Facebook Twitter

საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის შესახებ

689აპ-09 ქ. თბილისი

8 დეკემბერი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ოშხარელი, პ. სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ ო. გ-ძისა და ბ. ღ-ვას, ასევე მათი და მსჯავრდებულ გ. დ-ძის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ მ. ნ-ძისა და რ. ა-ძის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 26 ივნისის განაჩენზე.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 სექტემბრის განაჩენით ბ. ღ-ვა, გ. დ-ძე და ო. გ-ძე ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ: საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ», «დ», «ე», «ზ» ქვეპუნქტებით _ 8-8 წლით, ხოლო 147-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მათ განესაზღვრათ 13-13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 26 ივნისის განაჩენით შეიცვალა: ბ. ღ-ვას, გ. დ-ძესა და ო. გ-ძეს სსკ-ის 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ», «დ», «ე», «ზ» ქვეპუნქტებით მიესაჯათ 7-7 წლით, ხოლო 147-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მათ საბოლოოდ განესაზღვრათ 11-11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ბ. ღ-ვასა და ო. გ-ძეს სასჯელის ათვლა დაეწყოთ 2009 წლის 20 იანვრიდან, ხოლო გ. დ-ძეს _ 2009 წლის 4 აპრილიდან.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ», «დ», «ე», «ზ» ქვეპუნქტებითა და 147-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულების _ ო. გ-ძისა და ბ. ღ-ვას, ასევე მათი და მსჯავრდებულ გ. დ-ძის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ მ. ნ-ძისა და რ. ა-ძის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ივნისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.