საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
730აპ-09 24 დეკემბერი, 2009 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე – პაატა სილაგაძე
მოსამართლეები: დავით სულაქველიძე
იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ. თ-უას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივლისის განაჩენზე.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 19 მარტის განაჩენით ს. კ-ძე ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის II ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის V ნაწილის გამოყენებით ს. კ-ძეს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 3000 (სამი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
იმავე კოდექსის 59-ე მუხლის II ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი _ 9 წელი, 11 თვე, 27 დღე, ასევე ჯარიმა _ 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარი და ს. კ-ძეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 14 წლით, 11 თვით, 27 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 6500 (ექვსი ათას ხუთასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
შეწყდა წარმოება დაზარალებულ ნ. ბ-ძის სამოქალაქო სარჩელზე მოსარჩელის მიერ მასზე უარის თქმის გამო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივლისის განაჩენით ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 19 მარტის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
ს. კ-ძის ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის I ნაწილით, რისთვისაც მას სასჯელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
,,ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის შესაბამისად, ს. კ-ძე გათავისუფლდა ამ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან და მოსახდელად დარჩა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი _ 9 წელი, 11 თვე, 27 დღე, ასევე ჯარიმა _ 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ეს უკანასკნელი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ. თ-უას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივლისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.