Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე #ბს-650-643(კ-16) 21 სექტემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ბ. ვ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განჩინებაზე.

2015 წლის 2 ნოემბერს ბ. ვ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიმართ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 დეკემბრის საოქმო განჩინებით ბ. ვ-ის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო.

2016 წლის 20 იანვარს ბ. ვ-ემ კერძო საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განჩინებით ბ. ვ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 დეკემბრის საოქმო განჩინება.

2016 წლის 25 ივლისს ბ. ვ-ემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

საკასაციო სასამართლო ბ. ვ-ის საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391.1 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანა შეიძლება მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რაც ნიშნავს, რომ საკასაციო წესით გასაჩივრებას ექვემდებარება სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი აქტები, რომლებიც გამოტანილია საქმის არსებითად გადაწყვეტის შედეგად.

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განჩინებით განხილულ იქნა ბ. ვ-ის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 დეკემბრის საოქმო განჩინებაზე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262.3 მუხლის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში კერძო საჩივრით გასაჩივრებას ექვემდებარება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა და სარჩელის დაუშვებლად ცნობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებები.

კერძო საჩივრის განხილვის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-420-ე მუხლები. მითითებული კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება.

აღნიშნული მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ. ვ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 დეკემბრის განჩინებაზე, ბ. ვ-ის კერძო საჩივრის საფუძველზე, იმსჯელა ზემდგომმა _ თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რომლის განჩინებაც, წარმოადგენს სასამართლოს მიერ მიღებულ საბოლოო პროცესუალურ აქტს და ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე გასაჩივრებას არ ექვემდებარება, რაზედაც მიუთითებს თავად გასაჩივრებული განჩინება. აღნიშნულის მიუხედავად, ბ. ვ-ემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განჩინებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ბ. ვ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინიატრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განჩინებაზე დაუშვებელია, რის გამოც განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ. ვ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი