#ბს-550-545(კ-16) 22 სექტემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებისა და 2016 წლის 6 მაისის დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 6 მარტს შპს „ი...“ და შპს „...“ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეებმა შპს „ი...“ და შპს „...“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 3 თებერვლის №56 და №57 განკარგულებების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
მოსარჩელეებმა ასევე მოითხოვეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 3 თებერვლის №56 და №57 განკარგულებების მოქმედების შეჩერება და შესაჩერებელი ადმინისტრაციული აქტების აღსრულებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება, კერძოდ, შპს „ი...“ და შპს „...“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავი სიიდან ამოშლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეების შუამდგომლობა და შეჩერდა შპს „ი...ის“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 3 თებერვლის №57 განკარგულებისა და შპს „...“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 3 თებერვლის №56 განკარგულების მოქმედება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 2 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „ბ...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 20 აპრილის განჩინებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 მარტის განჩინებაზე დარჩა განუხილველად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ი...“ და შპს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს შპს „ი...“ და შპს „...“, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით შპს „ი...“ და შპს „...“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით შპს „ი...“ და შპს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი შპს „ი...“ და შპს „...“ შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 3 თებერვლის №56 და №57 განკარგულებები; სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მოსარჩელის შპს „ი...“ სასარგებლოდ მის მიერ პირველი ინსტანციის და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 250 ლარის ანაზღაურება დაეკისრა; სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მოსარჩელის შპს „...’’ სასარგებლოდ მის მიერ პირველი ინსტანციისა და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 250 ლარის ანაზღაურება დაეკისრა; შპს „ი...“ (ს/კ ...) უკან დაუბრუნდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი; შპს „...“ (ს/კ ...) უკან დაუბრუნდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 მაისის დამატებითი გადაწყვეტილებით შპს „ი...“ და შპს „...“ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს ინიციატივით, გამოტანილ იქნა დამატებითი გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მოსარჩელის შპს „...“ (ს/კ ...) სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება და 2016 წლის 6 მაისის დამატებითი გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების/დამატებითი გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 2016 წლის 4 ივლისს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება და 2016 წლის 6 მაისის დამატებითი გადაწყვეტილება;
3. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2016 წლის 4 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი