ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ღირებულება 7 251.59 ლარი არ იყო ანაზღაურებული, ამასთან ხელშეკრულების 7.5 პუნქტის საფუძველზე მას ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების შესრულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.07%-ის ოდენობით. 2014 წლის 24 სექტემბრის მდგომარეობით პირგასამტეხლო შეადგენდა 14 033. 77 ლარს (ს.ფ. 19-20);

წერილის პასუხად სსიპ შემოსავლების სამსახურმა დაცვის პოლიციას უარი განუცხადა თანხების ანაზღაურებაზე იმის გამო, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა 2012 წლის 15 ივნისის №1/3203-№1/538 ხელშეკრულებებსა და 2012 წლის 23 აგვისტოს შეთანხმების ოქმებით გათვალისწინებულ პირობებს, რომელთა თანახმადაც სამუშაოთა ღირებულება შეადგენდა 6 991.60 ლარს. შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა მიერ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ეცნობა, რომ წარდგენილი დოკუმენტაცია იყო ხარვეზიანი, რაც მათ არ გაითვალისწინეს. შესაბამისად, ხარვეზის აღმოუფხვრელობის გამო, შემოსავლების სამსახური უარს აცხადებდა შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებაზე

25.12.2015 წლის წერილით დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა სსიპ შემოსავლების სამსახურს განუმარტა, რომ 21.06.2012 წ (15.06.2012წ) №1/3203 ხელშეკრულებით ქუთაისში, ჯავახიშვილის ქ. №5-ში მდებარე ობიექტზე დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო-საინსტალაციო სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 7 327,10 ლარით, რაც 2012 წლის 15 ივნისის შეთანხმების ოქმის 1.1.3 პუნქტით შეიცვალა და განისაზღვრა 7 251.59 ლარით. აღნიშნული შეთანხმების ოქმი შედგა სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის მონაწილეობით და დანართში მიეთითა ობიექტზე გამოყენებული მასალები. ჩამონათვალში დაშვებული იქნა შეცდომა. მასალების ჩამონათვალში 12 სახეობის მასალაა მითითებული, ხოლო 26.06.2012 წ №1506 ინვოისში და 31.07.2012 წლის მიღება-ჩაბარების აქტში - 13 სახეობის. შეთანხმების ოქმის დანართის ჩამონათვალში 4 წვერიანი კაბელი - 650 მეტრი გამოტოვებულია და 8 წვერიანი კაბელის - 600 მეტრის ნაცვლად მითითებულია 4 წვერიანი კაბელი - 600 მეტრი, რაც იძლევა 260 ლარის სხვაობას, შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ შეცდომით იქნა აღიარებული სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ დავალიანება 6 991.60 ლარი (ს.ფ. 22-23);

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ.ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩა №5-ში მდებარე ობიექტზე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენს 7 251,59 ლარს, რომლის გადახდის ვალდებულებაც ეკისრება სსიპ შემოსავლების სამსახურს.

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 21.06.2012წ, №1/3203 ხელშეკრულების 7.5 პუნქტით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევ მხარეს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების შესრულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,07%-ის ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ 21.06.2012წ, №1/3203 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე 6 ობიექტზე სსიპ შემოსავლების სამსახურს შესრულებული აქვს და აღნიშნულზე მხარეთა შორის დავა არ წარმოებს - მოპასუხეს (აპელანტს) არ შეუსრულებია ქ.ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩა №5-ში ჩატარებული სამუშაოს ღირებულების გადახდის ვალდებულებას, შესაბამისად, პირგასამტეხლოს გადახდა მას უნდა დაეკისროს შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობის გათვალისწინებით, რაც შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (1050 დღე) - 7 251,59 ლარის 0,07%.

სასამართლოს აზრით, პირგასამტეხლოს გადახდის პერიოდი უნდა განისაზღვროს 31.07.2012 წლიდან (სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ვალდებულების შესრულებიდან) 06.05.2015 წლამდე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სსიპ შემოსავლების სამსახურმა საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.

კასატორის მტკიცებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შემოსავლების სამსახურს შორის 2012 წლის 15 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1/3203–N1/538 ხელშეკრულება შემოსავლების სამსახურის 7 ობიექტზე დაცვითი - საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო-საინსტალაციო სამუშაოების შესრულების შესახებ. აღნიშნული 7 ობიექტიდან 6 ობიექტზე, 2012 წლის 15 ივნისს და 2012 წლის 23 აგვისტოს, გაფორმებული შეთანხმების ოქმების თანახმად, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ 2012 წლის 1 და 14 სექტემბერს წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე სრულად იქნა ანაზღაურებული შესრულებული სამუშაოების ღირებულება, ხოლო ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩა N5-ში მდებარე ობიექტზე, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ თანამშრომელთა სიტყვიერი მოთხოვნის მიუხედავად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის, დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს ტექნიკური სამსახურს არ წარუდგენია დამატებით დაზუსტებული მიღება-ჩაბარების აქტი, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ცნობილი იყო ხელშეკრულებასა და შეთანხმების ოქმებში არსებული ხარვეზები. წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამებოდა შემოსავლების სამსახურსა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის 2012 წლის 15 ივნისის N1/3203–N1/538 ხელშეკრულებითა და 2012 წლის 23 აგვისტოს შეთანხმების ოქმებით გათვალისწინებულ თანხას - 6 991,60 ლარს. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოთვალა პირგასამტეხლოს დაკისრების პერიოდი, კერძოდ, სასამართლოს აზრით, პირგასამტეხლოს გადახდის პერიოდი უნდა განისაზღვროს 31.07.2012 წლიდან (სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ვალდებულების შესრულებიდან) 06.05.2015 წლამდე. ეს პერიოდი მოიცავს 1009 დღეს და არა 1050 დღეს, როგორც სააპელაციო სასამართლო მიუთითებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

„დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია“ გულისხმობს მხარის მითითებას საპროცესო-სამართლებრივ დარღვევებზე, რასაც შედეგად ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენა მოჰყვა. განსახილველ შემთხვევაში, ამგვარი შედავება წარმოდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:

1. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 21.06.2012წ, №1/3203 ხელშეკრულებით სსიპ შემოსავლების სამსახური (შემსყიდველი) და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (მიმწოდებელი) შეთანხმდნენ შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა ობიექტებზე (სულ 7 ობიექტზე) დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემების სამონტაჟო-საინსტალაციო სამუშაოების შესრულებაზე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება მხარეთა შორის სადავოა ქ. ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩა №5-ში მდებარე ობიექტზე, რომლის ღირებულება ხელშეკრულებით განისაზღვრა 7 327.10 ლარით. ხელშეკრულების 2.2 პუნქტით, შესყიდვის ობიექტის საერთო ღირებულება განისაზღვრა 31 703.56 ლარით. 4.1 პუნქტით, შესყიდვის ობიექტის მიღება ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტით შემსყიდველისა და მიმწოდებლის საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით, ინსპექტირების ჯგუფის წევრების დადებითი დასკვნის საფუძველზე. 5.2 პუნქტით, ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდება სამუშაოს დასრულებისა და აღნიშნულის თაობაზე მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. 7.5 პუნქტით, ხელშეკრულებით, გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევ მხარეს დაეკისრება პირგასამტეხლოს - ვალდებულების შესრულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.07%-ის გადახდა (ს.ფ. 11-13).

2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 15.06.2012წ, №1/538 ხელშეკრულებით სსიპ შემოსავლების სამსახური და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი შეთანხმდნენ შემოსავლების სამსახურის 7 ობიექტზე, მათ შორის ქ. ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩა №5-ში მდებარე ობიექტზე, დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო-საინსტალაციო სამუშაოების შესრულებაზე, რომლის ღირებულება განისაზღვრა 7 327.10 ლარით (ს.ფ. 93-95; 101);

3. 15.06.2012 წლის №1 შეთანხმების ოქმით ცვლილება შევიდა 15.06.2012წ 1/538 ხელშეკრულებაში და ქ. ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩა №5-ში მდებარე ობიექტზე, რომლის ღირებულება ხელშეკრულებით განისაზღვრა 7 251.59 ლარით (ს.ფ. 90-92);

4. 31.07.2012 წლის დაცვითი საგანგაშო სისტემის მონტაჟ-ინსტალაციის მიღება-ჩაბარების აქტის (ხელმოწერილია დამკვეთისა და შემსრულებლის მიერ) თანახმად, 21.07.2012წ, №1/3203 ხელშეკრულების შესაბამისად, დამკვეთის ობიექტზე მდებარე ქ.ქუთაისი, ჯავახიშვილის ქუჩა №5 დამონტაჟდა 7251.59 ლარის ღირებულების მასალები. სისტემის მონტაჟი-ინსტალაცია შესრულებულია ჯეროვნად, რაზეც მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნიათ.

5. მიღება-ჩაბარების აქტის თანხმად, ქ.ქუთაისში, ჯავახიშვილის ქ. №5-ში მდებარე ობიექტზე დამონტაჟდა: 1) 4 წვერიანი კაბელი - 650 მეტრი; 2) 8 წვერიანი კაბელი -600 მეტრი; 3) 12 წვერიანი კაბელი - 100 მეტრი; 4) საგანგაშო ღილაკი - 2 ცალი; 5)აკუმულატორი 60 ამპ/სთ - 4 ცალი; 6) სამუხტი 2 ამპ/სთ -4 ცალი; 7) მოძრაობის დეტექტორი - 84 ცალი; 8) მსხვრევის დეტექტორი - 27 ცალი; 9) ტრანსფორმატორი -4 ცალი; 10) კაბელ-არხი 16X10 – 500 მეტრი; 11) საკონტროლო პანელი - 4 ცალი; 12) სირენა - 4 ცალი; 13) კლავიატურა - 4 ცალი (ს.ფ. 15);

6. საქმეში წარმოდგენილი ცნობით სსიპ შემოსავლების სამსახურს, 21.06.2012 წლის №1/3203 ხელშეკრულების საფუძველზე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ ერიცხება დებიტორული დავალიანება 7 251.59 ლარი. ხელშეკრულების 7.5 მუხლის გათვალისწინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების თანახმად უნდა დარიცხულიყო პირგასამტეხლო საერთო თანხის 0.07 %, რამაც 06.05.2015 წლის მდგომარეობით შეადგინა 17 804.77 ლარი (ს.ფ. 16-17);

7. 2014 წლის 20 ოქტომბერს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა წერილი გაუგზავნა სსიპ შემოსავლების სამსახურს და აცნობა, რომ 21.06.2012 წლის ხელშეკრულების საფუძველზე ქ.ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩის №5-ში მდებარე ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ღირებულება 7 251.59 ლარი არ იყო ანაზღაურებული, ამასთან ხელშეკრულების 7.5 პუნქტის საფუძველზე მას ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების შესრულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.07%-ის ოდენობით. 2014 წლის 24 სექტემბრის მდგომარეობით პირგასამტეხლო შეადგენდა 14 033. 77 ლარს (ს.ფ. 19-20);

8. წერილის პასუხად სსიპ შემოსავლების სამსახურმა დაცვის პოლიციას უარი განუცხადა თანხების ანაზღაურებაზე იმის გამო, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა 2012 წლის 15 ივნისის №1/3203-№1/538 ხელშეკრულებებსა და 2012 წლის 23 აგვისტოს შეთანხმების ოქმებით გათვალისწინებულ პირობებს, რომელთა მიხედვითაც სამუშაოთა ღირებულება შეადგენდა 6 991.60 ლარს. შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა მიერ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ეცნობა, რომ წარდგენილი დოკუმენტაცია იყო ხარვეზიანი, რაც მათ არ გაითვალისწინეს. შესაბამისად, ხარვეზის აღმოუფხვრელობის გამო, შემოსავლების სამსახური უარს აცხადებდა შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებაზე

9. 25.12.2015 წლის წერილით დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა სსიპ შემოსავლების სამსახურს განუმარტა, რომ 21.06.2012 წ (15.06.2012წ) №1/3203 ხელშეკრულებით ქუთაისში, ჯავახიშვილის ქ. №5-ში მდებარე ობიექტზე დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო-საინსტალაციო სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 7 327,10 ლარით, რაც 2012 წლის 15 ივნისის შეთანხმების ოქმის 1.1.3 პუნქტით შეიცვალა და განისაზღვრა 7 251.59 ლარით. აღნიშნული შეთანხმების ოქმი შედგა სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის მონაწილეობით და დანართში მიეთითა ობიექტზე გამოყენებული მასალები. ჩამონათვალში დაშვებული იქნა შეცდომა. მასალების ჩამონათვალში 12 სახეობის მასალაა მითითებული, ხოლო 26.06.2012 წ №1506 ინვოისში და 31.07.2012 წლის მიღება-ჩაბარების აქტში - 13 სახეობის. შეთანხმების ოქმის დანართის ჩამონათვალში 4 წვერიანი კაბელი - 650 მეტრი გამოტოვებულია და 8 წვერიანი კაბელის - 600 მეტრის ნაცვლად მითითებულია 4 წვერიანი კაბელი - 600 მეტრი, რაც იძლევა 260 ლარის სხვაობას, შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ შეცდომით იქნა აღიარებული სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ დავალიანება 6 991.60 ლარი (ს.ფ. 22-23);

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ქ. ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩა №5-ში მდებარე ობიექტზე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენს 7 251,59 ლარს, რომლის გადახდის ვალდებულებაც ეკისრება სსიპ შემოსავლების სამსახურს, კერძოდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების აქტზე, რომლის საფუძველზეც, სსიპ შემოსავლების სამსახურმა მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობა და ღირებულება ხელმოწერით დაადასტურა (იხ. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, პუნქტი 4-5).

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის ”ზ” ქვეპუნქტით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება განმარტებულია, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება. იმავე კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. იმავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.

სააკსაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ 2012 წლის 15 ივნისის შეთანხმების ოქმის 1.1.3 პუნქტით შეიცვალა ხელშეკრულების ფასი და განისაზღვრა 7 251.59 ლარით, რასაც მოპასუხის წარმომადგენელი აწერს ხელს, გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურმა, მიიღო რა შესრულება და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით დააფიქსირა პრეტენზიის არარსებობა, იგი დაეთანხმა ფასს და მისი გადახდის ვალდებულება წარმოეშვა.

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 21.06.2012წ, №1/3203 ხელშეკრულების 7.5 პუნქტით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევ მხარეს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების შესრულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,07%-ის ოდენობით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის . 419-ე მუხლის პირველი ნაწილით კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოთვალა დასაკისრებელი პირგასამტეხლო.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლო უნდა გამოთვლილიყო შეუსრულებელი ვალდებულებიდან - ქ. ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩა №5-ში მდებარე ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან და არა მთლიანად ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ არ გასაჩივრებულა. სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა, რომ პირგასამტეხლოს გადახდის პერიოდი უნდა განისაზღვროს 31.07.2012 წლიდან (სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ვალდებულების შესრულებიდან) - 06.05.2015წ-მდე (სარჩელის შეტანის თარიღი), ამასთან, არასწორად მიიჩნია, რომ აღნიშნული პერიოდი 1050 დღეს შეადგენს. კასატორის სწორად მიუთითებს, რომ 31.07.2012 წლიდან 06.05.2015 წლამდე პერიოდი არის 1009 დღე და პირგასამტეხლოც მოპასუხეს სწორედ გადაცილებული 1009 დღისათვის უნდა დაეკისროს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თავად მიიღოს გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო შესრულებული ვალდებულების ღირებულების, 7 251,59 ლარის, 0,07% ყოველდღიურად 31.07.2012 წლიდან 06.05.2015 წლის ჩათვლით (1009 დღე).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხემ მოსარჩელეს აღნიშნულ მოთხოვნაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა აუნაზღაუროს დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად. პირველი ინსტანციის სასამართლოში სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 752 ლარი, საიდანაც 534,14 ლარი წარმოდგენდა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ მოთხოვნაზე გადახდილ ბაჟს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-40 მუხლების შესაბამისად). სსიპ შემოსავლების სამსახურმა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს უნდა აუნაზღაუროს გადახდილი ბაჟის 29% (დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად) – 154,9 ლარი, ამასთან, ვინაიდან გადაწყვეტილება 7251,59 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში უცვლელად რჩება, მოსარჩელეს ასევე უნდა აუნაზღაურდეს ამ მოთხოვნაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 217,5 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შეიცვალა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 17 804.77 ლარის დაკისრების თაობაზე და ძალაში დარჩა ქუთაისის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება სახელმწიფო ბაჟის განაწილების შესახებ;

3. ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

4. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

5. სსიპ შემოსავლების სამსახურს დაეკისროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - ყოველდღიურად შესრულებული ვალდებულების ღირებულების, 7 251,59 ლარის, 0,07%-ის გადახდა 31.07.2012 წლიდან 06.05.2015 წლის ჩათვლით (1009 დღე);

6. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

7. სსიპ შემოსავლების სამსახურს დაეკისროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 372,4 ლარის ანაზღაურება.

8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე

: