საქმე №ბს-5-5 (6კ-15) 22 სექტემბერი, 2016 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე.
კასატორები – (მოსარჩელე) მ. ც-ე;
(მოპასუხე) საქართველოს მთავრობა;
(მოპასუხე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა;
(მოპასუხე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და
ეკონომიკის სამინისტრო;
(მოპასუხე) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა;
(მოპასუხე) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო;
(მოპასუხე) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
(მოპასუხე) ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახური;
(მოპასუხე) ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური;
მესამე პირები – ბ. ბ-ი (ასკ 16.2 მუხ.);
კომპანია ,,...’’ (ასკ 16.2 მუხ.).
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და ადმინისტრაციული
ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.10.14წ. განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ც-ემ 04.09.2013წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის ა/რ მთავრობის, საქართველოს მთავრობის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ მოითხოვა: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 06.03.2009წ №01-13/76 მიმართვის (მ. ც-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან ზედდების - 922.8 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში),საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 12.03.2009წ. №882009062369-06 გადაწყვეტილების (მ. ც-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან ზედდების - 922.8 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში), ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 09.10.2009წ. №10-1 განკარგულების (მ. ც-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან ზედდების - 922.8 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში), აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 15.10.2009წ. №01-22/3586 მიმართვის (მ. ც-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან ზედდების - 922.8 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 19.10.2009წ. №882009328254 -03 გადაწყვეტილების (მ. ც-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან ზედდების - 922.8 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში), აჭარის ა/რ მთავრობის 15.09.2009წ.№82 განკარგულების და აჭარის ა/რ მთვარობის თავმჯდომარის 22.09.2009წ. №140 ბრძანების (მ. ც-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან ზედდების - 922,8 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში), აჭარის ა/რ და კომპანია ,,...-ს“ შორის 28.09.2009წ. გაფორმებული შეთანხმების აქტის (მ. ც-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან ზედდების - 922,8 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში), აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და კომპანია ,,...-ს“ შორის 29.10.2009წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების (მ. ც-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან ზედდების - 922,8 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში), აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 27.10.2009წ. №728 ბრძანების (მ. ც-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან ზედდების - 922,8 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში), აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 27.10.2009წ. №156 ბრძანების (მ. ც-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან ზედდების - 922,8 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში), აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 29.10.2009წ. გამოცემული №1063-ა საკუთრების უფლების მოწმობის (მ. ც-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან ზედდების - 922,8 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 04.11.2009წ. №882009349295-03 გადაწყვეტილების (მ. ც-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან ზედდების - 922.8 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 17.04.2012წ. №882012159566-03 გადაწყვეტილების (მ. ც-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან ზედდების - 922.8 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 02.05.2012წ. №882012175464-03 გადაწყვეტილების (მ. ც-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან ზედდების - 922.8 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 03.05.2012წ. №882012175525-05 გადაწყვეტილების (მ. ც-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან ზედდების - 922.8 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 07.06.2012წ. №882012175568-05 გადაწყვეტილების (მ. ც-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან ზედდების - 922 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში), აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 11.02.2009წ. №01-22/410 მიმართვის (მ. ც-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან ზედდების - 46.1 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 19.02.2009წ. №882009036775-03 გადაწყვეტილების (მ. ც-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან ზედდების - 46.1 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში), საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის 02.06.2010წ. №684 განკარგულების (მ. ც-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან ზედდების - 46.1 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში), უძრავი ქონების გადაცემის 09.08.2010წ. ხელშეკრულების (მ. ც-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან ზედდების - 46.1 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 19.08.2010წ. №882010737705-07 გადაწყვეტილების (მ. ც-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან ზედდების - 46.1 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 13.06.2012წ. №882012259554-03 გადაწყვეტილების (მ. ც-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან ზედდების - 46.1 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში), აჭარის ა/რ ფინასთა და ეკონომიკის სამინისტროს 21.02.2012წ. №01-10/951 მიმართვის, „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 07.11.2013წ. №271 ბრძანების, „სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 05.08.2013წ. №882013347724-07 გადაწყვეტილების, „სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 08.09.2013წ. №882013347724-08 გადაწყვეტილების, „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.10.2013წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისთვის ქ.ბათუმში, ... დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) მ. ც-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 20.05.2008წ. ფიზიკური პირისაგან, მ.გ-ისგან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ... შეიძინა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 968 კვ.მ მიწის ნაკვეთი. აღნიშნული მიწის ნაკვეთის შეძენასთან დაკავშირებით 2009-2010 წლებში მ. გ-ის, ტ. შ-ისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ მოსარჩელემ აწარმოა სასამართლო დავა მიწის კუთვნილებასთან დაკავშირებით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 03.09.2009წ. გადაწყვეტილებით მ. ც-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მ. გ-ესა და ტ. შ-ს შორის მ. ც-ის კუთვნილ მიწაზე გაფორმებული 27.05.2008წ. ნასყიდობის ხელშეკრულება, გაუქმდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ტ. შ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია და დაევალა სარეგისტრაციო სამსახურს მ. ც-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მითითებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელმაც თავის მხრივ სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიმართა საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურს. საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის 05.08.2013წ. გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, სარეგისტრაციო სამსახურმა შეჩერების საფუძვლად მიუთითა ზედდება ორ საკადასტრო ერთეულთან (სახელმწიფოსთან და კერძო მესაკუთრესთან). სახელმწიფოს მიერ პირველადი რეგისტრაციების განხორციელების დროს (19.02.2009წ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის №882009036775-03 გადაწყვეტილების და 12.03.2009 №882009062369-06 გადაწყვეტილების მიღების დროს) სადავო მიწის ნაკვეთი უკვე რეგისტრირებული იყო და სახელმწიფოსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს უფლება არ ჰქონდათ აღნიშნული მიწის ნაკვეთი დაერეგისტრირებინათ მათ საკუთრებაში, ხოლო თავის მხრივ საჯარო რეესტრმა მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით განახორციელა რეგისტრაციები. სარეგისტრაციო სამსახური სადავო რეგისტრაციის განხორციელებამდე ვალდებული იყო სხვა პირზე რეგისტრაციის არსებობა დაედგინა, აღნიშნულის გადამოწმების გარეშე რეგისტრაციის განხორციელებით კი მოსარჩელეს ფაქტიურად წაერთვა საკუთრების უფლება სადავო ნაკვეთზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დარღვეულია სზაკ-ის მე-5, 95-ე, 96-ე მუხლების, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 68-ე მუხლის, სკ-ის 327.3, 183-ე, 59-ე, 54-ე, ზაკ-ის 54-ე, მე-4, მე-5, მე-13, 53-ე, 601, 65 - 71-ე მუხლები, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 12.11.2013წ. განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ბ. ბ-ი და კომპანია ,,...’’.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 06.06.2014წ. გადაწყვეტილებით მ.ც-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მ. ც-ის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, ... დასახლებაში მდებარე უძრავი ქონების გადაფარვის ნაწილში (არა უმეტეს 922,8 კვ.მ) ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 06.03.2009წ. №01-13/76 მიმართვა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 12.03.2009წ. №882009062369-06 გადაწყვეტილება, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მ. ც-ის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, ... დასახლებაში მდებარე უძრავი ქონების გადაფარვის ნაწილში (არაუმეტეს 46,1 კვ.მ) ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 11.02.2009წ. №01-22/410 მიმართვა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 19.02.2009წ. №882009036775-03 გადაწყვეტილება, აჭარის ა/რ რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში მ. ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მითითებული ნაკვეთებიდან დღეის მდგომარეობით ქ. ბათუმში, ... მდებარე მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით: 253621.00 კვ.მ, (საკადასტრო კოდი №...), საკუთრების უფლებით აღრიცხულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელზე, ხოლო ქ. ბათუმში ... მდებარე მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით: 19518.00 კვ.მ, (საკადასტრო კოდი №...), საკუთრების უფლებით აღრიცხულია ბ. ბ-ის სახელზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 19.02.2009წ. სახელმწიფოს სახელზე პირველადი რეგისტრაციის დროს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 12.03.2009წ. თვითმართველი ერთეულის (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა) სახელზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის დროს გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, კერძოდ, სამსახურს არ გამოუკვლევია მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელზე რეგისტრაციის განხორციელებამდე არსებობდა თუ არა ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაცია, არ შეუდარებია სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, არ დაუდგენია სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. მარეგისტრირებელ ორგანოს ახალი (სადავო) რეგისტრაციის განხორციელებისას შეფასება არ მიუცია იმ გარემოებისათვის, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია უკვე განხორციელებული იყო კერძო პირის სახელზე 2008 წელს. სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სახელმწიფოს სახელზე, ქ.ბათუმში, ... მდებარე 50072 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების რეგისტრაციით და დასახლება ... მდებარე 31557 კვ.მ მიწის ნაკვეთის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციით შეილახა მ. ც-ის სახელზე პირველადი დაუზუსტებელი რეგისტრაციის (საკუთრების უფლება) სამართლებრივი უსაფრთხოება, რამეთუ ერთის მხრივ მოსარჩელემ დარღვეული უფლებები აღიდგინა სასამართლოს წესით, ხოლო მეორეს მხრივ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება ვერ ხერხდება იმის გამო, რომ სახელმწიფოს სახელზე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელზე სადავო უძრავ ქონებებთან მიმართებით პირველადი რეგისტრაციები განხორციელებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, აღნიშნულმა კი საბოლოო ჯამში გამოიწვია ის, რომ მართალია მ. ც-ე ითვლება უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მატარებლად, თუმცა მას არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად. საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რეგისტრაციის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მარეგისტრირებელი ორგანოსადმი მიმართვის წარდგენა საჭიროებდა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევას. სამინისტროს ჰქონდა შესაძლებლობა გაერკვია დაინტერესებული პირის ვინაობა, რომლის სამართლებრივი მდგომარეობაც გაუარესდებოდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით. აღნიშნული შესაძლებელი იყო საარქივო ცნობის მეშვეობით, ადგილზე დათვალიერებით, სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან მიღებული ინფორმაციების შესწავლით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ეცნობებინა დაინტერესებული პირისათვის ადმინისტრაციული წარმოების შესახებ, რამეთუ ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირის მონაწილეობა აძლევს მას შესაძლებლობას დაიცვას თავისი უფლებები. სზაკ-ის 601.1 მუხლის დანაწესზე მითითებით სასამართლომ ჩათვალა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 11.02.2009წ. მიმართვა ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურისადმი, ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 19.02.2009წ. №882009036775-03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 06.03.2009წ. №01-13/76 მიმართვა და ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 12.03.2009წ. №882009062369-06 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და იგი მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს საკუთრებასთან დაკავშირებით პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს. სასამართლომ მიიჩნია, რომ სასკ-ის 32.4 მუხლის შესაბამისად სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი დასახელებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დავალებოდა საქმის გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე ახალი აქტის გამოცემა. ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა უნდა დავალებოდა როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას. სასამართლომ აღნიშნა აგრეთვე, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სარეგისტრაციო სამსახურისადმი ახალი მიმართვების შედგენამდე, უნდა ჩაატარონ ადმინისტრაციული წარმოება, ჩართონ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირი, მისცენ მათ აზრის გამოთქმის საშუალება და საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად მიიღონ დასაბუთებული გადაწყვეტილება ნაკვეთის სახელმწიფოსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელზე რეგისტრაციისათვის სარეგისტრაციო სამსახურისათვის მიმართვის შესახებ.
სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 05.08.2013წ. №882013347724-07 და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 08.09.2013წ. №882013347724-08 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის ნაწილში სასამართლომ მ. ც-ის სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია შემდეგ გარემოებათა გამო: სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ - 05.36.24.118 და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან და დამატებით წარმოსადგენი იყო აზომვითი ნახაზის კორექტირებული ელექტრონული და ქაღალდის ვერსია, - ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მართებულად იქნა მიღებული 05.08.2013წ. გადაწყვეტილება №882013347724-07 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ. ვინაიდან შეჩერებით დადგენილ ვადაში მ.ც-ის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მართებულად იქნა მიღებული 08.09.2013წ. გადაწყვეტილება №882013347724-08 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
სასამართლოს მიერ ასევე კანონშესაბამისად იქნა მიჩნეული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.10.2013წ.№192984 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება.
სასამართლომ დანარჩენ გასაჩივრებულ აქტებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმეზე დასადგენი და გამოსაკვლევია მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთაც განმსაზღვრელი მნიშვნელობა გააჩნია უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, მათ შესაბამისად ყოველი მომდევნო მიმართვები და რეგისტრაციები ბათილია, ამ ეტაპზე არ დასტურდება. ამდენად, მ. ც-ის სასარჩელო მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩბნია.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ.ც-ის, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის, ბ.ბ-ის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.10.2014წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, მ.ც-ის, ბ.ბ-ის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ.
კასატორი - აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო საკასაციო საჩივრით ითხოვს მის მიერ გამოცემული 11.02.2009წ. მიმართვის ბათილად ცნობის ნაწილში განჩინების გაუქმების გზით ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდება სარჩელი ამ ნაწილში. კასატორი არასწორად მიიჩნევს სასამართლოების მიერ სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენებას და აღნიშნავს, რომ უკეთუ სასამართლომ მიიჩნია რომ სახეზეა აქტების ბათილად ცნობის საფუძველი, მაშინ მას პირდაპირ უნდა ეცნო ბათილად აქტები სასკ-ის 32.1 მუხლის შესაბამისად, გაეუქმებინა ყველა შემდგომი აქტი. მოსარჩელე ითხოვდა აქტების ბათილად ცნობას და არა ქმედების განხორციელებას ან/და აქტების ბათილად ცნობას, სასამართლომ აქტების ნაწილი ცნო ბათილად და დაავალა კასატორს ახალი აქტის გამოცემა, რითაც სასამართლო გაცდა მოთხოვნის ფარგლებს. ყველა მიწა, რომელიც არ არის სხვის საკუთრებაში დარეგისტრირებული, არის სახელმწიფო საკუთრება და მისი აღრიცხვისთვის სახელმწიფოს არ ესაჭიროება რაიმე დამატებითი დოკუმენტაცია, ხელშეკრულება, უფლების აღიარება და ა.შ. საჯარო რეესტრში ხდება მხოლოდ საკუთრების აღრიცხვა. გასაჩივრებული აქტების გამოცემისას ორგანოს არ ევალებოდა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, რადგან სახელმწიფოს სახელზე მიწის რეგისტრაციით არ შეიძლებოდა ზიანი მისდგომოდა ვინმეს ინტერესს. თუ სასამართლომ ჩათვალა, რომ ამ მიწაზე რეგისტრირებული იყო მოსარჩელის საკუთრების უფლება, მაშინ პიდაპირ უნდა მომხდარიყო აქტის ბათილად ცნობა და არა სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენება. შეუძლებელია გადაწყვეტილების აღსრულება მისი ძალაში დატოვების შემთხვევაში, ვინაიდან დღეის მდგომარეობით სადავო ქონება სახელმწიფოს საკუთრებიდან გასულია და მას ჰყავს კეთილსინდისიერი შემძენი – კომპანია ,,...-ის’’ სახით.
კასატორი მ. ც-ე ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდება სარჩელი. კასატორი თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება წინააღმდეგობრივია, ვინაიდან სასამართლომ ერთის მხრივ დაადგინა, რომ დარღვეულია მ.ც-ის საკუთრების უფლება მოპასუხეთა საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციით, მეორეს მხრივ უარი თქვა შემდგომი აქტების ბათილად ცნობაზე იმ მოტივით, რომ სარწმუნოდ დადასტურებულად ვერ მიიჩნია ამ ნაწილში მოთხოვნა. პირველადი რეგისტრაციის და მისი სამართლებრივი საფუძვლის ბათილად ცნობის მიუხედავად შემდგომი რეგისტრაციების და მათი საფუძვლების ბათილად ცნობის ნაწილში მოთხოვნა სასამართლოს მიერ დასაბუთებულად არ იქნა მიჩნეული, რაც წინააღმდეგობაში მოდის დაკმაყოფილებული მოთხოვნების დასაბუთებასთან. სასამართლომ არ იმსჯელა ქონებაზე 2009 წლიდან 2013 წლამდე არსებულ ყადაღაზე. სასამართლომ არ მიუთითა რა კონკრეტული გარემოება უნდა გამოიკვლიონ ორგანოებმა გადაწყვეტილების მიღებისას. სასამართლოს გადაწყვეტილება არ იძლევა მხარის უფლებათა აღდგენის და რეალიზაციის შესაძლებლობას. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელის უფლებების დაცვა არ ხდება. სასამართლოს არ განუმარტავს თუ რა საშუალებით შეუძლია მოსარჩელეს დაიცვას მისი საკუთრების უფლება აპელაციის მიერ შემოთავაზებული გადაწყვეტის შემთხვევაში. სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია ის გარემოება, რომ სადავო უძრავ ქონებაზე 2009 წლიდან 2013 წლის აგვისტომდე რეგისტრირებული იყო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - ყადაღა. არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს არ დაუდგენია რა ისეთი გარემოებები უნდა დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, რისი დადგენაც შეუძლებელი იყო სასამართლო წარმოების ეტაპზე. სასამართლოს არ აუხსნია დანარჩენი მოთხოვნების მიმართ ხანდაზმულობის ვადის და გასაჩივრების საკითხი, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ პირველადი აქციების გაუქმების შემთხვევაში სასამართლოს არ აუხსნია რა ღონისძიებები უნდა განხორციელდეს საკუთრების უფლების აღსადგენად.
კასატორები ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახური და ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური ითხოვენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილდებაზე უარის თქმას. კასატორები უთითებენ, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართვების განხილვის შედეგად სწორად იქნა მიღებული გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, ვინაიდან ხელვაჩაურში, სოფ. ... მდებარე 968 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 22.09.01.867 საჯარო რეესტრში აღრიცხული იყო დაუზუსტებელი რეგისტრაციის სახით, ვერ დგინდებოდა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, შესაბამისად არ არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლები. ნაკვეთის რეგისტრაციის დროს არსებითი წინააღმდეგობის დადგენა არსებულ დაუზუსტებელ რეგისტრირებულ უფლებასა და სარეგისტრაციოდ წარდგენილ დაზუსტებულ უფლებას შორის შეუძლებელია. მიმართვები არის სარეგისტრაციო დოკუმენტები, ის აქტები, რომლებიც უშუალოდ წარმოშობენ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამდენად, სადავოდ გამხდარი, სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონშესაბამისია. სარეგისტრაციო ორგანოებმა საქმის გარემოებების სრულად გამოკვლევის შედეგად მიიღეს გადაწყვეტილებები, რის გამოც არ ეთანხმებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას მათი აქტების ბათილად ცნობის ნაწილში.
კასატორი ბ. ბ-ი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდება სარჩელი. კასატორი ასევე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 17.10.2014წ. საოქმო განჩინების გაუქმებას, რომლითაც მას უარი ეთქვა მტკიცებულებების დართვაზე. კასატორი თვლის, რომ არასწორია სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ მიმართვების წარდგენამდე მიმართვების ავტორებს დაინტერესებული პირებისთვის უნდა ეცნობებინათ საქმის წარმოების შესახებ. საქმეში დაცული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადავო მიწები თავისუფალ მდგომარეობაში იყო რეგისტრაციების განხორციელების დროს. ამდენად, შეუძლებელი იყო ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირის ჩაბმა. 29.10.09წ. ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას გამყიდველმა (აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ) იკისრა ვალდებულება მიეღო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა გაეუქმებია ქონებასთან დაკავშირებით მესამე პირთა ნებისმიერი პრეტენზია იმისათვის, რომ ქონება თავისუფალი იყოს ნებისმიერი ვალდებულებისაგან.
კასატორი - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ითხოვს გასაჩივრებული განჩინების, როგორც კანონის უხეში დარღვევით მიღებულის, გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
კასატორი - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი გამგეობის 06.03.2009წ. მიმართვა და შესაბამისი რეგისტრაცია და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. კასატორი თვლის, რომ არასწორია განჩინება გასაჩივებულ ნაწილში, ვინაიდან მ. ც-ეს არ გააჩნდა აქტების ბათილად ცნობის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რომლის აუცილებლობა დადგენილია სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენებისათვის. მიმართვის შედგენის დროისთვის გამგეობას არ ჰქონდა წარმოების ჩატარების ვალდებულება, ვინაიდან სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელებისას არავის ინტერესს არ შეიძლებოდა პირდაპირი და უშუალო ზიანი მისდგომოდა. სააპელაციო პალატას არ უმსჯელია გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის კანონიერ ინტერესზე, არ დაუსაბუთებია იგი. ამასთანავე, მოსარჩელე ითხოვდა მხოლოდ აქტების ბათილად ცნობას და არა ქმედების ან/და აქტების გამოცემის დავალებას. სადავო რეგისტრაციების განხორციელებამდე მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია იძლეოდა გამგეობის აქტის ბათილად ცნობის საფუძველს გამგეობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალების გარეშე. კასატორი თვლის, რომ გამგეობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - 06.03.09წ. #01-13/79 მიმართვის გაუქმება არ არის დასაბუთებული. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სადავო ქონება გასულია სახელმწიფოს საკუთრებიდან, სადავო ქონებას ჰყავს კეთილსინდისიერი შემძენი და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, რაც გამორიცხავს ახალი აქტის გამოცემის შესაძლებლობას.
სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქმე განხილული იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების და საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება და დავას არ იწვევს, რომ მ. გ-ესა და ხ. ს-ის (ამჟამად მ. ც-ეს) შორის 20.05.08წ. დაიდო 968 კვ.მ. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, ნასყიდობის საგნის ღირებულება 142 000 ლარს შეადგენდა. 2008 წლის 10 ივნისიდან მ. ც-ის სახელზე რეგისტრირებულია ხელვაჩაურის რაიონში, სოფ. ... მდებარე 968 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დაუზუსტებელი სახით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 03.09.2009წ. გადაწყვეტილებით მ. ც-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მ. გ-ესა და ტ. შ-ს შორის მ. ც-ის კუთვნილ მიწაზე გაფორმებული 27.05.2008წ. ნასყიდობის ხელშეკრულება, ცვლილება იქნა შეტანილი საჯარო რეესტრის მონაცემებში, გაუქმდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ტ. შ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია და სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა მ. ც-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მითითებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელმაც თავის მხრივ სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიმართა საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურს. საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის 05.08.2013წ. გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, სარეგისტრაციო სამსახურმა შეჩერების საფუძვლად მიუთითა ზედდება ორ საკადასტრო ერთეულთან (სახელმწიფოსთან (...) და კერძო მესაკუთრესთან – ბ. ბ-თან (...)). საქმეში დაცული ექსპერტიზის დასკვნით და სხვა მასალებით დასტურდება, რომ ბ. ბ-ის სახელზე დაზუსტებული სახით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მ. ც-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთს ფარავს 922.8 კვ.მ.-ით, ხოლო სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი – 46.1 კვ.მ. -ით.
საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ,,სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე”. კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი იმპლემენტირებულია ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის 1-ელ პუნქტსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლში. ყოველი პირი ვალდებულია კანონიერ ძალაში შესული ან დაუყოვნებლივ აღსასრულებელი სასამართლო აქტის გაცნობისთანავე თავისი ქმედებები შეუსაბამოს სასამართლო გადაწყვეტილებას და უშუალოდ შეასრულოს გადაწყვეტილება, თუ იგი მას ეხება ან სხვაგვარად შეუწყოს ხელი მის შესრულებას. სარეგისტრაციო სამსახური ჩართული იყო მხარედ მ. ც-ის მიერ აღძრულ სარჩელზე მ. გ-ესა და ტ. შ-ს შორის დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით სასამართლო დავაში, მისთვის ცნობილი იყო სასამართლო გადაწყვეტილება. ის გარემოება, რომ სადავო რეგისტრაციების დროს მოსარჩელის სახელზე საკუთრებაში რიცხული ნაკვეთი საჯარო რეესტრში არ იყო დაზუსტებული სახით რეგისტრირებული, არ ადასტურებს სადავო აქტების კანონიერებას. დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიქეტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს, სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია (სუს 28.02.13წ., Nბს-367-363(კ-12)). სახელმწიფოსა და თვითმმართველ ერთეულზე პირველადი რეგისტრაციების შესახებ გადაწყვეტილებები ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებულ იქნა ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობის გარკვევის გარეშე.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურისა და ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის დროს წინააღმდეგობის დადგენა არსებულ დაუზუსტებელ რეგისტრირებულ უფლებასა და სარეგისტრაციოდ წარდგენილ დაზუსტებულ უფლებას შორის შეუძლებელია. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 23-ე მუხლის „ვ1“ ქვეპუნქტის თანახმად, დაუშვებელია ურთიერთსაწინააღმდეგო რეგისტრაციების არსებობა, ამავე კანონის 3.6 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო პასუხისმგებელია სარეგისტრაციო მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე, სზაკ-ის 96-ე მუხლის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყვლა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საჯარო რეესტრის ორგანოების მიერ გადაწყვეტილება მიიღება კონკრეტული სარეგისტრაციო განცხადების, ასევე მასზე თანდართული დოკუმენტაციის შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გადამოწმების ვალდებულება საჯარო რეესტრის სამსახურს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვლისწინებით, რომ უპირატესად სახელდობრ თავად მარეგისტრირებელი ორგანოსთვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ (იხ. სუს 28.02.13წ. Nბს-367-363 (კ-12) განჩინება). სარეგისტრაციო სამსახურს არ შეუდარებია სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან. აღნიშნულმა გამოიწვია ერთ ნაკვეთზე ურთიერთსაწინააღმდეგო რეგისტრაციების განხორციელება. სარეგისტრაციო განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე რეგისტრაციის შესრულება, არ გამორიცხავს მონაცემების გადამოწმების ვალდებულებას, სარეგისტრაციო ორგანოს ვალდებულებას არ დაუშვას ერთი და იგივე ობიექტზე ურთიერთსაწინააღმდეგო რეგისტრაციების არსებობა.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიერ დადგენილად არის ცნობილი საქმის გარემოებები, მათ შორის მიწის ნაკვეთებს შორის ზედდების არსებობა. სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო, რომ სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ პირველადი რეგისტრაციები განხორციელებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის შედეგადაც შეილახა მ. ც-ის (იმ დროისთვის ხ. ს-ის) სახელზე დაუზუსტებელი რეგისტრაცია, საკუთრების უფლების სამართლებრივი უსაფრთხოება, საკუთრების უფლებამ დაკარგა ობიექტი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 19.02.09წ. სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია და 12.03.09წ. თვითმმართველი ერთეულის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია სოფ. ... მდებარე უძრავ ქონებაზე კანონმდებლობის მოთხოვნათა უგულებელყოფით განხორციელდა, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლითა და სკ-ის 170-ე მუხლით გათვალისწინებული მოსარჩელის ინტერესებისათვის პირდაპირ და უშუალო ზიანის მიყენებას. აღნიშნულის მიუხედავად სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას სადავო მიმართვებისა (აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 11.02.09წ. N01-22/410 და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 06.03.09წ. N01-13/76 მიმართვები), აგრეთვე რეგისტრაციის შესახებ ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 19.02.09წ. N882009036775-03 გადაწყვეტილებისა და 12.03.09წ. N882009062369 გადაწყვეტილების სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბათილად ცნობას. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორების მოსაზრებას სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების უსაფუძვლობის შესახებ. მიმართვებთან და პირველად რეგისტრაციებთან დაკავშირებით სასამართლოების მიერ მოყვანილი მოსაზრებები ქმნიდა მათი არა სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის, არამედ 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე ბათილად ცნობის პირობას. დაუსაბუთებელია სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მიმართვების და საჯარო რეესტრის პირველადი რეგისტრაციების ბათილად ცნობა საბოლოო შედეგის უცვლელად დატოვების პირობებში, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებების გამოკვლევის, ხელახალი სარეგისტრაციო წარმოების ჩატარების შედეგად ვერ იქნება მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება, ხოლო გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილებით შემდგომი რეგისტრაციების და მათი საფუძვლების გაუქმების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა.
სასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო წარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, რაც თავის მხრივ შეუძლებელს ხდის სადავო ადმინისტრაციული აქტების კანონიერებაზე მსჯელობას. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად საქმის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაბრუნება და ახალი აქტის გამოცემის დავალება საჭიროებდა იმ გარემოებების მითითებას, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემისას და ახალი გადაწყვეტილების მიღებამდე ამ გარემოების გარკვევის დავალებას. არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს არ მიუთითებია თუ რა ფაქტობრივი გარემოებები უნდა დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომლის დადგენა შეუძლებელია სასამართლოში, სააპელაციო პალატის განჩინებაში არ არის მოყვანილი მოსაზრებები, რომელთა საფუძველზე სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმის გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი აქტების გამოცემის დავალებასთან და პირველადი სარეგისტრაციო ჩანაწერების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობასთან დაკავშირებით. სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება წინააღმდეგობრივია, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 19.02.09წ. სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია და 12.03.09წ. თვითმმართველი ერთეულის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია სოფ. ... მდებარე უძრავ ქონებაზე კანონმდებლობის მოთხოვნათა უგულებელყოფით განხორციელდა, აღნიშნულის მიუხედავად საქმის გამოსაკვლევ გარემოებათა მითითების გარეშე სასამართლომ დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოებს საქმის გარემოებების გამოკვლევა, გამოკვლევის შედეგად ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ხოლო პირველადი სარეგისტრაციო ჩანაწერები ბათილად ცნო სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე.
საერთო წესის მიხედვით პირველადი რეგისტრაციების ბათილად ცნობით საფუძველი გამოეცალა დანარჩენ რეგისტრაციებს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ არ იქონია მსჯელობა დანარჩენი სადავო აქტების და ხელშეკრულებების კანონიერებაზე, არ დაუდგენია სადავო ნაკვეთების ახლად რეგისტრირებული მესაკუთრეების კეთილსინდისიერ შემძენებად მიჩნევის შესაძლებლობა. სააპელაციო პალატა შემოიფარგლა მითითებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმეზე დასადგენი და გამოსაკვლევია მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები, რის გამო პალატის აზრით უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ამ ეტაპზე არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და რეგისტრაციების ბათილად ცნობის საფუძვლები არ არსებობს. სასამართლო ერთის მხრივ აღნიშნავს, რომ საქმეზე დასადგენი და გამოსაკვლევია მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთაც სასამართლოს აზრით განმსაზღვრელი მნიშვნელობა გააჩნიათ უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, ხოლო მეორეს მხრივ, სწორედ ზედდების არსებობის გამო მიიჩნია, რომ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 05.08.13წ. და 08.09.13წ. გადაწყვეტილებები სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
სააპელაციო სასამართლო ასკვნის, რომ რიგი ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის საჭიროების გამო გასაჩივრებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, მიმართვების და რეგისტრაციების ბათილობა ამ ეტაპზე არ დასტურდება. სააპელაციო პალატა უთითებს, რომ მ. ც-ის სასარჩელო მოთხოვნა პირველადი რეგისტრაციების შემდეგ 922,8 კვ.მ. და 46.1 კვ.მ. ნაკვეთების მიმართ გამოცემული სადავო აქტების, განხორციელებული რეგისტრაციების, მათი საფუძვლების ნაწილში ამ ეტაპზე არის დაუსაბუთებელი. უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე რიგი ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და გამოკვლევის საჭიროებაზე მითითების ფონზე გაუგებარია პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოების მითითება, რომ სადავო აქტების ბათილად ცნობა შეუძლებელია ამ ეტაპზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველადი რეგისტრაციების გარდა სხვა მოთხოვნები სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა, აღნიშნულის მხედველობაში მიღებით გაურკვეველია თუ როგორ იქნება შესაძლებელი აქტების კანონიერებაზე მსჯელობა საქმის გარემოებების დადგენის და გარკვევის შემდეგ.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასამართლოს 03.09.09წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მოპასუხე მ. გ-ისაგან 2008 წელს შეძენილ მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი აგრეთვე, რომ მხარეები არ უთითებენ მ. ც-ის საკუთრებაში მყოფი უძრავი ქონების რაიმე სხვა ადგილმდებარეობაზე, ხოლო საქმეში დაცული სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 27.11.13წ. N005378113 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საკადასტრო ნახაზის ელ.ვერსიის მონაცემებისა და დღეის მდგომარეობით ბ. ბ-ის კუთვნილებაში რეგისტრირებული (საკადასტრო კოდი N...) მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების ურთიერთშედარებისას დადგინდა გადაფარვა 922.8 კვ.მ ფართით, ხოლო საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელ. ვერსიის მონაცემებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში მყოფი N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების ურთიერთშედარებისას დადგინდა, რომ ფიქსირდება გადაფარვა ფართით - 46.1კვ.მ.. ორივე ინსტანციის სასამართლო შემოიფარგლა პირველადი რეგისტრაციებზე მსჯელობით, არც ერთი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია დანარჩენი აქტების და განხორციელებული რეგისტრაციების შესახებ. დანარჩენი მოთხოვნების მიმართ სასამართლომ მიუთითა, რომ ამ ეტაპზე მათი ბათილად ცნობა შეუძლებელია. სასამართლოს არ უმსჯელია შემდეგი რეგისტრაციების და მათი საფუძვლების კანონიერებაზე, არ დაუდგენია ამ მიმართებით ფაქტობრივი გარემოებანი, რაც არ აძლევს საკასაციო სასამართლოს დავის ამ ნაწილში სააპელაციო პალატის განჩინების კანონიერების შემოწმების შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციების ძალაში დატოვება, სასარჩელო მოთხოვნების ამ ნაწილში უარის თქმა მოხდა ახალი მესაკუთრეების კეთილსინდისიერ შემძენებად მიჩნევის გარეშე. სკ-ის 187.1 მუხლის შესაბამისად, შემძენი ხდება ნივთის მესაკუთრე მაშინაც, როდესაც გამსხვისებელი არ იყო ნივთის მესაკუთრე, მაგრამ შემძენი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია, კეთილსინდისიერად არ ჩაითვლება შემძენი, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. სააპელაციო პალატის განჩინებაში არ არის მითითებული და დასაბუთებული უძრავი ქონების მესაკუთრეების კეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევის შესაძლებლობა, ამ მიმართებით საქმის მასალები არ არის გაანალიზებული.
სასამართლოს შეფასების მიღმა დარჩა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო უძრავ ქონებაზე 2009 წლის მარტიდან 2013 წლის აგვისტომდე რეგისტრირებული იყო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება-ყადაღა, სასამართლოს არ შეუფასებია საპროცესო უზრუნველყოფის არსი და მნიშვნელობა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 19.03.09წ. განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით უძრავ ქონებას დაედო ყადაღა. ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 19.03.09წ. N102009020422/3 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ხ. ს-ის განცხადება და სოფ. ..., 968 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ყადაღა. ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების უგულებელყოფით არაერთგზის დაარეგისტრირეს სხვადასხვა სუბიექტის უფლება ქონებაზე. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის თანახმად სარჩელის უზრუნველყოფა არის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილების საშუალება მოპასუხისათვის გარკვეული უფლებების შეზღუდვის გზით, სადავო რეგისტრაციებით უგულებელყოფილია, როგორც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 03.09.09წ. გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის მ. ც-ის სახელზე რეგისტრაციის დავალების, ისე სადავო მიწაზე უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის გამოყენების შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 19.03.09წ განჩინება. არც ერთი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლო გადაწყვეტილების, ქონებაზე ყადაღის დადების პირობებში ახალი მესაკუთრეების კეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევის შესაძლებლობის საკითხზე.
საქმის მასალებით, კერძოდ, სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ცენტრის აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის 27.11.13წ. დასკვნით დასტურდება, რომ ადგილი აქვს ზედდებას ორ საკადასტრო ერთეულთან (სახელმწიფოსთან და კერძო მესაკუთრესთან), ნაკვეთი თავდაპირველად დროის სხვადასხვა პერიოდში დაურეგისტრირდა სხვადასხვა პირებს. სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს მსჯელობას სადავო ნაკვეთის ნაწილის (46.1კვ.მ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში აღრიცხვის კანონიერებაზე. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც უცვლელად დარჩა სააპელაციო პალატის განჩინებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 11.02.09წ. მიმართვა N01-22/410, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 19.02.09წ. გადაწყვეტილება N882009036775-03 რეგისტრაციის შესახებ (სახელმწიფო საკუთრების რეგისტრაცია) მ. ც-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილში (მდებარე: ქ. ბათუმი დასახლება ..., გადაფარვის ნაწილში(46,1კვ.მ)) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. საკასაციო პალატა თვლის, რომ ხსენებული ფართის ნაწილში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების რეგისტრაციის და მისი საფუძვლების გაუქმებაზე უარის თქმა არ არის დასაბუთებული. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვა, განკარგვა და სარგებლობაში გადაცემა კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ფარგლებში შეიძლება განახორციელონ სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულებმა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 01.05.07წ. N44 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების“ 9.5 მუხლის თანახმად სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის ძირითად ამოცანას წარმოადგენს სახელმწიფოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვა და მართვა. ამდენად მიმართვა და რეგისტრაცია განხორციელებულია ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, რომლებიც სამართალურთიერთობებში სახელმწიფოს სახელით გამოდიან. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის ტერიტორიული ერთეული, საქართველოს განუყოფელი ნაწილი („აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის 2.1 მუხ.), აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას სახელმწიფო ქონება საკუთრებაში გადაეცემა მის გამგებლობას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად, საამისოდ სპეციალურად დადგენილი წესით (საქართველოს მთავრობის 19.02.2005წ. N26 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ“ დებულება), რომელიც არ განეკუთვნება სახელმწიფო ქონების საპრივატიზაციო კანონმდებლობას და არ ჩაითვლება სახელმწიფო ქონების განკარგვად. ამდენად, სახელმწიფო ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემით, არ მომხდარა ქონების სახელმწიფო საკუთრებიდან გასვლა. შესაბამისად არ მომხდარა პირველადი რეგისტრაციის შემდეგ ქონების სახელმწიფო საკუთრებიდან გამოსვლა, შესაბამისად არ არის დასაბუთებული მ. ც-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. ბათუმი, დასახლება ...) 46.1 კვ.მ გადაფარვის ნაწილში შემდგომი რეგისტრაციების და მათი საფუძვლების გაუქმებაზე უარის თქმა. მხედველობაშია მისაღები, რომ კეთილსინდისიერების უფლების წყაროდ გადაქცევისათვის, ობიექტური სინამდვილის სუბიექტური დამოკიდებულებით შეცვლისათვის, აუცილებელია იმის დადგენა, რომ შემძენისათვის შეძენამდე უცნობი იყო ნაკვეთზე სხვა პირის საკუთრების უფლების აღრიცხვა. კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტი კანონიერ ნდობის პრინციპს ეფუძნება და გარკვეულწილად ზღუდავს აღმჭურველი აქტის ბათილად გამოცხადებას. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სარეგისტრაციო სამსახურმა არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება, არ განახორციელა რეესტრის მონაცემების გადამოწმება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სადავო 11.02.09წ. N01-22/410 მიმართვის და ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 19.02.09წ. N882009036775-03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე 46,1 კვ.მ ნაწილში შემდგომი რეგისტრაციები ხდებოდა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე (კერძოდ, სადავო (46.1 კვ.მ.)) ნაკვეთის ნაწილში - საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის 02.06.10წ N684 განკარგულება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და აჭარის ა.რ. მთავრობას შორის 09.08.2010წ. დადებული უძრავი ქონების გადაცემის 09.08.10წ. ხელშეკრულება, ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 19.08.10წ. N882010737705-07 გადაწყვეტილება, ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 13.06.12წ. N882012259554-03 გადაწყვეტილება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 21.02.12წ. მიმართვა N01-10/951, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომრის 07.11.13წ N271 ბრძანება). ადმინისტრაციული ორგანოები იქმნება სახელმწიფო ცხოვრების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო მმართველობისა და სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით, სხვადასვა ადმინისტრაციულ ორგანოებს განსხვავებული უფლება - მოვალეობები აქვს, როგორც შინაარსით ისე მოცულობით, თუმცა ყველა ისინი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფოს სახელით და სახელმწიფოს ინტერესებში მოქმედებენ. აღნიშნულის გათვალისწინებით, აგრეთვე იმის მხედველობაში მიღებით, რომ ბათილად ცნობილი აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 11.02.09წ. მიმართვის და ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 19.02.09წ. გადაწყვეტილების შედეგად სადავო 46.1კვ.მ. ნაკვეთის ნაწილში სახელმწიფო მესაკუთრედ აღირიცხა, ხოლო შემდგომი რეგისტრაციების შედეგად ნაკვეთის მესაკუთრედ კვლავ სახელმწიფო არის რეგისტრირებული, სადავო ნაკვეთი 46.1კვ.მ ნაწილში არ გასულა სახელმწიფოს საკუთრებიდან. შესაბამისად კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტის გამოყენება დავის ამ ნაწილის მიმართ არ დგება. აღნიშნულის მიუხედავად სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნის ამ ნაწილში დაკმაყოფილებაზე უარი თქვა 46.1კვ.მ სადავო ნაკვეთის მიმართ განხორციელებული რეგისტრაციების და მათი საფუძვლების კანონიერებაზე მსჯელობის გარეშე.
მხედველობაშია მისაღები აგრეთვე, რომ ამჟამინდელი მესაკუთრის სახელზე სადავო ფართის (46.1კვ.მ.) აღრიცხვას საფუძვლად უდევს ადმინისტრაციული ხელშეკრულება (საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და აჭარის ა.რ. მთავრობას შორის 09.08.10წ. დადებული ხელშეკრულება ქონების აჭარის ა.რ. საკუთრებაში გადაცემის შესახებ), რომლის მიმართ მოქმედებს სზაკ-ის მე-5 თავით გათვალისწინებული სპეციალური ნორმები. აღნიშნული წესები (ადმინისტრაციული ხელშეკრულებით უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის დაუშვებლობა, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და სხვ.) ადასტურებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო მთელი თავისი ადმინისტრაციული რესურსით მოწოდებულია უზრუნველყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების კანონიერება. იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოზე პირველადი რეგისტრაციის შემდეგ უძრავი ქონება არ გასულა სახელმწიფო საკუთრებიდან, სადავო სამართალურთიერთობების ყველა მონაწილის პატივსადები ინტერესის სამართლიანი ბალანსის მიღწევა შესაძლებელია არა მხოლოდ სამოქალაქო, არამედ ადმინისტრაციული მოთხოვნების გათვალისწინების პირობებში. აღნიშნულის მიუხედავად, პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებმა დასაბუთების გარეშე უარი თქვეს აღნიშნული სადავო ნაკვეთის მიმართ განხორციელებული რეგისტრაციების და მათი საფუძვლების გაუქმების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, სააპელაციო პალატა შემოიფარგლა საქმეზე არსებითი გარემოებების დადგენის საჭიროებაზე მითითებით პირველადი რეგისტრაციების მიმართ, თუმცა დანარჩენი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარი თქვა. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება ამ ნაწილში დაუსაბუთებელია, სახეზეა სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 412-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განჩინების გაუქმების და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების აბსოლუტური საფუძველია.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბ. ბ-მა 17.04.2012წ. ნასყიდობის ხელშეკრულებით კომპანია ,,...-გან’’ შეიძინა მიწის ნაკვეთები. სააპელაციო სასამართლომ მსჯელობა უნდა იქონიოს სადავო ნაკვეთის ახალი შემძენის კეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევის შესაძლებლობაზე. აღნიშნული საჭიროებდა უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებული ყველა გარემოების შესწავლას, მით უფრო, რომ მ. ც-ე საქმის განხილვისას ეჭვქვეშ აყენებდა სადავო ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულების - თანხის გადახდის საკითხს. შესაბამისად შესწავლას საჭიროებდა ბ. ბ-ის მიერ წარდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 23.09.14წ. წინმსწრები საოქმო განჩინებით ბ. ბ-ს დაუსაბუთებლად ეთქვა უარი საქმეზე დამატებითი მტკიცებულების სახით წარდგენილი დოკუმენტების საქმეზე დართვაზე. დავის გადაწყვეტა საჭიროებს საქმეში დაცული მასალების, მათ შორის ბ. ბ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შეფასებას, შესაბამისად უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 23.09.14წ. განჩინება მტკიცებულებათა დართვაზე უარის თქმის შესახებ. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მ. ც-ე ასაჩივრებს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 17.04.2012წ. №882012159566 -03 გადაწყვეტილებას ბ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, ამასთან, მ. ც-ის მიერ არ არის გასაჩივრებული ბ. ბ-სა და კომპანია ,,...-ს’’ შორის 17.04.2012წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უფლებას მხოლოდ რეგისტრაცია არ წარმოშობს, რეგისტრაცია წარმოებს სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე, რომელსაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის შესაბამისად განეკუთვნება სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. დაუშვებელია რეგისტრაციის გაბათილება მისი საფუძვლის ძალაში ყოფნის პირობებში. სააპელაციო პალატამ უნდა დააზუსტოს სადავო რეგისტრაციის და მისი საფუძვლის მიმართ მოსარჩელის პოზიცია, სასკ-ის 281 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს მოთხოვნის ამ ნაწილის დაზუსტება.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 05.08.13წ. N882013347724-07 გადაწყვეტილებით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 21.1 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების დროს დადგინდა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების ზედდება მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან (... და ...), შესაბამისად მოთხოვნილ იქნა საკადასტრო აზომვითი ნახაზის კორექტირებული ელექტრონული და ქაღალდის ვერსია. ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 08.09.13წ. N882013347724-08 გადაწყვეტილებით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 22-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილი 04.09.13წ. N143809/17 ადმინისტრაციული საჩივრით მ. ც-ემ მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 05.08.13წ. N882013347724-07 გადაწყვეტილების გაუქმება და ამავე სარეგისტრაციო სამსახურისთვის სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ უძრავ ნივთზე მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციის განხორციელების დავალება. სააგენტოს 23.10.13წ. N192984 გადაწყვეტილებით მ. ც-ის 04.09.13წ N143809/17 ადმინისტრაციული საჩივარი არ დააკმაყოფილა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განცხადების წარდგენის შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოების შედეგად, სათანადო საფუძვლების არსებობისას, მარეგისტრირებელი სამსახური გამოსცემს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტის, რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციის შესახებ. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკადასტრო მონაცემების ზედდება გულისხმობს უძრავი ნივთის ან მისი ნაწილის საკადასტრო მონაცემების იდენტურობას უფლებარეგისტრირებული უძრავი ნივთის ან მისი ნაწილის საკადასტრო მონაცემებთან. 21. 1 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ი/მ ,,ლ. თ-ეს“ მიერ 17.07.13.წ. შესრულებულ საკადასტრო აზომვით ნახაზში მითითებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები ემთხვეოდა უკვე რეგისტრირებული უძრავი ნივთების (საკადასტრო კოდები: ... და ...) საკადასტრო მონაცემებს. ზედდების გამო დაზუსტებული რეგისტრაციის შეჩერების და შეწყვეტის შესახებ აქტების საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.2010წ. ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 18.1 მუხლის, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 21.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის, მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გამოტანა თავისთავად არ ადასტურებს მოსარჩელის დანარჩენი მოთხოვნების უსაფუძვლობას, რადგანაც დავა სწორედ რომ ზედდების გამო წარმოიშვა. ზედდება არ გამორიცხავს ურთიერთსაწინააღმდეგო რეგისტრაციების დაუშვებლობას, ამასთანავე, სასამართლომ არ იქონია მსჯელობა ზედდების გამომწვევი ყველა რეგისტრაციის და მისი საფუძვლის შესახებ, გარდა ამისა არ არის ზედდების გამომწვევი აქტების გაუქმების შემდეგ დაზუსტებული რეგისტრაციების განხორციელების მოთხოვნის კვლავ წარდგენის უფლება.
სასკ-ის 32.1, 22-ე მუხლებზე, აგრეთვე სზაკ-ის 601 მუხლზე მითითებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, კერძოდ, ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 05.08.13წ. #8820133447724-07 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და 08.09.13წ. #882013347724-08 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, აგრეთვე სააგენტოს 23.10.13წ. #192984 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გამოცემულია სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით დადგენილი პროცედურების დაცვით. საკასაციო პალატა თვლის, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების და შეწყვეტის აქტების გამოცემის საფუძვლების არსებობის დადგენა არ გამორიცხავს სასამართლოს ვალდებულებას იმსჯელოს მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული რეგისტრაციებისა და მათი საფუძვლების კანონიერებაზე, ახალი მესაკუთრის კეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევის შესაძლებლობაზე, გადაწყვიტოს ზედდებით, ადმინისტრაციული ორგანოს ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებით გამოწვეული კოლიზია. მოცემულ შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება უკავშირდება სადავო რეგისტრაციების კანონიერებას და არა რეგისტრაციის შეჩერება-შეწყვეტის საფუძვლის არსებობას. ამდენად, სააპელაციო პალატის მითითება, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 05.08.13წ. N882013347724-07 გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 08.09.13წ. N882013347724-08 გადაწყვეტილება და ხსენებული აქტებზე შეტანილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.10.13წ. N192984 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლების არარსებობაზე არ ადასტურებს ზედდების გამომწვევი რეგისტრაციების და მათი საფუძვლების კანონიერებას. ამასთანავე, დავის აღნიშნულ ასპექტთან დაკავშირებით ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია ადმინისტრაციული ორგანოების მიმართვების და პირველადი რეგისტრაციების სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნობა, მათი მ. ც-ის სახელზე საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან გადაფარვის შესაძლებობის გამო, სააპელაციო პალატამ სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილის მიმართ მიიჩნია, რომ დასადგენია დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გადაფარვის გარემოებები, ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამასთანავე, მოსარჩელის სახელზე დაზუსტებული რეგისტრაციის მოთხოვნის მიმართ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტის და ამ აქტებზე შეტანილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საჯარო რეესტრის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზედდების არსებობას და შესაბამისად შეჩერების და შეწყვეტის აქტების კანონიერებას. ამდენად, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება და შეწყვეტა მოხდა ზედდების არსებობის გამო, რის შედეგადაც შეჩერების და შეწყვეტის შესახებ სარეგისტრაციო სამსახურის აქტების, აგრეთვე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სააგენტოს აქტის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, თუმცა სახელმწიფოზე და თვითმმართველობის ორგანოს სახელზე პირველადი რეგისტრაციების საფუძვლებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის განჩინებით ადმინისტრაციულ ორგანოებს ზედდების არსებობის გასარკვევად საქმის გარემოებების გამოკვლევა და საკითხის გამოკვლევის შედეგად ახალი აქტების გამოცემა დაავალა, რაც ადასტურებს სასამართლოს არათანმიმდევრულ მიდგომას მოსარჩელის მოთხოვნების მიმართ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება არის წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი, სახეზეა სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევა, რაც თავის მხრივ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების პირობაა. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, შეაფასოს საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს მათ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, მ. ც-ის, ბ. ბ-ის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის და ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.10.2014წ. განჩინება, 23.09.14წ. წინმსწრები საოქმო განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯები მხარეთა შორის გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ.ვაჩაძე
ვ.როინიშვილი