Facebook Twitter

საქმე№ბს-9-8 (2კ-6ks-16) 16 სექტემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა რ. მ-ის და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.05.15წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. მ-ემ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 03.10.2014წ. #279 ბრძანების, ძალაში შესვლის მომენტიდან, ბათილად ცნობის, მოსარჩელის ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ... განყოფილების შტატგარეშე მოსამსახურის თანამდებობაზე აღდგენის, იძულებითი მოცდენის გამო განაცდური ხელფასის ყოველთვიურად 745 ლარის ოდენობით ანაზღაურების, 2014 წლის გამოუყენებელი შვებულების ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს 745 ლარის ნატურით ანაზღაურების მოთხოვნით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.04.15წ. გადაწყვეტილებით რ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი გამოცემის მომენტიდან ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 03.10.2014წ. #279 ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ, მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 2014 წლის 3 ოქტომბრიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდისათვის მოსარჩელისათვის განაცდური დაუბეგრავი ხელფასის - 2160.49 ლარის გადახდა, მოსარჩელეს უარი ეთქვა გამოუყენებელი შვებულების სანაცვლოდ 745 ლარის დაკისრებაზე, რ. მ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით დაუბრუნდა გადამხდელს, მოპასუხე მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა და მოსარჩელის სასარგებლოდ საპროცესო ხარჯის სახით 1272.17 ლარის გადახდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 20.04.2015წ. საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენლის ი. პ-ის შუამდგომლობა და 20.04.15წ. გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ. აპელანტმა რ. მ-ის წარმომადგენელმა მოითხოვა: სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში რუსთავის საქალაქო სასამართლოს 20.04.15წ. გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება; ასევე „ხარვეზის დადგენის შესახებ“ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 10.02.15წ. განჩინების გაუქმება სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების განსაზღვრის ნაწილში; საქმის დაჩქარებული წესით განხილვაზე უარის თქმის ნაწილში 17.02.15წ. განჩინების გაუქმება; საკრებულოს მიერ წარდგენილი წერილობითი მტკიცებულების სახით საქმეზე დართვის შესახებ 10.04.15წ. საოქმო განჩინების გაუქმება; მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საქმიდან ამოღების და მოსარჩელისათვის მისი უკან დაბრუნების შესახებ 20.04.15წ. განჩინების გაუქმება; საქმის სააპელაციო განხილვის ეტაპზე მოწინააღმდეგე მხარისათვის სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯების ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 19.06.15წ. გადაწყვეტილებით ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და რ. მ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: პირველი ინსტანციის სასამართლოს 20.04.15წ. გადაწყვეტილების 1-ელ პუნქტში შეიცვალა ის ნაწილი, რომლითაც ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 03.10.14წ. #279 ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი გამოცემის მომენტიდან, ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება და მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მისი ძალაში შესვლის დღიდან ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 03.10.14წ. #279 ბრძანება მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე; გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს 20.04.15წ. გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი, რომლითაც მოპასუხე მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 50 ლარის გადახდა; გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს 10.02.15წ. განჩინება „ხარვეზის დადგენის შესახებ“, დანარჩენ ნაწილში რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.04.15წ. გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად; რუსთავის საკრებულოს დაეკისრა პროცესის ხარჯი - სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით ადვოკატის დახმარებისათვის - 2400 ლარის ანაზღაურება, ასევე სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯის სახით - 136.70 ლარის (5.55ლ., 5.55, 0.05 თ 55.55ლ. 70ლ.) ანაზღაურება რ. მ-ის სასარგებლოდ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 19.06.15წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კერძო საჩივარი დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებით.

აპელანტის რ. მ-ის წარმომადგენელმა ი. პ-მა 29.06.15წ. შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში არსებული უსწორობის გასწორება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 09.07.15წ. განჩინებით შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა რ. მ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის მიერ.

რ. მ-ის წარმომადგენელმა 21.08.15წ. და 01.09.15წ. წარადგინა განცხადებები, რომლითაც მოითხოვა 09.07.15წ. განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ განჩინებების გასაჩივრების წესი მიუთითა არასწორად.

რ. მ-ის წარმომადგენელმა ი. პ-მა 01.09.15წ. შუამდგომლობებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო პალატის 19.06.15წ. შემაჯამებელი გადაწყვეტილების განმარტება პროცესის ხარჯების ნაწილში. შუამდგომლობის ავტორმა მოითხოვა აგრეთვე დამატებითი გადაწყვეტილების მიღება საფოსტო გზავნილთან და მოსარჩელის და მისი წარმომადგენლის სასამართლოში გამოცხადების პერიოდში კვებაზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურების ნაწილში.

აპელანტ რ. მ-ის წარმომადგენელმა ი. პ-მა 24.06.15წ. შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა 19.06.15წ. გადაწყვეტილებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.07.15წ. განჩინებით რ. მ-ის წარმომადგენელის ი.პ-ის შუამდგომლობა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

რ. მ-ის ადვოკატმა ი.პ-მა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო პალატის 03.07.15წ. განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა, რომლითაც მოითხოვა განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.10.15წ. განჩინებით რ. მ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის განცხადებები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.07.15წ. და 09.07.15წ. განჩინებებში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა რ. მ-ის წარმომადგენელმა ი. პ-მა.

რ. მ-ის წარმომადგენელმა ი.პ-მა 01.09.15წ. სააპელაციო სასამართლოში წარადგინა განცხადებები, რომლითაც მოითხოვა 09.07.15წ. განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ გასაჩივრების წესი არასწორად მიუთითა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.10.15წ. განჩინებით რ. მ-ის წარმომადგენელის ი.პ-ის განცხადებები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.07.15წ. და 09.07.15წ. განჩინებებში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

უსწორობის გასწორებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.10.15წ. განჩინების გაუქმებისა და ხელახლა განსახილველად საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის უკან დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს კერძო საჩივრით მიმართა რ. მ-ის წარმომადგენელმა ი. პ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 01.10.15წ. განჩინებით რ. მ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის მოთხოვნა 19.06.15წ. გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატის 01.10.15წ. მეორე განჩინებით რ. მ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის მოთხოვნა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ დარჩა განუხილველად საპროცესო მოქმედების ვადის გაცდენის გამო.

სააპელაციო პალატის 01.10.15წ. განჩინებები კერძო საჩივრებით გასაჩივრდა რ. მ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის მიერ.

აპელანტ რ. მ-ის წარმომადგენელმა ი. პ-მა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო პალატის საბოლოო გადაწყვეტილებაზე დამატებითი გადაწყვეტილების მოთხოვნით შუამდგომლობის წარმოსადგენად სასამართლოს აზრით გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენის მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 07.12.15წ. განჩინებით ი. პ-ის განცხადება კანონით დადგენილი ვადის აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აპელანტ რ. მ-ის წარმომადგენელმა ი. პ-მა შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო პალატის 19.06.2015წ. გადაწყვეტილებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 07.12.15წ. განჩინებით ი. პ-ის განცხადება სასამართლოს ინიციატივით დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ არ დაკმაყოფილდა, სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობდა მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები. მითითებული 07.12.15წ. განჩინებები კერძო საჩივრებით გასაჩივრდა რ. მ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც რ. მ-ის და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. მ-ის და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.05.15წ. განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი

საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ განუხილველად დატოვების შესახებ

№ბს-9-8 (2კ-6ks-16) 28 იანვარი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი);

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა რ. მ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი იმ ნაწილში, რომლითაც იგი ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 28.05.15წ. განჩინებასა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ნაწილში და სააპელაციო სასამართლოს 19.06.15წ. გადაწყვეტილებას ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინების გაუქმების ნაწილში.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა რ. მ-ემ ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა: ძალაში შესვლის მომენტიდან ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 03.10.2014 წლის №279 ბრძანების ბათილად ცნობა, რ. მ-ის თანმადებობაზე აღდგენა, იძულებითი მოცდენის გამო განაცდური ხელფასის სრული ანაზღაურების დაკისრება მოპასუხისათვის ყოველთვიურად 745 ლარის ოდენობით, ასევე 2014 წლის მოსარჩელის მიერ გამოუყენებელი შვებულების ნატურით ანაზღაურების დაკისრება ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს 745 ლარის ოდენობით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ ხარვეზის დადგენის შესახებ 10.02.15წ. განჩინებით რ. მ-ეს დაუდგინდა ხარვეზი, რომლის გამოსწორების მიზნით დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტება.

ხარვეზის შევსების შედეგად რუსთავის საქალაქო სასამართლოს 17.02.15წ. განჩინებით სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 20.04.2015წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი გამოცემის მომენტიდან ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 03.10.2014 წლის №279 ბრძანება მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ, მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 03.10.2014 წლიდან 31.12.2014 წლამდე პერიოდისათვის მოსარჩელისათვის განაცდური დაუბეგრავი ხელფასის 2160.49 ლარის გადახდა, მოსარჩელეს უარი ეთქვა გამოუყენებელი შვებულების სანაცვლოდ 745 ლარის დაკისრებაზე, საქმეზე რ. მ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით დაუბრუნდა გადამხდელს, მოპასუხე მხარეს დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა, მოპასუხე მხარეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ საპროცესო ხარჯის სახით 1272.17 ლარის გადახდა.

გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს რ. მ-ემ და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ. რ. მ-ემ სხვა მოთხოვნებთან ერთად სააპელაციო პრეტენზია განაცხადა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ხარვეზის დადგენის შესახებ 10.02.15წ. განჩინებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება სახელმწიფო ბაჟის გადახდის დავალებულების ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 28.05.15წ. განჩინებით რ. მ-ის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სრულად, მათ შორის რუსთავის საქალაქო სასამართლოს ხარვეზის დადგენის შესახებ 10.02.15წ. განჩინების გაუქმების ნაწილში სააპელაციო მოთხოვნაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 19.06.15წ. გადაწყვეტილებით რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რ. მ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.04.15წ. გადაწყვეტილების პირველ პუნქტში შეიცვალა ის ნაწილი, რომლითაც ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 03.10.2014 წ. N 279 ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი გამოცემის მომენტიდან, ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მისი ძალაში შესვლის დღიდან ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 03.10.2014 წ. N 279 ბრძანება მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.04.15წ. გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი, რომლითაც მოპასუხე მხარეს სახელწმიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 50 ლარის გადახდა, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.02.15წ. განჩინება „ხარვეზის დადგენის შესახებ“, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, ქ. რუსთავის საკრებულოს დაეკისრა პროცესის ხარჯი - სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით ადვოკატის დახმარებისათვის - 2400 ლარის ანაზღაურება, ასევე -სასამართლოს გარეშე პროცესის ხარჯის სახით 136,70 ლარის ანაზღაურება, რ. მ-ის სასარგებლოდ.

გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივრები წარმოადგინეს რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და რ. მ-ემ.

რ. მ-ე სხვა საკასაციო მოთხოვნებთან ერთად პრეტენზიას აცხადებს სააპელაციო სასამართლოს 28.05.15წ. სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინების იმ ნაწილზე, რომლითაც წარმოებაში იქნა მიღებული რ. მ-ის სააპელაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს ხარვეზის დადგენის შესახებ 10.02.15წ. განჩინებაზე. კასატორი მითითებულ განჩინებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ „ხარვეზის დადგენის შესახებ“ განჩინების გასაჩივრება დაუშვებელია, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, წარმოებაში მიიღო სააპელაციო საჩივრის ეს ნაწილი და შემაჯამებელი გადაწყვეტილებით გააუქმა კიდეც იგი. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნის ეს ნაწილი დააკმაყოფილა და გააუქმა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, კასატორი გამოთქვამს თანხმობას ამ განჩინების გაუქმებაზე პროცესუალური სიწმინდის მიზნებისთვის. კასატორი აღნიშნავს, რომ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოხდება შედეგის მისთვის საუარესოდ შებრუნება, რაზეც თანხმობას გამოთქვამს და უთითებს, რომ საუარესოდ შებრუნების დაუშვებლობის პრინციპი მოქმედებს მაშინ, როდესაც მხარე არ აპელირებს ამაზე, კასატორი თვლის, რომ ასეთი შებრუნება დასაშვებია, როდესაც მხარე თანახმაა ამაზე. კასატორი ითხოვს ამ ნაწილში „სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ“ სააპელაციო სასამართლოს 28.05.15წ. განჩინების გაუქმებას, ასევე ითხოვს სააპელაციო სასამართლოს 19.06.15წ. გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა ხარვეზის დადგენის შესახებ რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინება.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ „სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ“ სააპელაციო სასამართლოს 28.05.15წ. განჩინების ნაწილობრივ გაუქმებისა და სააპელაციო სასამართლოს 19.06.15წ. გადაწყვეტილების მითითებულ ნაწილში გაუქმების მოთხოვნის ნაწილში საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404.2 მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას. კანონმდებლობით არ არის დაშვებული აპელანტის მიერ წარმოებაში მიღების შესახებ განჩინების გასაჩივრების პროცესუალური შესაძლებლობა. განსახილველ შემთხვევაში მხარე გამოთქვამს თანხმობას და ითხოვს მის სასარგებლოდ გამოტანილი განჩინებების გაუქმებას, იგი ამავდროულად გამოთქვამს თანხმობას განჩინებების გაუქმებით მოხდეს შედეგის მისთვის საუარესოდ შებრუნება. კასატორი თავად უთითებს შედეგის საუარესოდ შებრუნების დაუშვებლობის თაობაზე უზენაესი სასამართლოს არსებულ პრაქტიკაზე. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორის მზაობა საუარესოდ შებრუნებაზე არ ქმნის კასაციის ამ ნაწილში წარმოებაში მიღების საფუძველს, საჩივრის წარმოებაში მიღებისათვის კასატორი უნდა უთითებდეს, რომ სასამართლო აქტი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პოპულარული საჩივრის შეტანის შესაძლებლობას. ვინაიდან გასაჩივრებული ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ნაწილში გასაჩივრებული განჩინებითა და ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინების გაუქმების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რ. მ-ის მოთხოვნა, არ იკვეთება რ. მ-ის კანონიერი ინტერესი მათი გაუქმებისადმი. სასამართლოსადმი მიმართვის უფლება – შედეგზე ორიენტირებული უფლებაა, იგი მთლიანად პირის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიზანს ემსახურება. პირი კეთილსინდისიერად უნდა იყენებდეს სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას.

მართლმსაჯულება არის იურისდიქციული საქმიანობის სახეობა, რომელიც ეხება დავის გადაწყვეტას, კონფლიქტის გადაჭრას, დარღვეული უფლების აღდგენას ან კანონიერი ინტერესის დაცვას. მოცემულ შემთხვევაში განსახილველი განჩინებების გაუქმებით ადგილი არ ექნება დარღვეული უფლების ან მხარის კანონიერი ინტერესის აღდგენას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. მ-ის საკასაციო საჩივარი იმ ნაწილში, რომლითაც იგი ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 28.05.15წ. განჩინებას ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ნაწილში და სააპელაციო სასამართლოს 19.06.15წ. გადაწყვეტილებას ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინების გაუქმების ნაწილში განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლით, 404-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლობის გამო განუხილველი დარჩეს რ. მ-ის საკასაციო საჩივარი იმ ნაწილში, რომლითაც იგი ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 28.05.15წ. განჩინებასა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ნაწილში და სააპელაციო სასამართლოს 19.06.15წ. გადაწყვეტილებას (ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინების გაუქმების ნაწილში.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი