საქმე Nბს-545-540(კ-16) 27 სექტემბერი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ „ქონების მართვის სააგენტო“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ. ს-ი (მოსარჩელე)
მესამე პირი - შპს „...“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ს-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის სსიპ „ქონების მართვის სააგენტოსათვის“, მოსარჩელის 2014 წლის 31 მარტის (#07/2608-8) და 8 მაისის (#07/3562-8) განცხადებებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალება, კერძოდ: 1) 2012 წლის 26 აპრილის ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ ქ. თბილისის ტერიტორიაზე უმავთულო ინტერნეტის ქსელის მოწყობისა და განათების ბოძებზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის განთავსების უფლების განკარგვასთან დაკავშირებით ჩატარებული N119 აუქციონის ოქმის ასლი; 2) თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და „...“ შორის აუქციონის შედეგების საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის ასლი; 3) ინფორმაცია აუქციონში გამარჯვებული კომპანიის - „...“ - მიერ აუქციონის პირობებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ (კითხვები ჩამოთვლილია მოსარჩელის 2014 წლის 31 მარტით დათარიღებულ წერილში, სარჩელის დანართი №2); 4) „...“ მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტების ქონების მართვის სააგენტოს მიერ კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 5) პასუხი კითხვაზე, შეასრულა თუ არა „...“ აუქციონის პირობებითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება 2014 წლის 1 მარტამდე, ანუ აუქციონის პირობების შესაბამისად, უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის ამოწურვის თარიღამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს ,,...”.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისს 2015 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით: 1. ლ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; 2. დაევალა ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საჯარო ინფორმაციის სახით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნების გაცემა, 2012 წლის 26 აპრილს თბილისის მერიის ტერიტორიაზე უმავთულო ინტერნეტის ქსელის მოწყობისა და განათების ბოძებზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის განთავსების უფლების განკარგვის მიზნით ჩატარებული №119 აუქციონის პირობების შპს „...” მიერ შესრულების (შეუსრულებლობის) შესახებ. 3. დაევალა ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საჯარო ინფორმაციის სახით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტების გაცემა, რომლებითაც დადასტურებულია შპს „...” მიერ აუქციონის პირობების შესაბამისად, თბილისის მინიმუმ სამ ცენტრალურ ქუჩასა და პოპულარულ ტურისტულ მარშრუტზე ინტერნეტის სერვისის როუმინგის უზრუნველყოფის ვალდებულების შესრულება (შეუსრულებლობა). 4. დაევალა ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს გასცეს საჯარო ინფორმაცია იმ აპარატურის სპეციფიკის შესახებ, რომლის მეშვეობითაც შპს „...” ახორციელებს ყოველი წვდომის სადგურის დაფარვის არეში ჯამურად 50-100 მბ/წმ გაზიარებული ინტერნეტ-ტრაფიკის მიწოდებას; 5. დაევალოს ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საჯარო ინფორმაციის გაცემა იმის შესახებ, თუ როდის და რომელ სადგურზე შემოწმდა ჯამურად 50-100 მბ/წმ გაზიარებული ინტერნეტ-ტრაფიკის მიწოდება შპს „...” მიერ და ინტერნეტ-სერვისის როუმინგი აუქციონის პირობების შესაბამისად. ასევე დაევალა აღნიშნული შემოწმების ამსახველი დოკუმენტაციის გაცემა; 6. დაევალა ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საჯარო ინფორმაციის სახით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტების გაცემა, რომლებითაც დადასტურებულია შპს „...” მიერ ა) აუქციონში გამარჯვებიდან არაუგვიანეს 2 თვის განმავლობაში თბილისში მინიმუმ 400 Wi-Fi წვდომის სადგურის განთავსება; ბ) მომდევნო 3 თვის განმავლობაში დამატებით მინიმუმ 500 წვდომის სადგურის ჩართვა; გ) შემდგომ დამატებით 600 წვდომის სადგურის ჩართვა 2012 წლის 31 დეკემბრამდე ვადაში; დ) 1000 წვდომის სადგურის ჩართვა 2013 წლის განმავლობაში; 7. დაევალა ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საჯარო ინფორმაციის სახით გასცეს თბილისის ტერიტორიაზე შპს „...” მიერ აუქციონის პირობების შესასრულებლად განთავსებული Wi-Fi წვდომის სადგურების მისამართები და კოორდინატების ამსახველი დოკუმენტები; 8. დაევალა ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საჯარო ინფორმაციის სახით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტების გაცემა, რომლებითაც დადასტურებულია შპს „...” მიერ აუქციონში გამარჯვებიდან არაუგვიანეს 6 თვის განმავლობაში როუმინგის სისტემით უზრუნველყოფის ვალდებულების შესრულება (შეუსრულებლობა); 9. დაევალა ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საჯარო ინფორმაციის სახით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტების გაცემა, რომლებითაც დადასტურებულია შპს „...” მიერ აუქციონში გამარჯვებიდან არაუგვიანეს ერთი წლის განმავლობაში თბილისის მეტროპოლიტენის მოძრავ შემადგენლობებსა და მოძრავ ავტობუსში ინტერნეტთან წვდომის უზრუნველყოფის ვალდებულების შესრულება (შეუსრულებლობა).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ „ქონების მართვის სააგენტომ“ და შპს „...“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინებით აპელანტების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „...“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ „ქონების მართვის სააგენტომ“. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივლისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის შემდეგ ამომწურავ საფუძვლებს: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინება;
1. კასატორს დაუბრუნდეს 28.06.2016 წლის №01768 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე