Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე Nბს-636-629(კ-16) 22.09.2016 წ. ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე - რ. გ-ე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივნისის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. გ-ემ 2014 წლის 3 ნოემბერს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 25 ივნისის N320 დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ლ. გ-ის, ლ. გ-ის, ნ. თ-ის, ნ. გ-ისა და რ. გ-ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟის თაობაზე“; ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 16 ოქტომბრის №682 ბრძანება ,,ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 25 ივნისის N320 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე რ. გ-ის 2014 წლის 15 აგვისტოს №18454/25 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’; დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას გამოსცეს მშენებლობის ნებართვა რ. გ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ბათუმი, ... N1 (საკადასტრო კოდი: ...).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 16 ოქტომბრის N682 ბრძანება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 25 ივნისის N320 დადგენილება და ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. ბათუმში, დასახლება ... მდებარე უნებართვო მშენებლობის წარმოებასთან დაკავშირებით; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა რ. გ-ის მოთხოვნასთან - მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით; აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ბათუმის მერიამ და ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივნისის განჩინებით ქ. ბათუმის მერიისა და ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის. საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, კანონისმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონისმიერ განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას.

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება გამოიცა 2016 წლის 15 ივნისს, აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად 2016 წლის 1 აგვისტოს ჩაბარდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას. საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენა კი 2016 წლის 2 აგვისტოს დაიწყო და 2016 წლის 22 აგვისტოს 24:00 საათზე ამოიწურა. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ საკასაციო საჩივარი ფოსტაში (საფოსტო იდენთიფიკატორი AP01001327134) შეიტანა - 2016 წლის 23 აგვისტოს. შესაბამისად, ერთი დღით გადააცილა საკასაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილ ვადას, რაც იმას ნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი განხილული ვერ იქნება, სსსკ-ის 396-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსოს 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 397-ე 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვ. როინიშვილი