Facebook Twitter

Nბს-517-512 (კ-16) 27 სექტემბერი, 2016 წელი,

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ს. პ-ი, რ. პ-ი, ჯ. ი-ე (მოსარჩელეები)

თავდაპირველი მოპასუხე- ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესამე პირები- ხ. ჩ-ა, მ. ჯ-ა, ა. ბ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. პ-მა, რ. პ-მა და ჯ. ი-ემ ახალციხის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრეს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ და მოითხოვეს- ს. პ-მა-ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 08 ოქტომბრის №1396/09 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; მოპასუხის მიერ განაცდური ხელფასის ანაზღაურება 27536 ლარის ოდენობით; რ. პ-მა- ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 14 ივლისის №618 ბრძანების რ. პ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბათილად ცნობა, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 7 ოქტომბრის №1393/09 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; რ. პ-ის აღდგენა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე და მოპასუხის მიერ განაცდური ხელფასის ანაზღაურება 23250 ლარის ოდენობით; ჯ. ი-ემ- ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 14 ივლისის №620 ბრძანების ჯ. ი-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბათილად ცნობა, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 7 ოქტომბრის №1394/09 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ჯ. ი-ის აღდგენა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე და მოპასუხის მიერ განაცდური ხელფასის ანაზღაურება 29428 ლარის ოდენობით; მოსარჩელეებმა მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოითხოვეს მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა. საქმეში მესამე პირად ჩაებნენ ხ. ჩ-ა, მ. ჯ-ა და ა. ბ-ი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.

ახალციხის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ს. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად; რ. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობივ; ბათილად იქნა ცნობილი ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 7 ოქტომბრის №1393/09 გადაწყვეტილება რ. პ-ისთვის განაცდური ხელფასის ანაზრაურებაზე უარის თქმის ნაწილში; მოპასუხეს დაეკისრა რ. პ-ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება 13650 ლარის ოდენობით; ჯ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 7 ოქტომბრის №1394/09 გადაწყვეტილება ჯ. ი-ისთვის განაცდური ხელფასის ანაზრაურებაზე უარის თქმის ნაწილში; მოპასუხეს დაეკისრა ჯ. ი-ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება 10500 ლარის ოდენობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის განჩინებით ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელედ დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივლისის განჩინებით ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე